Facebook Twitter

საქმე # 140100120004053701

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №442აპ-21 ქ. თბილისი

ე. ჟ. ო. 442აპ-21 14 სექტემბერი, 2021 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),

მერაბ გაბინაშვილი, მამუკა ვასაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 25 მარტის განაჩენზე გორის რაიონული პროკურატურის პროკურორ გიორგი კრავეიშვილის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 25 მარტის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა პროკურორმა გიორგი კრავეიშვილმა, რომელიც საკასაციო საჩივრით ითხოვს განაჩენის გაუქმებას, ე. ჟ. ო-ს დამნაშავედ ცნობას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდგომში - სსკ-ის) 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და მკაცრი სასჯელის შეფარდებას.

2. ბრალდების შესახებ დადგენილებით ე. ჟ. ო-ს, - დაბადებულს 1.. წელს, - ბრალად ედებოდა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, რაც გამოიხატა შემდეგში:

2020 წლის 11 სექტემბერს, დაახლოებით 11:00 საათზე, კ-ს რაიონის სოფელ ა-ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, ალკოჰოლით მთვრალმა ე. ჟ. ო-მ დედას - ჟ. ა. კ-ს ერთხელ დაარტყა ხელი მარცხენა მკლავში, რის შედეგადაც მან განიცადა ფიზიკური ტკივილი.

3. გორის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 24 დეკემბრის განაჩენით ე. ჟ. ო. ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.

აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა - გაუქმდა და ე. ჟ. ო. დაუყოვნებლივ გათავისუფლდა პენიტენციური დაწესებულებიდან.

გამართლებულს განემარტა, რომ უფლება აქვს, აუნაზღაურდეს მიყენებული ზიანი.

4. განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ბრალდების მხარემ, რომელიც სააპელაციო საჩივრით ითხოვდა განაჩენის გაუქმებას, ე. ჟ. ო-ს დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში და მისთვის მკაცრი სასჯელის განსაზღვრას, რაც დაკავშირებული იქნება თავისუფლების აღკვეთასთან.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 25 მარტის განაჩენით გორის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 24 დეკემბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.

6. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და მიაჩნია, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

7. სასამართლო ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს განაჩენის დასაბუთების მოტივაციას და მიიჩნევს, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებების ერთობლიობა არ არის საკმარისი გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად.

8. დაზარალებულმა ჟ. ა. კ-მ ჩვენების მიცემისას უარყო ე. ჟ. ო-ს მიერ მის მიმართ ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენების ფაქტი და განმარტა, რომ მამხილებელი ჩვენება მისცა ალკოჰოლის ხშირი მოხმარების გამო დაავადებული შვილის გადასარჩენად, მისი იზოლირების მიზნით.

9. მოწმე მ. თ-ს ჩვენებასთან მიმართებით საკასაციო სასამართლო თვლის, რომ აღნიშნული ვერ გახდება ე. ჟ. ო-ს ბრალდების დამადასტურებელი უტყუარი მტკიცებულება. მ. თ. შემთხვევის ადგილზე, თავის კოლეგებთან ერთად, მივიდა ე. ჟ. ო-ს დაკავების მიზნით, მაშინ, როდესაც კონფლიქტი ამოწურული იყო. მათ ე. ჟ. ო. დააკავეს 2020 წლის 11 სექტემბერს, 18:15 საათზე (ს.ფ. 31-35), ხოლო, პირის ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, ფიზიკური ძალადობის ფაქტი ჩადენილია იმავე დღეს, 11:00 საათზე.

10. №…. სამედიცინო დასკვნის თანახმად, ჟ. ა. კ-ს პირადი გასინჯვისას სხეულის ტანსაცმლით დაუფარავ მიდამოებში დაზიანებები არ აღენიშნება, ხოლო ტანსაცმლით დაფარული მიდამოების ჩვენებაზე უარს აცხადებს, დაზიანებების არარსებობის გამო. აღნიშნული დასკვნის კვლევით ნაწილში მითითებულია, რომ გამოსაკვლევ პირს არ აქვს ჩივილები.

11. №… შეტყობინების ოქმთან დაკავშირებით საკასაციო სასამართლო კვლავაც მიუთითებს, რომ აღნიშნული შეტყობინება ვერ ჩაანაცვლებს ჟ. ა. კ-ს ჩვენებას, ხოლო განცხადებაში მითითებული გარემოებების არსებობა საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებებით უნდა გადამოწმებულიყო.

12. რაც შეეხება კასატორის მითითებას საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმზე, სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ, მართალია, დაზარალებულმა ჟ. ა. კ-მ მიუთითა, რომ მანქანის გაჩერებისათვის განკუთვნილ სივრცეში, აღმოსავლეთის მხარეს მდებარე ხის ტახტზე 2020 წლის 11 სექტემბერს იწვა ე. ჟ. ო., ნასვამ მდგომარეობაში; შვილს უსაყვედურა, რომ აღარ დაელია არაყი და მის დასანახად ტახტთან ახლოს დაღვარა ბოთლიდან არაყი, რაზეც განაწყენებულმა ე. ჟ. ო-მ ერთხელ დაარტყა ხელი დედას მარცხენა მკლავში, რა დროსაც მან იგრძნო ფიზიკური ტკივილი, თუმცა, ვინაიდან დაზარალებულმა ჟ. ა. კ-მ პირველი ინსტანციის სასამართლოში უარყო ე. ჟ. ო-ს მიერ ფიზიკური შეურაცხყოფა, არ შეიძლება საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი საფუძვლად დაედოს გამამტუნებელ განაჩენს, თუ საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს პრაქტიკულად ადგილზე შემოწმდა დაზარალებულის ჩვენება და მოხდა ვითარების აღდგენა. მოცემულ შემთხვევაში საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი შინაარსობრივად არის დაზარალებულის (მოწმის) ჩვენების - მის მიერ გამოკითხვის ოქმში მოწოდებული ინფორმაციის - შემოწმება. მოწმის/დაზარალებულის ჩვენება და საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი, მართალია, ორი სხვადასხვა მტკიცებულებაა, მაგრამ ცალსახაა, რომ ორივე შემთხვევაში ინფორმაციის მომწოდებელი წყარო არის ერთი და იგივე პირი (მაგალითისთვის იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინებები N315აპ-20; N49აპ-20; N679აპ-20). მოცემულ შემთხვევაში დაზარალებულის მიერ სამართალდამცავი ორგანოებისთვის მიწოდებულია ორი ურთიერთსაწინააღმდეგო ინფორმაცია/ჩვენება სავარაუდო დანაშაულის შემთხვევასთან დაკავშირებით, ამასთან ე. ჟ. ო-ს მიერ მისთვის შერაცხული დანაშაულის ჩადენა არ დასტურდება საქმეში წარმოდგენილი არც ერთი სხვა დამოუკიდებელი მტკიცებულებით, ხოლო დაზარალებულმა განმარტა გამოძიების ეტაპზე მის მიერ მიცემული ჩვენების მიზეზი.

13. ამდენად, მოცემულ შემთხვევაში, დაზარალებულმა პირველი ინსტანციის სასამართლოში უარყო ე. ჟ. ო-ს მიერ ფიზიკური შეურაცხყოფა, ხოლო საქმეში წარმოდგენილი სხვა მტკიცებულებების ერთობლიობა ვერ აკმაყოფილებს გამამტყუნებელი განაჩენის დადგენისთვის საჭირო მტკიცებულებით სტანდარტს - გონივრულ ეჭვს მიღმა არ დასტურდება ბრალდებულის ბრალეულობა მისთვის საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით შერაცხული ქმედების ჩადენაში.

14. ვინაიდან საქმის მასალათა შესწავლის შედეგად საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული სხვა საფუძვლები არ გამოკვეთილა, საკასაციო სასამართლომ, სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად,

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. გორის რაიონული პროკურატურის პროკურორ გიორგი კრავეიშვილის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად.

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი

მოსამართლეები: მ. გაბინაშვილი

მ. ვასაძე