Facebook Twitter

ას-632-1284-03 26 იანვარი, 2004 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე),

ლ. გოჩელაშვილი,

მ. წიქვაძე

დავის საგანი: თანხის დაკისრება, იპოთეკით დატვირთული ბინის რეალიზაცია.

აღწერილობითი ნაწილი:

2002წ. 18 აპრილს მ. მ-მა სარჩელით მიმართა სასამართლოს ლ. ხ-ის მიმართ თანხის დაკისრებისა და იპოთეკით დატვირთული ბინის რეალიზაციის თაობაზე, მან სარჩელის საფუძვლად მიუთითა, რომ 2001წ. 16 მაისს მოპასუხესა და მას შორის დადებული ხელშეკრულების თანახმად, მოსარჩელემ ასესხა ლ. ხ-ს 4000 აშშ ლარი უპროცენტოდ 3 თვის ვადით. ნაკისრი ვალდებულების უზრუნველყოფის მიზნით იპითეკით დაიტვირთა ლ. ხ-ის საცხოვრებელი სახლი, მდებარე ...... გორში.

დათქმულ დროში ლ. ხ-მა მოსარჩელეს სესხი არ დაუბრუნა, რის გამოც მ. მ-მა სარჩელი აღძრა სასამართლოში და განმარტა, რომ აღნიშნული თანხის დროულად დაუბრუნებლობის გამო, მან ვერ შეძლო ბინის ყიდვა და ოჯახით ცხოვრობს მოპასუხის ბინაში, მოსარჩელემ მოითხოვა მოპასუხეზე 4000 აშშ დოლარის, ასევე ამ თანხის დაუბრუნებლობით გამოწვეული ზიანის ანაზღაურების დაკისრება იპოთეკით დატვირთული ბინის რეალიზაციით.

მოპასუხემ შეგებებული სარჩელით მიმართა სასამართლოს და აღნიშნა, რომ მოსარჩელემ უნებართვოდ დაიკავა მისი ბინა, რის გამოც მოითხოვა მ. მ-ისა და მისი ოჯახის წევრების ბინიდან გამოსახლება, აგრეთვე, 12 თვის განმავლობაში ბინის სარგებლობისათვის 1850 ლარის დაკისრება.

გორის რაიონული სასამართლოს 2002წ. 5 ივლისის გადაწყვეტილებით მ. მ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა და ლ. ხ-ს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 4000 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის – 8800 ლარის, ასევე ვალდებულების შეუსრულებლობის გამო ზიანის, 900 აშშ დოლარის, შესაბამისი – 1980 ლარის გადახდა. ლ. და ნ. ხ-ების შეგებებული სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ლ. და ნ. ხ-ებმა და მოითხოვეს მისი გაუქმება, ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილება, კერძოდ, მათზე მოსარჩელის სასარგებლოდ 2500 აშშ დოლარის დაკისრება და მათი შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილება.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 16 მაისის განჩინებით ლ. და ნ. ხ-ების სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ 2001წ. 16 მაისს მ. მ-სა და ხ-ს შორის დაიდო სანოტარო წესით დამოწმებული წერილობითი ხელშეკრულება, რის საფუძველზეც მ. მ-მა ასესხა ლ. ხ-ს 4000 აშშ დოლარი სამი თვის ვადით – 2001წ. სექტემბრამდე. ამავე ხელშეკრულებით, მოთხოვნის უზრუნველსაყოფად იპოთეკით დაიტვირთა ლ. ხ-ის საკუთრებაში არსებული ბინა, მდებარე ქ. გორში, ......., იპოთეკა რეგისტრირებულია საჯარო რეესტრში. ლ. ხ-მა არ შეასრულა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება.

სკ-ს 361-ე მუხლის II ნაწილი ითვალისწინებს ვალდებული პირის მიერ ვალდებულების ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას შესრულებას, ამასთან, სსკ-ს 403-ე მუხლის შესაბამისად, მოვალე, რომელიც ფულადი თანხის გადახდის ვადას გადააცილებს ასევე ვალდებულია, გადაიხადოს გადაცილებული დროისათვის კანონით განსაზღვრული პროცენტი, მოთხოვნის დაკმაყოფილების გაჭიანურების შემთხვევაში სკ-ს 300-ე მუხლის I ნაწილი ითვალისწინებს იპოთეკარის უფლებამოსილებას, მოითხოვოს უძრავი ნივთის რეალიზაცია.

აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ საფუძვლიანად მიიჩნია პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება.

ამასთან, სააპელაციო პალატამ დაუსაბუთებლად მიიჩნია აპელანტების მოთხოვნა შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილების თაობაზე შემდეგი გარემოებების გამო:

ლ. ხ-მა მოითხოვა მოსარჩელის სასარგებლოდ თანხის ნაწილის, 2500 აშშ დოლარის, გადახდის დაკისრება იმ საფუძვლით, რომ მას არ მიუღია მთლიანი თანხა. სსკ-ს 102-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოება, რაზეც იგი ამყარებს მოთხოვნას; ამავე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის მიხედვით უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.

მოცემულ შემთხვევაში, წარმოდგენილი სესხისა და იპოთეკის 2001წ. 16 მაისის ხელშეკრულებით დადგენილია, რომ ლ. ხ-მა ისესხა მ. მ-ისაგან 4000 აშშ დოლარი სამი თვის ვადით. ის გარემოება, რომ ლ. ხ-ს არ მიუღია აღნიშნული თანხა სრულად, და, შესაბამისად მთლიანი თანხის გადახდის ვალდებულება არ აკისრია, აპელანტმა ვერ დაადასტურა.

სააპელაციო პალატამ, ასევე დადგენილად მიიჩნია, რომ მ. მ-ის შესახლება ლ. ხ-ის ბინაში განხორციელდა მისი თანხმობით, რაც დაადასტურა ა. გ-მა.

აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი არ არსებობს.

საოლქო სასამართლოს 2003წ. 16 მაისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს ლ. და ნ. ხ-ებმა და მოითხოვეს მისი გაუქმება შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში შემდეგი საფუძვლებით:

სააპელაციო სასამართლომ არასწორად დაადგინა ფაქტობრივი გარემოება იმის შესახებ, რომ მ. მ-ი მის ბინაში შესახლდა ლ. ხ-ის თანხმობით. კასატორს მიაჩნია, რომ აღნიშნული გარემოება არ შეიძლება დადგინდეს მოწმის ჩვენებით, ბინაში შესახლების თაობაზე მითითებული უნდა ყოფილიყო სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებაში. ამასთან, ასეთი გარიგება კანონით გათვალისწინებული წერილობითი ფორმით უნდა ყოფილიყო დადებული. კასატორს მიაჩნია, სასამართლომ არასწორად მიუთითა შეგებებული სარჩელის წარდგენის ხანდაზმულობაზე და მიუთითა, რომ სააპელაციო პალატას უნდა გამოეყენებინა და არ გამოიყენა სკ-ს 328-ე მუხლი, ვინაიდან ბინაში შესახლების ხელშეკრულება ფორმის დაუცველადაა დადებული, ბათილად უნდა ეცნო და მ. მ-ი ბინიდან გამოესახლებინა.

სამოტივაციო ნაწილი:

პალატა გაეცნო საქმის მასალებს, საკასაციო საჩივრის საფუძველს და მიაჩნია, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სსკ-ს 410-ე მუხლით საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ კანონი არ დარღვეულა.

პალატა არ იზიარებს კასატორის მოსაზრებას იმის შესახებ, რომ იპოთეკით დატვირთულ საცხოვრებელ ბინაში კრედიტორის შესახლების თაობაზე ხელშეკრულება სანოტარო წესით უნდა დამოწმდეს.

დადგენილია, რომ მხარეებს შორის დადებული სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება ნამდვილია. საქმის მასალებით დადგენილია, რომ მოვალემ კრედიტორს (საცხოვრებლად) მფლობელობაში გადასცა სახლი მდებარე ..... ქ. გორში.

პალატა მიუთითებს, რომ სამოქალაქო კოდექსი სანოტარო წესით დამოწმებული ხელშეკრულების სავალდებულობას ითვალისწინებს უძრავი ქონების გასხვისებისას. სკ-ს 323-ე მუხლით ხელშეკრულება, რომლითაც ერთი მხარე იღებს ვალდებულებას უძრავ ქონებაზე საკუთრება გადასცეს სხვას ან შეიძინოს იგი, უნდა დამოწმდეს სანოტარო წესით. განსახილველ შემთხვევაში მხარეთა შორის არ დადებულა უძრავი ნივთის გასხვისების თაობაზე ხელშეკრულება. ამდენად, საცხოვრებელი სახლის დროებით (ვალის გადახდამდე) სარგებლობაში გადაცემისათვის სავალდებულო არ იყო სანოტარო წესით დამოწმებული ხელშეკრულების დადება. აქედან გამომდინარე, სასამართლოს არ უნდა ემსჯელა ხელშეკრულების ფორმის დაუცველობაზე.

პალატა არ იზიარებს კასატორის მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ შეგებებული სარჩელის განხილვისას სასამართლომ არასწორად იმსჯელა ხანდაზმულობის ვადაზე. გადაწყვეტილებაში მითითებულია, რომ მ.მ-ის (კრედიტორის) გამოსახლება ხ-ებს ერთი წლის განმავლობაში არ მოუთხოვიათ, რაც ადასტურებს მხარეთა შორის ზეპირი შეთანხმების არსებობას სესხის დაბრუნებამდე ბინაში კრედიტორის ცხოვრების ნებართვის თაობაზე. აღნიშულიდან გამომდინარე, შეგებებული სარჩელი უსაფუძვლოდ იქნა მიჩნეული. ამდენად, სასამართლომ სარჩელის ხანდაზმულობაზე კი არ მიუთითა, არამედ სარჩელის აღუძვრელობა იმ გარემოებად მიაჩნია, რომ სარწმუნოდ მიიჩნია მხარეთა შორის ზეპირი შეთანხმება საცხოვრებელი სახლის კრედიტორებისათვის სარგებლობაში გადაცემაზე, ვიდრე მოვალე ვალს არ დააბრუნებდა.

ამდენად, საკასაციო საჩივრის საფუძვლები დაუსაბუთებელია და იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ს 410-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

ლ. და ნ. ხ-ების საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

უცვლელად დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 16 მაისის განჩინება.

განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

განჩინების ასლები გადაეგზავნოს მხარეებს.