ას-632-919-04 10 ნოემბერი, 2004 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე),
მ. წიქვაძე,
რ. ნადირიანი
დავის საგანი: ანდერძის ბათილად ცნობა.
აღწერილობითი ნაწილი:
2002წ. 27 მაისს ლ. მ.-მ დ. მ.-ის წინააღმდეგ სარჩელით მიმართა ქ. თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონულ სასამართლოს.
მოსარჩელემ მოითხოვა ანდერძის ბათილად ცნობა შემდეგი საფუძვლით:
1979 წელს რეგისტრირებულ ქორწინებაში გატარდა ლ. მ.-თან, ერთად ცხოვრების პერიოდში,1989 წელს,შეეძინათ ლ. მ.-ი. 1999 წელს ქორწინება შეწყდა.
ლ. მ.-ის გარდაცვალებამდე ერთი თვით ადრე დ. მ.-მ მოახერხა,მოანდერძესთან გასაუბრების გარეშე, სანოტარო ბიუროში დ. მ.-ის კარნახით ანდერძის დაბეჭდვა და მასზე მოანდერძის _ ლ. მ.-ს ხელის მოწერა, რომლის თანახმადაც, ქონების 1\2 უანდერძა დ. მ.-ს, ხოლო 1\2 _ ლ. მ.-ს.
მისი მოსაზრებით,ანდერძი არ გამოხატავს მოანდერძის ნებას. იგი შედგენილი არ არის მისი კარნახით. არ არის განსაზღვრული მემკვიდრეთა წრე და მემკვიდრეთა წილი სამკვიდროდან, რითაც დარღვეულია 1348-ე მუხლის პირველი პუნქტი, ასევე, სანოტარო მოქმედებების შესრულების წესის შესახებ ინსტრუქციის 68-ე მუხლი. ანდერძის შედგენას ესწრებოდა და ტექსტს კარნახობდა დ. მ.-ს. ანდერძი შედგა სანოტარო ბიუროში და გამზადებულ ანდერძზე მოაწერინეს ხელი მოანდერძეს. ანდერძის წაკითხვას არ დასწრებია ერთ-ერთი დამსწრე.
მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და თავის შესაგებელში მიუთითა, რომ 2001წ. 2 აპრილს ლ. მ.-მა მოითხოვა ნოტარიუსის მოყვანა. ნოტარიუსის ბინაში მოყვანის შემდეგ ამ უკანასკნელმა ორი მოწმის თანდასწრებით შეადგინა ანდერძი თავისი სურვილითა და ნებით, ყოველგვარი ძალადობის გარეშე. ამ დროს მოანდერძის შვილი ლ. მ.-ი მასთან იმყოფებოდა. ანდერძის გაცემის შემდეგ მოანდერძე და მისი შვილი წაიყვანა ქუთაისში, სადაც მოანდერძე უეცრად გარდაიცვალა იგი ჩამოასვენა თბილისში. დაკრძალვისა და მეორმოცე დღის სარიტუალო ხარჯები გაიღო მან, რის შემდეგადც ბავშვთან ერთად საცხოვრებლად დარჩა ნაანდერძევ ბინაში.
მისი მოსაზრებით, ანდერძი შედგენილია და ხელმოწერილია მოანდერძის მიერ, დადასტურებულია ნოტარიულად, ანდერძის შედგენას ესწრებოდნენ მოწმეები, მოანდერძე ანდერძის შედგენის დროს სრულიად ჯანმრთელი იყო.
ქ. თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2002წ. 20 სექტემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
რაიონულმა სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ლ. მ.-მა დ. ამაშუკელს თხოვა, მიემართა ნოტარიუსისათვის. ნოტარიუსი ტელეფონით დაუკავშირდა ლ. მ.-ს, რომელმაც უკარნახა ანდერძის შინაარსი, რომელიც იქვე დაიბეჭდა. ანდერძის შედგენას ესწრებოდა მოწმე დ. მ.-ი, ხოლო მეორე მოწმემ რ. გ.-მ ნოტარიუსს ტელეფონით უკარნახა პირადობის მოწმობის რეკვიზიტები. ვინაიდან ასაკისა და ავადმყოფობის გამო ლ. მ.-ი სანოტარო ბიუროში ვერ გამოცხადდა, ნოტარიუსი მივიდა მასთან ბინაში, სადაც ორი მოწმის თანდასწრებით ხმამაღლა წაუკითხა ანდერძის შინაარსი მოანდერძეს. მოანდერძე თვითონაც გაეცნო ანდერძის შინაარსს და მასზე ხელი მოაწერა.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2003წ. 15 აპრილის გადაწყვეტილებით გაუქმდა რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2003წ. 24 დეკემბრის განჩინებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა დ. მ.-ის საკასაციო საჩივარი, გაუქმდა სააპელაციო სასამართლოს განჩინება და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდა იმავე სასამართლოს შესაბამის პალატას.
საკასაციო სასამართლომ მიუთითა, სააპელაციო სასამართლოს უნდა დაედგინა, სკ-ის 1357-ე მუხლის შესაბამისად, სადავო ანდერძი შეესაბამებოდა თუ არა მარტივი წერილობითი ფორმის ანდერძს. ანდერძის ბათილობას საფუძვლად შეიძლება დადებოდა კანონის დანაწესის მხოლოდ ისეთი დარღვევა, რომელიც საეჭვოს ხდიდა მოანდერძის ნების ნამდვილობას და არა ნოტარიუსის მიერ სანოტარო დოკუმენტების უსწორო გაფორმება და სამსახურებრივი საქმიანობის არაჯეროვნად შესრულება.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2004წ. 8 აპრილის განჩინებით მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა მოცემულ საქმეზე რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა რაიონული სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები და მიუთითა, რომ ანდერძი შედგენილი იყო სკ-ის 1357-ე და 1358-ე მუხლის მეორე ნაწილის მოთხოვნათა დაცვით.
სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა აპელანტის მოსაზრება იმის თაობაზე, რომ დ. მ.-ი ესწრებოდა ანდერძზე ხელმოწერას, ვინაიდან საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით ეს ფაქტი არ დასტურდებოდა.
მართალია, ნოტარიუსის მიერ დარღვეული იყო სკ-ის 1358-ე მუხლის პირველი ნაწილის მოთხოვნა, მაგრამ აღნიშნული ვერ გახდებოდა ანდერძის ბათილობის საფუძველი, ვინაიდან, ანდერძის იურიდიული ბუნებიდან გამომდინარე, უპირატესი მნიშვნელობა ენიჭება მამკვიდრებლის ნების ნამდვილობას. ანდერძის ბათილობას საფუძვლად შეიძლება დადებოდა მხოლოდ ისეთი დარღვევა, რომელიც საეჭვოს გახდიდა მოანდერძის ნების ნამდვილობას.
2004წ. 3 ივნისს ლ. მ.-ის კანონიერმა წარმომადგენელმა ა. მ.-მა საკასაციო საჩივრით მიმართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს.
კასატორმა მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის ხელახალი განხილვისათვის დაბრუნება.
კასატორის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოება, რომ ანდერძი წაკითხულ იქნა დ. მ.-ის ბინაში მოანდერძის მიერ, არ შეეფერება სინამდვილეს. ასევე არ დასტურდება ის, რომ ანდერძზე მოანდერძემ ხელი მოაწერა მოწმეთა თანდასწრებით. მისივე მოსაზრებით, მოანდერძე იყო რა 80 წლის, ავადმყოფი, ფაქტობრივად იყო ქმედუუნარო და არ შეეძლო გამოეხატა თავისი ნება.
მისი მოსაზრებით, ანდერძის შედგენისას დარღვეულია სკ-ის 1358-ე, 1366-ე მუხლების მოთხოვნები, რაც სკ-ის 1403-ე მუხლის შესაბამისად, ამ ანდერძის ბათილობის საფუძველია.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლო საკასაციო საჩივრის ფარგლებში გაეცნო საქმის მასალებს, მოისმინა მხარეთა განმარტებანი და მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სსკ-ის 407-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, საოლქო სასამართლოს კოლეგიის ან პალატის მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დამატებითი და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია.
მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილად არის მიჩნეული ფაქტობრივი გარემოებები იმის შესახებ, რომ ანდერძის ჩაწერა მოხდა ტექნიკური საშუალებით. ნოტარიუსმა ტელეფონით მოისმინა მოანდერძის სიტყვები და დააბეჭდინა სანოტარო ბიუროში. ანდერძი ჩაწერილ იქნა ერთი მოწმის _ ლ. მ.-ის თანდასწრებით., რომელიც წაკითხული იქნა მოანდერძის ბინაში, ხოლო შემდეგ ნოტარიუსის მიერ და ხელმოწერილი იქნა მოწმეთა თანდასწრებით.
აქედან გამომდინარე, კასატორის მითითება იმის შესახებ, რომ თითქოს მოანდერძე ანდერძის შედგენის დროს, ასაკისა და ავადმყოფობის გამო, ქმედუუნარო იყო, არ წარმოადგენს დასაბუთებულ საკასაციო პრეტენზიას და მოცემულ საქმეზე მიღებული გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი ვერ გახდება იმიტომ, რომ წინამდებარე საქმეში წარდგენილი სარჩელით ანდერძის ბათილობა ამ მოტივით არ იყო მოთხოვნილი და, თავისთავად ცხადია, ეს საკითხი სასამართლოს არ გამოუკვლევია. აღსანიშნავია ის გარემოება, რომ ამ მოტივით ანდერძის ბათილობა მოთხოვნილი იყო მოსარჩელის მიერ 2001წ. 11 ოქტომბრის თარიღით შეტანილი სარჩელით, რომელზეც 2002წ. 25 აპრილს საქმის წარმოება შეწყდა მოსარჩელის მიერ სარჩელზე უარის თქმის გამო და განჩინება საქმის წარმოებით შეწყვეტის შესახებ კანონიერ ძალაშია შესული.
სსკ-ის 407-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საკასაციო სასამართლო იმსჯელებს მხარის მხოლოდ იმ ახსნა-განმარტების მიმართ, რომელიც ასახულია საოლქო სასამართლოს კოლეგიის ან პალატის გადაწყვეტილებაში ან საქმის მასალებში.
ამ შემთხვევაში მოანდერძის ქმედუნარიანობის საკითხი მოცემულ საქმეში მოსარჩელის მიერ სადავოდ არ გამხდარა, რის გამოც ამ საკითხს სააპელაციო სასამართლო თავისი ინიციატივით ვერ გამოიკვლევდა, მითუმეტეს, ამ მოტივით ანდერძის ბათილობის შესახებ შეტანილ სარჩელთან დაკავშირებით საქმის წარმოება მოსარჩელის ინიციატივით წარმოებით იყო შეწყვეტილი და განჩინება კანონიერ ძალაში იყო შესული. სსკ-ის 272-ე მუხლის „გ“ პუნქტით (მოსარჩელის მიერ სარჩელზე უარის თქმა) საქმის შეწყვეტის შემთხვევაში, ამავე კოდექსის 273-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, სასამართლოსათვის ხელმეორედ მიმართვა დავაზე იმავე მხარეებს შორის იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით არ შეიძლება.
არასწორია კასატორის მოსაზრება იმის შესახებ, რომ ანდერძის შედგენის დროს დარღვეულია სკ-ის 1358-ე და 1366-ე მუხლების მოთხოვნები.
სკ-ის 1358-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, მოანდერძის სიტყვებით ნოტარიუსის მიერ ჩაწერილი ანდერძი უნდა წაიკითხონ მოანდერძემ და ნოტარიუსმა და მოწმის თანდასწრებით მოეწეროს ხელი, რაც მოცემულ შემთხვევაში დაცულია. ასეთი დადასტურებულია სააპელაციო სასამართლოს განჩინების სამოტივაციო ნაწილით და ამის საწინააღმდეგო არგუმენტების შესახებ კასატორი საკასაციო საჩივარში ვერანაირ მტკიცებულებაზე ვერ მიუთითებს.
სკ-ის 1366-ე მუხლით ჩამოყალიბებულია ანდერძის ტექნიკური საშუალების გამოყენებით შედგენის წესი და მითითებულია, რომ იგი შეიძლება გადმოიცეს საერთოდ მიღებული ტექნიკური საშუალებებით, ოღონდ ხელმოწერილი უნდა იყოს მოანდერძის მიერ. ასეთ შემთხვევაში ანდერძის შედგენა და მოანდერძის მიერ ხელის მოწერა უნდა მოხდეს ორი მოწმის თანდასწრებით, რომლებიც დაადასტურებენ, რომ ანდერძი შედგენილი იყო ტექნიკური საშუალების გამოყენებით. მოწმეთა მიერ ანდერძის დადასტურება უნდა მოხდეს მოანდერძის მიერ ანდერძზე ხელის მოწერის შემდეგ დაუყოვნებლივ მოანდერძისა და ორივე მოწმის თანდასწრებით, ანდერძზე სათანადო წარწერის გაკეთებით მოწმეთა სახელის, გვარისა და საცხოვრებელი ადგილის მითითებით.
მართალია, სკ-ის 1358-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, დასაშვებია, რომ ანდერძი მოანდერძის სიტყვებით ჩაიწეროს ნოტარიუსმა ორი მოწმის თანდასწრებით, მაგრამ მოცემულ შემთხვევაში ნოტარიუსის მიერ დარღვეული იყო კანონის ზემოთ მითითებული მოთხოვნა, რასთანაც დაკავშირებით სააპელაციო სასამართლომ სწორად მიუთითა, რომ მარტოოდენ ეს გარემოება ვერ გახდებოდა ანდერძის ბათილობის საფუძველი, ვინაიდან ანდერძის იურიდიული ბუნებიდან გამომდინარე, ანდერძის ბათილობისას უპირატესი მნიშვნელობა ენიჭება მამკვიდრებლის ნების ნამდვილობას. ანდერძის გაფორმებასთან დაკავშირებული ყველა წესი, რომელიც დადგენილი იყო ნორმატიული აქტებით, ემსახურება ერთადერთ მიზანს _ მოანდერძის ნების სწორად დაფიქსირებას. აქედან გამომდინარე, ანდერძის ბათილობას საფუძვლად შეიძლება დადებოდა მხოლოდ ისეთი დარღვევა, რომელიც საეჭვოს გახდიდა მოანდერძის ნების ნამდვილობას. მოანდერძის ნების ნამდვილობის შემთხვევაში ნოტარიუსის მიერ სანოტარო დოკუმენტაციის უსწორო გაფორმება ანდა სამსახურებრივი დაუდევრობა საფუძვლად ვერ დაედებოდა ანდერძის ბათილობას. აქედან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ სწორად მიუთითა, რომ სკ-ის 1403-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ანდერძი შეიძლება ბათილად იქნეს ცნობილი მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი იგი კანონით დადგენილი წესის დარღვევითაა შედგენილი.
საკასაციო სასამართლო განმარტავს: “სკ-ის 1403-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ანდერძი შეიძლება ბათილად იქნეს ცნობილი, თუკი იგი შედგენილია კანონით დადგენილი იმ წესების დარღვევით, რომელიც ბუნდოვანს ხდის ან ეჭვის ქვეშ აყენებს მოანდერძის ნებას, რასაც მოცემულ შემთხვევაში არ ჰქონია ადგილი.
ზემოთ მითითებული გარემოებების გამო საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს განჩინება არ შეიცავს საკასაციო საჩივარში მითითებულ კანონის დარღვევას.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსკ-ის 410-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ლაშა მ.-ის კანონიერი წარმომადგენლის _ ა. მ.-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
უცვლელად დარჩეს მოცემულ საქმეზე თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2004წ. 8 აპრილის განჩინება.
განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.