Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განაჩენი

საქართველოს სახელით

№418აპ-21 25 ოქტომბერი, 2021 წელი

ა-ი ფ., 418აპ-21 ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მერაბ გაბინაშვილი (თავმჯდომარე)

შალვა თადუმაძე, ლევან თევზაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა სამცხე-ჯავახეთის საოლქო პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორ ელიზავეტა დურგლიშვილის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 2 აპრილის განაჩენზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. ახალციხის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 3 თებერვლის განაჩენით ფ. ა-ი, – დაბადებული 1--- წელს, – ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის 1-ლი ნაწილით – ყალბი სხვა ოფიციალური დოკუმენტის გამოყენებაში, რაც გამოიხატა შემდეგში:

2. 2019 წლის 6 მაისს, დაახლოებით 16:30 საათზე, ქ. ბ-ში, ა-ის ქუჩაზე, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ს-ის მთავარი სამმართველოს პატრულ-ინსპექტორებმა მანევრირების წესების დარღვევისათვის შეაჩერეს სატვირთო ავტომანქანა „ფორდ კარგო“, სანომრე ნიშნით -- მისაბმელის სანომრე ნიშნით - რომელსაც მართავდა ფ. ა-ი. მან პატრულ-ინსპექტორებს წარუდგინა ყალბი მართვის მოწმობა, სარეგისტრაციო ნომრით – - გაცემის თარიღი – 02.04.2001 წელი. დოკუმენტის ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, ფ. ა-ის სახელზე გაცემული თ-ის რესპუბლიკის მართვის მოწმობა, ნომრით – - დამზადებულია კუსტარულად, ფერადი სამრავლებელი ტექნიკის გამოყენებით და არ აქვს ნამდვილი დოკუმენტებისათვის დამახასიათებელი დამცავი ნიშნები; მასში ცვლილებები არ აღინიშნება.

3. აღნიშნული ქმედებისათვის ფ. ა-ის საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის 1-ლი ნაწილით განესაზღვრა ჯარიმა – 10 000 ლარი.

4. განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა პროკურორმა ელიზავეტა დურგლიშვილმა, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანა, კერძოდ: ფ. ა-ისათვის სასჯელის დამძიმება და მისთვის თავისუფლების აღკვეთის განსაზღვრა.

5. ადვოკატმა ტ. ბ-მა შესაგებლით მოითხოვა, რომ არ დაკმაყოფილდეს ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარი, გაუქმდეს ახალციხის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 3 თებერვლის გამამტყუნებელი განაჩენი და ფ. ა-ის მიმართ დადგინდეს გამამართლებელი განაჩენი.

6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 2 აპრილის განაჩენით არ დაკმაყოფილდა პროკურორის სააპელაციო საჩივარი და ახალციხის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 3 თებერვლის განაჩენი დარჩა უცვლელად.

7. კასატორი – პროკურორი ელიზავეტა დურგლიშვილი საკასაციო საჩივარში აღნიშნავს, რომ ფ. ა-ისათვის განსაზღვრული ჯარიმა ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნების განხორციელებას, რადგან: მსჯავრდებული ძებნილია; იგი უცხო ქვეყნის მოქალაქეა; საქართველოში არ გააჩნია მუდმივი საცხოვრებელი ადგილი; არ ითანამშრომლა გამოძიებასთან; არ ცხადდებოდა გამოძიებასა და სასამართლოში. კასატორის აზრით, სასამართლომ მხედველობაში არ მიიღო მითითებული გარემოებები და მსჯავრდებულს განუსაზღვრა ლმობიერი სასჯელი, რომლის აღსრულება ვერ მოხდება. აღნიშნულის გათვალისწინებით, პროკურორი ითხოვს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 2 აპრილის განაჩენში ცვლილების შეტანას და ფ. ა-ისათვის ისეთი სახის სასჯელის განსაზღვრას, რომელიც დაკავშირებული იქნება თავისუფლების აღკვეთასთან.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

1. საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, გააანალიზა წარმოდგენილი საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ პროკურორის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

2. უპირველეს ყოვლისა, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 306-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი განიხილება საჩივრის ფარგლებში. სააპელაციო სასამართლოს განაჩენს ბრალდების მხარე ასაჩივრებს მხოლოდ სასჯელთან მიმართებით. საკასაციო სასამართლო ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას ფ. ა-ის საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მსჯავრდების ნაწილში (საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებების ანალიზით არ იკვეთება ისეთი გარემოება, რომელმაც შესაძლოა, ეჭვქვეშ დააყენოს მითითებული მუხლით მსჯავრდება).

3. რაც შეეხება მსჯავრდებულ ფ. ა-ისათვის განსაზღვრულ სასჯელს, საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, მათ შორის – ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს. საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. სასჯელი უნდა იყოს მკაცრად პერსონალური, ინდივიდუალური, ჩადენილი ქმედების სიმძიმის ადეკვატური და პროპორციული.

4. მსჯავრდებულ ფ. ა-ისათვის საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის 1-ლი ნაწილით შერაცხული ქმედება სასჯელის სახით ითვალისწინებს ჯარიმას ან თავისუფლების აღკვეთას სამ წლამდე ვადით.

5. სასამართლომ ინდივიდუალურად უნდა შეაფასოს მოცემული საქმის გარემოებები და მსჯავრდებულის პიროვნული მახასიათებლები, მისი ქცევა დანაშაულის ჩადენის შემდეგ, პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები; ასევე, ის გარემოება, თუ კონკრეტული სახისა და ზომის სასჯელის შერჩევა რამდენად უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს. საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლის თანახმად, სასჯელის მიზანი არ არის ადამიანის ფიზიკური ტანჯვა ან მისი ღირსების დამცირება; მისი მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია, რომელიც ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით. საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას.

6. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ: ფ. ა-ი არ ცხადდებოდა არც გამოძიების ორგანოში და არც სასამართლო სხდომებზე, იგი ძებნილია, არ არის საქართველოს მოქალაქე და არ გააჩნია საქართველოში მუდმივი საცხოვრებელი ადგილი, რის გამოც სასჯელის სახედ ჯარიმის განსაზღვრა (როდესაც მისი აღსრულება საეჭვოა) საკასაციო პალატას მიზანშეუწონლად მიაჩნია, ვინაიდან ჯარიმა არ წარმოადგენს ზემოქმედების ისეთ სახეს, რომელიც ვერ გამორიცხავს ახალი დანაშაულის ჩადენის რისკს და ვერ იქნება დამაფიქრებელი მსჯავრდებულისათვის, გააცნობიეროს თავისი ქმედების ხასიათი, მართლწინააღმდეგობა და დანაშაულებრივი ქმედების სიმძიმე.

7. ამდენად, ყოველივე ზემოაღნიშნულის მხედველობაში მიღებით, პალატას მიაჩნია, რომ მსჯავრდებულ ფ. ა-ის სასჯელის სახედ უნდა განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა, რაც ხელს შეუწყობს სასჯელის მიზნების რეალურად შესრულებას.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 301-ე მუხლით, 307-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, 308-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. პროკურორ ელიზავეტა დურგლიშვილის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;

2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 2 აპრილის განაჩენში შევიდეს ცვლილება:

3. მსჯავრდებულ ფ. ა-ის საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 2 (ორი) წლით თავისუფლების აღკვეთა;

4. მსჯავრდებულ ფ. ა-ის სასჯელის მოხდის ვადა აეთვალოს ამ განაჩენის აღსრულების მიზნით მისი დაკავების მომენტიდან;

5. მხედველობაში იქნეს მიღებული, რომ ფ. ა-ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება – პატიმრობა გაუქმებულია;

6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 2 აპრილის განაჩენი დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელად;

7. განაჩენი საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. გაბინაშვილი

მოსამართლეები: შ. თადუმაძე

ლ. თევზაძე