საქართველოს უზენაესი სასამართლო
განაჩენი
საქართველოს სახელით
№876აპ-19 21 ოქტომბერი, 2021 წელი
ს-ე ო., 876აპ-19 ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მერაბ გაბინაშვილი (თავმჯდომარე),
შალვა თადუმაძე, ლევან თევზაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ო. ს-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ გ. შ-ის საკასაციო საჩივრები ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 22 აგვისტოს განაჩენზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 14 ივნისის განაჩენით ო. ს-ე, – დაბადებული 1--- წელს, – ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 111,3811-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2019 წლის 11 აპრილისა და 2019 წლის 29 მარტის ეპიზოდები) – ოჯახის წევრის მიმართ შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობისათვის.
2. აღნიშნული ქმედება გამოიხატა შემდეგში:
· 2019 წლის 29 მარტს ა--- რესპუბლიკის პოლიციის დეპარტამენტის ქ-----ის პოლიციის განყოფილებამ ო. ს-ის მიმართ 25 დღით გასცა №------ შემაკავებელი ორდერი, რომლითაც მას, როგორც მოძალადეს, აეკრძალა მსხვერპლის – თავისი ოჯახის წევრის, კერძოდ, მეუღლის – ე. ს-ის საცხოვრებელ სახლთან მიახლოება, სადაც მსხვერპლი იმყოფება. მიუხედავად ამისა, 2019 წლის 11 აპრილს, საღამოს საათებში, ო. ს-ე მივიდა ქ-----–-ში მდებარე ე. ს-ის საცხოვრებელ სახლში, რითიც დაარღვია №------ შემაკავებელი ორდერის მოთხოვნები და ვალდებულებები.
· 2019 წლის 29 მარტს ა---- რესპუბლიკის პოლიციის დეპარტამენტის ქ---ის პოლიციის განყოფილებამ ო. ს-ის მიმართ 25 დღით გასცა №--- შემაკავებელი ორდერი, რომლითაც მას, როგორც მოძალადეს, აეკრძალა მსხვერპლის – თავისი ოჯახის წევრის, კერძოდ, მეუღლის – ე. ს-ის საცხოვრებელ სახლთან მიახლოება, სადაც მსხვერპლი იმყოფება. მიუხედავად ამისა, 2019 წლის 29 მარტს, დღის საათებში, ო. ს-ე მივიდა ქ------ში მდებარე ე. ს-ის საცხოვრებელ სახლში, რითიც დაარღვია №----- შემაკავებელი ორდერის მოთხოვნები და ვალდებულებები.
3. აღნიშნული ქმედებებისათვის ო. ს-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 111,3811-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2019 წლის 11 აპრილისა და 2019 წლის 29 მარტის ეპიზოდები) და თითოეული ეპიზოდისათვის მიესაჯა ჯარიმა – 1500 ლარი. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის თანახმად, ერთმა სასჯელმა შთანთქა მეორე და დანაშაულთა ერთობლიობით განესაზღვრა ჯარიმა – 1500 ლარი. საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, გაუქმდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 4 აგვისტოს განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი 1 წლით. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ დაემატა წინა – ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 4 აგვისტოს განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი – 2 თვითა და 2 დღით თავისუფლების აღკვეთა და ო. ს-ეს განაჩენთა ერთობლიობით, საბოლოოდ განესაზღვრა 2 თვითა და 2 დღით თავისუფლების აღკვეთა და ჯარიმა – 1500 ლარი. მსჯავრდებულს სასჯელის მოხდა დაეწყო 2019 წლის 12 აპრილიდან. გაუქმდა მის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება – პატიმრობა და იგი დაუყოვნებლივ გათავისუფლდა სასამართლო სხდომის დარბაზიდან.
4. განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ბრალდების მხარემ. პროკურორმა პაატა ცეცხლაძემ მოითხოვა გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანა და მსჯავრდებულ ო. ს-ისათვის საქართველოს სსკ-ის 111,3811-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2019 წლის 11 აპრილისა და 2019 წლის 29 მარტის ეპიზოდები) სამართლიანი, კანონიერი და უფრო მკაცრი სასჯელის განსაზღვრა. ამასთან, პროკურორმა საჩივარში მიუთითა, რომ ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 4 აგვისტოს განაჩენით ო. ს-ისათვის საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის 1-ლი ნაწილით განსაზღვრული სასჯელი – 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც ჩაეთვალა პირობით, იმავე გამოსაცდელი ვადით, პირობითი მსჯავრის გაუქმების საკითხთა განმხილველი მუდმივმოქმედი კომისიის 2019 წლის 28 თებერვლის გადაწყვეტილებით გაუქმებული იყო და ო. ს-ეს მოეხსნა ნასამართლობა.
5. ადვოკატი გ. შ-ე შესაგებლით ითხოვდა პროკურორის საჩივრის ნაწილობრივ დაკმაყოფილებას და, პატიმრობაში ყოფნის ვადის გათვალისწინებით, ო. ს-ის გათავისუფლებას საქართველოს სსკ-ის 111,3811-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2019 წლის 11 აპრილისა და 2019 წლის 29 მარტის ეპიზოდები) განსაზღვრული სასჯელების – ჯარიმის მოხდისაგან.
6. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 22 აგვისტოს განაჩენით ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 14 ივნისის განაჩენი დარჩა უცვლელად.
7. კასატორი – ადვოკატი გ. შ-ე საკასაციო საჩივრით ითხოვს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 22 აგვისტოს განაჩენიდან განაჩენთა ერთობლიობით სასჯელის დანიშვნის შესახებ მითითების ამორიცხვასა და საქართველოს სსკ-ის 62-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, პატიმრობაში ყოფნის ვადის გათვალისწინებით, ო. ს-ის მთლიანად ან ნაწილობრივ გათავისუფლებას სასჯელის მოხდისაგან.
8. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 23 ოქტომბრის განჩინებით მსჯავრდებულ ო. ს-ის ინტერესების დამცველს, ადვოკატ გ. შ-ეს აღუდგა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 22 აგვისტოს განაჩენის საკასაციო წესით გასაჩივრების ვადა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
1. საკასაციო პალატამ შეისწავლა სისხლის სამართლის საქმის მასალები მსჯავრდებულ ო. ს-ის მიმართ, შეამოწმა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ ადვოკატის საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებულ განაჩენში შევიდეს ცვლილება, შემდეგ გარემოებათა გამო:
2. უპირველეს ყოვლისა, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 306-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი განიხილება საჩივრის ფარგლებში. სააპელაციო სასამართლოს განაჩენს დაცვის მხარე ასაჩივრებს მხოლოდ სასჯელთან მიმართებით. საკასაციო სასამართლო ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას ო. ს-ის საქართველოს სსკ-ის 111,3811-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2019 წლის 11 აპრილისა და 2019 წლის 29 მარტის ეპიზოდები) მსჯავრდების ნაწილში (საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებების ანალიზით არ იკვეთება ისეთი გარემოება, რომელმაც შესაძლოა, ეჭვქვეშ დააყენოს მითითებული მუხლით მსჯავრდება).
3. ამასთან, როგორც სისხლის სამართლის საქმის მასალებიდან ირკვევა, ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 4 აგვისტოს განაჩენით ო. ს-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და მიესაჯა 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით, 1 წლის გამოსაცდელი ვადით. ა----ის პრობაციის ბიუროს უფროსის მოვალეობის შემსრულებლის 2019 წლის 1 აპრილის №------ წერილის თანახმად, პირობითი მსჯავრის გაუქმების საკითხთა განმხილველი მუდმივმოქმედი კომისიის 2019 წლის 28 თებერვლის გადაწყვეტილებით მსჯავრდებულ ო. ს-ეს გაუუქმდა ზემოაღნიშნული განაჩენით მისჯილი პირობითი მსჯავრი და მოეხსნა ნასამართლობა. ამდენად, 2019 წლის 29 მარტს – დანაშაულის პირველი ეპიზოდის ჩადენის დროს – ო. ს-ე იყო ნასამართლობის არმქონე. შესაბამისად, პირველი და სააპელაციო ინსტანციის სასამართლოებს მისთვის სასჯელი არ უნდა განესაზღვრათ განაჩენთა ერთობლიობით.
4. იმის გათვალისწინებით, რომ მსჯავრდებულ ო. ს-ეს მოხდილი აქვს განაჩენთა ერთობლიობით თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელი, ხოლო საქართველოს სსკ-ის 111,3811-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2019 წლის 11 აპრილისა და 2019 წლის 29 მარტის ეპიზოდები) დაკისრებული ჯარიმის ნაწილში გასაჩივრებული განაჩენი არ არის აღსრულებული, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მსჯავრდებული ო. ს-ე, საქართველოს სსკ-ის 62-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, 2019 წლის 12 აპრილიდან იმავე წლის 14 ივნისის ჩათვლით პატიმრობაში ყოფნის ვადის გათვალისწინებით, უნდა გათავისუფლდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 22 აგვისტოს განაჩენით ზემოთ მითითებული მუხლით, დანაშაულთა ერთობლიობით დანიშნული სასჯელის – 1500 ლარი ჯარიმის მოხდისაგან.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 301-ე მუხლით, 307-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტით, მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. მსჯავრდებულ ო. ს-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ გ. შ-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;
2. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 22 აგვისტოს განაჩენში შევიდეს შემდეგი ცვლილება:
3. საქართველოს სსკ-ის 62-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, 2019 წლის 12 აპრილიდან 2019 წლის 14 ივნისის ჩათვლით პატიმრობაში ყოფნის ვადის გათვალისწინებით, მსჯავრდებული ო. ს-ე მთლიანად გათავისუფლდეს საქართველოს სსკ-ის 111,3811-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2019 წლის 11 აპრილისა და 2019 წლის 29 მარტის ეპიზოდები), დანაშაულთა ერთობლიობით დანიშნული სასჯელის – 1500 (ათას ხუთასი) ლარი ჯარიმის მოხდისაგან;
4. ცნობად იქნეს მიღებული, რომ ო. ს-ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება – პატიმრობა გაუქმებულია;
5. განაჩენი საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. გაბინაშვილი
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
ლ. თევზაძე