Facebook Twitter

ას-636-915-04 9 სექტემბერი, 2004 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე),

რ. ნადირიანი,

თ. კობახიძე

სარჩელის საგანი: ბავშვის აღსაზრდელად გადაცემა.

აღწერილობითი ნაწილი:

ი. მ.-მ სარჩელით მიმართა სასამართლოს ლ. ს.-ს წინააღმდეგ და მოითხოვა ბავშვის, მ. მ.-ის, აღსაზრდელად გადაცემა. სარჩელის საფუძვლად მოსარჩელემ მიუთითა, რომ განქორწინებულია მოპასუხესთან, მოპასუხე და დედამისი არ აძლევენ ბავშვის ნახვის საშუალებას. აღნიშნულის გამო რამდენჯერმე მიმართა განათლების განყოფილებას. მეურვეობისა და მზრუნველობის საბჭოს სხდომამ დაუდგინა ბავშვის ნახვის უფლება, მაგრამ უშედეგოდ. ბავშვს ჩაკეტილად ზრდიან, დაწესებული აქვთ მასზე მკაცრი კონტროლი, ორი წლის განმავლობაში დაჰყავდათ სამ სხვადასხვა სკოლაში. ბავშვს შთააგონებენ, რომ მამა ცუდია, რის გამოც ბავშვი იზრდება მამის მიმართ შიშის გრძნობით, რაც უარყოფით გავლენას ახდენს მის ფსიქიკაზე.

ლ. ს.-მ შეგებებული სარჩელით მიმართა სასამართლოს და მოითხოვა მოპასუხისათვის ბავშვთან ურთიერთობის უფლების ჩამორთმევა განსაზღვრული ვადით. სარჩელის საფუძვლად ლ. ს.-მ აღნიშნა, რომ თავდაპირველად უფლებას აძლევდა ყოფილ მეუღლეს წაეყვანა ბავშვი, მაგრამ იგი აქტიურად ზემოქმედებდა მასზე და განაწყობდა მის წინააღმდეგ. ი. მ.-ი სულ სხვა მსოფლმხედველობის მატარებელი ადამიანია, რაც სახიფათოა, იგი მუდამ ცდილობს ცხოვრების მიმართ თავისი შეხედულებები თავს მოახვიოს ყველას, მათ შორის საკუთარ შვილს. რამდენჯერმე სცადა ბავშვის გატაცება, გამუდმებით ამტკიცებს, რომ ბავშვი ადრეული ასაკიდანვე უნდა შეეჩვიოს სტრესულ სიტუაციებს. გათხოვდა და შექმნა ახალი ოჯახი, რის შემდეგაც ი. მ.-ი მუდმივად დევნის მის ოჯახს. მას არ უყვარს ბავშვი, მისი მიზანია მისი ოჯახის გამწარება, შურისძიება. ამდენად, ლ. ს.-მ ბავშვის ფსიქიკისა და ჯანმრთელობის გადარჩენის მოტივით, სკ-ის 1202-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, მოითხოვა ი. მ.-ისათვის შვილთან ურთიერთობის უფლების ჩამორთმევა მის სრულწლოვანებამდე.

კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2003წ. 20 ივნისის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით ლ. ს.-ს შეგებებულ სარჩელს ეთქვა უარი. ი. მ.-ის სარჩელი დაკმაყოფილდა, ი. მ.-ს მიეცა ბავშვის წაყვანის უფლება ყოველ შაბათს 12 საათიდან კვირის 12 საათამდე. 2003წ. 15 ოქტომბრის განჩინებით არ დაკმაყოფილდა ლ. ს.-ს წარმომადგენელის საჩივარი და უცვლელად დარჩა 2003წ. 20 ივნისის დაუსწრებელი გადაწყვეტილება. ეს განჩინება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ლ. ს.-მ.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2004წ. 2 თებერვლის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით, ლ. ს.-ს სასამართლო სხდომაზე გამოუცხადებლობის გამო, არ დაკმაყოფილდა მისი სააპელაციო საჩივარი, უცვლელად დარჩა კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2003წ. 15 ოქტომბრის განჩინება. ამ განჩინებაზე საჩივარი შეიტანა ლ. ს.-მ, მაგრამ ამ საჩივრის სააპელაციო პალატის სხდომაზე განხილვისას იგი არ გამოცხადდა, რის გამოც მოწინააღმდეგე მხარემ იშუამდგომლა მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის შესახებ, რაც დაკმაყოფილდა და სააპელაციო პალატის 2004წ. 22 მარტის მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა ლ. ს.-ს საჩივარი და უცვლელად დარჩა სააპელაციო პალატის 2004წ. 2 თებერვლის დაუსწრებელი გადაწყვეტილება.

სააპელაციო პალატის მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ლ. ს.-მ, რომელიც მოითხოვს გასაჩივრებული მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმებას და საქმის განსახილველად დაბრუნებას საოლქო სასამართლოში.

კასატორი აღნიშნავს, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება მიღებულია საპროცესო ნორმათა დარღვევით, კერძოდ, იგი არ იყო გაფრთხილებული სხდომის დროისა და გამოუცხადებლობის შედეგების შესახებ. ამასთან, იგი სხდომის დღეს – 2 თებერვალს იყო ავად, რის აგმოც შეუძლებელი იყო მისთვის სხდომაზე მონაწილეობის მიღება. მისი ადვოკატი სხდომის დღეს ჩაერთო საქმეში და არ იცნობდა საქმის ფაქტობრივ გარემოებებს. ამდენად, კასატორი თვლის, რომ ადგილი ჰქონდა სსსკ-ის 233-ე მუხლის „ბ“ და „გ“ პუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებს.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ საკასაციო საჩივრის ფარგლებში შეისწავლა საქმის მასალები და თვლის, რომ ლ. ს.-ს საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სსსკ-ის 241-ე მუხლის თანახმად, დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმის განხილვა განახლდეს, თუ არსებობს 233-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები ან, თუ მხარის გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო სხვა საპატიო მიზეზით, რომლის შესახებაც მას არ შეეძლო თავის დროზე ეცნობებინა სასამართლოსათვის.

მოცემულ საქმეზე დადგენილად არის ცნობილი, რომ ლ. ს. 2004წ. 22 მარტის სასამართლო სხდომაზე მოწვეული იყო სსსკ-ის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით. საქმის მასალებით არ დასტურდება, რომ ლ. ს.-ს გამოუცხადებლობა 2004წ. 22 მარტის სხდომაზე გამოწვეული იყო საპატიო მიზეზით. მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს მხოლოდ იმ საფუძვლით, რომ არ არსებობდა განმეორებით დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანისათვის შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლები, კასატორი კი ასეთ საფუძვლებზე ვერ მიუთითებს. კასატორის მითითება იმ გარემოებაზე, რომ 2 თებერვალს იყო ავად, ვერ ჩაითვლება 22 მარტის სხდომაზე მისი გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზად. გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი ვერ გახდება ასევე კასატორის მითითება იმ გარემოებაზე, რომ მისი ადვოკატი სხდომის დღეს ჩაერთო საქმეში და არ იცნობდა საქმის მასალებს, რადგან საკასაციო სასამართლოს განხილვის საგანია 22 მარტის მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება, ხოლო როგორც საქმის მასალებით ირკვევა, ადვოკატი საქმეში ჩაება 2 თებერვალს. 2 თებერვლიდან 22 მარტამდე კი მას საკმარისი დრო ჰქონდა საქმის მასალების გასაცნობად. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა არ იზიარებს კასატორის მოსაზრებას იმის შესახებ, რომ ადგილი ჰქონდა სსსკ-ის 233-ე მუხლის „ბ“ და „გ“ პუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებს. შესაბამისად, არ არსებობს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების სამართლებრივი საფუძვლები.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 410-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

ლ. ს.-ს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

უცვლელად დარჩეს ამ საქმეზე თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2004წ. 22 მარტის მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება.

განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.