ას-637-1279-03 14 აპრილი, 2004 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე),
რ. ნადირიანი,
თ. კობახიძე
სარჩელის საგანი: ვალის დაბრუნება, იპოთეკით დატვირთული ბინის რეალიზაცია.
აღწერილობითი ნაწილი:
თ. გ-ემ და ქ. ჭ-მა სარჩელი აღძრეს თ. და გ. გ-ების წინააღმდეგ და სესხის ხელშეკრულების საფუძველზე მოითხოვეს: თ. გ-ის სასარგებლოდ ძირითადი ვალის _ 9 620 აშშ დოლარის, 6 თვის პროცენტის _ 1154 აშშ დოლარის, სულ _ 10 774 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის დაკისრება მოპასუხეზე, ხოლო ქ. ჭ-ის სასარგებლოდ – 2230 აშშ დოლარი, 6 თვის პროცენტი 266 აშშ დოლარი _ სულ 2486 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის გადახდა. საერთო ჯამში მოსარჩელეებმა მოითხოვეს 13 260 აშშ დოლარის შესაბამისი ლარი. მოსარჩელეებმა ასევე მოითხოვეს გ. გ-ის იპოთეკით დატვირთული ბინის რეალიზაცია.
მოპასუხის წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ, მართალია, ხელშეკრულებაში აღნიშნულია 2%, მაგრამ რეალურად მოპასუხეთა მხრიდან გადახდილ იქნა 9%. ამასთან, მოსარჩელის მიერ ხდებოდა პროცენტზე პროცენტის დარიცხვა, რაც სკ-ის 403-ე მუხლის თანახმად, დაუშვებელია. მოპასუხეს თ. გ-ისათვის გადახდილი აქვს 1489 აშშ დოლარი, ხოლო ლ. კ-ისათვის – 1439 აშშ დოლარი.
მოპასუხეების წარმომადგენელის აზრით, სკ-ის 54-ე მუხლის თანახმად, მხარეთა შორის გარიგება ბათილად უნდა იქნეს ცნობილი და აღდგეს პირვანდელი მდგომარეობა.
თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2002წ. 2 დეკემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა. მოპასუხე თ. გ-ს მოსარჩელე თ. გ-ის სასარგებლოდ დაეკისრა 10774 აშშ დოლარის, ხოლო მოსარჩელე ქ. ჭ-ის სასარგებლოდ 2486 აშშ დოლარის შესაბამისი ლარის გადახდა. დადგინდა იპოთეკით დატვირთული ბინის, მდებარე ქ. თბილისში ..... ბინა 63-ის რეალიზაცია.
ეს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა გ. გ-მა.
სააპელაციო პალატამ დადგენილად ცნო, რომ 2000წ. 18 ნოემბერს დადებული ხელშეკრულებით თ. გ-მა, როგორც გ. გ-ის რწმუნებულმა, თ. გ-ისაგან ისესხა 2540 აშშ დოლარი თვეში 2%-ის დარიცხვით, ასევე – ლ. კ-ისაგან 2540 აშშ დოლარი თვეში 2%-ის დარიცხვით. სესხის უზრუნველყოფის მიზნით იპოთეკით დაიტვირთა გ. გ-ის ბინა მდებარე თბილისში, ..... ბინა ¹63. იპოთეკის ხელშეკრულება დაიდო სამი თვის ვადით.
2001წ. 26 თებერვალს ამ ხელშეკრულებაში შევიდა ცვლილება სესხის დაფარვის ვადის _ 2001წ. 26 მაისამდე გაგრძელების შესახებ.
2001წ. 5 ივნისს 2000წ. 18 ნოემბრისა და 2001წ. 26 თებერვლის ხელშეკრულებებში შევიდა შემდეგი ცვლილებები: გ. გ-ის რწმუნებულმა – თ. გ-მა თ. გ-ისაგან ისესხა 3770 აშშ დოლარი, ხოლო ლ. კ-ისაგან – 4050 აშშ დოლარი, ყოველთვიურად 3%-ის დარიცხვით. ხელშეკრულება დაიდო ექვსი თვის ვადით – 2001წ. 5 დეკემბრამდე. ხელშეკრულების დანარჩენი პირობები დარჩა უცვლელი.
2001წ. 13 ნოემბერს სანოტარო აქტით ლ. კ-მა მოთხოვნის უფლება, რაც მას გააჩნდა გ. გ-ის მიმართ, დაუთმო თ. გ-ესა და ქ. ჭ-ს, ამავე აქტით მან დამატებით სესხის სახით მ. გ-ს გადასცა 4020 აშშ დოლარის შესაბამისი ლარი. საბოლოოდ, თ. გ-ე და ჭ-ი გახდნენ იპოთეკარები გ. გ-ის მიმართ, რომელმაც იკისრა ვალდებულება 2002წ. 12 მაისისთვის დაებრუნებინა თ. გ-ისათვის 9620 აშშ დოლარის შესაბამისი ლარი თვეში 2%-ის დარიცხვით, ხოლო ქ. ჭ-ისათვის – 2220 აშშ დოლარის შესაბამისი ლარი თვეში 2%-ის დარიცხვით. აღნიშნული ხელშეკრულება რეგისტრირებულ იქნა საჯარო რეესტრში. ასევე, დადგენილ იქნა, რომ გ. გ-მა არ შეასრულა ნაკისრი ვალდებულება.
სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ რაიონულმა სასამართლომ მართებულად გამოიყენა სკ-ის მე-300 მუხლი და 361-ე მუხლის მე-2 ნაწილი, რომლის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.
აპელანტის მოსაზრებით, ხელშეკრულებაში მითითებული თანხები მას რეალურად ხელშეკრულებაში დაფიქსირებული ოდენობით არ მიუღია, მასში აისახა თანხის ის რაოდენობა, რაც მოიცავდა 8-9 პროცენტს. აღნიშნული სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა იმ საფუძვლით, რომ აპელანტმა ვერ დაადასტურა ის გარემოებები, რომლებზედაც ამყარებდა თავის მოთხოვნას.
აღნიშნულიდან გამომდინარე, თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2003 წლის 20 ივნისის განჩინებით არ დაკმაყოფილდა გ. გ-ის სააპელაციო საჩივარი, შესაბამისად, უცვლელად დარჩა ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება.
სააპელაციო პალატის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა თ. და გ. გ-ებმა. კასატორების მოსაზრებით, სასამართლომ არასწორად დაადგინა ფაქტობრივი გარემოებები, სათანადოდ არ შეაფასა მტკიცებულებები, შესაბამისად, მიიღო უკანონო გადაწყვეტილება. კასატორებს მიაჩნიათ, რომ სასამართლომ დააკისრათ პროცენტიდან პროცენტის გადახდა, რითაც დაარღვია სკ-ის 403-ე მუხლის მოთხოვნა.
კასატორები მოითხოვენ გასაჩივრებული განჩინების გაუქმებასა და მხარეთა შორის დადებული გარიგების ბათილად ცნობას, როგორც მოტყუებით და იძულებით დადებული.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ საკასაციო საჩივრის ფარგლებში შეისწავლა საქმის მასალები და თვლის, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სსკ-ის 410-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ საოლქო სასამართლოს პალატის მიერ გამოტანილ გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა. მოცემულ საქმეზე დადგენილად არის ცნობილი, რომ 2001წ. 13 ნოემბრის სანოტარო აქტით გ. გ-მა იკისრა ვალდებულება 6 თვის ვადაში თ. გ-ისათვის დაებრუნებინა 9 620 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარი თვეში 2%-ის დარიცხვით, ხოლო ქ. ჭ-ისათვის – 2220 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარი თვეში 2%-ის დარიცხვით. ამავე ხელშეკრულებით მოსარჩელეები მოპასუხის მიმართ გახდნენ იპოთეკარები. ეს ხელშეკრულება რეგისტრირებულ იქნა საჯარო რეესტრში.
სააპელაციო პალატის მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები სსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სავალდებულოა სასამართლოსათვის. კასატორის მიერ არ არის წამოყენებული დამატებითი ან დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია. კასატორები ვერ მიუთითებენ ისეთ მტკიცებულებაზე, რაც არ განუხილავს სასამართლოს და რომელიც გამორიცხავდა სააპელაციო პალატის მიერ დადგენილ გარემოებებს.
სკ-ის 623-ე მუხლის თანახმად, მსესხებელი კისრულობს ვალდებულებას, დაუბრუნოს გამსესხებელს იმავე სახის, ხარისხის და რაოდენობის ნივთი. ამავე კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.
დადგენილია, რომ გ. გ-ის მიერ ვალდებულება არ იქნა შესრულებული. კასატორის მოსაზრება იმის შესახებ, რომ სადავო ხელშეკრულება ბათილია, რადგან დადებულია მოტყუებით და იძულებით, ვერ იქნება გაზიარებული, რადგან კასატორის მიერ აღნიშნული გარემოება არ არის დადასტურებული. სსკ-ის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს.
ასევე ვერ იქნება გაზიარებული კასატორის მოსაზება იმის შესახებ, რომ სასამართლომ დააკისრა პროცენტიდან პროცენტის გადახდა, რადგან დადგენილია, რომ სასამართლომ დააკისრა ძირითადი ვალის 2%, რაც შეეხება კასატორების მითითებას, ძირითადი ვალი ხელშეკრულებაში დაფიქსირებული იყო პროცენტთან ერთად, საქმის მასალებით არ დასტურდება. ამდენად, გასაჩივრებული გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 410-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
თ. და გ. გ-ების საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
უცვლელად დარჩეს ამ საქმეზე თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2003წ. 20 ივნისის განჩინება.
განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.