Facebook Twitter

ას-638-1291-03 10 თებერვალი, 2004 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე),

ლ. გოჩელაშვილი,

მ. წიქვაძე

დავის საგანი: სესხის დაბრუნება.

აღწერილობითი ნაწილი:

2002წ. 9 აგვისტოს ვ. ს-ამ სარჩელი აღძრა სასამართლოში ი. დ-ის მიმართ სესხის დაბრუნების თაობაზე. მოსარჩელემ აღნიშნა, რომ მოპასუხეს 1999წ. ივნისში ასესხა 1000 აშშ დოლარი ორი თვით, ყოველთვიურად 10%-ის დარიცხვით, რაც ამავეწ. 22 ივლისს ი. დ-ემ წერილობით აღიარა.

მოპასუხემ იმავეწ. ივლისში პროცენტის სახით გადაიხადა 100 აშშ დოლარი, აგვისტოში – 70 აშშ დოლარი და მოსარჩელეს დაუბრუნა ძირითადი თანხა 300 აშშ დოლარის ოდენობით, რის შემდეგაც შეწყვიტა თანხის გადახდა.

2000წ. 22 ოქტომბერს ი. დ-ემ დაწერა ახალი ხელწერილი, რომლითაც ივალდებულა, რომ 700 აშშ დოლარს – ძირითად თანხასა და პროცენტს – 1050 აშშ დოლარს 2000წ. ნოემბრამდე გადაიხდიდა, მაგრამ მოპასუხემ არ შეასრულა დანაპირები.

2002წ. იანვარში მოსარჩელემ მიმართა შს სამმართველოს ქვეგანყოფილებას, სადაც დაკითხვის დროს მოპასუხემ აღიარა ვალის არსებობა და პირობა მისცა, რომ გადაიხდიდა თანხას, მაგრამ ი. დ-ემ ისევ არ შეასრულა პირობა.

მოსარჩელემ სარჩელით მოითხოვა, მოპასუხეს დაეკისროს, ძირითადი თანხა – 700 აშშ დოლარი, სარგებელი - 1050 აშშ დოლარი, 1999წ. 12 აგვისტოდან 2000წ. 12 ნოემბრამდე – 10% _ 735 აშშ დოლარი 5%-იანი ყოველთვიური დანარიცხი – 2000წ. 12 ნოემბრიდან 2002წ. 9 აგვისტომდე და სასამართლო ხარჯების სახით 212 აშშ დოლარი, სულ _ 2897 აშშ დოლარი. მოსარჩელემ, ასევე მოითხოვა სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით ი. დ-ის უძრავ-მოძრავ ქონებაზე ყადაღის დადება.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2002წ. 5 სექტემბრის განჩინებით ვ. ს-ას უარი ეთქვა ქ. ბათუმში, ..... ბინა 2-ში დ-ის წილზე ყადაღის დადებაზე.

2003წ. 10 თებერვალს ი. დ-ემ შეგებებული სარჩელით მიმართა სასამართლოს და მოითხოვა მოსარჩელესთან 1999წ. ივნისში დადებული სესხის ხელშეკრულების ბათილად ცნობა პროცენტის ნაწილში, რადგან მიაჩნია, რომ იგი ბანკთაშორის აუქციონზე დაფიქსირებულ საპროცენტო განაკვეთთან – 2,5%-თან არ არის გონივრულ შესაბამისობაში.

2003წ. 12 თებერვალს ვ. ს-ამ დამატებითი სარჩელით მიმართა სასამართლოს, სადაც გაზარდა თავისი სასარჩელო მოთხოვნა და მოპასუხისაგან მოითხოვა სულ, 3820 აშშ დოლარის გადახდა, ასევე სადავო ბინაზე ი. დ-ის წილის განსაზღვრა და მასზე ყადაღის დადება სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2003წ. 4 მარტის განჩინებით ვ. ს-ას მოთხოვნა, ბინიდან ი. დ-ის წილის დადგენისა და გამოყოფის შესახებ, გამოყოფილ იქნა ცალკე წარმოებად.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2003წ. 11 მარტის გადაწყვეტილებით ვ. ს-ას სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა – ი. დ-ეს დაეკისრა 1708 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის გადახდა მოსარჩელის სასარგებლოდ. მასვე დაეკისრა წარმომადგენლის მომსახურებისათვის გაწეული ხარჯები. ი. დ-ის შეგებებული სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. ბათილად იქნა ცნობილი მხარეებს შორის 1999წ. 12 ივნისს დადებული სესხის ხელშეკრულება პროცენტის ოდენობის ნაწილში. ვ. ს-ას დაეკისრა წარმომადგენლის მომსახურეობისათვის გაწეული ხარჯები. შეგებებული სარჩელს დანარჩენ ნაწილში ეთქვა უარი.

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ი. დ-ემ და მოითხოვა მისი გაუქმება, რადგან სასამართლოს 2000წ. 12 ნოემბრიდან პროცენტი არ უნდა დაეკისრებინა. პროცენტის გადახდის ვალდებულება მან იკისრა მხოლოდ სახელშეკრულებო ვადაში, რომელიც 2000წ. 12 ნოემბერს ამოიწურა.

აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 16 ივლისის განჩინებით ი. დ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ მხარეთა შორის დაიდო სესხის ხელშეკრულება, რომლის თანახმად, მოსარჩელემ 1999წ. 12 ივნისს მოპასუხეს ასესხა 1000 აშშ დოლარი 3 თვით, ყოველთვიურად 10%-ის დარიცხვით. ამავეწ. ივლისში ი. დ-ემ ვ. ს-ას გადაუხადა პროცენტის თანხა 100 აშშ დოლარი, აგვისტოში – 70 აშშ დოლარი და დაუბრუნა ძირითადი თანხა 300 აშშ დოლარი, რის შემდეგ მოპასუხეს არ გადაუხდია არც საპროცენტო და არც ძირითადი თანხა, გადასახდელი დარჩა 700 აშშ დოლარი და საპროცენტო თანხა.

სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა აპელანტის მოსაზრება იმის თაობაზე, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უნდა დაეკისრებინა მასზე საპროცენტო თანხები 2000წ. 12 ნოემბრიდან იმ მოტივით, რომ ი. დ-ემ მოსარჩელეს 2000წ. ოქტომბერში მისცა ხელწერილი, რომ 2000წ. ნოემბერში გადაუხდიდა, როგორც ძირითად თანხას, ასევე საპროცენტო დანარიცხს, აღნიშნული კი მიუთითებს იმაზე, რომ მან პროცენტის გადახდის ვალდებულება აიღო 2000წ. 12 ნოემბრამდე. სასამართლომ მიუთითა, რომ სკ-ის 403-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოვალე, რომელიც ფულადი თანხის გადახდის ვადას გადააცილებს, ვალდებულია, გადაცილებული დროისათვის გადაიხადოს კანონით განსაზღვრული პროცენტი, თუკი კრედიტორს სხვა საფუძვლიდან გამომდინარე, უფრო მეტის მოთხოვნა არ შეუძლია.

სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად დააკისრა მოპასუხეს სარგებელი 4%-ის ოდენობით გადახდა, რადგან მხარეთა შორის შეთანხმება 10%-იანი საპროცენტო დანარიცხის გადახდის თაობაზე არ შეესაბამება სკ-ის 625-ე მუხლის მოთხოვნებს, რომლის შესაბამისად, სესხისათვის მხარეებმა შეიძლება გაითვალისწინონ პროცენტი, რაც გონივრულ შესაბამისობაში უნდა იყოს ეროვნული ბანკის ან ბანკთაშორის საკრედიტო აუქციონის მიერ დადგენილ ზღვრულ ოდენობასთან. ამ წესის დარღვევით პროცენტის შესახებ დადებული შეთანხმება ბათილია.

საქმეში არსებული საქართველოს ეროვნული ბანკის აჭარის ა/რ ცენტრალური ბანკის მიერ გაცემული ცნობის შესაბამისად, სადავო პერიოდში საქართველოს ეროვნულ ბანკთაშორის საკრედიტო აუქციონზე დაფიქსირებული საპროცენტო განაკვეთის მინიმალურმა ოდენობამ შეადგინა 2,25%, ხოლო მაქსიმალურმა – 3,3%.

ამრიგად, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ ბათუმის საქალაქო სასამართლოს მიერ 4%-იანი საპროცენტო დანარიცხების დაკისრება სწორია და გონივრულ შესაბამისობაშია ბანკთაშორის საკრედიტო აუქციონზე დაფიქსირებულ ზემოაღნიშნულ საპროცენტო განაკვეთებთან.

სააპელაციო სასამართლოს 2003წ. 16 ივლისის განჩინებაზე ი. დ-ემ შეიტანა საკასაციო საჩივარი და მოითხოვა მისი გაუქმება შემდეგი საფუძვლით:

კასატორის განმარტებით, სააპელაციო სასამართლოს არ უნდა გაეზიარებინა პირველი ინსტანციის სასამართლოს მოსაზრება იმის თაობაზე, რომ სარჩელის შეტანამდე მას დაეკისრა გონივრულ შესაბამისობაში მოყვანილი საპროცენტი განაკვეთი 4%-ის ოდენობით, რადგან ხელშეკრულების განახლებული პირობით, საბოლოო ვადად განისაზღვრა 2000წ. ნოემბერი. ი. დ-ეს მიაჩნია, რომ ამ პერიოდიდან სასამართლოს უნდა დაეკისრებინა კანონით განსაზღვრული პროცენტი, რაც მისი მოსაზრებით ბანკთაშორის საკრედიტო აუქციონზე დადგენილი ოდენობით უნდა განისაზღვროს. იმ დროისათვის კი იგი არ აღემატებოდა 1,5%-ს. რადგან სკ-ის 403-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ალტერნატივით, ანუ სხვა საფუძვლით მოსარჩელეს არა აქვს უფლება, მოითხოვოს უფრო მეტის გადახდა, სასამართლოს პროცენტი უნდა განესაზღვრა 1,5 და არა 4%-ით.

აღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორი ითხოვს გასაჩივრებული განჩინების ნაწილობრივ გაუქმებას, კერძოდ, 2000წ. ნოემბრიდან 4% სარგებლის დაკისრების ნაწილში. კასატორს მიაჩნია, რომ მას ამ თარიღიდან უნდა დაეკისროს ძირითადი თანხის (700 აშშ დოლარი) სარგებელი მხოლოდ 1,5%.

სამოტივაციო ნაწილი:

პალატა გაეცნო საქმის მასალებს, საკასაციო საჩივრის საფუძველს და თვლის, რომ იგი უსაფუძვლოა შემდეგ გარემოებათა გამო:

სსკ-ის 410-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ მითითებული კანონი არ დარღვეულა.

კასატორი თვლის, რომ სასამართლომ არასწორად განმარტა სკ-ის 403-ე მუხლი და 2000წ. ნოემბრიდან უსაფუძვლოდ დააკისრა 4% სარგებლობის გადახდა, როცა ამ პერიოდში ბანკთაშორის აუქციონზე 1,5% იყო დაფიქსირებული.

პალატა არ იზიარებს კასატორის აღნიშნულ მოსაზრებას, რადგან მითითებული ნორმა ადგენს თანხის გადახდის ვადის გადაცილებისას კანონით განსაზღვრული პროცენტის გადახდის ვალდებულებას, თუკი კრედიტორს, სხვა საფუძვლიდან გამომდინარე, უფრო მეტის მოთხოვნა არ შეუძლია. სხვა საფუძველი კი, განსახილველ შემთხვევაში, სესხის ხელშეკრულებაა, სადაც მხარეები პროცენტზე იყვნენ შეთანხმებული. აქედან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს საპროცენტო განაკვეთი 4% არ უნდა შეემცირებინა, რადგან ვადაგადაცილების შემთხვევაში მოვალე 403-ე მუხლის პირველი ნაწილით ვალდებულია, გადაიხადოს პროცენტი, ე.ი. აანაზღაუროს ის ზიანი, რაც ვადაგადაცილებით მიაყენა კრედიტორს.

აღნიშნულიდან გამომდინარე საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ვადის გადაცილებისათვის დაწესებული პროცენტი ვალდებულების დროული შესრულების პრევენციული ფუნქციის მატარებელია, ანუ მოთხოვნის უზრუნველყოფის ერთ-ერთი საშუალებაა, იგი როგორც პირგასამტეხლო, ზიანის ანაზღაურების საშუალებაა. განსახილველ შემთხვევაში სასამართლომ ამ ზიანის ოდენობა სწორად განსაზღვრა 4%-ის ოდენობით, რადგან თანხის ვადაში დაუბრუნებლობით კრედიტორს ამ ოდენობით (ხელშეკრულებით დადგენილი პროცენტი) მიადგა ზიანი.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ის 410-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

ი. დ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

უცვლელად დარჩეს აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 16 ივლისის განჩნება.

განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

განჩინების ასლები გადაეგზავნოს მხარეებს.