ას-639-913-04 11 ნოემბერი, 2004 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: მ. ახალაძე (თავმჯდომარე),
მ. ცისკაძე,
ქ. გაბელაია
დავის საგანი: შესრულებული სამუშაოს ღირებულების ანაზღაურება.
აღწერილობითი ნაწილი:
კომანდიტური საზოგადოება „თ.-ს“ და ი. ა.-ს შორის 2000წ. სექტემბერში დაიდო ზეპირი ფორმის ნარდობის ხელშეკრულება, რომლის შესაბამისად ი.ა.-ისათვის კომანდიტურ საზოგადოებას უნდა აეშენებინა 75 კვ.მ ფართის მაღაზია ქ. რუსთავში. მენარდემ ნაკისრი ვალდებულება შეასრულა 2000წ. დეკემბერში.
კომანდიტური საზოგადოება „თ.-ის“ დირექტორმა ა.თ.-მ 2002წ. მაისში სარჩელი აღძრა სასამართლოში მოპასუხე ი. ა.-ის მიმართ და მოითხოვა შესრულებული სამუშაოს ღირებულების ნაწილის _ 1100 აშშ დოლარის გადახდა იმ საფუძვლით, რომ მხარეები შეთანხმდნენ, შემკვეთი გადაიხდიდა შესრულებული სამუშაოს ღირებულებას _ 1500 აშშ დოლარს, რომელმაც გადაიხადა მხოლოდ 400 აშშ დოლარი. მოსარჩელემ მოითხოვა, ასევე, მოპასუხისათვის სკ-ის 411-ე მუხლის შესაბამისად 1100 აშშ დოლარის 3%-ის დაკისრება ყოველი ვადაგადაცილებული თვეზე, კერძოდ, 17თვეზე, რაც შეადგენს 550 აშშ დოლარს.
რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2003წ. 18 ნოემბრის გადაწყვეტილებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა კს “თ.-ის“ დირექტორის სარჩელი. მოპასუხე ი.ა.-ს დაეკისრა მოსარჩელის სასარგებლოდ 500 აშშ დოლარის გადახდა. ზიანის ანაზღაურების ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
ი. ა.-ის წარმომადგენელმა გ.ი.-მ სააპელაციო საჩივარი შეიტანა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე.
რუსთავის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი შეიტანა კს „თ.-ის“ კომპლემენტარმა ა.თ.-მ.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 16 აპრილის გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა კს „თ.-ის“ სააპელაციო საჩივარი. ი.ა.-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა. გაუქმდა მოცემულ საქმეზე რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2003წ. 18 ნოემბრის გადაწყტვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება. სარჩელი არ დაკმაყოფილდა. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება დასაბუთებულია იმით, რომ საქმეში არ მოიპოვება იმის მტკიცებულება, თუ რა სახის სამუშაოები უნდა შეესრულებინა მოსარჩელეს და რა თანხა უნდა მიეღო. მოპასუხემ აღიარა, რომ მხარეები შეთანხმდნენ იმის თაობაზე, რომ შემკვეთი მენარდეს გადაუხდიდა შესრულებული სამუშაოებისათვის 800 ლარს, ე.ი. 400 აშშ დოლარს, რაც გადაუხადა მენარდეს და მოსარჩელეც ადასტურებს მისგან _ 400 აშშ დოლარის მიღებას. სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა რუსთავის საქალაქო სასამართლოს მითითება იმის შესახებ, რომ შესრულებული სამუშაოების ღირებულება სავარაუდოდ შეადგენდა 900 აშშ დოლარს, რადგან ვარაუდის მეშვეობით სარჩელის დაკმაყოფილება არ შეიძლება კს „თ.-ის“ წარმომადგენელმა ა.თ.-მ საკასაციო საჩივარი შეიტანა სააპელაციო პალატის გადაწყვეტილებაზე, მოითხოვა მისი გაუქმება და ხელახალი განხილვისათვის საქმის დაბრუნება იმავე პალატისათვის. მისი საკასაციო საჩივარი ეფუძნება შემდეგ მოტივებს: სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების აღწერილობით და სამოტივაციო ნაწილებში არ უმსჯელია კს „თ.-ის“ სააპელაციო საჩივრის თაობაზე. სააპელაციო სასამართლომ მოსარჩელის მიერ წარდგენილ მტკიცებულებად უსაფუძვლოდ არ მიიჩნია ხარჯთაღრიცხვის ანგარიში, ასევე არ გაიზიარა მოწმე ზ.გაბისკირიას ჩვენება, რომლითაც დასტურდება მხარეთა შორის შეთანხმებული თანხა. სასამართლომ უსაფუძვლოდ უთხრა უარი ექსპერტიზის დანიშვნაზე.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატა საქმის მასალების განხილვის, მხარეთა განმარტებების მოსმენის, საკასაციო საჩივრის მოტივების შემოწმების შედეგად თვლის, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი გარემოებების გამო:
როგორც საქმის მასალებით ირკვევა, კომანდიტური საზოგადოება „თ.-ს“ და ი. ა.-ეს შორის 2000წ. სექტემბერში დაიდო ზეპირი ფორმის ნარდობის ხელშეკრულება, რომლის შესაბამისად ი. ა.-ისათვის კომანდიტურ საზოგადოებას უნდა აეშენებინა 75 კვ.მ ფართის მაღაზია ქ. რუსთავში, ცემენტის ქარხნის წინა მიმდებარე ტერიტორიაზე. მხარეები არ ხდიან სადავოდ, რომ ი. ა.-მ მენარდეს გადაუხადა შესრულებული სამუშაოს ღირებულება _ 400 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარებში. საკასაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად ჩათვალა, რომ საქმეში არ მოიპოვება იმის მტკიცებულება, თუ რა თანხაზე შეთანხმდნენ მხარეები. სკ-ის 630-ე მუხლის მეორე ნაწილში მითითებულია, რომ, თუ ანაზღაურების ოდენობა შეთანხმებული არ არის ნარდობის ხელშეკრულებაში, ტარიფის არსებობისას შეთანხმებულად მიიჩნევა სატარიფო განაკვეთი, ხოლო თუ ტარიფები არ არსებობს, მაშინ ჩვეულებრივი ანაზღაურება. სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა შემკვეთის, ი. ა.-ის, განმარტება იმის შესახებ, რომ მას მენარდისათვის უნდა გადაეხადა შესრულებული სამუშაოებისათვის 400 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარებში. მოსარჩელემ კი აღნიშნულის საწინააღმდეგო მტკიცებულების წარდგენა ვერ შეძლო.
სსკ-ის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის მოთხოვნაა, რომ თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. იმავე კოდექსის 407-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, საოლქო სასამართლოს კოლეგიის ან პალატის მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დამატებითი და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია:
საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორს ასეთი დასაბუთებული და დამატებითი საკასაციო პრეტენზია არ წარმოუდგენია.
ყოველივე ზემოაღნიშნული მიუთითებს იმაზე, რომ სააპელაციო სასამართლოს მოცემული დავის გადაწყვეტისას კანონი არ დაურღვევია და საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ის 410-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
კომანდიტური საზოგადოება „თ.-ის“ წარმომადგენლის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
უცვლელი დარჩეს მოცემულ საქმეზე თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 16 აპრილის გადაწყვეტილება.
საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.