Facebook Twitter

ას-640-1290-03 25 თებერვალი, 2004 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე),

რ. ნადირიანი,

თ. კობახიძე

სარჩელის საგანი: საერთო სარგებლობის ფართის საკუთრებაში გადაცემა.

აღწერილობითი ნაწილი:

ბ. ტ-მა სარჩელი აღძრა მ. ქ-ის მიმართ და მოითხოვა:

1. ქ. ბათუმის მერიის ბალანსიდან ....... მდებარე სახლის სარდაფის, ¹11 ოთახის ამორიცხვა და საკუთრების უფლებით მასზე გადაცემა;

2. სარდაფის ¹11 და ¹9 ოთახებს შორის 5 კვ.მ-ის საერთო შესავლელის მის საკუთრებად აღრიცხვა;

3. ლიტერ “ა”-”ა1” ნაგებობის ¹3 საერთო სარგებლობის შესასვლელის გაუქმება და 6.44 კვ.მ-ის მის სახელზე აღრიცხვა.

მოსარჩელე თავის მოთხოვნას ასაბუთებდა იმით, რომ ის და მოპასუხე ცხოვრობენ ქ. ბათუმში, ...... მდებარე საცხოვრებელ სახლში, არიან მეზობლები. აქვთ აღნიშნული სახლმფლობელობის ¹2 და ¹5 ოთახებს შორის საერთო სარგებლობის 6.4 კვ.მ-ის დერეფანი, რომლის ქვემოთ არის მოსარჩელის მფლობელობაში არსებული სარდაფი. აღნიშნული დერეფნის იატაკი არის ხის, საიდანაც მოპასუხის ბრალით სარდაფში ჩადის მტვერი და წყალი, მაშინ, როცა ¹3 შესასვლელის ფუნქციონირება აუცილებლობას არ წარმოადგენს, რადგან მას აქვს ¹8 ოთახიდან საცხოვრებელ ფართში შესასვლელი, ასევე ¹9 ოთახიდან თავის საცხოვრებელში შესასვლელი. სარდაფის ლიტერ ¹”ა”-ს და ¹9 ოთახებს შორის მხარეებს აქვთ საერთო შესასვლელი, რომლის ზემოთაც არის მოსარჩელის საკუთრებაში არსებული ¹5 ოთახი, ე.ი. საერთო შესასვლელი არის მოსარჩელის საკუთრებაში არსებული ოთახის შემადგენელი ნაწილი და სკ-ის 150-ე მუხლის თანახმად მას ეკუთვნის. ამასთან, მოპასუხე მ. ქ-ის სარდაფს შესაძლებელია, შესასვლელი გაუკეთდეს მეორე მხრიდან.

მოპასუხე ქ. ბათუმის მერიის წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო იმ მოტივით, რომ აღნიშნულ საკითხზე მოსარჩელეს 1992წ. 11 აგვისტოს ¹801 დადგენილების მიხედვით პრივატიზება უნდა მოეხდინა შესაბამისი წესით და თუ უარს ეტყოდნენ, მაშინ უნდა ედავა სასამართლოში სასარჩელო წესით, რაც მოსარჩელეს არ გაუკეთებია. აქედან გამომდინარე, მოპასუხემ სარჩელი მიიჩნია უსაფუძვლოდ.

მოპასუხე მ. ქ-ის წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ სადავო დერეფნის ¹9 და ¹11 ოთახების შესასვლელს წლების განმავლობაში ფლობს ორივე მხარე. თუ ეს ფართი მიეკუთვნება მოსარჩელეს, მაშინ, მის მარწმუნებელს აღარ ექნება სარდაფში შესასვლელი, ხოლო ახალი შესასვლელის გაკეთება გარკვეულ ხარჯებთან არის დაკავშირებული. მოპასუხემ ასევე უსაფუძვლოდ მიიჩნია სახლის უკანა ეზოდან შესასვლელის მოთხოვნაც, ვინაიდან მისი განმარტებით, ეს შესასვლელი არის საერთო სარგებლობის ფართი.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2003წ. 26 თებერვლის გადაწყვეტილებით ბ. ტ-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, კერძოდ, მოსარჩელეს საკუთრების უფლებით გადაეცა ქ. ბათუმში, ....... შესახვევის ¹8-ში მდებარე სახლის სარდაფის ¹11 ოთახი (11 კვ.მ). სარდაფებს შორის შესასვლელი 5 კვ.მ და ლიტერ “ა”-”ა1” საერთო სარგებლობის შესასვლელის 3,22 კვ.მ. მასვე დაევალა სარდაფის ¹9 ოთახში შესასვლელი კარების ამოქოლვა. ამასთან, მოსარჩელეს უარი ეთქვა ლიტერ “ა”-”ა1” საერთო სარგებლობის შესასვლელის დარჩენილ 3.22 კვ.მ-ის მიკუთვნებაზე. აღნიშნული ფართი ამორიცხულ იქნა ქ. ბათუმის მერიის ბალანსიდან.

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მ. ქ-მა.

სააპელაციო პალატამ დადგენილად ცნო, რომ მოსარჩელე და მოპასუხე არიან მეზობლები, რომლებსაც გაკეთებული აქვთ თავიანთი ოთახების პრივატიზება.

მოპასუხე საკუთრების უფლებით ფლობს ლირეტ “ა” ¹1,2,21 და მე-4 ოთახებს და ამ ოთახების ქვეშ განლაგებულ ლიტერ “ა” ¹7,8 და 9 ნახევარსარდაფებს, ხოლო მოსარჩელე მ. ტ-ი _ ლიტერ “ა” ¹5 და 6 ოთახებს, ¹11 ნახევარსარდაფ ოთახს. საცხოვრებელი სახლის ქვეშ არსებულ სარდაფებს შორის მდებარე ¹9 და ¹11 ოთახებს შორის არსებულ 5 კვ.მ-ის შესასვლელს და ლიტერ “ა”-”ა1” ნაგებობის ¹3 საერთო სარგებლობის 6.44 კვ.მ-ის შესასვლელს მხარეები ფლობდნენ ჯერ კიდევ თავიანთი ბინების პრივატიზაციამდე და დღესაც ფლობენ საერთო სარგებლობის უფლებით, რომლის საშუალებითაც მხარეები შედიან თავიანთ ოთახებში და სარდაფებში, და იქ შესვლის სხვა საშუალება მათ არ გააჩნიათ.

სააპელაციო პალატამ სკ-ის 211-ე და 115-ე მუხლის საფუძველზე მიიჩნია, რომ სადავო შესასვლელები უნდა დარჩეს ბინების მესაკუთვრეთა საერთო საკუთრებაში და მათი მოსარჩელისათვის საკუთრებაში გადაცემა ¹9 სარდაფის შესასვლელი კარების ამოქოლვა დაუშვებელია. სააპელაციო პალატამ 2003წ. 25 ივლისის გადაწყვეტილებით ნაწილობრივ გააუქმა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2003წ. 26 თებერვლის გადაწყვეტილება. ბ. ტ-ს უარი ეთქვა მხარეთა საკუთრებაში არსებულ ნახევარსარდაფებს შორის არსებულ 5 კვ.მ-ის შესასვლელის საკუთრებაში გადაცემაზე ლიტერ “ა”-”ა1”-ის 6.44 კვ.მ-ის საერთო შესასვლელის გაყოფისა და, შესაბამისად, 3,22 კვ.მ-ის შესასვლელის მოსარჩელის საკუთრებაში გადაცემის, ¹9 ნახევარსარდაფის შესასვლელი კარების ამოქოლვის შესახებ უსაფუძვლობის გამო. დანარჩენ ნაწილში გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.

სააპელაციო პალატის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ბ. ტ-მა, რომელიც მოითხოვს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებას და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებას.

კასატორის მოსაზრებით, სასამართლოს არ უნდა გამოეყენებინა სკ-ის 211-ე მუხლი, რადგან აღნიშნულ ნორმაში მითითებულია შენობის საყრდენ ნაწილებზე, მას კი არ მოუთხოვია მათი მოშლა.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები და თვლის, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სსკ-ის 410-ე მუხლის “ბ” პუნქტის თანახმად, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ საოლქო სასამართლოს კოლეგიის ან პალატის მიერ გამოტანილ გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა.

სკ-ის 208-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მრავალბინიან სახლებში არსებობს საკუთრების უფლება ბინაზე და შენობის იმ ნაწილზე, რომელიც არ გამოიყენება ბინად (არასაცხოვრებელი ფართის საკუთრება). ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, მიწის ნაკვეთი, შენობის ნაწილი და ის ნაგებობა-დანადგარები, რომლებიც არ წარმოადგენს ინდივიდუალურ საკუთრებას, ბინის მესაკუთრეთა საერთო საკუთრებაა.

აღნიშნული ნორმების შესაბამისად, მრავალბინიან სახლში პირი ერთდროულად არის როგორც განსაზღვრული ბინის მესაკუთრე (ინდივიდუალური მესაკუთრე), ისე საერთო საკუთრების მონაწილე (თანამესაკუთრე). მესაკუთრეთა საერთო სარგებლობაში არსებული ფართი არ შეიძლება იყოს ინდივიდუალური საკუთრების საგანი.

მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ სადავო ფართი არის მხარეთა საერთო საკუთრება. საკასაციო პალატა თვლის, რომ მოსარჩელის მოთხოვნას, საერთო საკუთრების ფართის მის ინდივიდუალურ საკუთრებაში გადაცემის შესახებ, სამართლებრივი საფუძველი არ გააჩნია. კასატორის მითითება იმის შესახებ, რომ სასამართლოს არ უნდა გამოეყენებინა სკ-ის 211-ე მუხლი, ვერ იქნება გაზიარებული, რადგან აღნიშნული ნორმის თანახმად, შენობის ნაწილები, ისევე როგორც ბინის მესაკუთრეთა საერთო სარგებლობაში არსებული შენობა-ნაგებობები არ შეიძლება იყოს ინდივიდუალური საკუთრების საგანი. აღნიშნულ ნორმაში მითითებულია, როგორც შენობის ნაწილებზე, ასევე სხვა საერთო სარგებლობის ფართზე, რაც არ შეიძლება იყოს ინდივიდუალური საკუთრების ფართი.

ამდენად, სააპელაციო პალატის გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა და, შესაბამისად, მისი გაუქმების საფუძველი არ არსებობს.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 410-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

ბ. ტ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

უცვლელად დარჩეს ამ საქმეზე აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2003წ. 25 ივლისის გადაწყვეტილება.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.