საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
№413აპ-21 ქ. თბილისი
ა-ი ს-ნ, 413აპ-21 22 ოქტომბერი, 2021 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მერაბ გაბინაშვილი (თავმჯდომარე),
შალვა თადუმაძე, ლევან თევზაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 23 მარტის განაჩენზე მარნეულის რაიონული პროკურატურის პროკურორ მადონა ურუშაძის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, ს. ა-ს ბრალად დაედო: ოჯახში ძალადობა, ე.ი. ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა და დამცირება, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი; ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის მეორე წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
2. აღნიშნული ქმედებები გამოიხატა შემდეგში:
· მ-ის მუნიციპალიტეტის სოფელ ა-ში ბოლო სამი თვის განმავლობაში მ. ა-ი სისტემატური სიტყვიერი შეურაცხყოფითა და დამცირებით ფსიქოლოგიურად ძალადობდა მამაზე – ა. ა-ზე. 2020 წლის 4 მარტს, დაახლოებით 17:30 საათზე, მ-ის მუნიციპალიტეტის სოფელ ა-ში, ა-ების მფლობელობაში არსებული საცხოვრებელი სახლის ეზოში, ალკოჰოლით ნასვამმა ს. ა-მა, ყოველგვარი მიზეზის გარეშე, სიტყვიერი შეურაცხყოფის შემდეგ, მარცხენა ყბისა და ყურის არეში მუშტის ძლიერად დარტყმით ფიზიკურად იძალადა მამაზე – ა. ა-ზე. ს. ა-ის ქმედების შედეგად დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა.
· 2020 წლის 4 მარტს, დაახლოებით 17:30 საათზე, მ-ის მუნიციპალიტეტის სოფელ ა-ში, ა-ების მფლობელობაში არსებული საცხოვრებელი სახლის ეზოში, ალკოჰოლით ნასვამი ს. ა-ი, სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენების შემდეგ, სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა მამას – ა. ა-ს, კერძოდ, უთხრა, რომ გადაწვავდა საცხოვრებელ სახლს დაზარალებულთან ერთად, რა დროსაც ა. ა-ს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
2. ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 2 ოქტომბრის განაჩენით ს. ა-ი, – დაბადებული 19-- წელს, – ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 111,1511-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში; იგი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და მიესაჯა 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით, 2 წლის გამოსაცდელი ვადით. მსჯავრდებულს სასჯელის მოხდაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო – 2020 წლის 8 მარტიდან იმავე წლის 2 ოქტომბრის ჩათვლით.
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 23 მარტის განაჩენით ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 2 ოქტომბრის განაჩენში შევიდა ცვლილება: ს. ა-ი ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 111,1511-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში; იგი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და მიესაჯა 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც, სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, 9 თვე უნდა მოიხადოს პენიტენციურ დაწესებულებაში, ხოლო დარჩენილი 9 თვე – ჩაეთვალა პირობით, 1 წლის გამოსაცდელი ვადით. განაჩენი სხვა ნაწილში დარჩა უცვლელად.
4. აღნიშნული განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა მარნეულის რაიონული პროკურატურის პროკურორმა მადონა ურუშაძემ. კასატორი ითხოვს გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანას, ს. ა-ის დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტითა და 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში და მისთვის მკაცრი, სამართლიანი და კანონიერი სასჯელის განსაზღვრას.
5 საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
6. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.
7. საკასაციო სასამართლო ვერ დაეთანხმება ბრალდების საკასაციო საჩივრის მოსაზრებას იმასთან დაკავშირებით, რომ სააპელაციო სასამართლომ დაადგინა უკანონო განაჩენი. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ წარმოდგენილი სისხლის სამართლის საქმის მასალებში არ მოიპოვება ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა დაადასტურებდა ს. ა-ის მიერ მუქარის ჩადენას. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ქმედების საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლით დაკვალიფიცირებისათვის კუმულატიურად უნდა დადგინდეს, როგორც სიცოცხლის მოსპობის, ჯანმრთელობის დაზიანების ანდა ქონების განადგურების მუქარის, ისე მისი განხორციელების საფუძვლიანი შიშის არსებობის ფაქტები. მუქარის შემადგენლობის ერთ-ერთი მთავარი ელემენტია საფუძვლიანი შიშის გაჩენა, რაც მნიშვნელოვანწილად თავად დაზარალებულის ჩვენებას ეყრდნობა. მოცემულმა პირმა უნდა მიუთითოს, თუ როგორ აღიქვა მუქარის შინაარსი, გაუჩნდა თუ არა მისი აღსრულების საფუძვლიანი შიში. სიცოცხლის მოსპობის, ჯანმრთელობის დაზიანების ანდა ქონების განადგურების მუქარა, ცალკე აღებული, ვერ გამოიწვევს პირის დასჯადობას, აღწერილი უკანონო ქმედებების მიმართ დაზარალებულის სუბიექტური დამოკიდებულების გამჟღავნების გარეშე. ამდენად, საფუძვლიანი შიშის რეალურობის შეფასების დროს მთავარ დასაყრდენს დაზარალებულის ჩვენება წარმოადგენს.
8. მოცემულ საქმეში დაზარალებულმა ა. ა-მა ისარგებლა საქართველოს სსსკ-ის 49-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით მინიჭებული უფლებით და შვილის წინააღმდეგ სასამართლოს არ მისცა ჩვენება. აღნიშნულიდან გამომდინარე, როგორც უკვე აღინიშნა, მუქარის ჩადენის შემთხვევაში დაზარალებულის ჩვენება წარმოადგენს იმგვარ შეუცვლელ მტკიცებულებას, რომლის გარეშეც ფაქტობრივად შეუძლებელია პირის საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლით დამნაშავედ ცნობა (მაგალითისათვის იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებები: №65აპ-20, №515აპ-20, №140აპ-21, №682აპ-21).
9. გარდა ამისა, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმთან დაკავშირებით სასამართლო კვლავაც განმარტავს, რომ მოწმის/დაზარალებულის ჩვენება და საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი, მართალია, ორი სხვადასხვა მტკიცებულებაა, თუმცა ცალსახაა, რომ ორივე შემთხვევაში ინფორმაციის მომწოდებელი წყარო არის ერთი და იგივე პირი. მოცემულ შემთხვევაში საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი შინაარსობრივად არის დაზარალებულის (მოწმის) ჩვენების, მის მიერ გამოკითხვის ოქმში მოწოდებული ინფორმაციის შემოწმება. იმ პირობებში, როდესაც დაზარალებულმა ისარგებლა საპროცესო კანონმდებლობით მინიჭებული პრივილეგიით და ახლო ნათესავის წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე სასამართლოში უარი განაცხადა, მისი მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი ვერ განიხილება, როგორც ისეთი დამოუკიდებელი, პირდაპირი მტკიცებულება, რომელიც საკმარისია გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად. წარმოდგენილ საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებების ერთობლიობა კი ვერ აკმაყოფილებს გამამტყუნებელი განაჩენის დადგენისთვის საჭირო მტკიცებულებით სტანდარტს და არ ადასტურებს ბრალდებულის ბრალეულობას საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით მისთვის შერაცხული ქმედების ჩადენაში გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით.
10. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. საქართველოს სსსკ-ის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დაუშვებელია გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი, ხოლო სსსკ-ის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ, შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.
11. გამომდინარე ზემოაღნიშნულიდან, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო პალატამ საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებები და მტკიცებულებები სწორად შეაფასა, ხოლო კასატორის პრეტენზიებს დასაბუთებულად და სრულყოფილად უპასუხა. განსახილველ შემთხვევაში ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით ბრალდების ნაწილში ეჭვი სწორად გადაწყვიტეს ბრალდებულის სასარგებლოდ.
12. რაც შეეხება სასჯელს, საკასაციო პალატის შეფასებით, სააპელაციო სასამართლომ მსჯავრდებულ ს. ა-ს, მისი პიროვნული მახასიათებლების, ასევე – პასუხისმგებლობის დამამძიმებელი და შემამსუბუქებელი გარემოებების (გააცნობიერა, აღიარა და მოინანია დანაშაული, მტკიცებულებათა ნაწილი უდავოდ ცნო, ჩაიდინა ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაული, ჰყავს ორი მცირეწლოვანი შვილი) გათვალისწინებით, განუსაზღვრა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილის სანქციით გათვალისწინებული სასჯელის ყველაზე მძიმე სახე – თავისუფლების აღკვეთა (რომლის ნაწილი ჩაეთვალა პირობით), რომელიც შეესაბამება საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილითა და 39-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დადგენილ სასჯელის დანიშვნის ზოგადსავალდებულო მოთხოვნებსა და სასჯელის მიზნებს, რის გამოც მისი დამძიმების საფუძველი პალატას არ გააჩნია.
13. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული არცერთი გარემოება, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
14. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო სასამართლომ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მარნეულის რაიონული პროკურატურის პროკურორ მადონა ურუშაძის საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნეს ცნობილი;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე მ. გაბინაშვილი
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
ლ. თევზაძე