საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №474აპ-21 ქ. თბილისი
ა-ი ა-ლ, 474აპ-21 29 ოქტომბერი, 2021 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მერაბ გაბინაშვილი (თავმჯდომარე),
შალვა თადუმაძე, მამუკა ვასაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 14 აპრილის განაჩენზე მსჯავრდებულ ა. ა-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ნ. კ-ას საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 29 დეკემბრის განაჩენით ა. ა-ი, – დაბადებული 19-- წელს, – ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და განესაზღვრა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 150 საათით.
2. აღნიშნული განაჩენი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 14 აპრილის განაჩენით დარჩა უცვლელად.
3. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ა. ა-მა ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სისტემატური შეურაცხყოფა, რამაც გამოიწვია ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი.
4. აღნიშნული ქმედებები გამოიხატა შემდეგში:
· 2012 წლიდან 2018 წლის სექტემბრის ჩათვლით ა. ა-ი ყოფილ მეუღლეს – შ. ს-ეს სისტემატურად აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას, რის შედეგადაც დაზარალებული განიცდიდა ტანჯვას.
5. მსჯავრდებულ ა. ა-ის ინტერესების დამცველი, ადვოკატი ნ. კ-ა საკასაციო საჩივრით ითხოვს ა. ა-ის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმებასა და გამამართლებელი განაჩენის დადგენას.
6. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული საფუძვლები, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
7. სასამართლო ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის საკასაციო საჩივრის მოსაზრებას, რომ ა. ა-ი უდანაშაულოა. საქმეში არსებული, ურთიერთშეჯერებული მტკიცებულებები (დაზარალებულისა და მოწმეების ჩვენებები, სასამართლო-ფსიქოლოგიური ექსპერტიზის 2018 წლის 29 ოქტომბრის №-- დასკვნა, შ. ს-ის წარმომადგენლის – ლ. ჭ-ის 2018 წლის 19 სექტემბრის საჩივარი) ქმნის საკმარის ერთობლიობას ა. ა-ის საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მსჯავრდებისათვის. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას. კასატორის მიერ საჩივარში მითითებული გარემოებები ვერ გახდება მსჯავრდებულის ინტერესების დამცველის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველი.
8. ზედა ინსტანციის სასამართლოებს შეუძლიათ, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ., Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001; Gorou v. Greece (No. 2) no.12686/03, §37, §41, ECtHR,20/03/2009). თუ „საკასაციო სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, ძალიან მწირი დასაბუთებაც საკმარისია კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნების დაკმაყოფილებისთვის“ (Kuparadze v Georgia, no. 30743/09, §76, ECtHR, 21/09/2017; იხ. ასევე, Tchaghiashvili v Georgia, no. 19312/07, §34, ECtHR, 02/09/2014; Marini v. Albania, no. 3738/02, §106, ECtHR, 18/12/2007; Jaczkó v. Hungary, ECtHR no. 40109/03, § 29, 18/07/2006).
9. ვინაიდან საქმის მასალათა შესწავლის შედეგად არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძველი, საკასაციო სასამართლომ საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მსჯავრდებულ ა. ა-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ნ. კ-ას საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად;
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. გაბინაშვილი
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
მ. ვასაძე