საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
№371აპ-21 ქ. თბილისი
ბ-ი მ-დ, 371აპ-21 19 ოქტომბერი, 2021 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მერაბ გაბინაშვილი (თავმჯდომარე),
შალვა თადუმაძე, ლევან თევზაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 18 მარტის განაჩენზე მსჯავრდებულ მ. ბ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ გ. ჯ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 18 ნოემბრის განაჩენით მ. ბ-ი, – დაბადებული 19-- წელს, ნასამართლევი, – ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით – 4 წლით, ხოლო ამავე მუხლის მე-4 ნაწილით – 5 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი და დანაშაულთა ერთობლიობით განესაზღვრა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, რამაც სსკ-ის 59-ე მუხლის საფუძველზე ასევე შთანთქა წინა – თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 26 დეკემბრის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი – 2 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო ნაწილობრივ დაემატა დამატებითი სასჯელის სახით დაკისრებული ჯარიმის მოუხდელი ნაწილიდან ჯარიმა – 500 ლარი და მ. ბ-ს განაჩენთა ერთობლიობით, საბოლოოდ მიესაჯა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, მასვე დამატებითი სასჯელის სახით დაეკისრა ჯარიმა – 500 ლარი. მსჯავრდებულს სასჯელის მოხდა დაეწყო 2020 წლის 8 ივლისიდან.
2. აღნიშნული განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 18 მარტის განაჩენით დარჩა უცვლელად.
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ მ. ბ-მა ჩაიდინა ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა და ტარება, რაც გამოიხატა შემდეგში:
· მ. ბ-ი 2020 წლის 8 ივლისს, ღამის საათებში, ქ. თ-ში, კ-ის ქ. №-ის მიმდებარე ტერიტორიაზე, მართლსაწინააღმდეგოდ ატარებდა თავის მიერვე მართლსაწინააღმდეგოდ შეძენილ და შენახულ, 9მმ ნომინალურ კალიბრიან, „Альбiон Перемога-ს“ მოდელის, NКi 14107, სროლისათვის ვარგის და ცეცხლსასროლ იარაღთა კატეგორიას მიკუთვნებულ ტრავმატულ პისტოლეტს.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა დაცვის მხარემ. ადვოკატი გ. ჯ-ი საკასაციო საჩივრით ითხოვს მსჯავრდებულ მ. ბ-ისათვის დანიშნული სასჯელის შემცირებას საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის გამოყენებით.
5. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ ის არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
6. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.
7. მოცემულ შემთხვევაში დაცვის მხარე ასაჩივრებს მსჯავრდებულისათვის შეფარდებული სასჯელის ზომას. პალატა აღნიშნავს, რომ სასამართლოს მიერ შეფარდებულმა პროპორციულმა სასჯელმა საზოგადოებას სამართლიანობის განცდა უნდა გაუჩინოს. ამასთან, სასჯელი მიზნად უნდა ისახავდეს დამნაშავის რაციონალურ, მიზანშეწონილ დასჯას. საკასაციო პალატის აზრით, სააპელაციო სასამართლომ სრულად შეაფასა სასჯელის დანიშვნის როგორც ზოგადსავალდებულო გარემოებები, ისე – საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლში მითითებული სასჯელის მიზნების მიღწევის შესაძლებლობანი, პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი (დანაშაულის აღიარება და მონანიება, გამოძიებასთან თანამშრომლობა, სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულების განხორციელებისათვის ხელშეწყობა) და დამამძიმებელი გარემოებები, პირის ინდივიდუალური მახასიათებლები და საქართველოს სსკ-ის 58-ე მუხლის 1-ლი ნაწილის დანაწესის მხედველობაში მიღებით, მსჯავრდებულ მ. ბ-ს განუსაზღვრა საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით გათვალისწინებული სამართლიანი და ქმედების ადეკვატური სასჯელები.
8. სასამართლო არ იზიარებს დაცვის მხარის საკასაციო საჩივრის მოთხოვნას მსჯავრდებულისთვის შეფარდებული სასჯელის საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის გამოყენებით შემსუბუქების თაობაზე, შემდეგ გარემოებათა გამო: საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად: „ვადიანი თავისუფლების აღკვეთის დანიშვნისას სასამართლო უფლებამოსილია, განაჩენით დაადგინოს სასჯელის ნაწილის მოხდა, ხოლო დანარჩენი ნაწილის პირობით მსჯავრად ჩათვლა, თუ ბრალდებული (მსჯავრდებული) აღიარებს დანაშაულს (თუ პირს არ წაასწრეს დანაშაულის ჩადენისას ან ჩადენისთანავე), ასახელებს დანაშაულის ჩადენაში თანამონაწილეებს და თანამშრომლობს გამოძიებასთან“.
9. ცეცხლსასროლი იარაღის შენახვა და ტარება დენადი დანაშაულია, რომელიც იწყება მოქმედებით ან უმოქმედობით და შემდეგ უწყვეტად ხორციელდება. ეს დანაშაული დამთავრებულია ქმედების შეწყვეტის მომენტიდან. მ. ბ-ი პოლიციის თანამშრომლებმა დააკავეს ცეცხლსასროლი იარაღის ტარებისას (დანაშაულის ჩადენისას), შესაბამისად, სასამართლო მოკლებულია საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის გამოყენების სამართლებრივ შესაძლებლობას. ამასთან, საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის გამოყენება, მასში გათვალისწინებული საფუძვლების არსებობის დროსაც კი, წარმოადგენს სასამართლოს უფლებამოსილებას და არა – ვალდებულებას.
10. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული არცერთი გარემოება, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
11. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მსჯავრდებულ მ. ბ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ გ. ჯ-ის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად;
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. გაბინაშვილი
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
ლ. თევზაძე