ას-644-1293-03 20 თებერვალი, 2004 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე),
რ. ნადირიანი,
თ. კობახიძე
სარჩელის საგანი: მატერიალური და მორალური ზიანის ანაზღაურება.
აღწერილობითი ნაწილი:
ს. ჩ-ემ სარჩელი აღძრა ვ. და მ. მ-ეების წინააღმდეგ და მოითხოვა მეტერიალური ზიანის – 21039 აშშ დოლარისა და მორალური ზიანის – 13961 აშშ დოლარის ანაზღაურება. სარჩელის საფუძვლად მიუთითა შემდეგ გარემოებებზე: ქ. ბათუმში, ..... მისი საცხოვრებელი სახლის გვერდით 1998 წელს მოპასუხეებმა შეიძინეს 400 კვ.მ მიწის ნაკვეთი და მასთან ზეპირი შეთანხმებით დაიწყეს სახლის მშენებლობა შესაბამისი პროექტით. მოპასუხეებმა არ დაიცვეს პროექტით გათვალისწინებული პარამეტრები, კერძოდ, სათანადოდ არ გაამაგრეს სახლის საძირკველი, პირდაპირ ეზოს საზღვარზე ააშენეს პროექტით გათვალისწინებული ერთი სართულით მაღალი შენობა, რამაც უარყოფითად იმოქმედა მისი საცხოვრებელი სახლის საძირკველზე. კედლები დაიბზარა, რაც სწრაფად გაიზარდა და სახლმა დაიწყო რღვევა, იგი საცხოვრებლად უვარგისი შეიქმნა.
მოსარჩელემ მიუთითა, რომ მოპასუხეთა ბრალით, მისი საცხოვრებელი სახლის დაზიანების გამო, რომელიც რამოდენიმე წელია გრძელდება, ნერვულობის ნიადაგზე შეერყა ჯანმრთელობა, მუდმივად იმყოფება შიშისა და სტრესის ქვეშ.
მოპასუხეებმა სარჩელი არ ცნეს და განმარტეს, რომ, ჯერ ერთი, მ. მ-ე არ არის სათანადო მხარე, რადგან სახლი ვ. მ-ის საკუთრებაა, მეორე, მშენებლობა მოსარჩელესთან შეთანხმების საფუძველზე აწარმოა. მოპასუხემ არ უარყო, რომ მოსარჩელის სახლი ინგრევა, მაგრამ არა მხოლოდ მის მიერ წარმოებული მშენებლობის გამო, არამედ იმიტომ, რომ იგი მშენებლობის დაწყებამდე უკვე ამორტიზებული იყო.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2002წ. 12 აპრილის გადაწყვეტილებით მ. მ-ე, როგორც არასათანადო მოპასუხე, ამოირიცხა თანამოპასუხეთა რიგიდან. ს. ჩ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ: მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 20000 ლარი მატერიალური ზიანის ასანაზღაურებლად, ხოლო მორალური ზიანისათვის მოპასუხეს დაეკისრა 2000 ლარის გადახდა. მოპასუხეს ასევე დაეკისრა სახელმწიფო ბაჟი – 550 ლარი ბიუჯეტის სასარგებლოდ.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ვ. მ-ემ, როგორც მატერიალური, ისე მორალური ზიანის ანაზღაურების ნაწილში. გადაწყვეტილება გაასაჩივრა ს. ჩ-ემაც, რომელმაც მოითხოვა მატერიალური და მორალური ზიანისათვის 35000 აშშ დოლარის ანაზღაურება.
სააპელაციო პალატამ დადგენილად ცნო შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
ს. ჩ-ის საცხოვრებელი სახლი მდებარეობს ..... ქ. ბათუმში. იგი სართულნახევარი სახლის ტიპისაა. 1998 წელს ვ. მ-ემ ს. ჩ-ის სახლთან ახლოს შეიძინა 400 კვ.მ მიწის ნაკვეთი, რომელზეც მხარეთა შეთანხმებით ვ. მ-ემ დაიწყო სახლის მშენებლობა. ქალაქის მერიის 1999წ. 27 მაისის ¹210 გადაწყვეტილებით ვ. მ-ეს ნება დაერთო მშენებლობაზე, შედგენილ იქნა შესაბამისი პროექტი. სახლის მშენებლობის პროცესში თავი იჩინა უარყოფითმა შედეგებმა, რაც გამოიხატა იმაში, რომ მოსარჩელის სახლის კედლები დაიბზარა და გაიზარდა. ვ. მ-ემ გადაუხვია პროექტით გათვალისწინებულ მშენებლობის გეგმას და ააშენა ერთი სართულით მეტი, ვიდრე გათვალისწინებული იყო პროექტით. აღნიშნულმა არსებითი ზეგავლენა მოახდინა მოსარჩელის სახლის ჯდენაზე, გამოიწვია სახლის დაზიანება და გამოუსადეგარი გახდა. სააპელაციო პალატამ გაიზიარა ექსპერტიზისა და სპეციალურ გამოკვლეთა ცენტრის საინჟინრო-ტექნიკური ექსპერტიზის დასკვნა იმის შესახებ, რომ მოპასუხის სახლის უარყოფითი გავლენა მოსარჩელის სახლზე გრძელდება, მომავალშიც შეიძლება გაგრძელდეს. მოპასუხემ სახლის მშენებლობისას ქვიშა-ხრეშოვანი ბალიშისა და რკინა-ბეტონის ფილების მოწყობისას დაარღვია გათვალისწინებული წესები, რის გამოც სამშენებლო მოედანზე ჩამოყალიბებული სუსტი გრუნტების გამო მოხდა მოსარჩელის სახლის არასათანადო ჯდენა. აქედან გამომდინარე, პალატამ მიიჩნია, რომ მოსარჩელის სახლის რეკონსტრუქცია ისე, რომ იგი საცხოვრებლად უსაფრთხო და ვარგისი იყოს, შეუძლებელია, რადგან ს. ჩ-ის სახლის ჯდენის პროცესი გრძელდება.
სასამართლომ არ გაიზიარა საქმეში წარმოდგენილი შპს “კ-ის” ექსპერტიზის დასკვნა, რომლის თანახმად, სახლის აღდგენა შესაძლებელია, რადგან ამავე ექსპერტიზაში გატარებულია აზრი იმის შესახებ, რომ შესაძლებელია სახლზე მავნე ზემოქმედება გაგრძელდეს, ამასთან სასამართლომ აღნიშნული ექსპერტიზის დასკვნა ჩათვალა ტენდენციურად იმ საფუძვლით, რომ იგი ჩატარებულია იმ პირის მიერ, ვინც მოპასუხეს დართო ნება მშენებლობაზე.
მოპასუხის მოსაზრება იმის შესახებ, რომ მოსარჩელის სახლი თავიდანვე ამორტიზებული იყო და აშენებული იყო სამშენებლო ნორმების დაუცველად. სასამართლომ არ გაიზიარა, რადგან მოპასუხემ ვერ წარმოადგინა რაიმე მტკიცებულება, რაც სსკ-ის 102-103-ე მუხლებით მას ევალებოდა.
სააპელაციო პალატამ ხარჯთაღრიცხვის მიხედვით მიიჩნია, რომ სახლის ღირებულება შეადგენს 42 781 ლარს.
მოსარჩელის მოთხოვნა მორალური ზიანის ანაზღაურების ნაწილში სააპელაციო პალატამ დაუსაბუთებლად მიიჩნია, ვინაიდან არ არსებობდა მიზეზ-შედეგობრივი კავშირი მოპასუხის ქმედებასა და მოსარჩელის ჯანმრთელობის გაუარესებას შორის.
დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე სასამართლომ გამოიყენა სკ-ის 409-ე, 413-ე, 1000-ე მუხლის მეორე ნაწილი და 2003წ. 23 ივლისის გადაწყვეტილებით გააუქმა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2002წ. 12 აპრილის გადაწყვეტილება – მოპასუხე ვ. მ-ეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 42781 ლარის გადახდა, ხოლო მორალური ზიანის ანაზღაურებაზე მოსარჩელეს ეთქვა უარი.
სააპელაციო პალატამ 2003წ. 30 ივლისის დამატებითი გადაწყვეტილებით ვ. მ-ეს დააკისრა სახელმწიფო ბაჟის – 1263 ლარის გადახდა. დამატებითი გადაწყვეტილების სამართლებრივ საფუძვლად სასამართლომ გამოიყენა სსკ-ის 39-ე, 55-ე და 261-ე მუხლები.
სააპელაციო პალატის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ორივე მხარემ.
ს. ჩ-ე მოითხოვს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებას მატერიალური ზიანის ანაზღაურების ნაწილში. კასატორის მოსაზრებით, სასამართლო დაეყრდნო რა მხოლოდ ხარჯთაღრიხცივის მონაცემებს, არასწორად შეაფასა მისი სახლის ღირებულება. სასამართლომ გაითვალისწინა სახლის აშენების მხოლოდ ოფიციალური შეფასება და არ გაითვალისწინა, სახლის დანგრევისა და იმავე ადგილზე ახალი სახლის აშენებისათვის გასათვალისწინებელი თანხა, საქმეში წარმოდგენილი გაზეთებიდან და ოფიციალური დოკუმენტებიდან ამონაწერი ამ ტერიტორიაზე სახლების შეფასების შესახებ. კასატორი მოითხოვს ახალი გადაწყვეტილებით მოპასუხისათვის 30000 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის დაკისრებას.
ვ. მ-ე მოითხოვს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებასა და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას.
კასატორის მოსაზრებით, სასამართლომ არასრულყოფილად გამოიკვლია საქმის ფაქტობრივი გარემოებები, არასწორად შეაფასა წარმოდგენილი მტკიცებულებები, არსებულ ურთიერთობას ვერ მისცა სათანადო კვალიფიკაცია და შესაბამისად მიიღო დაუსაბუთებელი გადაწყვეტილება.
კასატორის მოსაზრებით, სასამართლოს არ უნდა გამოეყენებინა სკ-ის 1000-ე მუხლი. სასამართლომ მტუიცებულებათა შეფასების საკითხში დაარღვია სსკ-ის 105-ე მუხლის მოთხოვნა. ასევე დაარღვია ამავე კოდექსის 381-ე მუხლის მოთხოვნა, როცა არ გაითვალისწინა მოსარჩელის მიერ სააპელაციო ინსტანციაში მოთხოვნის გაზრდა მატერიალური ზიანის მოთხოვნის ნაწილში.
კასატორი ასევე მოითხოვს ამავე საქმეზე სასამართლო ხარჯების დაკისრების შესახებ დამატებითი გადაწყვეტილების გაუქმებას შემდეგი საფუძვლით – სასამართლომ სუბიექტურად გამოიტანა გადაწყვეტილება, როცა მხოლოდ მას დააკისრა სახელმწიფო ბაჟი, ხოლო მოსარჩელეს სარჩელის დაუკმაყოფილებელ ნაწილში კი არ დააკისრა.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, მოისმინა მხარეთა განმარტებები და თვლის, რომ მხარეების საკასაციო საჩივრები არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო პალატა არ იზიარებს კასატორ ს. ჩ-ის მოსაზრებას იმის შესახებ, რომ სასამართლომ არასწორად შეაფასა მისი სახლის ღირებულება. სსკ-ის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. მოცემულ საქმეზე ს. ჩ-ის საცხოვრებელი სახლი წარმოდგენილი ხარჯთაღრიცხვით, შეფასებულია 42 781 ლარად. სხვა მტკიცებულება მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი არ ყოფილა. ამასთან, აღსანიშნავია, რომ მოსარჩელე პირველი ინსტანციის სასამართლოში სწორედ აღნიშნული თანხის ეკვივალენტს – 21039 აშშ დოლარს მოითხოვდა. რაც შეეხება კასატორის მიერ მითითებულ მტკიცებულებებს, კერძოდ, გაზეთებიდან და სხვა ოფიციალურ დოკუმენტებიდან ამონაწერებს სადავო ტერიტორიაზე არსებული სახლების შეფასების შესახებ, ვერ იქნება გაზიარებული, რადგან აღნიშნულ მტკიცებულებებში სახლები მიწის ნაკვეთებთან ერთად არის შეფასებული. მოცემულ საქმეზე კი მიწის ნაკვეთი რჩება მოსარჩელის საკუთრებაში.
საკასაციო პალატა ასევე არ იზიარებს კასატორ ვ. მ-ის მოსაზრებას იმასთან დაკავშირებით, რომ სააპელაციო პალატამ არასრულყოფილად გამოიკვლია საქმის ფაქტობრივი გარემოებები და არასწორი შეფასება მისცა წარმოდგენილ მტკიცებულებებს. მოცემულ საქმეზე დადგენილად არის ცნობილი, რომ ს. ჩ-ის სახლი დაზიანდა ვ. მ-ის მიერ მშენებლობის პროცესში დაშვებული დარღვევებით. ჩ. ჩ-ის სახლის რეკონსტრუქცია, ისე რომ იგი საცხოვრებლად ვარგისი და უსაფრთხო გახდეს, შეუძლებელია. აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებები, სსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, სავალდებულოა სასამართლოსათვის, ვინაიდან კასატორის მიერ არ არის წამოყენებული დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია.
კასატორი ვერ მიუთითებს ისეთი გარემოებასა და მტკიცებულებაზე, რომელიც არ განხილულა სააპელაციო პალატის მიერ და რომელიც გამორიცხავდა დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს. რაც შეეხება ბ. კ-ის მიერ ჩატარებულ ექსპერტიზას, საკასაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო პალატამ მართებულად არ გაიზიარა აღნიშნული ექსპერტიზის დასკვნაში მითითებული გარემოება სადავო სახლის აღდგენის შესაძლებლობაზე, რადგან დაკითხვისას ექსპერტმა არ უარყო ის გარემოება, რომ შესაძლებელია სადავო სახლზე გაგრძელდეს მავნე ზემოქმედება.
საკასაციო პალატა იზიარებს კასატორ ვ. მ-ის მოსაზრებას იმის შესახებ, რომ სასამართლოს არ უნდა გამოეყენებინა სკ-ის მე-1000 მუხლი, მაგრამ აღნიშნული ვერ გახდება გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი, რადგან სასამართლომ აღნიშნული ნორმის გარდა გამოიყენა ასევე სკ-ის 409-ე მუხლი, რომლის თანახმად, თუ ზიანის ანაზღაურება პირვანდელი მდგომარეობის აღდგენით შეუძლებელია ან ამისათვის საჭიროა არათანაზომიერად დიდი დანახარჯები, მაშინ კრედიტორს შეიძლება მიეცეს ფულადი ანაზღაურება. მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ ს. ჩ-ის სახლის რეკონსტრუქცია, ისე, რომ იგი საცხოვრებლად უსაფრთხო და ვარგისი იყოს შეუძლებელია, რადგან სახლის ჯდენის პროცესი გრძელდება. ვ. მ-ის სახლის უარყოფითი გავლენა ს. ჩ-ის სახლზე გრძელდება, რაც მომავალშიც არ არის გამორიცხული. აღნიშნულის გამო, სააპელაციო პალატამ მართებულად მიიჩნია, რომ მოსარჩელეს უნდა მიეცეს ფულადი ანაზღაურება.
სკ-ის 992-ე მუხლის თანახმად, პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი.
პირს ზიანის ანაზღაურება დაეკისრება, თუ არსებობს ზიანის მიყენებისათვის პასუხისმგებლობის დაკისრების პირობები, კერძოდ, თუ სახეზეა ზიანი, რაც მიყენებულია მართლსაწინააღმდეგო მოქმედებით, მართლსაწინააღმდეგო მოქმედებასა და ზიანს შორის არსებობს მიზეზობრივი კავშირი და ზიანის მიმყენებელს მიუძღვის ბრალი.
მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ ვ. მ-ემ სახლის მშენებლობისას ქვიშა-ხრეშოვანი ბალიშისა და რკინა-ბეტონის ფილების მოწყობისას დაარღვია გათვალისწინებული წესები, ასევე ვ. მ-ემ გადაუხვია პროექტით გათვალისწინებულ მშენებლობის გეგმას, ააშენა ერთი სართულით მეტი, ვიდრე გათვალისწინებული იყო პროექტით, რამაც ზეგავლენა მოახდინა მოსარჩელის სახლის ჯდენაზე, დააზიანა და საცხოვრებლად გამოუსადეგარი გახადა. ამდენად, სახეზეა ზიანი, მოპასუხის ბრალი და მიზეზობრივი კავშირი მოპასუხის სახლის მშენებლობის დროს დარღვეულ წესებსა და მოსარჩელის სახლის დაზიანებას შორის, ე.ი. არსებობს ზიანის მიყენებისათვის პასუხისმგებლობის დაკისრების პირობები, რის გამოც მოპასუხე ვალდებულია, აუნაზღაუროს მოსარჩელეს მიყენებული ზიანი.
საკასაციო პალატა თვლის, რომ ასევე არ არსებობს დამატებითი გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი, ვინაიდან მოსარჩელე გათავისუფლებული იყო სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან, სასამართლომ სსკ-ის 55-ე მუხლის საფუძველზე სახელმწიფო ბაჟის გადახდა მართებულად დააკისრა მოპასუხეს.
ამდენად, სააპელაციო პალატის მიერ გამოტანილ გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა და, შესაბამისად, მისი გაუქმების საფუძველი არ არსებობს.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ის 410-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ვ. მ-ისა და ს. ჩ-ის საკასაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდეს.
უცვლელად დარჩეს ამ საქმეზე აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2003წ. 23 ივლისის გადაწყვეტილება და ამავე პალატის 2003წ. 30 ივლისის დამატებითი გადაწყვეტილება.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.