ას-646-1299-03 12 თებერვალი, 2004 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: მ. ახალაძე (თავმჯდომარე),
ქ. გაბელაია,
თ. კობახიძე
დავის საგანი: საცხოვრებელი სადგომის გაუმჯობესებისა და სარეკონსტრუქციო სამუშაოებზე გაწეული ხარჯების ანაზღაურება.
აღწერილობითი ნაწილი:
მ. კ-ამ სარჩელით მიმართა დიდუბე-ჩუღურეთის რაიონულ სასამართლოს მოპასუხე ლ. ც-ის მიმართ და აღნიშნა, რომ მოპასუხეს გაყიდული ჰქონდა პირადი საკუთრების საცხოვრებელი ბინა და სურდა ახლის შეძენა, რომელსაც გადაუფორმებდა მოსარჩელეს, იმ პირობით, რომ იცხოვრებდნენ ერთად, ვინაიდან იგი მარტოხელა იყო.
შესაფერისი ბინის მოძებნის შემდეგ ლ. ც-მა დაარღვია თავისი პირობა და 1999წ. 23 აგვისტოს საცხოვრებელი ბინის ნასყიდობის ხელშეკრულებით თბილისში, ..... მდებარე ბინა შეიძინა და აღირიცხა საჯარო რეესტრში თავის სახელზე. ზემოაღნიშნული ბინა საცხოვრებლად უვარგისი იყო და საჭიროებდა რემონტს, რაც მოსარჩელის ოჯახის წევრებმა მიერ მოპასუხესთან შეთანხმებით შეასრულეს.
გარკვეული პერიოდის შემდეგ, მხარეთა შორის ურთიერთობა გამწვავდა და მათი ერთად ცხოვრება შეუძლებელი გახდა, რის გამოც ლ. ც-მა მოსარჩელეებს მოსთხოვა სადავო ბინის გამოთავისუფლება. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელე მოითხოვს მოპასუხისაგან მის მიერ გაწეული ხარჯების 4150 აშშ დოლარის გადახდას.
თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2002წ. 12 ნოემბრის გადაწყვეტილებით მ. კ-ას სარჩელი ლ. ც-ის მიმართ თანხის დაკისრების თაობაზე ნაწილობრივ დაკმაყოფილდა.
ლ. ც-ს მ. კ-ას სასარგებლოდ დაეკისრა 1000 აშშ დოლარის გადახდა.
უარი ეთქვა მ. კ-ას ლ. ც-ისათვის 3150 აშშ დოლარის დაკისრების თაობაზე.
მ. კ-ამ რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 15 აგვისტოს გადაწყვეტილებით მ. კ-ას სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. გაუქმდა დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2002წ. 12 ნოემბრის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება.
ნაწილობრივ დაკმაყოფილდა მ. კ-ას სარჩელი და ლ. ც-ს მ. კ-ას სასარგებლოდ დაეკისრა 4913 ლარის გადახდა.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო საჩივრით გაასაჩივრეს ორივე მხარემ.
ლ. ც-მა მოითხოვა სააპელაციო პალატის გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა, ხოლო მ. კ-ამ ახალი გადაწყვეტილებით მოპასუხეზე 8455 ლარის დაკისრება.
საკასაციო სასამართლოში საქმის განხილვისას კასატორებმა წარმოადგინეს მორიგების აქტი.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატა გაეცნო კასატორთა მიერ წარმოდგენილ მორიგების აქტს, დარწმუნდა მხარეთა მორიგების აქტის ნამდვილობაში და მიაჩნია, რომ იგი კანონშესაბამისია და უნდა დამტკიცდეს შემდეგი პირობებით:
ლ. ც-ი თანახმაა 2004წ. 22 ივლისამდე მ. კ-ას ერთიანად გადაუხადოს 2500 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარი. ვალდებულების შესრულების შემთხვევაში მხარეებს ერთმანეთისადმი რაიმე სხვა პრეტენზია არ ექნებათ.
საკასაციო პალატას შესაძლებლად მიაჩნია მხარეთა შორის მორიგების დამტკიცება, რადგან არ ირღვევა კანონით დაცული ვისიმე ინტერესები.
სსკ-ის 272-ე მუხლის “დ” პუნქტის შესაბამისად სასამართლო შეწყვეტს საქმის წარმოებას თუ მხარეები მორიგდნენ.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ის 272-ე მუხლის “დ” პუნქტით, 284-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
დამტკიცდეს მხარეთა შორის მორიგების აქტი შემდეგი პირობებით: ლ. ც-ს მ. კ-ას სასარგებლოდ დაეკისროს 2500 ამერიკული დოლარის ეკვივალენტი ლარებში გადახდა 2004წ. 22 ივლისამდე.
თანხის გადახდა მოხდეს ერთიანად.
ვალდებულების შესრულების შემთხვევაში მხარეებს ერთმანეთისადმი რაიმე სხვა პრეტენზია არ ექნებათ.
საქმის წარმოება შეწყდეს და გაუქმდეს ამ საქმეზე მიღებული ყველა სასამართლო გადაწყვეტილება.
განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.