Facebook Twitter

ას-648-1297-03 4 თებერვალი, 2004 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე),

ლ. გოჩელაშვილი,

მ. წიქვაძე

დავის საგანი: ფულადი ვალდებულების შესრულება.

აღწერილობითი ნაწილი:

ნ. ც-ემ ა. ჩ-ის წინააღმდეგ განცხადებით მიმართა სასამართლოს და გადახდის ბრძანების გაცემით მოითხოვა 1800 ლარის ანაზღაურება შემდეგ გარემოებათა გამო: 2000წ. აგვისტოში მან ა.ჩ-ს ასესხა 1800 ლარი, რომელიც მოვალეს 2000წ. ოქტომბერში უნდა დაებრუნებინა. ა.ჩ-მა თანხა დათქმულ დროში არ დააბრუნა.

ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს 2003წ. 14 მარტის გადახდის ბრძანებაზე ა. ჩ-მა პროტესტი შეიტანა, სადაც მიუთითა, რომ მას არავითარი ფულადი ვალდებულება არ გააჩნია ნ.ც-ის მიმართ. იგი თავისი ბიოველითა და მასაჟით მკურნალობდა ნ.ც-ის შვილს, რომელიც სკოლიოზითაა დაავადებული და აქვს კუზი. თითოეულ სეანსში უხდიდნენ 5 ლარს. მკურნალობისათვის მან დაახლოებით 700-800 ლარი მიიღო ნ.ც-ისგან. იმის გამო, რომ ხერხემლის გამრუდება (კუზი) ვერ გაუსწორა ავადმყოფს, ნ.ც-ემ იძულებითა და მუქარით დააწერინა ხელწერილი 1800 ლარის დაბრუნების შესახებ. აღნიშნულ ფაქტზე მან მიმართა ქალაქის პოლიციის სამმართველოს.

თბილისის ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს 2003წ. 11 აპრილის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა _ სასამართლომ დაადგინა, რომ მოპასუხე სამკურნალო მასაჟით მკურნალობდა მოსარჩელის შვილს. ყოველდღიური სეანსის ჩატარებისას მოპასუხე იღებდა გასამრჯელოს, მკურნალობა რამდენიმე თვის მანძილზე გაგრძელდა, თუმცა შედეგი არ მოჰყოლია, ამიტომ მოსარჩელემ მოპასუხეს მოსთხოვა მიღებული თანხის დაბრუნება, რაზედაც მოპასუხემ ხელწერილით აღიარა ვალი და ვალდებულება იკისრა, 2000წ. ოქტომბრამდე ნ.ც-ეს დაუბრუნდებდა 1800 ლარს.

სასამართლომ გადაწყვეტილების სამართლებრივ საფუძვლად მიუთითა სკ-ის 341-ე მუხლზე.

აღნიშნული გადაწყვეტილება მოპასუხემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 18 სექტემბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

სააპელაციო სასამართლომ დაადგინა შემდეგი გარემოებანი:

2002წ. 22 აგვისტოს ხელწერილით, რომელიც დამოწმებულია სანოტარო წესით, ა. ჩ-მა დაადასტურა, რომ მან ისესხა ნ. ც-ისაგან 1800 ლარი და იკისრა ვალდებულება აღნიშნული თანხის დაბრუნების თაობაზე. სასამართლომ მიიჩნია, რომ ა.ჩ-მა წერილობითი ხელშეკრულებით აღიარა ვალის არსებობა, მიუთითა სკ-ის 341-ე მუხლზე და ჩათვალა, რომ ნ.ც-ის მოთხოვნა ა.ჩ-ის მიმართ საფუძვლიანია. ამასთან, სასამართლომ მიიჩნია, რომ მოპასუხემ ვერ დაასაბუთა ხელშეკრულების დადებისას, თუ რაში გამოიხატა იძულება ან მუქარა.

აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ა.ჩ-მა. კასატორს მიაჩნია, რომ სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა, კერძოდ, სკ-ის 341-ე მუხლი. სასამართლომ ხელწერილის საფუძველზე აღიარებულად ჩათვალა ვალის არსებობა. ხელშეკრულებით ეს ვალი სესხიდან გამომდინარეობს, მაშინ როცა დადგენილია, რომ სასესხო ურთიერთობა მხარეთა შორის არ არსებობდა. სასამართლომ არასწორად დაადგინა საქმეზე ფაქტობრივი გარემოება, იმის თაობაზე რომ თითქოს ნ.ც-ისაგან 1800 ლარი ისესხა მოპასუხემ. საქმის მასალებით ირკვევა და არც მოსარჩელე უარყოფს, რომ მხარეთა შორის არსებობდა სამედიცინო მომსახურების ხელშეკრულება და არა სესხი.

სამოტივაციო ნაწილი:

პალატა გაეცნო საქმის მასალებს, მოისმინა მხარეთა ახსნა-განმარტებანი და თვლის, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სსკ-ის 393-ე მუხლის მე-2 ნაწილით, გადაწყვეტილება კანონის დარღვევითაა გამოტანილი, თუ სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა და არასწორად განმარტა კანონი. ამავე კოდექსის 394-ე მუხლის “ე” ქვეპუნქტით კი გადაწყვეტილება ყოვლთვის ჩაითვლება კანონის დარღვევით მიღებულად, თუ მისი დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ გადაწყვეტილების სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია.

განსახილველ შემთხვევაში დავის საგანია სესხის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულება. ხელწერილი, რომლითაც ნ.ც-ე ადასტურებს სესხის ხელშეკრულების ნამდვილობას, სასამართლომ მიიჩნია ვალის არსებობის აღიარებად და მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად გამოიყენა სკ-ის 341-ე მუხლი. სააპელაციო სასამართლოს ეს მოსაზრება არასწორია შემდეგი გარემოების გამო:

უდავოა, რომ ე.წ. “ხელწერილში” ა. ჩ-ი ადასტურებს, რომ ნ. ც-ისაგან ისესხა 1800 ლარი და კისრულობს ვალდებულებას, ეს თანხა დააბრუნოს 2000წ. 20 ოქტომბერს. აღნიშნულ საბუთში მითითებულია სასესხო ურთიერთობაზე. მოთხოვნის (სარჩელის) საფუძველიც სესხის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულებაა და არა ვალის არსებობის აღიარება. ვალის არსებობის აღიარება არის ცალმხრივი და აბსტრაქტული ხელშეკრულება, რომლის თანახმად, ერთი მხარე მეორე მხარის სასარგებლოდ დამოუკიდებლად კისრულობს გარკვეულ შესრულებას. ვალის არსებობა დამოუკიდებელია ძირითადი ვალდებულებისაგან და იგი ახალი დამოუკიდებელი მოთხოვნის წარმოშობის საფუძვლია:

განსახილველ შემთხვევაში, როგორც სარჩელში, ისე ხელწერილში მითითებულია, რომ მხარეთა შორის არსებობს სასესხო ურთიერთობა, ასეთ შემთხვევაში სკ-ის 341-ე მუხლის გამოყენება დაუშვებელია, რადგან იგი არ არეგულირებს სესხის ხელშეკრულებით წარმოშობილ ვალდებულებით-სამართლებრივ ურთიერთობას.

აღნიშნული გარემოების გამო მოცემულ საქმეზე უნდა გაუქმდეს გასაჩივრებული გადაწყვეტილება და საქმის ხელახლა განხილვისას სასამართლომ მოთხოვნის დასაბუთებულობის შესამოწმებლად უნდა დაადგინოს: არსებობდა თუ არა მხარეთა შორის სარჩელის საფუძვლად მითითებული გარემოებანი (სასესხო ურთიერთობა).

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ის 412-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

ა. ჩ-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს.

გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოქრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 18 სექტემბრის განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს შესაბამის პალატას.

განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.