ას-650-1300-03 29 იანვარი, 2004 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: მ. ახალაძე (თავმჯდომარე),
ქ. გაბელაია,
თ. კობახიძე
დავის საგანი: ანდერძის, მინდობილობისა და ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა.
აღწერილობითი ნაწილი:
ქ. თბილისში, ....... მდებარე ოროთახიანი ¹41 ბინა საკუთრების უფლებით ირიცხებოდა აწ გარდაცვლილ ლ. მ-ის სახელზე. იგი გარდაიცვალა 1999წ. 19 ნოემბერს, მას პირველი რიგის მემკვიდრე არ დარჩენია. გარდაცვალებამდე ლ. მ-მა 1999წ. 21 სექტემბერს შეადგინა ანდერძი, რომლის თანახმადაც, მან მთელი თავისი უძრავ-მოძრავი ქონება, მათ შორის ქ. თბილისში, ..... მდებარე 41-ე ბინა უანდერძა ნ. ჭ-ას. 1999წ. 1 ნოემბერს სანოტარო წესით გაფორმდა მინდობილობა, რომლითაც ლ. მ-მა უფლება მისცა კ. ს-ეს, გაესხვისებინა მისი ქონება. იმავე დღეს ლ. მ-სა და ნ. ჭ-ას შორის გაფორმდა ლ. მ-ის ბინის ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის თანახმად, ლ. მ-მა მის სახელზე რიცხული სადავო ბინა 4000 ლარად მიჰყიდა ნ. ჭ-ას.
ლ. მ-ის დამ – მ. მ-მა სარჩელით მიმართა სასამართლოს ნ. ჭ-ასა და ნოტარიუს ე. მ-ის მიმართ და მოითხოვა 1999წ. 21 სექტემბერს ლ. მ-ის მიერ ნ. ჭ-ას სახელზე გაცემული ანდერძის, 1999წ. 1 ნოემბერს ლ. მ-ის მიერ ქონების გასხვისების უფლებით კ. ს-ეზე გაცემული მინდობილობის, ლ. მ-ისა და ნ. ჭ-ას შორის 1999წ. 1 ნოემბერს დადებული სადავო ბინის ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა. სასამართლოს მთავარ სხდომაზე მ. მ-მა შეამცირა სასარჩელო მოთხოვნა და მოითხოვა, 1999წ. 1 ნოემბერს კ. ს-ეზე გაცემულ მინდობილობაზე სასამართლოს არ ემსჯელა.
ქ. თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2002წ. 2 მაისის გადაწყვეტილებით მ. მ-ის სარჩელს ნ. ჭ-ასა და ნოტარიუს ე. მ-ის მიმართ 1999წ. 21 სექტემბერს ლ. მ-ის სახელით შედგენილი ანდერძისა და 1999წ. 1 ნოემბერს ლ. მ-სა და ნ. ჭ-ას შორის გაფორმებული ბინის ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობის, ლ. მ-ის დანაშთი ქონების მესაკუთრედ ცნობის თაობაზე უარი ეთქვა. გაუქმდა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება და ქ. თბილისში, ...... მდებარე ბინა ¹41 მოეხსნა ყადაღა გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ.
რაიონულმა სასამართლომ გადაწყვეტილება გამოიტანა შემდეგი საფუძვლით: მიიჩნია, რომ სადავო ბინის ნასყიდობის ხელშეკრულების დადებისას დაცული იყო სკ-ს 69-ე, 183-ე, 477-ე და 487-ე მუხლების მოთხოვნები, კერძოდ, ხელშეკრულება დაიდო კანონით გათვალისწინებულ მოთხოვნათა დაცვით, გამყიდველმა ნივთი, მასთან დაკავშირებული საბუთები და საკუთრების უფლება გადასცა მყიდველს, ხოლო მყიდველმა გადაიხადა შეთანხმებული ფასი და მიიღო ნაყიდი ქონება. ამასთან, არ გაიზიარა მოსარჩელის მოთხოვნა, მისი, როგორც ლ. მ-ის კანონისმიერი მემკვიდრის საკუთრების უფლების ცნობის თაობაზე სადავო ბინაზე და ამ ბინაში არსებულ ქონებაზე, რადგან სკ-ს 1402-ე მუხლის თანახმად, ანდერძი ძალას კარგავს, თუ ნაანდერძევი ქონება მოანდერძემ გაასხვისა სიცოცხლეში. ამდენად, რადგან სადავო ბინა ლ. მ-მა გაასხვისა სიცოცხლეშივე, ამიტომ აღნიშნული არ ჩაითვლება სამკვიდრო მასაში.
რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი შეიტანა მ. მ-მა.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 1 აგვისტოს განჩინებით მ. მ-ს უარი ეთქვა სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე. უცვლელად დარჩა ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2002წ. 2 მაისის გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლომ განჩინება გამოიტანა შემდეგი საფუძვლით: ჩათვალა, რომ 2001წ. 30 მარტის ¹81-ე და ასევე, დამატებითი სასამართლო-ფსიქიატრიული ექსპერტიზის 2003წ. 11 ივნისის დასკვნებით შეუძლებელია, დადგინდეს 1999წ. 21 სექტემბრის ანდერძის შედგენისას და 1999წ. 1 ნოემბერს ბინის ნასყიდობის ხელშეკრულების დადების დროს ლ. მ-ს შეეძლო თუ არა ანგარიში გაეწია თავისი მოქმედებისათვის ან ეხელმძღვანელა მისთვის, ამიტომ ხსენებული ბინის ნასყიდობის ხელშეკრულება და ანდერძი ვერ გაბათილდება. ამასთან, არ გაიზიარა მ. მ-ის მოსაზრება იმის თაობაზე, რომ ანდერძის შედგენისას დაირღვა 1366-ე მუხლის მოთხოვნა, კერძოდ, ანდერძის შედგენის დამსწრე მოწმის, ლ. ჭ-ას, საცხოვრებელი ადგილი ანდერძში არ არის მითითებული. სასამართლომ ჩათვალა, რომ მართალია, სადავო ანდერძზე მართლაც არ იყო მითითებული მისამართი, როგორც ეს გათვალისწინებულია სკ-ს 1366-ე მუხლით, მაგრამ ეს გარემოება მაინც ვერ გახდება სკ-ს 1403-ე მუხლით გათვალისწინებული ანდერძის ბათილობის საფუძველი.
სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე საკასაციო საჩივარი შეიტანა მ. მ-მა, რომლითაც მოითხოვა განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება შემდეგი საფუძვლით: სასამართლო დასკვნები ემყარება საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებათა არასწორ შეფასებას, კერძოდ, სააპელაციო სასამართლომ მიიღო უკანონო გადაწყვეტილება, რითაც უხეშად შელახა მ. მ-ის – აწ გარდაცვლილ ლ. მ-ის ერთადერთი კანონისმიერი მემკვიდრის უფლება, არასწორი შეფასება მისცა ხელშეკრულებაში ბინის ღირებულების ფასად 4000 ლარის მითითების ფაქტს. ამასთან, სასამართლომ არასწორად დაასაბუთა განჩინება ე. მ-ის განმარტებაზე დაყრდნობით, რადგან ნოტარიუსი ე. მ-ე დაინტერესებული პირი იყო და ცდილობდა სასამართლოსთვის მიეცა თავისთვის სასარგებლო ახსნა-განმარტება, ასევე ე. მ-ის ახსნა-განმარტება არ შეაფასა ნ. ჭ-ას განმარტებასთან მიმართებაში. კასატორი თვლის, რომ საქმეში წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნებს არ შეიძლება წინასწარ დადგენილი და სავალდებულო ძალა ჰქონოდა სააპელაციო სასამართლოსთვის და ეს მტკიცებულება მას უნდა შეეფასებინა საქმეზე წარმოდგენილ სხვა უამრავ მტკიცებულებებთან ერთობლიობაში, მხოლოდ ამ მტკიცებულებათა ერთობლივი ანალიზის შედეგად დაედგინა ანდერძისა და ხელშეკრულების გაფორმების დროისთვის ლ. მ-ის ჯანმრთელობის საკითხი. კასატორის აზრით, სააპელაციო სასამართლომ კანონის ზემოაღნიშნულ მოთხოვნათა საწინააღმდეგოდ, სავალდებულო მტკიცებულების ძალა მისცა ექსპერტიზის დასკვნებს და დადგენილად მიიჩნია, ასეთი დასკვნების არსებობისას სადავო ხელშეკრულება და ანდერძი ვერ გაბათილდება.
სამოტივაციო ნაწილი:
პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, საკასაციო საჩივრის საფუძვლები და თვლის, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, შესაბამისად, უცვლელად უნდა დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის გასაჩივრებული განჩინება შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილია ფაქტობრივი გარემოება, რომ მოანდერძე ლ. მ-ს, როგორც ანდერძის, ისე ნასყიდობის ხელშეკრულების დადებისას შეეძლო პირადად მოეწერა ხელი ამ დოკუმენტზე, დოკუმენტის შედგენისას გამოეხატა თავისი ნება, ანგარიში გაეწია თავისი მოქმედებისათვის და რეალურად აღექვა ვითარება.
სსკ-ს 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ «დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა სასამართლოსათვის, თუ წამოყენებულ არ არის დამატებითი და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია». მოცემულ შემთხვევაში ფაქტობრივი გარემოებების დადგენის მიმართ კასატორის მიერ წამოყენეებული პრეტენზიები არც დამატებითია და არც დასაბუთებული. პალატა ვერ გაიზიარებს კასატორის მოსაზრებას, რომ სააპელაციო სასამართლომ სავალდებულო მტკიცების ძალა მისცა ექსპერტიზის დასკვნებს და ეს მტკიცებულება არ შეაფასა საქმეზე წარმოდგენილ სხვა უამრავ მტკიცებულებათა ერთობლიობაში. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაში შეფასებულია ყველა მტკიცებულება,საქმეში წარმოდგენილ ყველა მტკიცებულებაზე სასამართლომ გამოთქვა თავისი მოსაზრება, კერძოდ, სასამართლო-ფსიქიატრიული ექსპერტიზის დასკვნების გათვალისწინებით სასამართლომ დაადგინა, რომ შეუძლებელია იმის დადგინდეს, ლ. მ-ს შეეძლო თუ არა, ანგარიში გაეწია თავისი მოქმედებისათვის ან ეხელმძღვანელა მისთვის, ამიტომ სადავო ბინის ნასყიდობის ხელშეკრულებისა და ანდერძის ბათილობის საფუძვლად არ ჩათვალა მოსარჩელის მოსაზრება, რომ მოანდერძე ანდერძის, ნასყიდობის ხელშეკრულების დადების დროს ანგარიშს ვერ უწევდა თავის მოქმედებას. ასევე, სააპელაციო სასამართლომ ლ. მ-ის სახელზე გახსნილი როგორც ძველი, ისე ახალი რუქების, ასევე სამედიცინო ჩანაწერებისა და თბილისის მე-8 მოზარდთა პოლიკლინიკის მიერ გაცემული ცნობის, პენსიის მიღების უწყების საფუძველზე დაადგინა, რომ ანდერძისა და ნასყიდობის ხელშეკრულების დადების დროს ლ. მ-ი არ იყო ბრმა, მას მხოლოდ მხედველობა ჰქონდა დაქვეითებული. თავის განჩინებაში სასამართლომ განმარტა, თუ რატომ არ გაიზიარა მოწმეების ჩვენებები და აღნიშნა, რომ ჩვენებები ურთიერთგამომრიცხავია. განჩინებაში, ასევე განმარტებულია, თუ რატომ არ იქნა გაზიარებული ექიმ-ნერვოლოგის, სიმაშვილის, ჩანაწერი. ჩანაწერი პოლიკლინიკიდან წაღებული ჰქონდათ დაინტერესებულ პირებს – მ. მ-სა და მ. მ-ს. ჩანაწერი გაკეთდა ავადმყოფის უნახავად, რაც გაიგზავნა ფსიქიატრიულ ექსპერტიზაზე, თუმცა მაინც ვერ დადგინდა, რომ მ-ს არ შეეძლო რეალური ვითარების სწორი აღქმა.
პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლომ სსკ-ს 105-ე მუხლის მოთხოვნათა დაცვით დაადგინა ფაქტობრივი გარემოებები. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების პირობებში კი სწორად არ დააკმაყოფილა მ. მ-ის სააპელაციო საჩივარი.
პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვის დროს კანონი არ დარღვეულა, რის გამოც გასაჩივრებული განჩინება უცვლელად უნდა დარჩეს.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ს 410-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
მ. მ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
უცვლელი დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 1 აგვისტოს განჩინება.
განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.