საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
№1022აპ-19 ქ. თბილისი
ბ-ე ლ-ნ, 1022აპ-19 7 ოქტომბერი, 2021 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მერაბ გაბინაშვილი (თავმჯდომარე),
შალვა თადუმაძე, ლევან თევზაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 24 ოქტომბრის განაჩენზე თბილისის პროკურატურის პროკურორ ანა კალანდაძის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 2 აგვისტოს განაჩენით ლ. ბ-ე, – დაბადებული 19-- წელს, ნასამართლევი, – ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილითა და 111,151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით წარდგენილ ბრალდებებში. გამართლებულს განემარტა საქართველოს სსსკ-ის 92-ე მუხლით გათვალისწინებული ზიანის ანაზღაურების უფლების შესახებ და დაუყოვნებლივ გათავისუფლდა სასამართლო სხდომის დარბაზიდან.
2. აღნიშნული განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 24 ოქტომბრის განაჩენით დარჩა უცვლელად.
3. ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, ლ. ბ-ეს ბრალად ედებოდა: ოჯახში ძალადობა, ე.ი. ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი; მუქარა, ე.ი. ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ქონების განადგურების მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
4. აღნიშნული ქმედებები გამოიხატა შემდეგში:
· 2019 წლის 24 მარტს ქ. თ-ში, წ-ის ქ. №--ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, საყოფაცხოვრებო ნიადაგზე, ლ. ბ-ე და მისი ძმა – ჯ. ბ-ე შელაპარაკდნენ. კონფლიქტისას ლ. ბ-ემ ძმას მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ, ფეხი დაარტყა სახის არეში. ლ. ბ-ის ქმედების შედეგად დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი და ზედა ტუჩის არეში მიიღო დაზიანება.
· 2019 წლის 24 მარტს ქ. თ-ში, წ-ის ქ. №--ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, საყოფაცხოვრებო ნიადაგზე წარმოშობილი კონფლიქტისას, ლ. ბ-ე ძმას – ჯ. ბ-ეს მის საკუთრებაში არსებული ქონების, კერძოდ, „მერსედესის“ მარკის ავტომანქანის (სახელმწიფო №--) დაწვით დაემუქრა. აღნიშნულის შედეგად დაზარალებულს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა ბრალდების მხარემ. წარმოდგენილი საკასაციო საჩივრით პროკურორი ანა კალანდაძე ითხოვს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 24 ოქტომბრის გამამართლებელი განაჩენის გაუქმებას, ლ. ბ-ის დამნაშავედ ცნობას წარდგენილ ბრალდებებში და შესაბამისი სასჯელის განსაზღვრას.
6. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
7. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.
8. საკასაციო პალატა ვერ დაეთანხმება პროკურორის მითითებას, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოტანილი გამამართლებელი განაჩენი უკანონო და დაუსაბუთებელია, ვინაიდან არასწორად შეფასდა საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები. საკასაციო პალატის აზრით, სააპელაციო პალატის გადაწყვეტილებაში მითითებულია იმ მოტივებზე, რომელთა საფუძველზეც სასამართლომ მიიჩნია, რომ ლ. ბ-ის მსჯავრდებისათვის არ არსებობს გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი. დაზარალებულმა ჯ. ბ-ემ სასამართლოში მიცემული ჩვენებით უარყო ძმის – ლ. ბ-ის მხრიდან მასზე ფიზიკური ძალადობის ფაქტი, ხოლო მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიშის გაჩენასთან დაკავშირებით სასამართლოს მიაწოდა ურთიერთგამომრიცხავი ინფორმაცია. მოწმე ვ. ა-ემ (ბრალდებულის ბებიამ) ისარგებლა საქართველოს სსსკ-ის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული უფლებით და ოჯახის წევრის წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე განაცხადა უარი. მოწმეები – პ. თ., ა. ც., დ. ბ., მ. რ. და სხვები არ შესწრებიან ბრალდებულის მხრიდან ჯ. ბ-ეზე ფიზიკური ძალადობისა და მუქარის ფაქტს. შესაბამისად, მათი ჩვენებები ირიბია და უტყუარად არ ადასტურებს ლ. ბ-ის მიერ საქართველოს სსკ-ის მე-111,151-ე მუხლის 1-ლი ნაწილითა და 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულთა ჩადენას. რაც შეეხება საკასაციო საჩივარში მითითებულ სხვა მტკიცებულებებს, ისინი ვერ აკმაყოფილებს საქართველოს კონსტიტუციითა და სისხლის სამართლის კანონმდებლობით დადგენილ მტკიცებულებათა სტანდარტს და ვერ დაედება საფუძვლად გამამტყუნებელ განაჩენს.
9. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლი განამტკიცებს უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან აცილების მნიშვნელოვან, საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს „in dubio pro reo“, რაც ავალდებულებს სასამართლოს, სათანადოდ შეაფასოს მტკიცებულებები, სამართლიანად გადაჭრას სამხილებს შორის არსებული წინააღმდეგობები და ამ პროცესში წარმოშობილი ყოველგვარი გონივრული ეჭვი გადაწყვიტოს ბრალდებულის უდანაშაულობის, მისი თავისუფლების სასარგებლოდ (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“).
10. ამდენად, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში, ვინაიდან ბრალდების მხარემ ვერ წარმოადგინა გონივრულ ეჭვს მიღმა შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა ეჭვი სწორად გადაწყვიტეს ბრალდებულის სასარგებლოდ და ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული გარემოებები, პროკურორის საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
11. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. თბილისის პროკურატურის პროკურორ ანა კალანდაძის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად;
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. გაბინაშვილი
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
ლ. თევზაძე