საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
№970აპ-19 ქ. თბილისი
გ-ე ე-ი, 970აპ-19 12 ოქტომბერი, 2021 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მერაბ გაბინაშვილი (თავმჯდომარე),
შალვა თადუმაძე, ლევან თევზაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 6 ნოემბრის განაჩენზე ხელვაჩაურის რაიონული პროკურატურის პროკურორ რომან ბოლქვაძის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. პირის ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, ე. გ-ეს, – დაბადებულს 19-- წელს, და დ. გ-ეს, – დაბადებულს 19-- წელს, – ბრალი დაედოთ ქურდობაში, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარულ დაუფლებაში მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ჩადენილი საცავში უკანონო შეღწევით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ (2 ეპიზოდი).
2. აღნიშნული ბრალდება გამოიხატა შემდეგში:
· 2018 წლის 1 ოქტომბერს, დაახლოებით 02:00 საათზე, ე. გ-ემ, დ. გ-ესთან წინასწარი შეთანხმებით, ფარულად შეაღწია ქ-ის მუნიციპალიტეტის სოფელ მ-ში, ე.წ. „ა-ის“ დასახლებაში არსებულ თ. მ-ის სასურსათო მაღაზიაში, საიდანაც ისინი, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ფარულად დაეუფლნენ სხვადასხვა დასახელების ალკოჰოლურ სასმელს, სუნამოებს, მაჯის საათს, მობილურ ტელეფონსა და ფულად თანხას, რის შემდეგაც, დაახლოებით 02:30 საათზე, მათ ფარულად შეაღწიეს გვერდით არსებულ, ნ. გ-ის რესტორან „ა-ში“, საიდანაც, ასევე მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ფარულად დაეუფლნენ სხვადასხვა დასახელების ალკოჰოლურ სასმელს, ასევე – მაგნიტოფონს დინამიკებთან ერთად. აღნიშნული ქმედებით თ. მ-ეს მიადგა 703 ლარის მნიშვნელოვანი ზიანი, ხოლო ნ. გ-ეს – 700 ლარის მნიშვნელოვანი ზიანი.
· 2018 წლის 1 ოქტომბერს, დაახლოებით 03:00 საათზე, ე. გ-ემ, დ. გ-ესთან წინასწარი შეთანხმებით, ფარულად შეაღწია ხ-ის მუნიციპალიტეტის სოფელ ე-ში არსებულ ა. თ-ის ლუდის ბარში, საიდანაც ისინი, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ფარულად დაეუფლნენ სხვადასხვა დასახელების ალკოჰოლურ სასმელს, მუსიკალურ ცენტრსა და ფულად თანხას. აღნიშნული ქმედებით ა. თ-ეს მიადგა 1339 ლარის მნიშვნელოვანი ზიანი.
3. ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 22 მაისის განაჩენით ე. გ-ე და დ. გ-ე დაუსწრებლად ცნობილ იქნენ უდანაშაულოებად და გამართლდნენ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“ და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით (2 ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებებში. გამართლებულებს განემარტათ საქართველოს სსსკ-ის 92-ე მუხლით გათვალისწინებული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება.
4. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 6 ნოემბრის განაჩენით ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 22 მაისის განაჩენი დარჩა უცვლელად.
5. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა პროკურორმა რომან ბოლქვაძემ, რომელმაც ითხოვა ე. გ-ისა და დ. გ-ის დამნაშავეებად ცნობა საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“ და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით (2 ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში და მათთვის მუხლის სანქციით გათვალისწინებული ყველაზე მკაცრი სახის სასჯელის მაქსიმალური ზომის განსაზღვრა.
6. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
7. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი. მსგავს სამართლებრივ საკითხებზე არსებობს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა (მაგ. იხილეთ საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებები: №560აპ-16, №62აპ-17), რომელსაც შეესაბამება სააპელაციო სასამართლოს განაჩენი. ამასთან, ბრალდების მხარემ ვერ მიუთითა იმ გარემოებებზე, რომლებიც დადგენილი პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღებას შესაძლებელს გახდიდა.
8. საკასაციო პალატა არ იზიარებს პროკურორის მითითებას, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმეში არსებული მტკიცებულებები შერჩევით და დამახინჯებული ინტერპრეტაციით გამოიყენა, რომელთა საფუძველზეც დაადგინა უკანონო და დაუსაბუთებელი განაჩენი. საკასაციო სასამართლო ეთანხმება ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენის სამართლებრივ დასაბუთებას ე. გ-ისა და დ. გ-ის უდანაშაულობასთან დაკავშირებით და მიაჩნია, რომ მათი მსჯავრდებისათვის არ არსებობდა გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულებითი სტანდარტი.
9. პალატის მოსაზრებით, პირველი ინსტანციის სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებები არ არის ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა, დამაჯერებელი და ქმნის მხოლოდ ეჭვისა და ვარაუდის საფუძველს, რაც ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა სწორად გადაწყვიტეს ბრალდებულების სასარგებლოდ, ვინაიდან, საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის თანახმად, ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. აღნიშნული კონსტიტუციური დებულება წარმოადგენს სამართლებრივი სახელმწიფოს ერთ-ერთ საფუძველს, განამტკიცებს უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან აცილების მნიშვნელოვან, საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს - „in dubio pro reo“, რომლის თანახმად, დაუშვებელია პირის მსჯავრდება ისეთი ბრალდებების საფუძველზე, რაც არ არის სარწმუნოდ დადასტურებული კანონით დადგენილი წესით. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების მიხედვით, არავინ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა; ბრალდების მტკიცების ტვირთი აკისრია თავად ბრალმდებელს (მაგალითისათვის იხ. უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებები – №404აპ-16, №410აპ-16), ამასთან, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი.
10. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი, ვინაიდან კასატორის მიერ მითითებული საფუძვლები არ შეესაბამება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით დადგენილ არცერთ წინა პირობას.
11. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ხელვაჩაურის რაიონული პროკურატურის პროკურორ რომან ბოლქვაძის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად;
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. გაბინაშვილი მოსამართლეები: შ. თადუმაძე ლ. თევზაძე