ას-657-1310-03 6 მაისი, 2004 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: მ. ახალაძე (თავმჯდომარე),
მ. სულხანიშვილი,
ნ. კვანტალიანი
დავის საგანი: ფულადი ვალდებულების შესრულება, მორალური ზიანის ანაზღაურება.
აღწერილობითი ნაწილი:
ვ. ჯ-ამ სარჩელით მიმართა სასამართლოს და მიუთითა, რომ იგი 2003წ. 18 თებერვლამდე მუშაობდა სს «ე. თ.» დასავლეთ და სამხრეთ რეგიონების ..... 2003წ. 18 თებერვალს მას და სს «ე. თ.» კომერციულ დირექტორს გ. ა-ს შორის (რომელიც მინდობილობის საფუძველზე გენერალური დირექტორის მოვალეობას ასრულებდა) გაფორმდა შეთანხმება. ამ შეთანხმების საფუძველზე მასთან შეწყდა შრომითი ხელშეკრულება.
შეთანხმების თანახმად, მოპასუხეს ვ.ჯ-ასთვის უნდა გადაეხადა 100000 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარი 24 საათის განმავლობაში. გადახდის დაგვიანების შემთხვევაში სს «ე. თ.» კისრულობდა მოსარჩელისთვის ერთ კალენდარულ დღეზე სრული თანხის ერთი პროცენტის გადახდას.
მოსარჩელის განმარტებით, 2003წ. 19 თებერვალს მას გადაუხადეს 215747,40 ლარი, რაც ეროვნული ბანკის იმ დღისათვის არსებული კურსით შეადგენდა 98966,70 აშშ დოლარს. სს «ე. თ.» მისთვის გადასახდელი დარჩა 1033,30 აშშ დოლარი. ზემოთ მითითებული თანხის გადახდიდან სარჩელის შეტანამდე გასულია 166 დღე, ამიტომ მოსარჩელის აზრით, სს «ე. თ.» მისთვის გადასახდელი აქვს ერთ დღეზე სრული თანხის ერთი პროცენტი, რაც შეადგენს 167033 აშშ დოლარს.
მოსარჩელე ითხოვს აღნიშნული თანხისა და დამატებით 500000 ლარის გადახდის დაკისრებას მოპასუხისათვის. ვ. ჯ-ას განმარტებით, სს «ე. თ.» მოქმედების გამო, სტრესულ მდგომარეობაშია, რის გამოც საგრძნობლად შეერყა ჯანმრთელობა, რამაც მიაყენა მორალური ზიანი. მოსარჩელემ მორალური ზიანი შეაფასა 500000 აშშ დოლარის ოდენობით.
მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ მან ვალდებულება შეასრულა. ჯ-ასათვის გადასახდელი თანხა შემცირდა იმის გამო, რომ თვითონ მოსარჩელეს გააჩნდა ფულადი ვალდებულებები მოპასუხის წინაშე და მან მოახდინა ვალდებულებათა გაქვითვა.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო და სამეწარმეო საქმეთა კოლეგიის 2003წ. 27 აგვისტოს გადაწყვეტილებით ვ. ჯ-ას სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ _ სს «ე. თ.» დაეკისრა ვ. ჯ-ასათვის 100000 აშშ დოლარის ეკვივალენტის გადახდა ეროვნულ ვალუტაში, გადახდის დღისათვის საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ განსაზღვრული საბანკო კურსით.
სასამართლომ არ გაიზიარა მოპასუხის არგუმენტი იმის თაობაზე, რომ მან მოახდინა მოთხოვნათა გაქვითვა, იმ მოსაზრებით, რომ მოსარჩელის მიერ გადასაცემი თანხა არის არა ხელფასი, არამედ გასასვლელი დახმარება და მოპასუხეს უფლება ჰქონდა, მოსარჩელის მიერ გამოვლენილი ნების ფარგლებში გამოეხატა თავისი ქმედითი აქცეპტი და დაქვითვა განეხორციელებინა შრომის ანაზღაურებიდან და არა გასასვლელი დახმარებიდან. ვინაიდან, ვალდებულების შესრულება მხარემ გადააცილა 189 დღით, სასამართლომ მოპასუხის საერთო დავალიანება განსაზღვრა 190033,30 აშშ დოლარის ეკვივალენტის ოდენობით ეროვნულ ვალუტაში. სასამართლომ, სკ-ის 420-ე მუხლის შესაბამისად, მინაზშეწონილად მიიჩნია პირგასამტეხლოს ოდენობის შემცირება 100000 აშშ დოლარამდე.
სასამართლოს აღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ორივე მხარემ. ვ. ჯ-ას საკასაციო საჩივარი ეფუძნება იმ გარემოებას, რომ სასამართლომ არასწორად შეამცირა პირგასამტეხლოს ოდენობა. კასატორის აზრით, მოცემულ შემთხვევაში ადგილი აქვს არა კრედიტორის მიერ მოვალის იძულებას უსამართლო და შეუსაბამო პირგასამტეხლოს გადახდაზე, არამედ კრედიტორის მიერ გამოხატულ ნებას. სკ-ის 420-ე მუხლი ითვალისწინებს პირგასამტეხლოს შემცირების შესაძლებლობას, მაგრამ კასატორის აზრით, იგი ეხება მხოლოდ შეუსაბამოდ მაღალ პირგასამტეხლოს, რომელიც შესაძლოა მძიმე ტვირთად დააწვეს მოვალეს. კონკრეტულ შემთხვევაში კი სს «ე. თ.» ფინანსურ მდგომარეობას საფრთხეს არ შეუქმნის მისი მოთხოვნა, ამიტომ სასამართლო უფლებამოსილი არ იყო, გაენახევრებინა პირგასამტეხლოს ოდენობა. ვ. ჯ-ა საკასაციო საჩივრით ითხოვს გადაწყვეტილების გაუქმებას და მისი მოთხოვნის დაკმაყოფილებას პირგასამტეხლოსთან მიმართებაში.
სს «ე. თ.» საკასაციო საჩივარში აღნიშნავს, რომ მათი მხრიდან ადგილი არ ჰქონია ვალდებულებების არაჯეროვნად შესრულებას. ვ.ჯ-ას გააჩნდა დავალიანება მათ მიმართ მის მიერ დახარჯული სამივლინებო თანხიდან და სხვადასხვა დანიშნულებისათვის გამოყენებული თანხებიდან, რომელთა ხარჯვის დამადასტურებელი ოფიციალური დოკუმენტები მას კომპანიისათვის არ ჰქონდა წარდგენილი. ვინაიდან აღნიშნული თანხის ჯ-ას მიერ ხარჯვის ქვითრები არ იქნა წარდგენილი 2003წ. თებერვლამდე, ხოლო მხარეთა შორის წყდებოდა შრომითი ხელშეკრულება, რაც შეუძლებელს გახდიდა აღნიშნული თანხის ამოღებას, მოხდა ვალდებულებათა გაქვითვა. კასატორის აზრით, სასამართლომ არასწორად განმარტა სკ-ის 442-ე მუხლის შინაარსი. აღნიშნული მუხლი არ ითვალისწინებს მხარეთა შორის წერილობითი ხელშეკრულების დადებას, როგორც ეს გადაწყვეტილებაშია მითითებული. ამასთან, ვ.ჯ-ას წერილი დათარიღებულია ივლისით, გაქვითვა განხორციელდა 2003წ. თებერვალში, მას კი თავისი ნება გაქვითვასთან დაკავშირებით შემდგომში აღარ შეუცვლია, ამიტომ სს «ე. თ.» უფლებამოსილი იყო, გაექვითა თანხა. ასევე კასატორის აზრით, სასამართლომ არასწორად განმარტა სკ-ის 417-ე და 420-ე მუხლების შინაარსი, ვინაიდან აღნიშნული მუხლი ეხება მხოლოდ თანხის გადაუხდელობას ანუ ვალდებულების შეუსრულებლობას და არა ვალდებულების ნაწილობრივ შეუსრულებლობის შემთხვევას. აღნიშნულ შემთხვევაში მხარეს შეიძლებოდა, დაკისრებოდა გადაუხდელი თანხის ერთი პროცენტი.
სამოტივაციო ნაწილი:
პალატამ განიხილა საკასაციო საჩივრები, საქმის მასალები, მოისმინა მხარეთა ახსნა-განმარტებანი და თვლის, რომ სს «ე. თ.» და ვ. ჯ-ას საკასაციო საჩივრები ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სსკ-ის 393-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სამართლის ნორმები დარღვეულად ითვლება, თუ სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა ან არასწორად განმარტა კანონი. მოცემულ შემთხვევაში თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო და სამეწარმეო საქმეთა კოლეგიის გადაწყვეტილება მიღებულია სამართლის ნორმების დარღვევით.
სს «ე. თ.» და ვ. ჯ-ას შორის დადებული შეთანხმების თანახმად, თანამდებობიდან გათავისუფლდა ვ. ჯ-ა, რისთვისაც სს «ე. თ.» ივალდებულა, მისთვის გადაეხადა გასასვლელი დახმარების სახით 100000 აშშ დოლარის ეკვივალენტი ეროვნულ ვალუტაში ყოველგვარი დაბეგვრის გარეშე. ვალდებულების შესრულების უზრუნველსაყოფად მითითებული თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში სააქციო საზოგადოებას ყოველ ვადაგადაცილებულ კალენდარულ დღეზე უნდა გადაეხადა სრული თანხის ერთი პროცენტი.
დადგენილია და მხარეები სადავოდ არ ხდიან იმ გარემოებას, რომ ხელშეკრულებაში მითითებულ ვადაში სს «ე. თ.» ვ. ჯ-ას გადაუხადა 98966,70 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარი, ე.ი. გადაუხდელი თანხის ოდენობამ შეადგინა 1033,30 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარი.
პალატა მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ არასწორადაა განმარტებული სკ-ის 442-ე მუხლი. აღნიშნული ნორმა შედგება ორი ნაწილისაგან. პირველ ნაწილში მითითებულია გაქვითვის შესაძლებლობაზე, როდესაც დამდგარია ამ მოთხოვნათა შესრულების ვადა, მეორე ნაწილი კი განმარტავს გაქვითვის წესს, თუ ერთ-ერთი მოთხოვნის შესრულების ვადა დამდგარი არ არის, ე.ი. აღნიშნული მუხლის პირველი და მეორე ნაწილები შეიცავს ორ განსხვავებულ პირობას და გაქვითვის განსხვავებულ წესებს, კერძოდ, თუ პირველი ნაწილის თანახმად, არ არის საჭირო გაქვითვის თაობაზე მხარის შეტყობინება, მეორე ნაწილის მიხედვით ურთიერთმოთხოვნათა გასაქვითად აუცილებელია მხარეს ეცნობოს ამის შესახებ, ამიტომ სასამართლოს უნდა დაედგინა ის გარემოება, იყო თუ არა დამდგარი ვ. ჯ-ასა და სს «ე. თ.» შორის არსებული მოთხოვნების შესრულების ვადა და საჭიროებდა თუ არა ურთიერთგაქვითვა მხარისათვის ასეთი სახის შეტყობინებას.
საყურადღებოა ის გარემოებაც, რომ 442-ე მუხლი არ შეიცავს რაიმე სახის მითითებას, თუ რა სახის მოთხოვნათა ურთიერთგაქვითვაა დასაშვები. ერთადერთი ნორმა, რომელშიც მითითებულია მოთხოვნათა გაქვითვის დაუშვებლობის თაობაზე, არის სკ-ის 447-ე მუხლი. სასამართლომ ისე მიიჩნია მხარეთა შორის მოთხოვნათა გაქვითვა დაუშვებლად, რომ საერთოდ არ უმსჯელია აღნიშნული ნორმის თაობაზე. უნდა აღინიშნოს ის გარემოება, რომ სასამართლომ ვ.ჯ-ასთვის სს «ე. თ.» მიერ გადახდილი თანხა შეაფასა როგორც გასასვლელი დახმარება. შკკ-ის 38-ე მუხლის თანახმად, გასასვლელი დახმარება ეძლევათ მუშაკებს, რომლებთანაც დადებული ხელშეკრულება შეწყდა ამ კოდექსის 30-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ და „ვ“ ქვეპუნქტებში და 34-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ და „დ“ ქვეპუნქტებში მითითებული საფუძვლებით ან ადმინისტრაციის მიერ შრომის კანონმდებლობის, კოლექტიური ან შრომის ხელშეკრულების დარღვევის შედეგად (მუხლი 33-ე). სასამართლოს სამართლებრივი შეფასება უნდა მიეცა სს «ე. თ.» მიერ განხორციელებული ქმედებისათვის აღნიშნული ნორმის გათვალისწინებით და დაედგინა, ვრცელდება თუ არა მასზე შკკ-ის შესაბამისი ნორმები.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა თვლის, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმე ხელახლა განხილვისათვის დაუბრუნდეს იმავე პალატას. საქმის ხელახალი განხილვისას სასამართლომ სამართლებრივი შეფასება უნდა მისცეს მხარეთა შორის არსებულ ურთიერთობებს და დაადგინოს მათ შორის არსებულ მოთხოვნათა გაქვითვის შესაძლებლობის ფაქტი.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ის 412-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ვ. ჯ-ასა და სს «ე. თ.» საკასაციო საჩივრები დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო და სამეწარმეო საქმეთა კოლეგიის 2003წ. 27 აგვისტოს გადაწყვეტილება და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდეს იმავე პალატას.
სასამართლო ხარჯები განაწილდეს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების გამოტანისას.
განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.