Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შესახებ

საქმე №376აპ-21 თბილისი

დ-ე ზ-ა, 376აპ-21 22 ოქტომბერი, 2021 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მერაბ გაბინაშვილი (თავმჯდომარე),

შალვა თადუმაძე, ლევან თევზაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 26 თებერვლის განაჩენზე დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს უფროსის - ი. კ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :

1. ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, ზ. დ-ეს ბრალი დაედო ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევაში იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია, ჩადენილი ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ. აღნიშნული ქმედება გამოიხატა შემდეგში: 2019 წლის 29 ნოემბერს, დაახლოებით 21:27 საათზე, ქალაქ ზ-ში, ს-ის ქუჩაზე, დასახლებულ პუნქტში, ალკოჰოლით მთვრალი ზ. დ-ე დაახლოებით 80-100 კმ/სთ სიჩქარით მართავდა BMW-ს („ბიემდაბლიუ“) მარკის ავტომობილს, სახელმწიფო ნომრით - --, რა დროსაც დაარღვია „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მე-5 პუნქტისა („აკრძალულია სატრანსპორტო საშუალების მართვა ალკოჰოლური, ნარკოტიკული ან ფსიქოტროპული სიმთვრალის მდგომარეობაში“) და 33-ე მუხლის მე-11 პუნქტის („მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად აუცილებელია აგრეთვე გვერდითი ინტერვალის დაცვა“) მოთხოვნები, ქალაქ ზ-ის ცენტრის მიმართულებით მოძრაობისას შეეჯახა საავტომობილო გზის მარჯვენა მხარეს, ასფალტირებულ გვერდულზე, შემზღუდავი ზოლის მიღმა გაჩერებულ „მერსედეს ბენცის“ მარკის ავტომობილს, სახელმწიფო ნომრით -- და ამ ავტომობილის უკანა, მარცხენა კართან მდგომ მ. ხ-ესა და მ. ლ-ეს. შეჯახების შედეგად მიღებული სხეულის დაზიანების გამო ორივე დაზარალებული გადაიყვანეს საავადმყოფოში, სადაც მიყვანიდან მალევე გარდაიცვალა მ. ხ-ე, ხოლო მ. ლ-ეს ჩაუტარდა სამედიცინო დახმარება.

2. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 17 აგვისტოს განაჩენით ზ. დ-ე ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-7 ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში. ზ. დ-ე, - დაბადებული 19-- წელს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით და მიესაჯა 4 წლით თავისუფლების აღკვეთა. მასვე ამავე კოდექსის 43-ე მუხლის საფუძველზე 2 წლით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება.

3. აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორმა ვახტანგ ჭუმბურიძემ, რომელმაც მოითხოვა: გასაჩივრებული განაჩენის შეცვლა; ზ. დ-ის დამნაშავედ ცნობა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-7 ნაწილით და მისთვის მკაცრი სასჯელის განსაზღვრა.

4. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 26 თებერვლის განაჩენით პროკურორის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 17 აგვისტოს განაჩენი დარჩა უცვლელად.

5. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 26 თებერვლის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს უფროსმა ი. კ-ემ, რომელიც ითხოვს: გასაჩივრებული განაჩენის შეცვლას; ზ. დ-ის დამნაშავედ ცნობას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-7 ნაწილით და მისთვის მკაცრი სასჯელის განსაზღვრას.

6. მსჯავრდებულ ზ. დ-ის ადვოკატი კ. გ-ე საკასაციო საჩივრის შესაგებლით ითხოვს პროკურორის საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობასა და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 26 თებერვლის განაჩენის უცვლელად დატოვებას.

7. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ:

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

8. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი, ვინაიდან წარმოდგენილი საჩივრისა და საქმის შესწავლის შედეგად არ არსებობს გარემოება, რის გამოც მოცემულ საქმეს არსებითი მნიშვნელობა ექნებოდა სამართლის განვითარების ან მსგავს საქმეებზე ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის.

9. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ სრულად, ობიექტურად და სამართლებრივად სწორად შეაფასა საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებები და მტკიცებულებები, რის საფუძველზეც ამომწურავად დაასაბუთა მიღებული გადაწყვეტილება მსჯავრდებულ ზ. დ-ესთან მიმართებით (როგორც კვალიფიკაციის, ასევე - სასჯელის ნაწილში), რასაც საკასაციო პალატა სრულად ეთანხმება.

10. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული გარემოებები, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

11. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს უფროსის - ი. კ-ის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად;

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. გაბინაშვილი

მოსამართლეები: შ. თადუმაძე

ლ. თევზაძე