საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
№468აპ-21 ქ. თბილისი
დ-ე დ-თ, 468აპ-21 28 ოქტომბერი, 2021 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
მერაბ გაბინაშვილი (თავმჯდომარე),
შალვა თადუმაძე, მამუკა ვასაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 15 მარტის განაჩენზე მსჯავრდებულ დ. დ-ის ინტერესების დამცველი ადვოკატების – ი. ჯ-ისა და ზ. ნ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2020 წლის 3 თებერვლის განაჩენით დ. დ-ე, – დაბადებული 19-- წელს, ნასამართლევი, – ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და განესაზღვრა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, რამაც შთანთქა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 29 სექტემბრის განაჩენით დანიშნული პირობითი სასჯელი – 5 წლით თავისუფლების აღკვეთა და განაჩენთა ერთობლიობით, საბოლოოდ მიესაჯა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყო 2019 წლის 8 მაისიდან.
2. განაჩენით დადგენილადაა მიჩნეული, რომ დ. დ-ემ ჩაიდინა თაღლითობა, ე.ი. მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია. აღნიშნული ქმედება გამოიხატა შემდეგში:
· 2019 წლის 6 მაისს, 10:00-დან 12:00 საათამდე პერიოდში, ქ. თ-ში, წ-ის ქ. №--ში არსებული -ის მიმდებარე ტერიტორიაზე, დ. დ-ე მოტყუებით, თაღლითურად დაეუფლა ა. ბ-ის კუთვნილ, 500 ლარად ღირებულ, „სამსუნგ j5“ მოდელის მობილურ ტელეფონს, ასევე – თანნაქონ ფულად თანხას – 200 ლარსა და 500 ევროს, რაც მართლსაწინააღმდეგოდ მიისაკუთრა. დ. დ-ის მართლსაწინააღმდეგო ქმედებით აწ გარდაცვლილ ა. ბ-ეს მიადგა 2233,25 ლარის მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი.
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 15 მარტის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 29 სექტემბრის განაჩენში შევიდა შემდეგი ცვლილება: „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის მე-6 მუხლის 1-ლი პუნქტის საფუძველზე დ. დ-ეს გაუნახევრდა ამ განაჩენით საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელი – 5 წლით თავისუფლების აღკვეთა და განესაზღვრა 2 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით, იმავე გამოსაცდელი ვადით; დ. დ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და მიესაჯა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, რამაც შთანთქა წინა – თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 29 სექტემბრის განაჩენით დანიშნული და ამნისტიის აქტის გამოყენებით განახევრებული სასჯელის მოუხდელი ნაწილი და განაჩენთა ერთობლიობით, საბოლოოდ განესაზღვრა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყო 2019 წლის 8 მაისიდან.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრეს მსჯავრდებულ დ. დ-ის ინტერესების დამცველმა ადვოკატებმა – ი. ჯ-მა და ზ. ნ-მა. მათ მოითხოვეს გასაჩივრებული გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმება და დ. დ-ის მიმართ გამამართლებელი განაჩენის დადგენა.
5. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
6. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი. ამასთან, სააპელაციო სასამართლოს განაჩენი შეესაბამება საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას და არ არის მოსალოდნელი მოცემულ საქმეზე პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება №7აპ-13, №54აპ-18, №161აპ-18, №125აპ-09).
7. საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის პოზიციას დ. დ-ის უდანაშაულობის შესახებ მისთვის წარდგენილ ბრალდებაში, რადგან საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებით უტყუარად დასტურდება საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის შემადგენლობის როგორც ობიექტური, ისე – სუბიექტური ნიშნების არსებობა. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ მტკიცებულებებით, რომლებიც ბრალდებას დაედო საფუძვლად (მათ შორის: მოწმეების – გ. ქ-ას, გ. შ-ის, დ. ც-ის, ნ. ჭ-ის, გ. შ-ის, ლ. ფ-ის, ნ. ბ-ისა და სხვათა ჩვენებებით, სამორინე „შანგრილადან“ გამოთხოვილი ვიდეოკამერების ჩანაწერებითა და საქმეზე წარმოდგენილი სხვა მტკიცებულებებით), გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება მსჯავრდებულ დ. დ-ის მიერ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო ქმედების – თაღლითობის ჩადენა. ზემოთ ჩამოთვლილი მტკიცებულებები და ასევე ის ფაქტი, რომ დ. დ-ე არ პასუხობდა ა. ბ-ის ზარებს და საერთოდ გაწყვიტა მასთან კომუნიკაცია, ცალსახად მიუთითებს, რომ მსჯავრდებულს წინასწარ ჰქონდა განზრახული, თაღლითურად, მოტყუების გზით, მართლსაწინააღმდეგოდ მიესაკუთრებინა ა. ბ-ის ქონება.
8. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე არ გამოკვეთილა რაიმე ისეთი სახის დარღვევა, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. მოწმეთა ჩვენებები (რომელთა საეჭვოდ მიჩნევის საფუძველი სასამართლოს არ გააჩნია) ურთიერთთანხვდენილია და მათ შორის რაიმე მნიშვნელოვანი და არსებითი სახის წინააღმდეგობები არ გამოვლენილა. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ დ. დ-ის ქმედება სამართლებრივად სწორად შეფასდა და მისი მსჯავრდება ბრალად წარდგენილი ქმედების ჩადენაში არის კანონიერი.
9. ამდენად, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული მოთხოვნები, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციისა და საპროცესო მოთხოვნათა დაცვით, რის გამოც საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
10. საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მსჯავრდებულ დ. დ-ის ინტერესების დამცველი ადვოკატების – ი. ჯ-ისა და ზ. ნ-ის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად;
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. გაბინაშვილი
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
მ. ვასაძე