Facebook Twitter

ას-659-1306-03 26 თებერვალი, 2004 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: მ. ახალაძე (თავმჯდომარე),

მ. ცისკაძე,

ქ. გაბელაია

დავის საგანი: ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა, ბინიდან გამოსახლება.

აღწერილობითი ნაწილი:

ქ. თბილისში ..... მდებარე ¹48 სამოთახიანი ბინა ირიცხებოდა ნ. ჭ-ის აწ გარდაცვლილი მეუღლის – დ. ჭ-ის სახელზე.

1999წ. 19 თებერვალს შპს საამშენებლო კომპანია “კ-სა” და დ. ჭ-ეს შორის დაიდო ხელშეკრულება, რომლის თანახმად, შპს “კ-ს” 2000წ. ბოლომდე უნდა დაემთავრებინა ქ. თბილისში ..... 9-11-ში საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა და დ. ჭ-ის ოჯახისათვის გადაეცა მეექვსე სართულზე ოთხოთახიანი ბინა.

2000წ. პირველ აპრილს მხარეთა შორის დაიდო ახალი ხელშეკრულება, რომლის შესაბამისად, მშენებლობის დამთავრების ვადამ გადაიწია 2001წ. ბოლომდე.

ორივე ხელშეკრულებაში მითითებულია, რომ დ. ჭ-ემ საამშებლო კომპანია შპს “კ-ს”, მშენებარე ბინის ღირებულების გადახდის სანაცვლოდ, ჩააბარა მისი კუთვნილი სამოთახიანი ბინა.

დ. ჭ-ის მიერ ჩაბარებული ბინა შპს “კ-მა” გამოიყენა ა. ზ-ის დასაკმაყოფილებლად, რომელმაც შპს “კ-ს” მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის ასაშენებლად გადასცა ქ. თბილისში ....... 11-ში მის სახელზე რიცხული სახლთმფლობელობა.

მხარეებს შორის გარიგების გაფორმების გამარტივების მიზნით, დ. ჭ-ესა და ა. ზ-ის შორის 1999წ. 30 მარტს დაიდო ხელშეკრულება, რომლითაც დ. ჭ-ემ მითითებული სამოთახიანი ბინა 2000 ლარად გაასხვისა ა. ზ-ზე.

2001წ. 10 მარტს გარდაიცვალა დ. ჭ-ე.

2001წ. მაისში აწ გარდაცვლილი დ. ჭ-ის მეუღლემ ნ. ჭ-ემ სარჩელი შეიტანა სასამართლოში ა. ზ-ის მიმართ 1999წ. 30 მარტს დ. ჭ-ესა და მოპასუხეს შორის დადებული ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობის მოთხოვნით, იმ საფუძვლით, რომ გარიგება იყო თვალთმაქცური.

ქ. თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2002წ. 7 თებერვლის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა. 1999წ. 30 მარტს დადებული ნასყიდობის ხელშეკრულება, როგორც თვალთმაქცური გარიგება, ცნობილ იქნა ბათილად. ა. ზ-ი თანხლებ პირებთან ერთად გამოსახლდა სადავო ბინიდან.

საქმე არაერთხელ განხილა სხვადასხვა სასამართლო ინსტანციამ და ბოლოს, ქ. თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 9 ივლისის განჩინებით ა. ზ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად იქნა დატოვებული თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2002წ. 7 თებერვლის გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლომ განჩინების სამართლებრივ საფუძვლად შემდეგი გარემოებანი მიუთითა:

ა. ზ-მა ნაყიდი ქონება მიიღო და აღრიცხა კიდეც თავის სახელზე, მაგრამ თანხა არ გადაიხადა. შესაბამისად, მის მიერ დარღვეულია კანონით დადგენილი აღნიშნული წესი, სკ-ის 54-ე მუხლის თანახმად კი ბათილია გარიგება, რომელიც არღვევს კანონით დადგენილ წესს, ანუ ა. ზ-ის მიერ არ იქნა შესრულებული სკ-ის 477-ე მუხლის მეორე ნაწილით დადგენილი წესი, რომლის მიხედვითაც მყიდველი მოვალეა, გადაუხადოს გამყიდველს შეთანხმებული ფასი და მიიღოს ნაყიდი ქონება.

სააპელაციო პალატამ ასევე მიიჩნია, რომ სკ-ის 56-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ბათილია გარიგება, რომელიც დადებულია მხოლოდ მოსაჩვენებლად, იმ განზახვის გარეშე, რომ მას შესაბამისი იურიდიული შედეგი მოჰყვეს. 976-ე და 991-ე მუხლების შესაბამისად, ჭ-ეს უფლება ჰქონდა, მოეთხოვა უსაფუძვლოდ გამდიდრებული პირისაგან ნივთის დაბრუნება და მისი გამოსახლება.

ა. ზ-მა საკასაციო წესით გაასაჩივრა სააპელაციო პალატის განჩინება და აღნიშნა, რომ სააპელაციო პალატის მიერ მიღებული განჩინება სამართლებრივად დაუსაბუთებელია.

სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა და გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა.

კასატორის მოსაზრებით, ნ. ჭ-ისათვის იმთავითვე იყო ცნობილი მისთვის სადავო ბინის საკუთრების უფლების წარმოშობის შესახებ, მაგრამ მას შემდეგ რაც შპს “კ-ს” წარმოეშვა გარკვეული სიძნელეები და ვეღარ ასრულებდა ნაკისრ ვალდებულებას, სწორედ მაშინ გამოხატა პრეტენზია ნ. ჭ-ემ და სარჩელით მიმართა სასამართლოს.

კასატორი მიიჩნევს, რომ აღნიშნული დავის გადაწყვეტისას სააპელაციო სასამართლოს უნდა ეხელმძღვანელა არა სკ-ის 56-ე მუხლის პირველი ნაწილით, არამედ მეორეთი რადგან ამ ნორმის თანახმად, ხელშეკრულება ვერ იქნება ბათილად ცნობილი, ვინაიდან სადავო ხელშეკრულების მიმართ უნდა გამოყენებულიყო დაფარული გარიგების მიმართ მოქმედი წესები.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, საკასაციო საჩივარი და თვლის, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქმის მასალებით დადგენილია, რომ დ. ჭ-ესა და სამშენებლო კომპანია შპს “კ-ს” შორის 1999წ. 19 თებერვალსა და 2000წ. 1 აპრილს გაფორმებული ხელშეკრულებებით, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებამ იკისრა ვალდებულება, დ. ჭ-ისათვის აეშენებინა და გადაეცა თბილისში, ..... მდებარე ოთხოთახიანი საცხოვრებელი ბინა 2001წ. ბოლომდე. ხელშეკრულებების მიხედვით დ. ჭ-ეს მშენებარე ბინის მთლიანი ღირებულება დაფარულად ჩაეთვალა მის მიერ შპს “კ-ისათვის” ჩაბარებული თბილისში, ..... მდებარე სამოთახიანი ბინით. შპს “კ-თან” ნაკისრი ვალდებულების შესრულების მიზნით დ. ჭ-ემ შპს “კ-ის” თანხმობით საკუთარი ბინა 1999წ. 30 მარტს მიჰყიდა ა. ზ-ს სანოტარო წესით დამოწმებული ხელშეკრულების საფუძველზე.

საკასაციო პალატა თვლის, გასაზიარებელია კასატორის მოტივაცია, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება სამართლებრივად დაუსაბუთებელია, სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა და გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა, რაც სსკ-ის 393-ე მუხლის მეორე ნაწილის “ა” და “ბ” ქვეპუნქტებისა და 394-ე მუხლის “ე” პუნქტის შესაბამისად, განჩინების გაუქმების საფუძველია.

პალატა ასევე თვლის, რომ, ვინაიდან საქმეზე ფაქტობრივი გარემოებები საპროცესო ნორმების დარღვევის გარეშეა დადგენილი, სსკ-ის 411-ე მუხლის შესაბამისად, პალატა უფლებამოსილია, თვით მიიღოს გადაწყვეტილება.

პალატის მიერ ვერ იქნება გაზიარებული სააპელაციო სასამართლოს მოტივაცია, რომ დ. ჭ-ესა და ა. ზ-ს შორის გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულება ბათილია სკ-ის 54-ე მუხლის საფუძველზე იმ მოტივით, რომ მყიდველს გამყიდველისათვის თანხა არ გადაუხდია, რითაც არ შესრულდა სკ-ის 477-ე მუხლის მე-2 ნაწილით დადგენილი წესი, რომლის მიხედვითაც მყიდველი მოვალეა, გადაუხადოს გამყიდველს შეთანხმებული ფასი და მიიღოს ნაყიდი ქონება.

სკ-ის 54-ე მუხლის შესაბამისად, ბათილია გარიგება, რომელიც არღვევს კანონით დადგენილ წესსა და აკრძალვებს, ეწინააღმდეგება საჯარო წესრიგს ან ზნეობის ნორმებს.

კანონით დადგენილი წესისა და აკრძალვების გამო ბათილია, როგორც ყველა ის გარიგება, რომელსაც გააჩნია ბათილობის კანონით განსაზღვრული საერთო საფუძველი, ისე გარიგებები, რომელსაც გააჩნია ცალკეული გარიგებისთვის დამახასიათებელი სპეციალური საფუძვლები. განსახილველ შემთხვევაში კანონით განსაზღვრული ბათილობის საერთო საფუძველი არ არსებობს, ხოლო სკ-ის 477-ე მუხლის მეორე ნაწილის დარღვევა საქმის მასალებით არ დასტურდება, თუმცა ასეთი დადასტურებული რომც იყოს, აღნიშნული გარემოება შეიძლება გახდეს ვალდებულების შესრულების მოთხოვნის და არა გარიგების ბათილად ცნობის საფუძველი.

საქმის მასალებით დადასტურებულია, რომ გამყიდველმა დ. ჭ-ემ მიიღო სარგებელი სადავო ხელშეკრულებით, მას გადახდილად ჩაეთვალა შპს “კ-თან” მისაღები ბინის ღირებულება. პალატა თვლის, რომ ხელშეკრულების ფასის გადაუხდელობა ან არაჯეროვანი გადახდა არ შეიძლება გახდეს ხელშეკრულების ბათილობის საფუძველი. უნდა აღინიშნოს ის გარემოებაც, რომ ხელშეკრულების ფასის გადახდა არ გულისხმობს მხოლოდ ფულადი თანხის გადახდას, იგი შეიძლება სხვა საშუალებებითაც განისაზღვროს.

სკ-ის 56-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ არასწორად მიიჩნია გასაჩივრებული გარიგება მოჩვენებით გარიგებად, რომელსაც დაუკავშირა სკ-ის 976-ე, 991-ე მუხლებით გათვალისწინებული სამართლებრივი შედეგები.

სკ-ის 56-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ბათილია გარიგება, რომელიც დადებულია მხოლოდ მოსაჩვენებლად იმ განზრახვის გარეშე, რომ მას შესაბამისი იურიდიული შედეგები მოჰყვეს.

განსახილველ შემთხვევაში დადასტურებულია, რომ მხარეთა განზრახვა მიმართული იყო ნასყიდობის ხელშეკრულების დადებისაკენ, რაც გამორიცხავს ნების ნაკლის არსებობას. დ. ჭ-ემ გაათავისუფლა სადავო ბინა, რომელსაც დაეუფლა ა. ზ-ი და სარემონტო სამუშაოებიც ჩაატარა. ა. ზ-ივე აღირიცხა საჯარო რეესტრში მესაკუთრედ კანონით დადგენილი წესით, რაც გამორიცხავს მისი მხრიდან ნასყიდობის ხელშეკრულების დადებისადმი მოჩვენებით დამოკიდებულებას. მოჩვენებითი გარიგების დროს მოსაჩვენებლად იქცევა ამ გარიგების მონაწილე ნების გამოვლენის ყველა სუბიექტი. ა. ზ-ის მიერ სადავო ბინის დაუფლებისა და საკუთრების უფლების წარმოშობის შესახებ მოსარჩელისათვის იმთავითვე იყო ცნობილი, მაგრამ აღნიშნულთან დაკავშირებით მას პრეტენზია არ გამოუთქვამს, იმ დრომდე ვიდრე არ დარწმუნდა, რომ შპს “კ-ი” არ ასრულებდა მის წინაშე ნაკისრ ვალდებულებას. ნასყიდობის ხელშეკრულების დადების მოტივი და მიზანი გახლდათ ის გარემოება, რომ მეორე მხარისათვის _ ა. ზ-ისათვის საკუთარი საცხოვრებელი ბინის მიყიდვით მოსარჩელეს დაფარულად ჩაეთვალა ასაშენებელი, მომავალში მისთვის გადასაცემი ოთხოთახიანი ბინის ღირებულება.

გარიგების მიზნის შეუსრულებლობა არ შეიძლება გახდეს გარიგების ბათილობის საფუძველი. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, დ. ჭ-ისა და ა. ზ-ის მიერ ნასყიდობის გარიგების გაფორმების ნების გამოვლენა ნამდვილია. ნასყიდობის ხელშეკრულებაში არ ყოფილა მითითებული, რომ ა. ზ-ის საკუთრების უფლების წარმოშობა, ნასყიდობის საგანზე დაკავშირებული იყო მესამე პირის მიერ დ. ჭ-ის წინაშე რაიმე ვალდებულების შესრულებაზე.

სადავო გარიგება სკ-ის 59-ე, 183-ე მუხლების შესაბამისადაა გაფორმებული.

სკ-ის 373-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, თუ ვალდებულების შესრულება მიიღო იმ პირმა, რომელიც არ იყო უფლებამოსილი, ვალდებულება ჩაითვლება შესრულებულად, მაშინ როცა კრედიტორმა მისცა ამის თანხმობა ან ამ შესრულებისაგან მიიღო სარგებელი.

დ. ჭ-ემ შპს “კ-ის” თანხმობით ვალდებულების ა. ზ-ის მიმართ შესრულებით მიიღო სარგებელი, რითაც შპს “კ-თან” ვალდებულება შეასრულა. აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ მოსარჩელეს მასსა და შპს “კ-ს” შორის გაფორმებული გარიგების ბათილობა ან გაუქმება არ მოუთხოვია.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა თვლის, რომ ნასყიდობის ხელშეკრულება არ არის ბათილი. სააპელაციო პალატის განჩინება კანონშეუსაბამოა და საკასაციო საჩივარი საფუძვლიანი.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ის 411-ე მუხლით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

ა. ზ-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს.

გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 9 ივლისის განჩინება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება.

დ. ჭ-ის უფლებამონაცვლის – ნ. ჭ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს.

განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.