საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
№353აპ-21 ქ. თბილისი
თ-ე ა-ლ, 353აპ-21 5 ოქტომბერი, 2021 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მერაბ გაბინაშვილი (თავმჯდომარე),
შალვა თადუმაძე, ლევან თევზაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 8 თებერვლის განაჩენზე ახალციხის რაიონული პროკურატურის პროკურორ გრიგოლ კაპანაძის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. პირის ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, ა. თ-ეს, – დაბადებულს 19-- წელს, – ბრალი დაედო: ძარცვაში, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის აშკარა დაუფლებაში მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით; მუქარაში, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში; თავისუფლების უკანონო აღკვეთაში.
2. აღნიშნული ქმედებები გამოიხატა შემდეგში:
· 2018 წლის 24 დეკემბერს ქ. თ-ში, ს-ის დასახლებაში, ა. თ-ე ლ. დ-ას, მისივე საცხოვრებელი კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე, დანის გამოყენებით დაემუქრა „ყელის გამოჭრით“, რის შედეგადაც ლ. დ-ას გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
· 2019 წლის 1 ოქტომბერს, დაახლოებით 22:00 საათზე, დაბა ს-ში, ცენტრალური საავტომობილო გზის მიმდებარე ტერიტორიაზე, ა. თ-ემ მასთან არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი ლ. დ-ა ძალის გამოყენებით ჩასვა „აუდის“ ფირმის ავტომობილში, მისი ნების საწინააღმდეგოდ მიიყვანა ქ. ბ-ში, ე-ეს ქ. №--ში მდებარე სასტუმრო „თ-ში“, ჩაკეტა სასტუმროს ნომერში და არ მისცა გადაადგილების საშუალება.
· 2019 წლის 1 ოქტომბერს, ღამის საათებში, ხ-ის საავტომობილო გზის მიმდებარე ტერიტორიაზე, ა. თ-ე, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, აშკარად დაეუფლა ლ. დ-ას კუთვნილ, „ნოკიას“ ფირმის მობილურ ტელეფონს, რის შედეგადაც დაზარალებულს მიადგა 60 ლარის მატერიალური ზიანი.
3. ახალციხის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 5 ოქტომბრის განაჩენით ა. თ-ე ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, 111,143-ე მუხლის 1-ლი ნაწილითა და 111,178-ე მუხლის 1-ლი ნაწილით წარდგენილ ბრალდებებში. გამართლებულს განემარტა ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება.
4. აღნიშნული განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 8 თებერვლის განაჩენით დარჩა უცვლელად.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა ახალციხის რაიონული პროკურატურის პროკურორმა გრიგოლ კაპანაძემ. პროკურორი წარმოდგენილი საჩივრით ითხოვს გასაჩივრებული გამამართლებელი განაჩენის გაუქმებასა და ა. თ-ის დამნაშავედ ცნობას წარდგენილი ბრალდების სრული მოცულობით.
6. გამართლებულ ა. თ-ის ინტერესების დამცველი, ადვოკატი ი. ფ. შესაგებლით ითხოვს პროკურორის საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობასა და თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 8 თებერვლის განაჩენის უცვლელად დატოვებას.
7. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
8. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.
9. საკასაციო პალატის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლომ საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებები და წარმოდგენილი მტკიცებულებები სრულყოფილად და ობიექტურად შეაფასა.
10. ბრალდების მხარის მიერ საჩივარში მითითებულ გარემოებებზე სააპელაციო სასამართლომ იმსჯელა თავის გადაწყვეტილებაში, რასაც პალატა ეთანხმება, ხოლო რაიმე ისეთ გარემოებაზე, რაც საკასაციო პალატის შეფასების საგანი გახდებოდა, პროკურორი არ მიუთითებს.
11. პალატა აღნიშნავს, რომ დაზარალებულმა ლ. დ-ამ (ბრალდებულის მეუღლემ) ისარგებლა საქართველოს სსსკ-ის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული უფლებით და ოჯახის წევრის წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე განაცხადა უარი. ასეთ ვითარებაში კი წარმოუდგენელია იმის დადგენა, ნამდვილად გაუჩინა თუ არა ა. თ-ის მუქარამ (ასეთი ნამდვილად რომ მომხდარიყო) დაზარალებულს მისი განხორციელების საფუძვლიანი შიში. ამ მოსაზრებას ამყარებს სასამართლო-ფსიქოლოგიური ექსპერტიზის 2019 წლის 23 ოქტომბრის №- დასკვნა, რომლის მიხედვით: „ა. თ-ის ქმედებით მისი ყოფილი მეუღლე ლ. დ-ა არ განიცდიდა ფსიქოლოგიურ ტანჯვას“.
12. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ ასევე დაუდასტურებელია ა. თ-ის ბრალეულობა თავისუფლების უკანონო აღკვეთის ნაწილშიც, რადგან მოწმე გ. ტ-ის ჩვენებით, სასტუმროში შესვლისას ლ. დ-ა მშვიდად გამოიყურებოდა, მან მხოლოდ დედისთვის თავისი ადგილსამყოფლის შეტყობინება სთხოვა და პოლიციაში დარეკვა არ უთხოვია. გარდა ამისა, ლ. დ-აზე ა. თ-ეს რაიმე სახით რომ ეძალადა ან დამუქრებოდა, მიკროავტობუსის მგზავრებს ეს შეუმჩნეველი არ დარჩებოდათ.
13. საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, ასევე არ დასტურდება ა. თ-ის მიერ საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა, ვინაიდან, როგორც ზემოთ აღინიშნა, დაზარალებულმა, რომელიც ამ ფაქტის შემსწრე ერთადერთი მოწმეა, სასამართლოს ჩვენება არ მისცა, ხოლო სხვა რაიმე უტყუარი მტკიცებულება სასამართლო სხდომაზე არ გამოკვლეულა, მხოლოდ ვარაუდის საფუძველზე კი, თუ იგი არ დადასტურდა საქმეზე შეკრებილი უტყუარი მტკიცებულებების ერთობლიობით, გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანა დაუშვებელია.
14. სასამართლო ითვალისწინებს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 ნაწილის იმპერატიული დანაწესის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს და ყოველგვარი ეჭვი, რომელიც კანონის შესაბამისად ვერ დადასტურდება, ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ უნდა გადაწყდეს. საქართველოს სსსკ-ის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი, ხოლო სსსკ-ის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილისა და 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას, რაც, სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის საფუძველზე, გულისხმობს მტკიცებულებათა ისეთ ერთობლიობას, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებს პირის ბრალეულობაში.
15. გამომდინარე ზემოაღნიშნულიდან, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა ეჭვი სწორად გადაწყვიტეს ბრალდებულის სასარგებლოდ და ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული გარემოებები, პროკურორის საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
16. ამდენად, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არცერთი გარემოება, საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ახალციხის რაიონული პროკურატურის პროკურორ გრიგოლ კაპანაძის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად;
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. გაბინაშვილი
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
ლ. თევზაძე