ას-660-1307-03 31 მარტი, 2004 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე),
ლ. გოჩელაშვილი,
მ. წიქვაძე
დავის საგანი: უკანონო ხელშეშლის აღკვეთა.
აღწერილობითი ნაწილი:
1998წ. 11 მარტს თ. დ-მა სარჩელით მიმართა სასამართლოს და მოითხოვა თბილისში, ..... მდებარე დ. ჩ-სა და თ. ყ-ის კუთვნილი ავტომანქანის სადგომის დანგრევა. სარჩელის საფუძვლად მიუთითა ის გარემოება, რომ მას თბილისში, ...... მდებარე მრავალბინიან საცხოვრებელ სახლის ეზოში აშენებული ჰქონდა დამხმარე სათავსი, რომელიც მდებარეობდა ერთ-ერთი მეზობლის _ გ. ი-ის სამზარეულოსა და სათავსის გვერდით.
საცხოვრებელი სახლის რეკონსტრუქციასთან დაკავშირებით მ. ი-ისა და მოსარჩელის სათავსები დაინგრა. სამუშაოების დამთავრების შემდეგ მთაწმინდის რაიონის გამგეობამ მათ ნება დართოთ სათავსები საკუთარი ხარჯებით აღედგინათ იმავე ზომებში. მ. ი-მა გაყიდა თავისი ბინა სათავსის ადგილთან ერთად. იგი შეიძინა თ. ყ-მა, რომელმაც დაუთმო დ. ჩ-ეს. ყ-მა და ჩ-ემ ამ ადგილზე ზომების დაუცველად ააშენეს ავტოფარეხი, რის საფუძველზეც მათ მიიტაცეს საერთო ეზოს ნაწილი, რითაც შეილახა მოსარჩელის უფლება, ფლობდეს საერთო სარგებლობის მიწის ნაკვეთიდან მისი წილის შესაბამის ფართს იმ ოდენობით, რაზედაც მისი სათავსი იყო განთავსებული.
მოპასუხემ სარჩელი არ ცნო, რადგან ავტოფარეხი სათანადო ნებართვითაა აშენებული და იგი არ ლახავს მოსარჩელის რაიმე უფლებას.
საქმის განხილვის პროცესში მოსარჩელის ბინა იყიდა ე. მ-მა, რომელიც ჩაება დავაში. ი. მ-მა დააზუსტა დავის საგანი და საბოლოოდ მოითხოვა: დ. ჩ-ს ავტოსადგომის პირვანდელ მდგომარეობაში მოყვანა და მომატებული ნაწილის _ 1,97 მ-ის დანგრევა, თ. ყ-ს მიმართ საქმის წარმოების შეწყვეტა სარჩელზე უარის თქმის გამო, რაც დაკმაყოფილდა.
თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2002წ. 15 ნოემბრის გადაწყვეტილებით ე. მ-ის სარჩელი ე. ჩ-ს მიმართ დაკმაყოფილდა _ დ. ჩ-ეს დაევალა მის მფლობელობაში არსებული ნაგებობა მდებარე თბილისში, ...... აღდგენილ იქნას პირვანდელ მდგომარეობაში და დაინგრეს მომატებული 1 მ. და 97 სმ-ის ნაწილი.
სასამართლომ დაადგინა, რომ საცხოვრებელი სახლის რეკონსტრუქციასთან დაკავშირებით დაინგრა მ. ი-ისა და თ. დ-ის კუთვნილი სათავსები. თბილისის მთაწმინდის რაიონის გამგეობის 1992წ. 10 სექტემბრის ¹4.08.11690 განკარგულებით მ.ი-ს მიეცა უფლება, აღდგეს დანგრეული სათავსი არსებულ ზომებში.
1998 წელს ი-მა ბინა გაასხვისა ყ-ზე, რომელმაც თავისი აღსადგენი სათავსის მიწის ნაკვეთი დაუთმო თ. ჩ-ეს. ჩ-ს მიერ აშენებული ავტოფარეხის ზომა გაზრდილია 1,97 კვ.მ-ით. დადგენილია, რომ საეზოვე მიწის ნაკვეთი საერთო საკუთრებისაა. სასამართლომ გადაწყვეტილების სამართლებრივ საფუძვლად მიუთითა სკ-ის 211-ე მუხლი, 219-ე მუხლის პირველი ნაწილის “ა” ქვეპუნქტი.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა დ. ჩ-ემ.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 22 ივლისის გადაწყვეტილებით გაუქმდა ამ საქმეზე მიღებული გადაწყვეტილება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
სააპელაციო სასამართლომ დაადგინა შემდეგი გარემოებანი.
მხარეები ცხოვრობენ მრავალბინიან საცხოვრებელ სახლში. უდავოა, რომ სახლის რეკონსტრუქციასთან (ლოჯიების მიშენება) დაკავშირებით 1992 წელს დანგრეულ იქნა ეზოში არსებული ი-ისა და დ-ის კუთვნილი სათავსები. მთაწმინდის რაიონის გამგეობის 1992წ. 10 სექტემბრის განკარგულებით ი-ს მიეცა დანგრეული სათავსის არსებულ ზომებში აღდგენის უფლება. ი-მა გაასხვისა თავისი ბინა ყ-ზე, რომელმაც დ. ჩ-ეს დაუთმო თავისი სათავსის ნაწილი, რომელიც ემიჯნავება დ-ის სათავსის. 2001 წელს დ-ის ბინა შეიძინა ე. მ-მა. საჯარო რეესტრის ამონაწერის მიხედვით, ის საერთო საკუთრების უფლებით ფლობს 1016 კვ.მ-ის 38-ედ ნაწილს.
სკ-ის 208-ე მუხლის თანახმად, მრავალბინიან სახლებში არსებობს საკუთრების უფლება ბინაზე (ბინის საკუთრება) და შენობის იმ ნაწილზე, რომელიც არ გამოიყენება ბინად (არასაცხოვრებელი ფართის საკუთრება). ბინის საკუთრება და არასაცხოვრებელი ფართის საკუთრება მიიჩნევა ინდივიდუალურ საკუთრებად. მიწის ნაკვეთი, შენობის ნაწილი და ის ნაგებობები, რომლებიც არ წარმოადგენს ინდივიდუალურ საკუთრებას, ბინის მესაკუთრეთა საერთო საკუთრებაა. საერთო საკუთრებაში წილთა რაოდენობა განისაზღვრება ბინების რაოდენობის შესაბამისად. 219-ე მუხლის თანახმად, ბინის მესაკუთრე მოვალეა, ისეთ მდგომარეობაში შეინარჩუნოს და იმდაგვარად გამოიყენოს ინდივიდუალურ საკუთრებაში არსებული შენობის ნაწილები, აგრეთვე, საერთო საკუთრება, რომ ამით არ შეილახოს მესაკუთრეთა ერთად ცხოვრების წესები და არ მიადგეთ მათ ზიანი.
მოცემულ შემთხვევაში ე. მ-ის მოთხოვნის ძირითად საფუძველს წარმოადგენს საერთო საკუთრებაში არსებულ ქონებაზე მისი, როგორც მესაკუთრის, უფლების შელახვა, მაგრამ იგი ვერ ასაბუთებს კონკრეტულად, თუ რამდენს შეადგენს მისი წილი საერთო საკუთრებაში. კანონის მიხედვით საერთო საკუთრებაში წილთა რაოდენობა განისაზღვრება ბინების რაოდენობის მიხედვით. მტკიცებულება იმის შესახებ, რომ გაუმართლებლად ილახება ე. მ-ის საკუთრების უფლება, საქმეში არ მოიპოვება, ამიტომ მოთხოვნა დაუსაბუთებელია. სსკ-ის 102-ე მუხლის თანახმად, მხარე თვითონ არის ვალდებული, დაამტკიცოს მის მიერ სარჩელში მითითებული გარემოებანი. რაც შეეხება ექსპერტიზის დასკვნას, პალატამ მიუთითა, რომ დასკვნის მიხედვით შეუძლებელია იმის დადგენა, თუ რა ფართის იყო დ-ის სათავსი დანგრევამდე. მოპასუხის ავტოფარეხის გვერდით დატოვებულია 1,5 მ სიგანის მიწის ნაკვეთი, სადაც ავტომანქანის დაყენება შეუძლებელია ონკანის გადაადგილების გარეშე. მხარეთა განმარტებით, ონკანი საერთო სარგებლობაშია, იგი ონკანი მოწყობილი არ არის დ. ჩ-ს მიერ. ამდენად, ე. მ-ს დ. ჩ-ს მხრივ ხელი არ ეშლება ავტომანქანის გასაჩერებელი ადგილით სარგებლობაში.
აღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ე. მ-მა. კასატორს მიაჩნია, რომ სასამართლომ არასწორად განმარტა სკ-ის 211-ე და 219-ე მუხლები, რადგან დ. ჩ-ეს ინდივიუალურ საკუთრებას არ წარმოადგენს გარაჟი, რომლის კედელიც ლახავს მოსარჩელის ინტერესებს. სასამართლოს უნდა გამოეყენებინა ამავე კოდექსის 981-ე, 963-ე, 959-ე მუხლები, რადგან მიწის ნაკვეთი საზიარო უფლებით ეკუთვნის ბინის მესაკუთრეებს. მისი ნატურით გამოყოფა არ მომხდარა, რის გამოც დ. ჩ-ეს არ ჰქონდა უფლება, მიწის ნაკვეთი მიეთვისებინა. კასატორის მითითებით, მართალია, დ. ჩ-ეს მის კუთვნილ მიწის ფართზე არ აუშენებია სათავსი, მაგრამ ამ ქმედებით შეელახა მისი, როგორც საზიარო უფლების მქონე მესაკუთრის უფლებები.
სამოტივაციო ნაწილი:
პალატა გაეცნო საქმის მასალებს, მოისმინა მხარეთა ახსნა-განმარტებანი და თვლის, რომ საკასაციო საჩივარი უსაფუძვლოა შემდეგ გარემოებათა გამო:
სსკ-ის 410-ე მუხლით სასამართლო საკასაციო საჩივარს არ დააკმაყოფილებს, თუ კანონის მითითებულ დარღვევებს ადგილი არ აქვს.
პალატა არ იზიარებს კასატორის მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ სასამართლომ არასწორად გამოიყენა და განმარტა სკ-ის 211-ე და 212-ე მუხლები.
დადგენილია, რომ მხარეები ცხოვრობენ მრავალბინიან საცხოვრებელ სახლში. სკ-ის 208-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მრავალბინიან სახლებში არსებობს საკუთრების უფლება ბინაზე (ბინის საკუთრება) და შენობის იმ ნაწილებზე, რომლებიც არ გამოიყენება ბინად (არასაცხოვრებელი ფართის საკუთრება). ბინისა და არასაცხოვრებელი ფართის საკუთრება მიიჩნევა ინდივიდუალურ საკუთრებად. ამავე მუხლის მე-4 ნაწილით ინდივიდუალურ საკუთრებას. წარმოადგენს ასევე მანქანის დასაყენებელი ადგილები, რომელთა საზღვრები გამოკვეთილია ხანგრძლივი დროის მანძილზე გამოყენების შედეგად. დადგენილია, რომ დ. ჩ-ემ ავტომანქანის დასაყენებელ ადგილზე, ე.ი. ინდივიდუალური საკუთრების მიწის ნაკვეთზე, მოაწყო ავტოფარეხი, რომლის ერთი კედელი ესაზღვრება იმ ადგილს, სადაც ე. მ-მა უნდა მოაწყოს დამხმარე სათავსი. მოსარჩელე სათავსის აგებაში ხელშეშლას კი არ ხდის სადავოდ, არამედ მიაჩნია, რომ სათავსის მიმდებარე ტერიტორიის გამოყენებაში შეეშლება ხელი დ. ჩ-ს ავტოფარეხის გამო.
სკ-ის 208-ე მუხლის მე-3 ნაწილით, მიწის ნაკვეთი, რომელიც არ წარმოადგენს ინდივიდუალურ საკუთრებას, ბინის მესაკუთრეთა საერთო საკუთრებაა. ამ ნორმიდან გამომდინარე, მიწის ნაკვეთი, რომელზედაც ე. მ-მა სათავსი უნდა ააგოს, საერთო საკუთრებაა. საერთო საკუთრებას წარმოადგენს ის მიწის ნაკვეთიც, სადაც მომავალში ე. მ-ი აპირებს მანქანის დაყენებას. პალატა მიუთითებს, რომ 212-ე მუხლის მიხედვით, საერთო საკუთრებაში წილთა რაოდენობა განისაზღვრება ბინების რაოდენობის მიხედვით. აქედან გამომდინარე, ე. მ-ს, თავისი წილის შესაბამისად, შეუძლია იმდაგვარად გამოიყენოს საერთო საკუთრების მიწის ნაკვეთი, რომ ამით არ შეიზღუდოს როგორც თავისი, ისე საერთო საკუთრების მონაწილეთა ან ინდივიდუალური საკუთრების მქონე მობინადრეთა უფლებები.
პალატა არ იზიარებს კასატორის ახსნა-განმარტებაში მითითებულ მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ იგი ვერ დააყენებს თავის ავტომანქანას სათავსის მიმდებარე ტერიტორიაზე, რადგან დ. ჩ-ს ავტოფარეხის კედელი უშლის ხელს. ე. მ-ს არ წარუდგენია პირველი და მეორე ინსტანციის სასამართლოში რაიმე მტკიცებულება იმის თაობაზე, რომ იგი იმ ადგილს, სადაც ავტოფარეხის კედელი გადის, ხანგრძლივი დროის მანძილზე გამოიყენებდა ავტომანქანის დასაყენებულ ადგილად. ამდენად, დ. ჩ-ს მხრიდან უკანონო ხელყოფას ადგილი არ აქვს. ამასთან, პალატა მიუთითებს, რომ ე. მ-ს, როგორც საერთო საკუთრების წილის მესაკუთრეს, შეუძლია საერთო საკუთრების მიწის ნაკვეთით ისარგებლოს ისე, როგორც ეს სკ-ის 212-ე მუხლითაა განსაზღვრული.
პალატა არ იზიარებს კასატორის მოსაზრებას სკ-ის 954-ე, 961-ე, 963-ე მუხლების თაობაზე, რადგან მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის მობინადრეთა შორის დავის გადაწყვეტისას გამოყენებულ უნდა იქნეს სკ-ის 208-232-ე მუხლები.
ამდენად, გასაჩივრებული გადაწყვეტილება უცვლელად უნდა დარჩეს.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ის 410-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ე. მ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს. უცვლელად დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 22 ივლისის გადაწყვეტილება.
განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.