საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
№375აპ-21 ქ. თბილისი
კ-ე რ-ზ, 375აპ-21 27 ოქტომბერი, 2021 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მერაბ გაბინაშვილი (თავმჯდომარე),
შალვა თადუმაძე, მამუკა ვასაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 16 მარტის განაჩენზე ხელვაჩაურის რაიონული პროკურატურის პროკურორ რამაზ შანიძის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. ბრალდების შესახებ დადგენილებების მიხედვით, რ. კ-ეს ბრალად დაედო: ყაჩაღობა, ე.ი. თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობითა და ასეთი ძალადობის გამოყენების მუქარით, ჯგუფურად; გამოძალვა, ე.ი. სხვისი ნივთის გადაცემის მოთხოვნა, რასაც ერთვის დაზარალებულის მიმართ ძალადობის გამოყენების მუქარა, რომელმაც არსებითად დააზიანა დაზარალებულის უფლება; სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, ხოლო ბ. კ-ეს – ყაჩაღობა, ე.ი. თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობითა და ასეთი ძალადობის გამოყენების მუქარით, ჯგუფურად. აღნიშნული ქმედებები გამოიხატა შემდეგში:
· 2019 წლის 21 დეკემბერს, დაახლოებით 14:00 საათზე, ნ. შ-ის ქ. №--ის მიმდებარე ტერიტორიაზე, რ. კ-ე ბ. კ-ესთან ერთად, ჯგუფურად თავს დაესხა ზ. ქ-ეს და დანის გამოყენებით ჩადენილი ძალადობითა და სიცოცხლის მოსპობის მუქარით ითხოვდა ფულად თანხას – 6000 ლარს.
· 2019 წლის აგვისტოს შუა რიცხვებში, 14:00 საათზე, ქ. ბ-ში, ნ. შ-ის ქ. №--ში, რ. კ-ე ძალადობის გამოყენების, კერძოდ, ჯანმრთელობის დაზიანებისა და სიცოცხლის მოსპობის მუქარით ზ. ქ-ისაგან ითხოვდა ფულად თანხას – 6000 ლარს.
· 2019 წლის 21 დეკემბერს, დაახლოებით 14:00 საათზე, ნ. შ-ის ქ. №--ის მიმდებარე ტერიტორიაზე, რ. კ-ე და ბ. კ-ე ყაჩაღურად, თანხის დაუფლების მიზნით, დანის გამოყენებით თავს დაესხნენ ზ. ქ-ეს, რა დროსაც რ. კ-ე დანის მოღერებით დაემუქრა ვ. ქ-ეს და უთხრა, რომ, თუ ჩაერეოდა, მოკლავდა. ვ. ქ-ეს მუქარის შედეგად გაუჩნდა მისი განხორციელების საფუძვლიანი შიში, რის გამოც ვერ მოახერხა, მიშველებოდა ზ. ქ-ეს.
2. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 23 ივლისის განაჩენით რ. კ-ის, – დაბადებულის 19-- წელს, – ქმედება საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტიდან (2019 წლის 21 დეკემბრის ეპიზოდი) გადაკვალიფიცირდა სსკ-ის 126-ე მუხლის 11-ლი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე; რ. კ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 11-ლი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით – 1 წლით, 181-ე მუხლის 1-ლი ნაწილით – 2 წლით, ხოლო 151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით – 6 თვით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი და რ. კ-ეს დანაშაულთა ერთობლიობით, საბოლოოდ განესაზღვრა 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყო 2019 წლის 21 დეკემბრიდან.
ამავე განაჩენით ბ. კ-ის, – დაბადებულის 19-- წელს, – ქმედება საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტიდან (2019 წლის 21 დეკემბრის ეპიზოდი) გადაკვალიფიცირდა სსკ-ის 126-ე მუხლის 11-ლი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე და განესაზღვრა ჯარიმა – 3000 ლარი, რაც საქართველოს სსკ-ის 62-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, 2019 წლის 21 დეკემბრიდან 2020 წლის 23 ივლისის ჩათვლით პატიმრობაში ყოფნის ვადის გათვალისწინებით, ჩაეთვალა მოხდილად და დაუყოვნებლივ გათავისუფლდა პენიტენციური დაწესებულებიდან.
3. აღნიშნული განაჩენი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 16 მარტის განაჩენით შეიცვალა: რ. კ-ე ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში; რ. კ-ის ქმედება საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტიდან (2019 წლის 21 დეკემბრის ეპიზოდი) გადაკვალიფიცირდა სსკ-ის 126-ე მუხლის 11-ლი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე; რ. კ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 11-ლი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით – 1 წლით, 181-ე მუხლის 1-ლი ნაწილით კი – 2 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი და რ. კ-ეს დანაშაულთა ერთობლიობით, საბოლოოდ განესაზღვრა 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყო 2019 წლის 21 დეკემბრიდან. განაჩენი დანარჩენ ნაწილში დარჩა უცვლელად.
4. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ რ. კ-ემ და ბ. კ-ემ ჩაიდინეს ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი ჯგუფურად; რ. კ-ემ ასევე ჩაიდინა გამოძალვა, ე.ი. სხვისი ნივთის გადაცემის მოთხოვნა, რასაც ერთვის დაზარალებულის მიმართ ძალადობის გამოყენების მუქარა, რომელმაც არსებითად დააზიანა დაზარალებულის უფლება.
5. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა ბრალდების მხარემ. წარმოდგენილი საკასაციო საჩივრით პროკურორი რამაზ შანიძე ითხოვს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 16 მარტის განაჩენში ცვლილების შეტანას: რ. კ-ისა და ბ. კ-ის დამნაშავეებად ცნობას საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, რ. კ-ის დამნაშავედ ცნობას ასევე 151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, 181-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და ორივე მსჯავრდებულისათვის სასჯელის სახედ ვადიანი თავისუფლების აღკვეთის განსაზღვრას.
6. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
7. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.
8. საკასაციო სასამართლო ვერ დაეთანხმება ბრალდების საკასაციო საჩივრის მოსაზრებას იმასთან დაკავშირებით, რომ სააპელაციო სასამართლომ დაადგინა უკანონო განაჩენი. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ წარმოდგენილი სისხლის სამართლის საქმის მასალებში არ მოიპოვება ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა დაადასტურებდა რ. კ-ის მიერ მუქარის ჩადენას. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ქმედების საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლით დაკვალიფიცირებისათვის კუმულატიურად უნდა დადგინდეს როგორც სიცოცხლის მოსპობის, ჯანმრთელობის დაზიანების ანდა ქონების განადგურების მუქარის, ისე მისი განხორციელების საფუძვლიანი შიშის არსებობის ფაქტები. მუქარის შემადგენლობის ერთ-ერთი მთავარი ელემენტია საფუძვლიანი შიშის გაჩენა, რაც მნიშვნელოვანწილად თავად დაზარალებულის ჩვენებას ეყრდნობა. მოცემულმა პირმა უნდა მიუთითოს, თუ როგორ აღიქვა მუქარის შინაარსი, გაუჩნდა თუ არა მისი აღსრულების საფუძვლიანი შიში. სიცოცხლის მოსპობის, ჯანმრთელობის დაზიანების ანდა ქონების განადგურების მუქარა, ცალკე აღებული, ვერ გამოიწვევს პირის დასჯადობას, აღწერილი უკანონო ქმედებების მიმართ დაზარალებულის სუბიექტური დამოკიდებულების გამჟღავნების გარეშე. ამდენად, საფუძვლიანი შიშის რეალურობის შეფასების დროს მთავარ დასაყრდენს დაზარალებულის ჩვენება წარმოადგენს.
9. გასათვალისწინებელია, რომ მუქარის ეპიზოდში დაზარალებულმა ვ. ქ-ემ საერთოდ უარყო რ. კ-ის მხრიდან მის მიმართ მუქარის ჩადენა. შესაბამისად, საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლომ საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით ბრალდების ნაწილში ეჭვი სწორად გადაწყვიტა მსჯავრდებულის სასარგებლოდ (მაგალითისათვის იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებები: №65აპ-20, №515აპ-20, №140აპ-21, №682აპ-21).
10. გარდა ამისა, საკასაციო პალატა არ იზიარებს სახელმწიფო ბრალმდებლის საჩივრის მოტივებს, რომ გასაჩივრებული განაჩენი საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლით წარდგენილი ბრალდების გადაკვალიფიცირების ნაწილშიც უკანონოა და სრულად ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას რ. კ-ისა და ბ. კ-ის ქმედებათა კვალიფიკაციისა და სასჯელების განსაზღვრის ნაწილში, რადგან საქმეში არსებული მტკიცებულებების ერთობლიობით არ დასტურდება მსჯავრდებულთა მიერ ყაჩაღობის ჯგუფურად ჩადენა. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ რ. კ-ისა და ბ. კ-ის ქმედება წარმოადგენს ცემას, ხოლო რ. კ-ის ქმედება ასევე – გამოძალვას, ვინაიდან მათ მიერ ჩადენილი ქმედება არ იძლევა ყაჩაღობის შემადგენლობას (მაგალითისათვის იხ. №752აპ-09).
11. სასამართლო ითვალისწინებს, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების ვალდებულება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას. აღნიშნული ზედა ინსტანციის სასამართლოებს უფლებას აძლევს, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ., ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე: „ჰირვისაარი ფინეთის წინააღმდეგ“ (Hirvisaari v. Finland, ECtHR, N49684/99, §30, 25/12/2001)). მოკლე მსჯელობა საჩივრის დაუშვებლად ცნობის შესახებ – ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (იხ.,ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე: „გოროუ საბერძნეთის წინააღმდეგ“ (Gorou v. Greece (No. 2) ECtHR, N 12686/03, §37, §41, 20/03/2009), „ქადაგიშვილი საქართველოს წინააღმდეგ“ (Kadagishvili v Georgia, no. 12391/06, §175, ECtHR, 14/05/2020)).
12. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პროკურორის საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი, ვინაიდან კასატორის მიერ მითითებული საფუძვლები არ შეესაბამება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით დადგენილ არცერთ წინაპირობას.
13. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ხელვაჩაურის რაიონული პროკურატურის პროკურორ რამაზ შანიძის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად;
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. გაბინაშვილი
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
მ. ვასაძე