ას-661-1308-03 29 იანვარი, 2004 წ., ქ.თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: მ. ახალაძე (თავმჯდომარე),
ქ. გაბელაია,
თ. კობახიძე
დავის საგანი: ბრძანების ბათილად ცნობა და კანონით გათვალისწინებული შეღავათების აღდგენა.
აღწერილობითი ნაწილი:
ბ. გ-ემ სარჩელით მიმართა სასამართლოს სს «ს-ის» მიმართ და მიუთითა, რომ იგი მე-2 მსოფლიო ომის ვეტერანია, «ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანთა შესახებ» კანონის მე-14 მუხლის მე-9 პუნქტის შესაბამისად, გათავისუფლებულია ტელეფონით სარგებლობის გადახდისაგან, გარდა საერთაშორისო და საქალაქთაშორისო საუბრებისა, თუ ამ მომსახურებას სახელმწიფო ასრულებს. მე-15 მუხლის მე-9 ნაწილის, მე-16 მუხლის მე-7 ნაწილისა და მე-17 მუხლის მე-9 ნაწილის თანახმად, ტელეფონის სააბონენტო გადასახადს მეორე მსოფლიო ომის მონაწილეები, მათთან გათანაბრებული პირები და სამხედრო ძალების ვეტერანები იხდიან 50%-ის ოდენობით, ასევე მიუთითა, რომ სს «ს-ის» გენერალური დირექტორის ბრძანების მიხედვით, აღნიშნული შეღავათები იგნორირებულ იქნა. კასატორმა მოითხოვა სს «ს-ის» 2001წ. 19 დეკემბრის ¹1/182 ბრძანების ბათილად ცნობა და კანონით გათვალისწინებული შეღავათების აღდგენა ომის ვეტერანთა მიმართ.
ქ. თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2002წ. 4 სექტემბრის გადაწყვეტილებით ბ. გ-ეს უარი ეთქვა ომის ვეტერანთა შეღავათების გავრცელებაზე «ს-ის» მომსახურებასა და სასამართლოს ხარჯების სახით «ს-ზე» 600 ლარის დაკისრებაზე. არ დაკმაყოფილდა სარჩელი «ს-ის» გენერალური დირექტორის 2001წ. 19 დეკემბრის ბრძანების ბათილად ცნობის შესახებ.
რაიონულმა სასამართლომ გადაწყვეტილება გამოიტანა შემდეგი საფუძვლით: მიიჩნია, რომ მოპასუხე მხარე არ წარმოადგენს სახელმწიფო ორგანიზაციას და აქედან გამომდინარე, საჯარო სამართლის იურიდიულ პირს, იგი სააქციო საზოგადოებაა და ეს ორგანიზაცია კერძო სამართლის იურიდიული პირია. ჩათვალა, რომ მოპასუხე ორგანიზაცია შექმნილია «მეწარმეთა შესახებ» კანონის საფუძველზე და მისი დირექტორის მიერ გამოცემული ბრძანება არ ჩაითვლება ნორმატიულ აქტად.
ქ. თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი შეიტანა ბ. გ-ემ.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 18 ივნისის განჩინებით ბ. გ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2002წ. 4 სექტემბრის გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად. სააპელაციო სასამართლომ განჩინება გამოიტანა შემდეგი საფუძვლით: მიიჩნია, რომ სს «ს-ი», მართალია, დაფუძნებულია სახელმწიფოს მიერ 100% წილის უფლებით, მაგრამ ის, როგორც სააქციო საზოგადოება არ წარმოადგენს სახელმწიფო დაწესებულებას, არ ფინანსდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან, პასუხისმგებელი არ არის სახელმწიფოს ვალდებულებებზე, არის კერძო სამართლის სუბიექტი და, შესაბამისად, მას არ ეკისრება კანონით დადგენილი შეღავათების გავრცელება ომის ვეტერანებზე.
სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე საკასაციო საჩივარი შეიტანა ბ. გ-ემ, რომლითაც მოითხოვა განჩინების გაუქმება შემდეგ გარემოებათა გამო: სააპელაციო პალატის განჩინება დაუსაბუთებელია, კერძოდ, პალატამ არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ სს «ს-ი» შექმნილია სახელმწიფოს მიერ, მისი აქციების 100% სახელმწიფოს ეკუთვნის და არის სახელმწიფო დაწესებულება.
სამოტივაციო ნაწილი:
პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, საკასაციო საჩივრის საფუძვლები და თვლის, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, შესაბამისად, უცვლელად უნდა დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის გასაჩივრებული განჩინება შემდეგ გარემოებათა გამო: სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილია ფაქტობრივი გარემოება, რომ მოპასუხე სს «ს-ი» არის კერძო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც დაფუძნებულია სახელმწიფოს მიერ და სახელმწიფოს წილი საწესდებო კაპიტალში შეადგენს 100%-ს. პალატა ვერ გაიზიარებს კასატორის მოსაზრებას, იმის შესახებ, რომ რადგან სააქციო საზოგადოებაში 100%-იანი წილი ეკუთვნის სახელმწიფოს, იგი ვალდებულია, «ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანთა შესახებ კანონის» მე-14, მე-15 მუხლების თანახმად, გაავრცელოს შეღავათები ტელეფონის სააბონენტო გადასახადებზე. პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას, რომ სს «ს-ი» არ წარმოადგენს სახელმწიფო დაწესებულებას, არ ფინანსდება სახელმწიფო ბიუჯეტით, ის პასუხისმგებელი არ არის სახელმწიფოს ვალდებულებაზე, კერძო სამართლის იურიდიული პირია და არ ევალება ზემოხსენებული კანონით დადგენილი შეღავათების გავრცელება ომის ვეტერანებზე.
პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვის დროს კანონი არ დარღვეულა, რის გამოც, გასაჩივრებული განჩინება უცვლელი უნდა დარჩეს.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ს 410-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ბ. გ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
უცვლელი დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 18 ივნისის განჩინება.
განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.