საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
№981აპ-19 ქ. თბილისი
კ-ი ს-ნ, 981აპ-19 11 ოქტომბერი, 2021 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მერაბ გაბინაშვილი (თავმჯდომარე),
შალვა თადუმაძე, ლევან თევზაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 16 ოქტომბრის განაჩენზე მარნეულის რაიონული პროკურატურის პროკურორ მადონა ურუშაძის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, ს. კ-ს ბრალად დაედო ადევნება, ე.ი. პირადად უკანონო თვალთვალით არასასურველი კომუნიკაციის დამყარება და სხვა განზრახი ქმედება, რომელიც სისტემატურად ხორციელდება და იწვევს პირის ფსიქიკურ ტანჯვას, რაც პირს ცხოვრების წესის მნიშვნელოვნად შეცვლის რეალურ საჭიროებას უქმნის. აღნიშნული ქმედება გამოიხატა შემდეგში:
· 2018 წლის დეკემბრიდან 2019 წლის 6 თებერვლამდე პერიოდში წ-ის მუნიციპალიტეტის სოფელ ს-ში ს. კ-მა უკანონო თვალთვალითა და სასქესო ორგანოს სისტემატური ჩვენებით არასასურველი კომუნიკაცია დაამყარა თავისი მეზობლების – ი. ა-ისა და ე. ბ-ას მიმართ, რითაც მათ მიაყენა ფსიქიკური ტანჯვა და შექმნა დაზარალებულის ცხოვრების წესის მნიშვნელოვნად შეცვლის რეალური საჭიროება.
2. თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს 2019 წლის 25 ივნისის განაჩენით ს. კ-ი, – დაბადებული 19-- წელს, ნასამართლობის არმქონე, – ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 1511-ე მუხლის 1-ლი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში. გამართლებული დაუყოვნებლივ გათავისუფლდა პატიმრობიდან სასამართლო სხდომის დარბაზში და განემარტა, რომ უფლება აქვს, საქართველოს სსსკ-ის 92-ე მუხლით დადგენილი წესით მოითხოვოს მიყენებული ზიანის ანაზღაურება.
3. აღნიშნული განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 16 ოქტომბრის განაჩენით დარჩა უცვლელად.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა ბრალდების მხარემ. წარმოდგენილი საკასაციო საჩივრით პროკურორი მადონა ურუშაძე ითხოვს გასაჩივრებული გამამართლებელი განაჩენის გაუქმებას, ს. კ-ის დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 1511-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და მისთვის მკაცრი, სამართლიანი და კანონიერი სასჯელის განსაზღვრას.
5. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
6. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი. ამასთან, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას (მაგალითისათვის იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება №725აპ-19).
7. საკასაციო პალატა ვერ დაეთანხმება პროკურორის მითითებას, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება უკანონოა. სააპელაციო პალატის გადაწყვეტილებაში მითითებულია იმ მოტივებზე, რომელთა საფუძველზეც სასამართლომ მიიჩნია, რომ ბრალდების მხარემ ვერ წარმოადგინა ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლითაც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადასტურდებოდა ს. კ-ის ბრალეულობა. საკასაციო პალატა სრულად იზიარებს გასაჩივრებული განაჩენის მოტივაციას და მიაჩნია, რომ ყოველგვარი ეჭვი, საყოველთაოდ აღიარებული პრინციპის - „in dubio pro reo - ს“ გათვალისწინებით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.
8. პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებები და წარმოდგენილი მტკიცებულებები სრულყოფილად და ობიექტურად შეაფასა, ასევე ამომწურავად იმსჯელა ყველა იმ საკითხზე, რაზეც საკასაციო საჩივარში აპელირებს პროკურორი და რასაც საკასაციო პალატაც ეთანხმება, ხოლო რაიმე სხვა გარემოებაზე, რაც საკასაციო პალატის შეფასების საგანი გახდებოდა, ბრალდების მხარე საჩივარში არ უთითებს.
9. საქართველოს სსსკ-ის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დებულებით არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების მიხედვით, არავინ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა, ხოლო იმავე კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილისა და 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას.
10. ამდენად, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში ქვედა ინსტანციების სასამართლოებმა ეჭვი სწორად გადაწყვიტეს ბრალდებულის სასარგებლოდ და ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული გარემოებები, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
11. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მარნეულის რაიონული პროკურატურის პროკურორ მადონა ურუშაძის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად;
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. გაბინაშვილი
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
ლ. თევზაძე