Facebook Twitter

ას-662-1311-03 30 იანვარი, 2004 წ., ქ.თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე),

რ. ნადირიანი,

თ. კობახიძე

სარჩელის საგანი: ფულადი ვალდებულების შესრულება.

აღწერილობითი ნაწილი:

სს «თ-მა” სარჩელი აღძრა მ. ქ-ის მიმართ და მოითხოვა 246400 აშშ დოლარის გადახდა.

მოსარჩელის განმარტებით, 1998წ. 31 მაისს მოდავე მხარეებს შორის გაფორმდა საკრედიტო ხელშეკრულება ¹310598/3 154000 აშშ დოლარზე. კრედიტით სარგებლობითვის მ. ქ-ეს ბანკისთვის უნდა გადაეხადა წლიური 24%, ხოლო ვადაგადაცილების შემთხვევაში _ გაორმაგებული 48%. სესხის დაბრუნების საბოლოო ვადად დადგინდა 1999წ. 31 მაისი. კრედიტი უზრუნველყოფილი იყო მსესხებლის უძრავ-მოძრავი ქონებითა და აქტივით.

სახელშეკრულებო ვალდებულება მსესხებელმა არ შეასრულა. დღევანდელი მდგომარეობით მოპასუხეს ერიცხება სესხი 154000 აშშ დოლარი და დარიცხული პროცენტი _ 92400 აშშ დოლარი.

მოპასუხე მ. ქ-ე მთავარ სხდომაზე არ გამოცხადდა. მოსარჩელის წარმომადგენელმა მოითხოვა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა და სარჩელის დაკმაყოფილება.

სასამართლო კოლეგიამ უდავოდ დადგენილად ცნო, რომ 1998წ. 31 მაისს მხარეებს შორის გაფორმდა საკრედიტო ხელშეკრულება. მოპასუხემ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება არ შეასრულა. მოსარჩელეს ვალდებულების შესრულების მოთხოვნის უფლება წარმოეშვა 1999წ. 31 მაისს და სკ-ს 129-ე მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, მოთხოვნის უფლება ჰქონდა 3 წლის განმავლობაში – 2002წ. 31 მაისამდე. მოსარჩელემ სარჩელი აღძრა 2003წ. 7 მარტს.

სასამართლომ ასევე დადგენილად ცნო, რომ სკ-ს მე-4 კარის მე-2 თავითYგათვალისწინებული ხანდაზმულობის ვადის დინების შეჩერების ან შეწვეტის საფუძვლები არ არსებობს და არც მხარეს მიუთითებია ისეთ გარემოებაზე, რომელიც შეაჩერებდა ან შეწყვეტდა ხანდაზმულობის ვადის დინებას.

აღნიშნულიდან გამომდინარე, თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო და სამეწარმეო საქმეთა კოლეგიამ 2003წ. 21 ივლისის გადაწყვეტილებით სს «თ-ს” უარი უთხრა სარჩელის დაკმაყოფილებაზე.

აღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა სს «თ-ის” ლიკვიდატორმა, რომელიც მოითხოვს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებას და ახალი გადაწყვეტილებით მისი სარჩელის დაკმაყოფილებას იმ საფუძვლით, რომ გადაწყვეტილება იურიდიულად დაუსაბუთებელია. კასატორის განმარტებით, სასამართლომ არ გამოიყენა სკ-ს 140-ე და 141-ე მუხლები, რომლებიც უნდა გამოეყენებინა.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები და თვლის, რომ საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სსკ-ს 394-ე მუხლის «ე” პუნქტის თანახმად, გადაწყვეტილება ყოველთვის ჩაითვლება კანონის დარღვევით მიღებულად, თუ გადაწყვეტილება იურიდიულად არ არის საკმაოდ დასაბუთებული, ან დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ გადაწყვეტილების სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია.

საკასაციო პალატა იზიარებს კასატორის მოსაზრებას იმის შესახებ, რომ საოლქო სასამართლოს გადაწყვეტილება არ არის საკმაოდ დასაბუთებული, რაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველს წარმოადგენს.

საკასაციო პალატა არ ეთანხმება გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში მითითებულ მოსაზრებას იმის შესახებ, რომ მოსარჩელეს არ მიუთითებია ისეთ გარემოებებზე, რომელიც შეაჩერებდა ან შეწყვეტდა ხანდაზმულობის ვადის დინებას.

მოსარჩელე სარჩელში მიუთითებდა, რომ მხარეთა შორის 1999წ. 8 ივნისს გაფორმებული ცესიის ხელშეკრულებით შეჩერდა სესხის ხელშეკრულების მოქმედება. აღნიშნული გარემოება სასამართლოს არ განუხილავს და ამ მიმართებით არ არის დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები.

საქმის ხელახლა განმხილველმა სასამართლომ საქმის ხელახლა განხილვისას სრულად უნდა დაადგინოს საქმის ფაქტობრივი გარემოებები და სსკ-ს 249-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში აღნიშნოს მტკიცებულებანი, რომლებსაც ემყარება სასამართლოს დასკვნები და მოსაზრებანი, რითაც უარყოფს ამა თუ იმ მტკიცებულებას. ასევე სასამართლომ ამავე კოდექსის 222-ე მუხლის შესაბამისად, მხარეებს უნდა მისცეს შეკითხვები, რომლებიც ხელს შეუწყობენ საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებათა სრულად და ზუსტად განსაზღვრას, ამ გარემოებების დასადასტურებლად მტკიცებულებათა გამოვლენასა და სასამართლოში წარდგენას, მათი უტყუარობის გამორკვევას.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ს 412-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

გაუქმდეს ამ საქმეზე თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო და სამეწარმეო საქმეთა კოლეგიის 2003წ. 21 ივლისის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.

განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.