საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
№357აპ-21 ქ. თბილისი
კ-ი ნ-ზ, 357აპ-21 1 ოქტომბერი, 2021 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მერაბ გაბინაშვილი (თავმჯდომარე),
შალვა თადუმაძე, ლევან თევზაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 5 მარტის განაჩენზე ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორ პაატა ცეცხლაძის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, ნ. კ-ს ბრალად დაედო: ოჯახის წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში (2 ეპიზოდი); ოჯახის წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, ჩადენილი ორსული ქალის მიმართ (2 ეპიზოდი); ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ დამცავი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობა.
2. აღნიშნული ქმედებები გამოიხატა შემდეგში:
· 2020 წლის 30 ივნისს, დღის საათებში, ნ. კ-მა თავისი ოჯახის წევრის მიმართ ჩაიდინა მუქარა, კერძოდ, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ ლ. დ-ეს, რომელთანაც ეწეოდა ერთიან საოჯახო მეურნეობას, დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით, რის გამოც დაზარალებულს ბ-ში, ლ-ის ქ. №--ში, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
· 2020 წლის 30 ივნისს ა-ის ავტონომიური რესპუბლიკის პოლიციის დეპარტამენტის ბათუმის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მ- განყოფილებამ ნ. კ-ის მიმართ 30 დღით გამოსცა შემაკავებელი ორდერი №--, რომლითაც მას, როგორც მოძალადეს, აეკრძალა მსხვერპლის, თავისი ოჯახის წევრის, კერძოდ, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი მეუღლის – ლ. დ-ის, ვისთან ერთადაც ეწეოდა ერთიან საოჯახო მეურნეობას, იმ სახლთან მიახლოება, სადაც მსხვერპლი ცხოვრობს, მსხვერპლთან, მის სამსახურსა და იმ ადგილებთან მიახლოება, სადაც მსხვერპლი იმყოფება, მასთან ნებისმიერი სახის კომუნიკაცია, ტელეფონის, სოციალური ქსელისა და სხვა ტექნიკური საშუალების გამოყენებით. მიუხედავად ამისა, 2020 წლის ივლისის დასაწყისში ნ. კ-მა ბ-ში, ა-ას ქ. №--ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, დაამყარა კომუნიკაცია ლ. დ-ესთან, რითიც დაარღვია №- შემაკავებელი ორდერის მოთხოვნები და ვალდებულებები.
· 2020 წლის ივლისის დასაწყისში ბ-ში, ა-ას ქ. №--ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, ნ. კ-მა თავისი ოჯახის წევრის მიმართ განახორციელა მუქარა, კერძოდ, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ ლ. დ-ეს, რომელთანაც ეწეოდა ერთიან საოჯახო მეურნეობას, დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით, რის გამოც დაზარალებულს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
· 2020 წლის 6 აგვისტოს, საღამოს საათებში, ბ-ში, ა-ას ქ. №--ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, ნ. კ-მა წინასწარი შეცნობით ორსული ოჯახის წევრის მიმართ ჩაიდინა მუქარა, კერძოდ, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ ლ. დ-ეს, რომელთანაც ეწეოდა ერთიან საოჯახო მეურნეობას, დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით, რის გამოც დაზარალებულს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
· 2020 წლის 8 აგვისტოს, საღამოს საათებში, ბ-ში, ლ-ის ქ. №-, ბინა №--ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, ნ. კ-მა წინასწარი შეცნობით ორსული ოჯახის წევრის მიმართ ჩაიდინა მუქარა, კერძოდ, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ ლ. დ-ეს, რომელთანაც ეწეოდა ერთიან საოჯახო მეურნეობას, დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით, რის გამოც დაზარალებულს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
2. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 15 დეკემბრის განაჩენით ნ. კ-ი, – დაბადებული 19-- წელს, ნასამართლევი, – ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტითა (2020 წლის 30 ივნისისა და 2020 წლის ივლისის ეპიზოდები) და 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“, „დ“ ქვეპუნქტებით (2020 წლის 6 აგვისტოსა და იმავე წლის 8 აგვისტოს ეპიზოდები) წარდგენილ ბრალდებებში; ნ. კ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 111,3811-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და მიესაჯა 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, რამაც, საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, შთანთქა წინა – რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 12 თებერვლის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი და განაჩენთა ერთობლიობით, საბოლოოდ განესაზღვრა 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყო 2020 წლის 10 აგვისტოდან.
3. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 5 მარტის განაჩენით ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 15 დეკემბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.
4. აღნიშნული განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორმა პაატა ცეცხლაძემ. კასატორი ითხოვს გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანას, ნ. კ-ის დამნაშავედ ცნობას ასევე საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტითა (2020 წლის 30 ივნისისა და 2020 წლის ივლისის ეპიზოდები) და 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“, „დ“ ქვეპუნქტებით (2020 წლის 6 აგვისტოსა და იმავე წლის 8 აგვისტოს ეპიზოდები) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში და მისთვის მკაცრი, სამართლიანი და კანონიერი სასჯელის განსაზღვრას.
5. მსჯავრდებულ ნ. კ-ის ინტერესების დამცველი, ადვოკატი მ. ზ. შესაგებლით ითხოვს პროკურორის საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობასა და გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვებას.
6. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
7. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი. ამასთან, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას.
8. საკასაციო სასამართლო ვერ დაეთანხმება ბრალდების საკასაციო საჩივრის მოსაზრებას იმასთან დაკავშირებით, რომ სააპელაციო სასამართლომ დაადგინა უკანონო და დაუსაბუთებელი განაჩენი. საკასაციო პალატის აზრით, სააპელაციო პალატის გადაწყვეტილებაში მითითებულია იმ მოტივებზე, რომელთა საფუძველზეც სასამართლომ მიიჩნია, რომ ნ. კ-ის საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტითა (2020 წლის 30 ივნისისა და 2020 წლის ივლისის ეპიზოდები) და 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“, „დ“ ქვეპუნქტებით (2020 წლის 6 აგვისტოსა და იმავე წლის 8 აგვისტოს ეპიზოდები) მსჯავრდებისათვის არ არსებობს გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი. დაზარალებულმა ლ. დ-ემ მოწმის სახით დაკითხვისას განაცხადა, რომ მეუღლე მას მხოლოდ შერიგებასა და ერთად ცხოვრებას სთხოვდა და არ დამუქრებია; თვითონ პოლიციისათვის არ შეუტყობინებია დანაშაულის შესახებ; პოლიციის განყოფილებაში მოატყუეს და რაღაცაზე ისე მოაწერინეს ხელი, რომ არ წაუკითხავს; შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული ხელშეუხებლობა იცის, მაგრამ თვითონ ჩააკითხა მეუღლეს სასაუბროდ, რომელთანაც ამჟამად შერიგებულია და ერთად ცხოვრობენ. ბრალდებულმა ნ. კ-მა სასამართლოს განუმარტა, რომ მეუღლეს არ დამუქრებია; შემაკავებელი ორდერის შესახებ მისთვის ცნობილი იყო, თუმცა, რადგან თავად ლ-ს სურდა შეხვედრა, ამიტომ დასთანხმდა და სასაუბროდ შეხვდნენ თავისი დის სახლში; ლ-ს მისი რომ შინებოდა, არ მივიდოდა სასაუბროდ.
9. ამდენად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ნ. კ-ის საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტითა (2020 წლის 30 ივნისისა და 2020 წლის ივლისის ეპიზოდები) და 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“, „დ“ ქვეპუნქტებით (2020 წლის 6 აგვისტოსა და იმავე წლის 8 აგვისტოს ეპიზოდები) ბრალეულობის დასადასტურებლად ბრალდების მხარეს არ წარმოუდგენია პირდაპირ მტკიცებულებათა ერთობლიობა. შესაბამისად, ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა ბრალდების ამ ნაწილში ეჭვი სწორად გადაწყვიტეს ბრალდებულის სასარგებლოდ.
10. რაც შეეხება სასჯელს, სასამართლო სასჯელის სამართლიანობას აფასებს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით, შესაბამისად, განსაზღვრული სასჯელი უნდა იყოს მკაცრად პერსონალური, თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან. საკასაციო პალატის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლომ მსჯავრდებულ ნ. კ-ს, მისი პიროვნული მახასიათებლების, ასევე – პასუხისმგებლობის დამამძიმებელი და შემამსუბუქებელი გარემოებების მხედველობაში მიღებით, განუსაზღვრა საქართველოს სსკ-ის 111,3811-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული სასჯელი, რომელიც შეესაბამება საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილითა და 39-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დადგენილ სასჯელის დანიშვნის ზოგადსავალდებულო მოთხოვნებსა და სასჯელის მიზნებს.
11. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არ მოიპოვება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული რომელიმე საფუძველი, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
12. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო სასამართლომ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორ პაატა ცეცხლაძის საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნეს ცნობილი;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე მ. გაბინაშვილი
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
ლ. თევზაძე