Facebook Twitter

ას-663-929-04 28 ივლისი, 2004 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: მ. ახალაძე (თავმჯდომარე),

მ. ცისკაძე,

ქ. გაბელაია

დავის საგანი: სარჩოს გადაანგარიშება.

აღწერილობითი ნაწილი:

ო. თ.-ე მუშაობდა ოზურგეთში მაღაროთა სამმართველოში (ამჟამად შპს “ა.-ა”) თიხის შემფუთავ საამქროში მუშად. მან 1964 წელს მიიღო პროფესიული დაავადება, შრომის უნარი დაკარგა 80%-ით, დაენიშნა პენსია და სარჩო. მას შპს “ა.-ა” უხდის 42,64 ლარს ყოველთვიურად. ო თ.-მ 2003წ. ოქტომბერში სარჩელი აღძრა სასამართლოში მოპასუხე შპს “ა.-ს” მიმართ და მოითხოვა დანიშნული სარჩოს გადაანგარიშება, რადგან იმავე თანრიგის მუშის – ვ. ჟ.-ის ხელფასი 2000წ. ოქტომბერში შეადგენდა 110 ლარს, რომლის 80% ე.ი 88 ლარი მოსარჩელეს სარჩოს სახით უნდა მიეღო.

ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2003წ. 30 დეკემბრის გადაწყვეტილებით ო. თ.-ის სარჩელი დაკმაყოფილდა. მოპასუხე შპს “ა.-ს” დაეკისრა მოსარჩელის სასარგებლოდ შრომითი მოვალეობის შესრულებისას ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენების შედეგად ზიანის ანაზღაურება განსაზღვრული სარჩოს გადაანგარიშებით 2001წ. იანვრიდან 2003წ. აგვისტოს ჩათვლით 867 ლარის ოდენობით, ხოლო 2003წ. სექტემბრიდან ყოველთვიური სარჩოს გაცემა შრომის ანაზღაურების დონის ცვლილებების შესაბამისად, არანაკლებ სასამართლოს გადაწყვეტილებით დადგენილი ყოველთვიური სარჩოს ოდენობისა. მოპასუხე შპს “ა.-ს” დაეკისრა საპროცესო ხარჯები მოსარჩელე ო. თ.-ის იურიდიული მომსახურეობისათვის 150 ლარი.

შპს “ა.-ს” დირექტორმა სააპელაციო საჩივარი შეიტანა რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებაზე.

ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატამ 2004წ. 16 აპრილის გადაწყვეტილებით შპს “ა.-ს” სააპელაციო საჩივარი დააკმაყოფილა ნაწილობრივ. ნაწილობრივ გაუქმდა ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2003წ. 30 დეკემბრის გადაწყვეტილება და მიიღო ახალი გადაწყვეტილება. ო. თ.-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. შპს “ა.-ს” ო. თ.-ის სასარგებლოდ დაეკისრა მიუღებელი სარჩოს სახით ერთჯერადად 60,20 ლარის გადახდა. ო. თ.-ის სარჩელი სხვა ნაწილში არ დაკმაყოფილდა.

სააპელაციო პალატის გადაწყვეტილება ეფუძნება შემდეგ მოტივებს: ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 1999წ. 13 დეკემბრის გადაწყვეტილებით ო. თ.-ს განესაზღვრა სარჩო 42,64 ლარი ყოველთვიურად მდგომარეობს შეცვლამდე. საქართველოს პრეზიდენტის 1999წ. 9 თებერვლის ¹48 ბრძანებულების მე-12 პუნქტის შესაბამისად მას 2002წ. 1 ივლისამდე სარჩო ერიცხებოდა შპს “ა.-ს” თიხის შემფუთავი საამქროს მუშის ვ. ჟ.-ის ყოველთვიური სახელფასო გამომუშავების 80%-ის ოდენობით, მაგრამ არანაკლებ 1999წ. 13 დეკემბრის გადაწყვეტილებით დანიშნული სარჩოსი. შპს “ა.-ს” დირექტორის 2002წ. 1 ივლისის ¹50ა ბრძანებით, საწარმოში თიხის საფქვავ ქარხანაში გამოშვებული პროდუქციის ტექნოლოგიური რეჟიმის შეცვლის გამო, თიხის საფქვავი ქარხნის შემფუთავი საამქროს მუშები გ. დ.-ე და ვ. ჟ.-ი გადაყვანილნი იქნენ ქარხნის ცვლის მეაპარატედ, ხოლო ნ. ს.-ე – რკინიგზის ჩიხის სარემონტო სამუშაოების მუშად. სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა ო. თ.-ის განმარტება იმის შესახებ, რომ შპს “ა.-ს” თიხის საფქვავი ქარხნის შემფუთავი საამქროს მუშა და ამავე ქარხნის ცვლის მეაპარატე ერთი და იგივე თანრიგის მუშას წარმოადგენს, რადგან აღნიშნულის დამადასტურებელი მტკიცებულება საქმეში არ მოიპოვება. სსკ-ის 102-ე მუხლის თანახმად კი თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომელზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებს. მოსარჩელემ ვერ შეძლო ამ მტკიცებულების წარმოდგენა და მისი მოთხოვნა – 2002წ. 1 ივლისიდან ვ. ჟ.-ის, როგორც ქარხნის ცვლის მეაპარატის ხელფასის 80%-ის სარჩოს სახით დანიშვნის თაობაზე უსაფუძვლოდ მიიჩნია. სააპელაციო პალატამ დადგენილად ჩათვალა, რომ ო. თ.-ს 2002წ. იანვარში, თებერვლაში, ივნისში და ივლისში მიღებული აქვს ვ. ჟ.-ის მიერ სრულად გამომუშავებული წინა თვის ხელფასების 80%-ზე ნაკლები ოდენობის სარჩო, რომლის სხვაობაც შეადგენს 60 ლარს და 20 თეთრს. ამიტომ სასამართლომ ო. თ.-ის მოთხოვნა აღნიშნული სხვაობის გადახდის ნაწილში საფუძვლიანად მიიჩნია.

სააპელაციო პალატის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ო. თ.-მ, რომელმაც მოითხოვა პალატის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება. მისი საკასაციო საჩივარი ეფუძნება შემდეგ მოტივებს: ვინაიდან ამჟამად არ მუშაობს არც შემფუთავი საამქრო და არც თიხის საფქვავი ქარხანა, კასატორმა მოითხოვა საქართველოს პრეზიდენტის 1999წ. 9 თებერვლის ¹48 ბრძანებულების მე-11 პუნქტის შესაბამისად სარჩო შრომის ანაზღაურების ათმაგი ოდენობიდან. სასამართლომ ისე დააკისრა მოპასუხეს მის სასარგებლოდ სარჩოს სხვაობის ანაზღაურება, რომ მას ამის თაობაზე მოთხოვნა არ ჰქონია. სასამართლომ არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ შპს “ა.-ში” ამჟამადაც მუშაობენ ო. თ.-ის თანრიგის მქონე მუშები, რომლებსაც შრომის მაღალი ანაზღაურება აქვთ და მათი გაზრდილი ხელფასიდან უნდა მოეხდინა სასამართლოს სარჩოს დაანგარიშება.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო პალატა საქმის მასალების განხილვის, ო. თ.-ის საკასაციო საჩივრის მოტივების შემოწმების შედეგად თვლის, რომ საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს, სააპელაციო პალატის გადაწყვეტილება მოცემულ საქმეზე უნდა გაუქმდეს და ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდეს იმავე პალატას შემდეგი გარემოებების გამო:

როგორც საქმის მასალებით ირკვევა, ო. თ.-ე მუშაობდა ოზურგეთის რაიონის მაღაროთა სამმართველოს ასკანიტის თიხის ქარხნის თიხის შემფუთავ სააქმროში მუშად, მან 1964 წელს მიიღო საწარმოო ტრავმა და შრომის უნარი დაკარგა 80%-ით. სააპელაციო სასამართლომ ო. თ.-ის მოთხოვნა სარჩოს გადაანგარიშების შესახებ არ დაკმაყოფილდა იმ საფუძვლით, რომ შპს “ა.-ს” დირექტორის 2002წ. 1 ივლისის ¹50ა ბრძანებით, საწარმოში თიხის საფქვავ ქარხანაში გამოშვებული პროდუქციის ტექნოლოგიური რეჟიმის შეცვლის გამო, თიხის საფქვავი ქარხნის შემფუთავი საამქროს მუშები გ. დ.-ე და ვ. ჟ.-ი გადაყვანილნი იქნენ ქარხნის ცვლის მეაპარატედ, ხოლო ნ. ს.-ე – რკინიგზის ჩიხის სარემონტო სამუშაოების მუშად. სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა ო. თ.-ის განმარტება იმის შესახებ, რომ შპს “ა.-ს” თიხის საფქვავი ქარხნის შემფუთავი საამქროს მუშა და ამავე ქარხნის ცვლის მეპარატე ერთი და იგივე თანრიგის მუშას წარმოადგენს, რადგან აღნიშნულის დამადასტურებელი მტკიცებულება საქმეში არ მოიპოვება.

სააპელაციო პალატის 2004წ. 16 აპრილის სხდომაზე მოპასუხე ორგანიზაციის წარმომადგენელმა განმარტა, რომ თიხის საამქროს შემფუთავი მუშა და ცვლის მეაპარატე ერთმანეთისაგან განსხვავებული საქმიანობაა, მუშას თანრიგი არ სჭირდება და ო. თ.-ს თანრიგი არ ჰქონია. იმავე სასამართლო სხდომაზე მოსარჩელის წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ მოპასუხე ორგანიზაციამ არ მისცა ცნობა იმის შესახებ, რომ ცვლის მეაპარატე სხვა თანრიგის სამუშაოს წარმოადგენს.

ზემოაღნიშნული განმარტებებიდან გამომდინარე საკასაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლოს უნდა ემსჯელა სსკ-ის 103-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილით გათვალისწინებული უფლების გამოყენებაზე. ამ მუხლის პირველი ნაწილის მეორე წინადადების თანახმად სასამართლოს შეუძლია შესთავაზოს მხარეებს წარმოადგინონ დამატებითი მტკიცებულებები. ხოლო იმავე მუხლის მეორე ნაწილში აღნიშნულია, რომ თუ მხარეებმა ამა თუ იმ მიზეზით ვერ შეძლეს მტკიცებულებების უშუალოდ მიღება და სასამართლოში წარდგენა, მხარეთა შუამდგომლობით სასამართლოს შეუძლია თვითონ გამოითხოვოს მტკიცებულებები, ვისთანაც უნდა იყოს ისინი.

სააპელაციო სასამართლოს მოცემული დავის გადაწყვეტისას უნდა გამოეყენებინა საქართველოს პრეზიდენტის 1999წ. 9 თებერვლის ¹48 ბრძანებულების მე-11 პუნქტის “ბ” ქვეპუნქტი, რომლის თანახმად ზიანი ანაზღაურდება იმავე ან იგივე თანრიგის ნებისმიერი სპეციალობის მუშაკის ბოლო სამი თვის სრულად ნამუშევარი ფაქტობრივად მიღებული საშუალო ხელფასიდან იმ ოდენობით, რამდენი პროცენტითაც დაკარგული აქვს შრომის უნარის ხარისხი. თუ მოპასუხე ორგანიზაციის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე სააპელაციო სასამართლო დაადგენდა, რომ საწარმოში აღარ არსებობს ო. თ.-ისათვის მიკუთვნებული იმავე ან იგივე თანრიგის სამუშაო, მაშინ სასამართლოს ო. თ.-ის სარჩოს ოდენობის გადაანგარიშების სარჩელის საფუძვლიანობა უნდა შეემოწმებინა ზემოაღნიშნული ბრძანებულების მე-11 პუნქტის “გ” ქვეპუნქტის მიხედვით. ამ ნორმის თანახმად, თუ ორგანიზაციაში აღარ არსებობს დაზარალებულის ან იმავე თანრიგის პროფესიები და თანამდებობები, დაზარალებულს სარჩო განესაზღვრება სახელმწიფოს მიერ დადგენილი მინიმალური ხელფასის სამმაგი, ხოლო იმ ორგანიზაციებში, სადაც ხორციელდება ან განხორციელდა მის ბალანსზე არსებული ქონების 10 პროცენტზე მეტი ინვესტიცია, არსებული შრომის ანაზღაურების მინიმალური დონის ორმაგი ოდენობიდან.

ამდენად, ყოველივე ზემოაღნიშნული მიუთითებს იმაზე, რომ სააპელაციო პალატის გადაწყვეტილება იურიდიულად არ არის საკმაოდ დასაბუთებული, რის გამოც იგი სსკ-ის 394-ე მუხლის “ე” ქვეპუნქტის შესაბამისად კანონის დარღვევით მიღებულად უნდა ჩაითვალოს.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ის 412–ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

ო. თ.-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს.

გაუქმდეს მოცემულ საქმეზე ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 16 აპრილის გადაწყვეტილება და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდეს იმავე პალატას.

საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება