Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრების დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

№716აპ-21 ქ. თბილისი

მ-ი ი-ა, 716აპ-21 13 ოქტომბერი, 2021 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მერაბ გაბინაშვილი (თავმჯდომარე),

შალვა თადუმაძე, ლევან თევზაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 15 ივლისის განაჩენზე მსჯავრდებულ ი. მ-ისა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ ლ. ჯ-ის საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2021 წლის 14 მაისის განაჩენით ი. მ-ი, – დაბადებული 19-- წელს, – ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 344-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2 ეპიზოდი) და მიესაჯა თავისუფლების აღკვეთა 4-4 წლით. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის თანახმად, სასჯელთა შთანთქმის პრინციპის გამოყენებით, დანაშაულთა ერთობლიობით, საბოლოოდ განესაზღვრა 4 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყო 2021 წლის 14 მაისიდან; მასვე სასჯელის ვადაში მოხდილად ჩაეთვალა დაკავებაში ყოფნის დრო – 2019 წლის 26 სექტემბრიდან იმავე წლის 28 ოქტომბრის ჩათვლით.

2. განაჩენით დადგენილადაა მიჩნეული, რომ ი. მ-მა ჩაიდინა საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონო გადაკვეთა (2 ეპიზოდი). აღნიშნული ქმედებები გამოიხატა შემდეგში:

· 2019 წლის 25-26 სექტემბერს, ზუსტი დრო დაუდგენელია, საქართველოს მოქალაქე ი. მ-მა უკანონოდ გადაკვეთა ს-ის სახელმწიფო საზღვარი და საქართველოდან გადავიდა ა-ში.

· 2019 წლის 26 სექტემბერს, ღამის საათებში, საქართველოს მოქალაქე ი. მ-მა, რომელიც იმყოფებოდა ა-ში, უკანონოდ გადმოკვეთა ლ-ის მუნიციპალიტეტის მიმდებარედ გამავალი ს-ის სახელმწიფო საზღვარი და ა-დან გადმოვიდა საქართველოში.

3. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 14 მაისის განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 15 ივლისის განაჩენით შეიცვალა: ი. მ-ს საქართველოს სსკ-ის 344-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2019 წლის 25-26 სექტემბრისა და იმავე წლის 26 სექტემბრის ეპიზოდები) მიესაჯა 3-3 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის თანახმად, სასჯელთა შთანთქმის პრინციპის გამოყენებით, დანაშაულთა ერთობლიობით, საბოლოოდ განესაზღვრა 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყო 2021 წლის 14 მაისიდან; მასვე სასჯელის ვადაში მოხდილად ჩაეთვალა დაკავებაში ყოფნის დრო – 2019 წლის 26 სექტემბრიდან იმავე წლის 28 ოქტომბრის ჩათვლით. განაჩენი დანარჩენ ნაწილში დარჩა უცვლელად.

4. მსჯავრდებული ი. მ-ი და მისი ინტერესების დამცველი, ადვოკატი ლ. ჯ-ი წარმოდგენილი საკასაციო საჩივრებით ითხოვენ გასაჩივრებული განაჩენის გაუქმებასა და ი. მ-ის მიმართ გამამართლებელი განაჩენის გამოტანას ან მსჯავრდებულისათვის არასაპატიმრო სასჯელის (ჯარიმის) განსაზღვრას.

5. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივრები და დაასკვნა, რომ ისინი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

6. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი. ამასთან, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას (მაგალითისათვის იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებები: №699აპ-17, №346აპ-19).

7. საკასაციო სასამართლოს შეფასებით, წარმოდგენილი საჩივრებისა და საქმის შესწავლის შედეგად არ არსებობს გარემოება, რის გამოც მოცემულ საქმეს არსებითი მნიშვნელობა ექნებოდა სამართლის განვითარების ან მსგავს საქმეებზე ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის. სააპელაციო სასამართლოს განაჩენში მითითებულია იმ მოტივებსა და მტკიცებულებებზე, რომლებმაც განაპირობეს ი. მ-ის დამნაშავედ ცნობა საქართველოს სსკ-ის 344-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2 ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებაში. საქმეში არის უტყუარი მტკიცებულებების საკმარისი ერთობლიობა ი. მ-ის დამნაშავედ ცნობისათვის, კერძოდ: მოწმეების – გ. ჩ-ის, ზ. ლ-ის, ბ. რ-ისა და ბ. ბ-ის ჩვენებებით, სატელეფონო შეტყობინების ოქმით, 2019 წლის 26 სექტემბრის წერილით, საქართველოს შსს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის საინფორმაციო ცენტრის წერილითა და სხვა მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადასტურებულია ი. მ-ის მიერ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონო გადაკვეთის ორივე ეპიზოდი. ყველა ზემოაღნიშნული მტკიცებულება ურთიერთთავსებადია და ისინი ერთობლივად ქმნიან დამაჯერებლობის ისეთ ხარისხს, რაც გარეშე ობიექტურ დამკვირვებელში გამორიცხავს მათ მიმართ გონივრული ეჭვის საფუძველს.

8. ამდენად, სასამართლომ საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებები და წარმოდგენილი მტკიცებულებები სრულყოფილად, ობიექტურად შეაფასა და მიიღო კანონიერი და დასაბუთებული გადაწყვეტილება, რის გამოც მისი გაუქმების საფუძველი არ არსებობს.

9. საკასაციო პალატის აზრით, სააპელაციო სასამართლოს მიერ განსაზღვრული სასჯელის ზომა შეესაბამება სისხლის სამართლის კოდექსით დადგენილ მოთხოვნებს. სააპელაციო სასამართლომ შეაფასა სასჯელის დანიშვნის როგორც ზოგადსავალდებულო გარემოებები, პირის წარსული ცხოვრება და ინდივიდუალური მახასიათებლები, პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი (მძიმე ჯანმრთელობისა და ოჯახური მდგომარეობა) და დამამძიმებელი გარემოებები, ისე – საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების მიღწევის შესაძლებლობანი, რის შედეგადაც მსჯავრდებულ ი. მ-ს შეუმსუბუქა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დანიშნული სასჯელი და განუსაზღვრა სამართლიანი სასჯელი – მუხლით გათვალისწინებული მინიმალური თავისუფლების აღკვეთის სახით. ი. მ-ი და მისი ოჯახი რეგისტრირებულია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში. ყოველივე ზემოთ მითითებულიდან გამომდინარე, პალატას მიზანშეუწონლად მიაჩნია მის მიმართ სასჯელის სახედ და ზომად ჯარიმის გამოყენება.

10. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის მნიშვნელოვანი სამართლებრივი და საპროცესო დარღვევებით განხილვის ფაქტი (რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე) წარმოდგენილი სისხლის სამართლის საქმის მასალებიდან არ გამომდინარეობს და, ვინაიდან არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული სხვა მოთხოვნებიც, საკასაციო საჩივრები დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

11. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მსჯავრდებულ ი. მ-ისა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ ლ. ჯ-ის საკასაციო საჩივრები არ იქნეს დაშვებული განსახილველად;

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. გაბინაშვილი

მოსამართლეები: შ. თადუმაძე

ლ. თევზაძე