Facebook Twitter

ას-668-1319-03 24 თებერვალი, 2004 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: მ. ახალაძე (თავმჯდომარე),

მ. სულხანიშვილი,

ნ. კვანტალიანი

დავის საგანი: მოპასუხის სადავო ბინიდან გამოსახლება (სარჩელში); სამკვიდრო მოწმობების, საცხოვრებელი სახლის ტექნიკური პასპორტის ბათილად და მოპასუხის სადავო სახლზე ერთადერთ მემკვიდრედ ცნობა.

აღწერილობითი ნაწილი:

ი. და ქ. ყ-ი-ოღლებმა, ნ. ო-მა და ყ. ჯ. ყ-ის ძემ 2001წ. 16 იანვარს სარჩელით მიმართეს სასამართლოს ს. ყ-ი-ოღლის, რ. ჩ-ის, მერი გოგოლაშვილისა და სხვათა მიმართ. მათ მოითხოვეს ქ. ბათუმში, ..... მდებარე მათ საკუთრებაში რიცხული საცხოვრებელი სახლიდან მოპასუხეთა გამოსახლება და სახლის მათთვის გადაცემა. სარჩელი დასაბუთებულია იმით, რომ მათ კანონის მოთხოვნათა დაცვით მიიღეს სამკვიდრო მოწმობები, რომელთა საფუძველზე ქ. ბათუმის მერიის მიერ მათ სახელზე გამოწერილ იქნა სადავო სახლის ტექნიკური პასპორტი წილთა შესაბამისად. ისინი რეგისტრირებულნი არიან მესაკუთრეებად, რის გამოც სრული უფლება გააჩნიათ, მოითხოვონ მოპასუხის გამოსახლება.

მოპასუხე ს. ყ-ი-ოღლიმ შეგებებული სარჩელით მოითხოვა მოსარჩელეთა სახელზე გამოწერილი სამკვიდრო მოწმობებისა და ტექნიკური პასპორტის გაუქმება, სადავო ქონების ერთადერთ მემკვიდრედ ცნობა იმ საფუძვლით, რომ სამკვიდრო მოწმობები მოსარჩელეებზე გაცემულია კანონის მოთხოვნათა უხეში დარღვევით, კერძოდ, მამკვიდრებლის გარდაცვალებიდან რამდენიმეწ. შემდეგ, რითაც დაირღვა სამკვიდროს მიღებისთვის დადგენილი 6 თვიანი ვადა. აქედან გამომდინარე, ტექნიკური პასპორტიც უკანონოა.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2001წ. 6 აპრილის განჩინებით ცალკე წარმოებად იქნა გამოყოფილი მოსარჩელეების მოთხოვნა მათ საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი სახლიდან ს. ყ-ი-ოღლის გამოსახლების შესახებ და ამ უკანასკნელის შეგებებული სარჩელი.

ამავე სასამართლოს 2001წ. 18 სექტემბრის გადაწყვეტილებით ი. და ქ. ყ-ი ოღლების, ნ. ო-ისა და ყ. ჯ. ყ-ის ძის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ: მოპასუხე ს. ყ-ი-ოღლი გამოსახლებულ იქნა ქ. ბათუმში, ..... მდებარე სახლის იმ ნაწილიდან, რაც აღემატება მის სამემკვიდრეო წილს ანუ მთელი სახლის 11/23-ის¼1/4-ს. ს. ყ-ი-ოღლის შეგებებული სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ: იგი ცნობილ იქნა ქ. ბათუმში, ..... მდებარე საცხოვრებელი სახლის ერთ-ერთ მემკვიდრედ აწ გარდაცვლილ ხ. ყ-ი-ოღლის სახელზე რიცხული 11/23-ის 1/4-ზე; შეგებებულ სარჩელს სადავო საცხოვრებელი სახლის ერთადერთ მემკვიდრედ ცნობის, მოსარჩელეთა სახელზე გაცემული სამკვიდრო მოწმობებისა და სახლის ტექნიკური პასპორტის გაუქმების თაობაზე ეთქვა უარი.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა როგორც მოსარჩელე, ასევე მოპასუხე მხარემ.

აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 26 ივლისის განჩინებით აპელანტების _ ი. და ქ. ყ-ი-ოღლების, ნ. ო-ისა და ყ. ჯ. ყ-ის ძის, ასევე ს. ყ-ი-ოღლის სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2001წ. 18 სექტემბრის გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად. სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: 1932წ. 16 ოქტომბერს ძმებმა ხ. და ყ. ყ-ი-ოღლებმა შეიძინეს ორსართულიანი საცხოვრებელი სახლი, მდებარე ქ. ბათუმში, ამჟამად ....., რომელიც იმთავითვე ძმების საკუთრებად აღირიცხა. 1938 წელს ერთ-ერთი ძმა _ ყ. საცხოვრებლად თურქეთის რესპუბლიკაში გადავიდა. ხ. ყ-ი-ოღლის კი ოთხი შვილი ჰყავდა _ შ., ი., ქ. და ნ. 1949 წელს ხ.ი ოჯახის წევრებთან ერთად პოლიტიკური მოტივით გადაასახლეს რსფსრ-ის ტომსკის ოლქში. აკრძალვის მიუხედავად, 1960 წელს შ. ყ-ი-ოღლი დაბრუნდა საქართველოში და 1962 წლიდან განაგრძო ცხოვრება სადავო სახლში. 1963 წელს გ. ლ-თან არარეგისტრირებული ქორწინებიდან შეეძინათ შვილი – ს. ლ-ი (ამჟამად ს. ყ-ი-ოღლი). 1963წ. 27 ივნისს სასამართლოს სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე სადავო სახლის 1/23, დავალიანების გამო, ჩარიცხულ იქნა ბათუმის საქალაქო საბჭოს კომუნალურ ფონდში, ხოლო სახლის 22/23 თანაბარ წილად ირიცხებოდა ხ. და ყ. ყ-ი-ოღლების სახელზე. 1978 წელს თურქეთის რესპუბლიკაში გარდაიცვალა ყ. ყ-ი-ოღლი, რომელსაც დარჩა ერთი შვილი – ყ. ჯ. ყ-ის ძე, ხოლო მანამდე, 1964 წელს ტომსკის ოლქში გარდაიცვალა ხ.ი, 1984 წელს – ხ. მეუღლე ფ., 1985 წელს _ შ. ყ-ი-ოღლიც. სადავო სახლში ცხოვრობდნენ მისი არარეგისტრირებული მეუღლე გ. ლ-ი და შვილი – ს. შ. ყ-ი-ოღლის წილი მამის სამკვიდროდან მთელი სახლთმფლობელობის 11/23-ის 1/4-ს შეადგენდა. მამის გარდაცვალების შემდეგ, 1992 წელს, ქ. ბათუმის სასამართლოს გადაწყვეტილებით ს. ლ-ი აღიარებულ იქნა შ. ყ-ი-ოღლის შვილად და მიიღო მამის გვარი. ვინაიდან ხ. ყ-ი-ოღლი გარდაიცვალა რუსეთის ფედერაციის ტომსკის ოლქში, მისმა მემკვიდრეებმა – ი., ქ. და ნ. მემკვიდრეობის მისაღებად მიმართეს მამკვიდრებლის გარდაცვალების ადგილის მიხედვით, კერძოდ, ტომსკის ოლქის კარგოსოვის სანოტარო კანტორას და 1997წ. 18 ივნისს მიიღეს სამკვიდრო მოწმობა სადავო სახლის 11/23-ზე, თითოეულმა თანაბარ წილად. ყ. ჯ. ყ-ის ძემ 2000წ. 25 ოქტომბერს მიიღო სამკვიდრო მოწმობა თურქეთის რესპუბლიკის ქ. სამსუნის სანოტარო კანტორაში სადავო სახლის 11/23-ზე. აღნიშნულ სამკვიდრო მოწმობათა საფუძველზე, ქ. ბათუმის მერიის მიერ მოსარჩელეთა სახელზე გამოწერილ იქნა სახლის ტექნიკური პასპორტი კუთვნილ წილთა შესაბამისად.

განჩინების გამოტანისას სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა “საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ” კანონის 55-ე მუხლით, რსფსრ-ის 1969წ. სკ-ის 546-ე მუხლით, სკ-ის 170-ე, 172-ე მუხლებით.

აღნიშნული განჩინება საკასაციო საჩივრით გაასაჩივრა ს. ყ-ი-ოღლიმ და მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების, ასევე საქმეზე გამოტანილი 2002წ. 22 თებერვლის, 16 ივლისისა და 24 ივლისის განჩინებების გაუქმება, საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნება იმავე სასამართლოში იმ საფუძვლით, რომ სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, კერძოდ: დსთ-ის წევრი სახელმწიფოების მინსკის 1994წ. კონვენცია, “საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ” კანონის მე-3-5, მე-9-10 მუხლები, საქართველოს კონსტიტუციის 82-ე მუხლის მე-2 ნაწილი, სკ-ის 1507-ე მუხლი, საქართველოს სსრ სკ-ის (1923 წ.) 428-ე, 430-ე მუხლები, 1964წ. საქართველოს სსრ სამოქალაქო სამართლის კოდექსის 75-ე, 80-ე, 541-ე, 556-ე მუხლები, “ნოტარიატის საფუძვლების” შესახებ კანონის 70-ე, 72-ე მუხლები. სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა, ასევე არასწორად განმარტა კანონი.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2003წ. 4 მარტის განჩინებით ს. ყ-ი-ოღლის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ _ გაუქმდა აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 26 ივლისის განჩინება და 2002წ. 24 ივლისის განჩინებები თურქეთის რესპუბლიკიდან სამემკვიდრეო საქმის გამოთხოვის, საბუთის სიყალბის თაობაზე მხარის განცხადებასთან დაკავშირებით და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდა იმავე სასამართლოს. აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 22 თებერვლის, 16 ივლისის განჩინებები, ასევე 2002წ. 24 ივლისის განჩინება თურქეთის საერთაშორისო კერძო სამართლის გამოთხოვის თაობაზე, დარჩა უცვლელად.

საკასაციო პალატამ მიუთითა, რომ სააპელაციო სასამართლომ ისე გამოიყენა რსფსრ-ისა და თურქეთის რესპუბლიკის სამოქალაქო კანონმდებლობა, რომ არ დაადგინა, თუ რომელი ქვეყნის მოქალაქეები იყვნენ მამკვიდრებლები. აღნიშნული ფაქტის დაუდგენლობის გარეშე შეუძლებელია სასამართლომ განსაზღვროს, თუ რომელი ქვეყნის სამართლითაა შესაძლებელი დავის გადაწყვეტა. სააპელაციო სასამართლომ, როგორც რსფსრ-ის, ასევე თურქეთის რესპუბლიკის მიერ გაცემულ სამემკვიდრეო მოწმობებს ისე მიანიჭა მტკიცებულების ძალა, რომ არ უმსჯელია, რატომ მიიჩნია სასამართლომ მხარის მიერ დედნის წარუდგენლობა საპატიოდ. სააპელაციო სასამართლომ ასევე არ მიუთითა, თუ რა მტკიცებულებებზე დაყრდნობით მიიჩნია დადგენილად ქ. და ი. ყ-ი-ოღლების მიერ მამის ქონების დაუფლების ფაქტი. სააპელაციო სასამართლომ ისე მიიჩნია საქმისათვის წარმოდგენილი ყველა საჭირო დოკუმენტაცია სრულყოფილად, რომ არ გაითვალისწინა სსკ-ის 135-ე მუხლის მოთხოვნები. ამასთან, სააპელაციო სასამართლომ არ შეასრულა სსკ-ის 136-ე მუხლის მოთხოვნები და რეაგირება არ მოახდინა მხარის განცხადებაზე საბუთის სიყალბის შესახებ.

აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 1 ივლისის განჩინებით ნ. ო-ის, ი., ქ. ყ-ი-ოღლებისა და ჯ. კ-ას სააპელაციო საჩივრის წარმოება შეწყდა მათ მიერ საპელაციო საჩივარზე უარის თქმის გამო. ს. ყ-ი-ოღლის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2001წ. 18 სექტემბრის გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად. სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა რა “საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ” საქართველოს კანონის მე-4, მე-8, მე-9, მე-10 და 55-ე მუხლებით, თურქეთის საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ კანონის 30-ე მუხლით, მიუთითა, რომ აღნიშნული დავა უნდა გადაწყდეს თურქეთის რესპუბლიკის სამემკვიდრეო კანონით, რომელიც მემკვიდრეობის მიღებას არ ზღუდავს ვადით. პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ მოსარჩელეები ფაქტობრივადაც შეუდგნენ სამკვიდროს ფლობას, რაც დასტურდება ქ. კ-ას ახსნა-განმარტებით, ს. ყ-ი-ოღლის წერილით კ-ა ქ.ის მიმართ, რომლისგანაც ითხოვდა სამკვიდრო წილის დათმობას. ამდენად, რუსეთის ფედერაციის ტომსკის ოლქის კარგოსოვისა და თურქეთის რესპუბლიკის ქ.სამსუნის სანოტარო კანტორები უფლებამოსილი იყვნენ, სამკვიდროს მიღების ვადის აღდგენის გარეშე გაეცათ სამკვიდრო მოწმობები.

საკასაციო საჩივრით ს. ყ-ი-ოღლი მოითხოვს აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 1 ივლისის განჩინების გაუქმებას და საქმის ხელახლა განსახილველად იმავე სასამართლოს სხვა შემადგენლობისთვის დაბრუნებას იმ საფუძვლით, რომ სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, კერძოდ: საქართველოს კონსტიტუციის 82-ე მუხლის მე-2 ნაწილის ნორმა სასამართლოს აქტების სავალდებულო ძალის შესახებ ყველა სახელმწიფო ორგანოსა და პირისათვის ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე, სკ-ის (1997წ.) 1507-ე მუხლი, საქართველოს სსრ სკ-ის (1923წ.) 428-ე, 430-ე მუხლები, საქართველოს სსრ სამოქალაქო სამართლის კოდექსის (1964წ.) 556-ე მუხლი, რუსეთის ფედერაციის “ნოტარიატის საფუძვლების შესახებ” 1993წ. კანონის 70-72-ე მუხლები. სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა, ასევე არასწორად განმარტა კანონი.

კასატორი ასევე მოითხოვს აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 26 ივნისის განჩინების გაუქმებას, რომლითაც არ დაკმაყოფილდა ს. ყ-ი-ოღლის შუამდგომლობა რუსეთის ფედერაციის ტომსკის ოლქის დაბა კარგოსოვის ნოტარიუს მ-ას მიერ 1997 წელს ნაწარმოები სანოტარო საქმის გამოთხოვისა და საბუთების სიყალბის დადგენის შესახებ, რადგან აპელანტებმა წარმოადგინეს სამემკვიდრეო მოწმობების დედნები.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ განიხილა საქმის მასალები, მოისმინა მხარეთა ახსნა-განმარტებანი, შეისწავლა საკასაციო საჩივრის საფუძვლები და თვლის, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილია და მხარეები სადავოდ არ ხდიან იმ გარემოებას, რომ 1932 წელს ხ. და ყ. ყ-ი-ოღლებმა საჯარო ვაჭრობით შეიძინეს ორსართულიანი საცხოვრებელი სახლი, მდებარე ქ. ბათუმში, ამჟამად ...... 1938 წელს ყ. ყ--ოღლი საცხოვრებლად გადავიდა თურქეთის რესპუბლიკაში, ხოლო ხ. ყ--ოღლი გადაასახლეს ოჯახის წევრებთან ერთად რსფსრ-ის ტომსკის ოლქში. 1956 წელს მათ მიმართ მოიხსნა სპეცაღრიცხვის რეჟიმი და ისინი გათავისუფლდნენ გადასახლებიდან. თუმცა საქართველოში საცხოვრებლად დაბრუნების ნება მათთვის არ დაურთავთ. აკრძალვის მიუხედავად, 1960 წელს შ. ყ-ი-ოღლი დაბრუნდა საქართველოში და 1962 წელს გ. ლ-თან არარეგისტრირებული ქორწინებიდან შეეძინა შვილი _ ს. ლ-ი (ამჟამად ს. ყ-ი-ოღლი).

1978 წელს თურქეთის რესპუბლიკაში გარდაიცვალა ყ. ყ--ოღლი, რომელსაც დარჩა ერთი შვილი _ ჯ. კ-ა, ხოლო 1964 წელს რსფსრ-ის ტომსკის ოლქში გარდაიცვალა ხ., 1984 წელს კი ხ-ის ცოლი _ ფ. 1997წ. 18 ივნისს რუსეთის ფედერაციის ტომსკის ოლქის კარგოსოვის სანოტარო კანტორის მიერ გაიცა კანონით მემკვიდრეობის უფლების მოწმობა ნ. ო-ის, ქ. და ი. ყ--ოღლების სახელზე, რომლითაც მიიღეს ხ. ყ-ის სახელზე რიცხული, ქ. ბათუმში, ..... მდებარე საცხოვრებელი სახლის 11/23, ხოლო 2000წ. 25 ოქტომბერს ჯ. ყ-ამ მიიღო სამკვიდრო მოწმობა თურქეთის რესპუბლიკის ქ. სამსუნის პირველ სანოტარო კანტორაში სადავო სახლის 11/23-ზე, როგორც ყ. ყ-ი-ოღლის სამკვიდრო ქონების მემკვიდრემ.

პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლომ სრულყოფილად არ შეაფასა საქმეში წარმოდგენილი სამკვიდრო მოწმობები. არ დაადგინა ის ფაქტი, თუ რამდენად იყო უფლებამოსილი, რსფსრ ტომსკის ოლქის კარგოსოვის ნოტარიუსი, გაეცა კანონისმიერი მემკვიდრეობის უფლების მოწმობა იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ ი., ქ. ყ-ი-ოღლებს სასამართლოს მიერ არ ჰქონდათ აღდგენილი სამკვიდროს მიღების ვადა. ამასთან, მხარის მიერ წარმოდგენილი თურქეთის იქიზედარის მმაჩის ბიუროს მონაცემით, ხ. ყ. გარდაიცვალა თურქეთის მოქალაქედ.

“საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ” საქართველოს კანონის 55 -ე მუხლის თანახმად, მემკვიდრეობითი ურთიერთობები წესრიგდება იმ ქვეყნის სამართლით, რომელსაც მამკვიდრებელი გარდაცვალებისას განეკუთვნებოდა. მოცემულ შემთხვევაში, თუ ხ. ყ-ი-ოღლი გარდაიცვალა თურქეთის მოქალაქედ, მის მიმართ გამოყენებულ უნდა იქნეს არა რუსეთის ფედერაციის, არამედ თურქეთის კანონმდებლობა. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლო ვალდებულია, უპირველეს ყოვლისა დაადგინოს მამკვიდრებელთა გარდაცვალების ადგილი, რის გარეშეც შეუძლებელია სწორად იქნეს გამოყენებული კანონის ნორმები.

ამასთან, უნდა აღინიშნოს ის გარემოებაც, რომ დაუსაბუთებელია სასამართლოს უარი ს. ყ-ი-ოღლის წარმომადგენლის შუამდგომლობაზე მტკიცებულებათა გამოთხოვის თაობაზე იმ მოტივით, რომ საქმეში არსებული საბუთების დედნები სრულიად საკმარისია ჭეშმარიტების დასადგენად. უნდა აღინიშნოს, რომ იმ პირობებში, როდესაც არსებული მტკიცებულებებით ვერ დგინდება თვით მამკვიდრებელთა გარდაცვალების ადგილიც კი, შეუძლებელია სასამართლომ იმსჯელოს ჭეშმარიტების დასადგენად მტკიცებულებათა სრულყოფილებაზე, ამიტომ პალატა იზიარებს კასატორის მოთხოვნას 2003წ. 1 ივლისის მითითებული განჩინების გაუქმების შესახებ. ასევე დაუსაბუთებელია სააპელაციო სასამართლოს უარი საბუთის სიყალბის თაობაზე მხარის მიერ შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით სასამართლოს მიერ მიღებული 2003წ. 26 ივნისის განჩინება არ გამომდინარეობს სსკ-ის 137-ე მუხლის მოთხოვნებიდან, რის გამოც იგი უნდა გაუქმდეს. სასამართლო ვალდებული იყო, ემსჯელა საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ გაუქმებულ განჩინებებში დაყენებულ შუამდგომლობებზე, ვინაიდან საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდა პალატას.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა თვლის, რომ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 1 ივლისის, 2003წ. 26 ივნისის განჩინებები უნდა გაუქმდეს და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდეს იმავე პალატას.

საქმის ხელახალი განხილვისას სასამართლომ უნდა დაადგინოს მამკვიდრებელთა გარდაცვალების ადგილები და, შესაბამისად, სამკვიდრო მოწმობის კანონთან შესაბამისობის საკითხი. ამასთან, სასამართლომ უნდა იმსჯელოს იმ შუამდგომლობებზე, რომელთა თაობაზე მიღებული განჩინებები გაუქმდა საკასაციო პალატის მიერ.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ის 412-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

ს. ყ-ი-ოღლის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს.

გაუქმდეს აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 1 ივლისის, 2003წ. 26 ივნისის განჩინებები და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.

განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.