Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

№387აპ-21 ქ. თბილისი

ნ-ი ჯ-ნ, 387აპ-21 20 ოქტომბერი, 2021 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მერაბ გაბინაშვილი (თავმჯდომარე),

შალვა თადუმაძე, ლევან თევზაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 7 აპრილის განაჩენზე თელავის რაიონული პროკურატურის პროკურორ დავით გველესიანის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, ჯ. ნ-ს, – დაბადებულს 19-- წელს, ნასამართლევს, – ბრალი დაედო: ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობაში, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი, არაერთგზის; ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანება, რაც სიცოცხლისათვის სახიფათო არ არის და არ გამოუწვევია ამ კოდექსის 117-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, მაგრამ დაკავშირებულია ჯანმრთელობის ხანგრძლივ მოშლასთან, ჩადენილი საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის მე-7 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დამამძიმებელი გარემოების არსებობისას, ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ.

2. აღნიშნული ქმედებები გამოიხატა შემდეგში:

· თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 29 იანვრის განაჩენით ჯ. ნ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილითა და 111,120-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის.

· ოჯახის წევრების მიმართ ჩადენილი ძალადობისათვის ნასამართლევმა ჯ. ნ-მა 2019 წლის 7 აგვისტოს, საღამოს საათებში, თ-ის რაიონის სოფელ ყ-ში, თ. მ. ო-ის საცხოვრებელი სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე, შიდასაუბნო, მეორეხარისხოვან გზაზე, თავის პაპას – თ. მ. ო-ის განზრახ მიაყენა ნაკლებად მძიმე ხარისხის დაზიანება თავის, კერძოდ, სახის არეში, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის ხანგრძლივი მოშლა.

· თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 29 იანვრის განაჩენით ჯ. ნ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილითა და 111,120-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის.

· ოჯახის წევრების მიმართ ჩადენილი ძალადობისათვის ნასამართლევმა ჯ. ნ-მა 2019 წლის 7 აგვისტოს, საღამოს საათებში, თ-ის რაიონის სოფელ ყ-ში, თ. მ. ო-ის საცხოვრებელი სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე, შიდასაუბნო, მეორეხარისხოვან გზაზე, ფიზიკურად იძალადა ბებიაზე – შ. ნ. ყ-ზე, კერძოდ, ჯ. ნ-მა შ. ნ. ყ-ის სახეში, ტუჩის არეში, ერთხელ დაარტყა იდაყვი. ჯ. ნ-ის მხრიდან ჩადენილი ფიზიკური ძალადობის შედეგად დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი და მიიღო მსუბუქი დაზიანება ჯანმრთელობის მოუშლელად.

3. თელავის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 23 იანვრის განაჩენით ჯ. ნ-ი ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში; ჯ. ნ-ის მიმართ საქართველოს სსკ-ის 111,118-ე მუხლის მე-3 ნაწილით წარდგენილი ბრალდება გადაკვალიფიცირდა სსკ-ის 124-ე მუხლზე და განესაზღვრა ჯარიმა – 5000 ლარი, რაც, სსკ-ის 62-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, 2019 წლის 7 აგვისტოდან 2020 წლის 23 იანვრის ჩათვლით პატიმრობაში ყოფნის ვადის გათვალისწინებით, შეუმსუბუქდა და საბოლოოდ განესაზღვრა ჯარიმა – 1000 ლარი.

4. აღნიშნული განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 7 აპრილის განაჩენით დარჩა უცვლელად.

5. სასამართლომ დაადგინა, რომ ჯ. ნ-მა ჩაიდინა ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გაუფრთხილებლობით, რაც გამოიხატა შემდეგში:

· 2019 წლის 7 აგვისტოს, საღამოს საათებში, თ-ის რაიონის სოფელ ყ-ში, საცხოვრებელი სახლის ეზოში, ჯ. ნ-მა გაუფრთხილებლობით – ხელის შემთხვევით მოხვედრის შედეგად ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება მიაყენა პაპას – თ. მ. ო-ის.

6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა ბრალდების მხარემ. წარმოდგენილი საკასაციო საჩივრით პროკურორი დავით გველესიანი ითხოვს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 7 აპრილის განაჩენის შეცვლას, ჯ. ნ-ის დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 111,118-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით და მისთვის სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის განსაზღვრას.

7. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

8. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი. ამასთან, სააპელაციო სასამართლოს განაჩენი შეესაბამება საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას და არ არის მოსალოდნელი მოცემულ საქმეზე პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება (მაგ.: საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება №96აპ-03, №477აპ-17, №52აპ-17).

9. საკასაციო პალატა ვერ დაეთანხმება პროკურორის მითითებას, რომ სააპელაციო სასამართლომ დაადგინა უკანონო და დაუსაბუთებელი განაჩენი. სასამართლო ასევე არ იზიარებს ბრალდების მხარის საკასაციო საჩივრის მოთხოვნას ჯ. ნ-ის საქართველოს სსკ-ის 111,118-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებებში დამნაშავედ ცნობის შესახებ. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 ნაწილის იმპერატიული დანაწესის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს და ყოველგვარი ეჭვი, რომელიც კანონის შესაბამისად ვერ დადასტურდება, ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ უნდა გადაწყდეს. წარმოდგენილ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება უტყუარი და საკმარისი მტკიცებულებების ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაადასტურებდა ჯ. ნ-ის მიერ საქართველოს სსკ-ის 111,126-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენას.

10. ამასთან, სასამართლო ითვალისწინებს, რომ ბრალდების მხარემ თელავის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 23 იანვრის განაჩენი იმავე მოტივებითა და მიზნით გაასაჩივრა სააპელაციო წესით. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს პოზიციას კასატორის საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. ვინაიდან ბრალდების მხარის არგუმენტებს სააპელაციო სასამართლომ ამომწურავი პასუხები გასცა, რასაც საკასაციო სასამართლოც ეთანხმება, ხოლო საკასაციო საჩივარში მას არ აქვს მითითებული რაიმე ახალი გარემოების ან ფაქტის შესახებ, რაც საჭიროებს სასამართლოს შეფასებას, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის კანონისმიერი საფუძველი.

11. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების ვალდებულება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხების გაცემას; აღნიშნული ზედა ინსტანციის სასამართლოებს უფლებას აძლევს, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ., ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე: „ჰირვისაარი ფინეთის წინააღმდეგ“ (Hirvisaari v. Finland, ECtHR, N49684/99, §30, 25/12/2001)). მოკლე მსჯელობა საჩივრის დაუშვებლად ცნობის შესახებ – ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება, არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (იხ.,ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე: „გოროუ საბერძნეთის წინააღმდეგ“ (Gorou v. Greece (No. 2) ECtHR, N 12686/03, §37, §41, 20/03/2009), „ქადაგიშვილი საქართველოს წინააღმდეგ“ (Kadagishvili v Georgia, no. 12391/06, §175, ECtHR, 14/05/2020)).

12. ამდენად, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული გარემოებები, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

13. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. თელავის რაიონული პროკურატურის პროკურორ დავით გველესიანის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად;

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. გაბინაშვილი

მოსამართლეები: შ. თადუმაძე

ლ. თევზაძე