საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრების დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
№449აპ-21 ქ. თბილისი
ნ-ი ს-ა, 449აპ-21 29 ოქტომბერი, 2021 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მერაბ გაბინაშვილი (თავმჯდომარე),
შალვა თადუმაძე, ლალი ფაფიაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 8 აპრილის განაჩენზე ფინანსთა სამინისტროში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტის უფროსი პროკურორის – ლევან მარშავასა და მსჯავრდებულ ს. ნ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ს. მ-ას საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. ბრალდების შესახებ დადგენილებების თანახმად, ს. ნ-ს ბრალი დაედო საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით – მითვისებაში, ე.ი. სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მითვისებაში, თუ ეს ნივთი მიმთვისებლის მართლზომიერ მფლობელობაში იმყოფებოდა, ჩადენილი დიდი ოდენობით, ხოლო ი. გ-ეს – საქართველოს სსკ-ის 2201-ე მუხლის 1-ლი ნაწილით – გულგრილობაში, ე.ი. ორგანიზაციაში სპეციალური უფლებამოსილების მქონე პირის მიერ თავისი სამსახურებრივი მოვალეობის არაჯეროვან შესრულებაში მისდამი დაუდევარი დამოკიდებულების გამო, რამაც სახელმწიფოს კანონიერი ინტერესების არსებითი დარღვევა გამოიწვია. აღნიშნული ქმედებები გამოიხატა შემდეგში:
· 2017 წლის 18 სექტემბერს სსიპ “მ-თა პ-ი გ-ის ე. ც-თან“ გაფორმებული შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე ს. ნ-ი დაინიშნა დამხმარე მასწავლებლის პოზიციაზე, “ა-ი ს-ის მ-ის პ-ი გ-ის პ-ის“ ფარგლებში – შტატგარეშე თანამშრომლად და უფლებამოსილებას ახორციელებდა წ-ის მუნიციპალიტეტის სოფელ კ-ის საჯარო სკოლაში. 2018 წლის 28 თებერვალს ი. გ-ემ, როგორც სსიპ “მ-თა პ-ი გ-ის ე. ც-ის“ მთავარმა ბუღალტერმა, სამსახურებრივი მოვალეობა შეასრულა არაჯეროვნად, მისდამი დაუდევარი დამოკიდებულების გამო და საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტით გამოყოფილი სახელმწიფო ასიგნებებიდან ს. ნ-ის საბანკო რეკვიზიტზე (ანგარიშის №-) №- საგადახდო მოთხოვნით შეცდომით ჩარიცხა 2018 წლის თებერვლის თანამდებობრივი სარგო, კერძოდ, 660 ლარის ნაცვლად გადარიცხა 60060 ლარი. ს. ნ-მა 2018 წლის 28 თებერვლიდან 2018 წლის 11 მარტის ჩათვლით პერიოდში სრულად მიითვისა თავის მართლზომიერ მფლობელობაში არსებული, სახელმწიფოს კუთვნილი 59400 ლარი.
· 2018 წლის პირველ თებერვალს სსიპ “მ-თა პ-ი გ-ის ე. ც-თან“ გაფორმებული შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე ი. გ-ე დაინიშნა მთავარი ბუღალტრის პოზიციაზე. მის უფლებამოსილებაში, სხვა ვალდებულებებთან ერთად, შედიოდა: საბუღალტრო აღრიცხვა, კონტროლი სახსრების სწორად გამოყენებაზე, მომსახურეთა შრომითი ანაზღაურების დარიცხვა-გადარიცხვა და ხაზინის ელექტრონული სისტემის – „etreasury-ის“ საშუალებით გადარიცხვების განხორციელება. ი. გ-ე ვალდებული იყო, დაკისრებული სამსახურებრივი მოვალეობა შეესრულებინა ჯეროვნად. 2017 წლის 18 სექტემბერს სსიპ “მ-თა პ-ი გ-ის ე. ც-თან“ გაფორმებული შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე ს. ნ-ი დაინიშნა დამხმარე მასწავლებლის პოზიციაზე, “ა-ი ს-ის მ-ის პ-ი გ-ის პ-ის“ ფარგლებში – შტატგარეშე თანამშრომლად და უფლებამოსილებას ახორციელებდა წ-ის მუნიციპალიტეტის სოფელ კ-ის საჯარო სკოლაში. ი. გ-ემ სამსახურებრივი მოვალეობა შეასრულა არაჯეროვნად, კერძოდ, 2018 წლის 28 თებერვალს საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტით გამოყოფილი სახელმწიფო ასიგნებებიდან ს. ნ-ის საბანკო რეკვიზიტზე (ანგარიშის №-) №- საგადახდო მოთხოვნით შეცდომით ჩარიცხა 2018 წლის თებერვლის თანამდებობრივი სარგო, კერძოდ, 660 ლარის ნაცვლად გადარიცხა 60060 ლარი. ს. ნ-მა 2018 წლის 28 თებერვლიდან 2018 წლის 11 მარტის ჩათვლით პერიოდში მიითვისა სახელმწიფოს კუთვნილი 59400 ლარი. შესაბამისად, ი. გ-ის გულგრილობამ გამოიწვია სახელმწიფოს კანონიერი ინტერესების არსებითი დარღვევა მატერიალური ზიანის – 59400 ლარის სახით.
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2020 წლის 1 დეკემბრის განაჩენით ს. ნ-ის, – დაბადებულის 19-- წელს, – ქმედება საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტიდან გადაკვალიფიცირდა სსკ-ის 360-ე მუხლის 1-ლ ნაწილზე და განესაზღვრა ჯარიმა – 5000 ლარი, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ. იმავე განაჩენით ი. გ-ე, – დაბადებული 19-- წელს, – ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 2201-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და განესაზღვრა ჯარიმა – 1500 ლარი, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 8 აპრილის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 1 დეკემბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ ს. ნ-მა ჩაიდინა თვითნებობა, ე.ი. ნამდვილად თავისი ან თავისად დაგულებული უფლების დადგენილი წესის საწინააღმდეგოდ განხორციელება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრეს მხარეებმა. პროკურორი ლევან მარშავა საჩივრით ითხოვს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 8 აპრილის განაჩენში ცვლილების შეტანასა და ს. ნ-ის დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 182-ე მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, ასევე – ი. გ-ისა და ს. ნ-ისათვის კანონიერი და სამართლიანი სასჯელების განსაზღვრას.
6. მსჯავრდებულ ს. ნ-ის ინტერესების დამცველი, ადვოკატი ს. მ-ა ითხოვს გასაჩივრებული გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმებასა და ს. ნ-ის მიმართ გამამართლებელი განაჩენის დადგენას.
7. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივრები და დაასკვნა, რომ ისინი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
8. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი. ამასთან, სააპელაციო სასამართლოს განაჩენი შეესაბამება საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას და არ არის მოსალოდნელი მოცემულ საქმეზე პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება №470აპ-19).
9. აღსანიშნავია, რომ სააპელაციო სასამართლომ მსჯავრდებულთა ქმედებები სამართლებრივად სწორად დააკვალიფიცირა, რასაც საკასაციო პალატაც ეთანხმება. შესაბამისად, არ არსებობს პროკურორ ლევან მარშავას საკასაციო საჩივრის დაშვებისა და ს. ნ-ის ქმედების საქართველოს სსკ-ის 360-ე მუხლის 1-ლი ნაწილიდან სსკ-ის 182-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე გადაკვალიფიცირების საფუძველი, ვინაიდან ს. ნ-ის მიერ ჩადენილი ქმედება წარმოადგენს საქართველოს სსკ-ის 360-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულს – თვითნებობას, რომელიც დასტურდება საქმეში არსებულ მტკიცებულებათა ერთობლივი ანალიზით.
10. საკასაციო პალატის შეფასებით, ასევე დაუსაბუთებელია ადვოკატ ს. მ-ას საკასაციო საჩივრის მოთხოვნა ს. ნ-ის მიმართ გამამართლებელი განაჩენის გამოტანის შესახებ, რადგან საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებების ერთობლიობით (მოწმეთა ჩვენებებით, თემატური რევიზიის აქტით, საბანკო ამონაწერით, №- საგადახდო მოთხოვნით, შრომითი ხელშეკრულებით) გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით უტყუარადაა დადგენილი, რომ ს. ნ-მა ჩაიდინა თვითნებობა, ვინაიდან მას არ ჰქონდა უფლება, თავის ანგარიშზე შეცდომით ჩარიცხული თანხა განეკარგა.
11. რაც შეეხება მსჯავრდებულებისათვის განსაზღვრულ სასჯელებს, სასამართლო სასჯელის სამართლიანობას აფასებს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით, შესაბამისად, განსაზღვრული სასჯელი უნდა იყოს მკაცრად პერსონალური, მსჯავრდებულის პიროვნებისა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმის თანთანაზომიერი და პროპორციული. საკასაციო პალატის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლომ მსჯავრდებულებს – ს. ნ-სა და ი. გ-ეს, მათი პიროვნული მახასიათებლების, ასევე – პასუხისმგებლობის დამამძიმებელი და შემამსუბუქებელი გარემოებების მხედველობაში მიღებით, განუსაზღვრა სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლით გათვალისწინებული სასჯელები, რომლებიც შეესაბამება საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილითა და 39-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დადგენილ სასჯელის დანიშვნის ზოგადსავალდებულო მოთხოვნებსა და სასჯელის მიზნებს, რის გამოც მათი დამძიმების საფუძველი პალატას არ გააჩნია.
12. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ ამომწურავად იმსჯელა ყველა იმ საკითხზე, რაზეც საკასაციო საჩივრებში მხარეები ამახვილებენ ყურადღებას. ამდენად, საკასაციო პალატის მოსაზრებით, არ არის მიზანშეწონილი საკასაციო საჩივრების დასაშვებად ცნობა კასატორთა იმ არგუმენტების ხელახლა შესაფასებლად, რომლებზეც სააპელაციო პალატამ უკვე იმსჯელა და რასაც საკასაციო პალატაც ეთანხმება.
13. სასამართლო ითვალისწინებს, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების ვალდებულება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხების გაცემას. გადაწყვეტილებიდან ნათლად უნდა ჩანდეს, რომ განხილულია საქმის არსებითი საკითხები (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე: „ლობჟანიძე და ფერაძე საქართველოს წინააღმდეგ“; (Lobzhanidze and Peradze v. Georgia, ECtHR, no 21447/11, no35839/11, §65, 66; 27/02/2020). ზედა ინსტანციის სასამართლოებს უფლება აქვთ, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე: „ჰირვისაარი ფინეთის წინააღმდეგ“ (Hirvisaari v. Finland, ECtHR, no49684/99, §30, 25/12/2001)).
14. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული გარემოებები, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივრები დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
15. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. პროკურორ ლევან მარშავასა და მსჯავრდებულ ს. ნ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ს. მ-ას საკასაციო საჩივრები არ იქნეს დაშვებული განსახილველად;
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. გაბინაშვილი
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
ლ. ფაფიაშვილი