საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
№60აპ-20 ქ. თბილისი
ო-ე ზ-ბ, 60აპ-20 1 ოქტომბერი, 2021 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მერაბ გაბინაშვილი (თავმჯდომარე),
შალვა თადუმაძე, ლევან თევზაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 17 თებერვლის განაჩენზე თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორ ლაშა ამირანაშვილის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, ზ. ო-ეს ბრალად დაედო: თაღლითობა, ე.ი. მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია (3 ეპიზოდი); კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევა (3 ეპიზოდი). აღნიშნული ქმედებები გამოიხატა შემდეგში:
· 2017 წლის მარტში ავტომანქანაში, რომელსაც ზ. ო-ე მართავდა, ზ. ც-ს დარჩა საფულე, მასში მოთავსებული პირადობის დამადასტურებელი და მართვის მოწმობებით. ზ. ო-ემ გადაწყვიტა, ზ. ც-ის მართვის მოწმობის გამოყენებით, თაღლითურად დაუფლებოდა ფულად თანხას. ამ მიზნით, 2017 წლის 28 დეკემბერს ზ. ო-ემ მეტროს სადგურ „ვ-ის“ მიმდებარე ტერიტორიაზე განთავსებულ სს „ლ-ი ბ-ის“ მიკროავტობუსში, ზ. ც-ის მართვის მოწმობის გამოყენებით, ითხოვა ანგარიშის გახსნა, პლასტიკური ბარათის დამზადება და სესხი – 500 ლარი. მოლარე-ოპერატორმა მიამსგავსა ზ. ო-ე წარდგენილ დოკუმენტზე არსებულ ფოტოზე გამოსახულ პირს, გახსნა ანგარიში ზ. ც-ის სახელზე, დაამზადა პლასტიკური ბარათი და გაგზავნა მოთხოვნა მისივე სახელით სესხის გაცემაზე, რითიც განხორციელდა ზ. ც-ის ელექტრონულ ანგარიშზე უნებართვო შეღწევა. ვინაიდან იდენტიფიკაციისათვის განაცხადში აუცილებელი იყო მობილური ტელეფონის მითითება, ზ. ო-ემ მიუთითა თავისი, ბილაინის ქსელში ჩართული სიმბარათის ნომერი ---. აღნიშნული განაცხადის საფუძველზე გაფორმდა სესხის ხელშეკრულება. მანვე თაღლითურად აიღო სესხი – 500 ლარი, გაანაღდა თ-ში, ჯ-ის ქუჩის მე-- შესახვევში არსებული ბანკომატიდან და მართლსაწინააღმდეგოდ მიისაკუთრა. აღნიშნული დანაშაულებრივი ქმედების შედეგად სს „ლ-ი ბ-ს“ მიადგა 500 ლარის მნიშვნელოვანი ზიანი.
· ზ. ო-ემ კვლავ გადაწყვიტა ზ. ც-ის მართვის მოწმობის გამოყენებით, თაღლითურად დაუფლებოდა ფულად თანხას. ამ მიზნით 2017 წლის 29 დეკემბერს ქ. თბილისში, მეტროს სადგურ „ვ-ის“ მიმდებარე ტერიტორიაზე განთავსებულ სს „ლ-ი ბ-ის“ მიკროავტობუსში, ზ. ც-ის მართვის მოწმობის გამოყენებით, ითხოვა 2017 წლის 28 დეკემბერს აღებული სესხის თანხის გაზრდა 800 ლარამდე. მოლარე-ოპერატორმა მიამსგავსა ზ. ო-ე წარდგენილ დოკუმენტზე არსებულ ფოტოზე გამოსახულ პირს და გაგზავნა მოთხოვნა ზ. ც-ის სახელით სესხის თანხის გაზრდაზე, რითიც განხორციელდა ზ. ც-ის ელექტრონულ ანგარიშზე უნებართვო შეღწევა. აღნიშნული განაცხადის საფუძველზე გაფორმდა სესხის ხელშეკრულება და გაიცა სესხი – 800 ლარი, საიდანაც 2017 წლის 28 დეკემბერს აღებული 500 ლარის სესხი დაიფარა. ზ. ო-ემ დარჩენილი თანხა – 300 ლარი გაანაღდა ქ. თ-ში, ჯ-ის ქუჩის მე-- შესახვევში არსებული ბანკომატიდან და მართლსაწინააღმდეგოდ მიისაკუთრა. ზ. ო-ის დანაშაულებრივი ქმედების შედეგად სს „ლ-ი ბ-ს“ მიადგა 300 ლარის მნიშვნელოვანი ზიანი.
· 2018 წლის 6 იანვარს ზ. ო-ემ კვლავ განიზრახა, ზ. ც-ის მართვის მოწმობის გამოყენებით, თაღლითურად დაუფლებოდა ფულად თანხას და ამ მიზნით, იმავე დღეს, ქ. თ-ში, კ-ის ქუჩის №--ში განთავსებულ სს „ლ-ი ბ-ის“ ფილიალში, ზ. ც-ის მართვის მოწმობის გამოყენებით, ითხოვა იდენტიფიკაციისათვის მისივე ანგარიშიდან 1 თეთრის გადარიცხვა სს „ს. რ. ბ-ში“. მოლარე-ოპერატორმა მიამსგავსა ზ. ო-ე წარდგენილ დოკუმენტზე არსებულ ფოტოზე გამოსახულ პირს და მოთხოვნის საფუძველზე ზ. ც-ის ანგარიშიდან ერთი თეთრი გადარიცხა სს „ს. რ. ბ-ში“, რითიც განხორციელდა ზ. ც-ის ელექტრონულ ანგარიშზე უნებართვო შეღწევა. 2018 წლის 8 იანვარს ზ. ო-ემ ქ. თ-ში, მ-ის გამზ. №- კორპუსში მდებარე ინტერნეტკაფეში არსებული კომპიუტერული მოწყობილობის გამოყენებით, უნებართვოდ შეაღწია ზ. ც-ის კომპიუტერულ სისტემაში, რეგისტრაცია გაიარა მისი მონაცემებით სს „ს. რ. ბ-ის“ ვებგვერდზე, თაღლითურად გააფორმა სესხის ელექტრონული ხელშეკრულება, აიღო სესხი – 400 ლარი, რომელიც გაანაღდა თ-ში, კ-ის გზატკეცილის შესახვევის №--ში არსებული სს „ლ-ი ბ-ის“ ბანკომატიდან და მართლსაწინააღმდეგოდ მიისაკუთრა. აღნიშნული დანაშაულებრივი ქმედების შედეგად სს „ლ. ბ-ს“ მიადგა 400 ლარის მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი.
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 18 ივნისის განაჩენით ზ. ო-ე, – დაბადებული 19-- წელს, ნასამართლობის არმქონე, – ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 284-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2017 წლის 28 დეკემბრისა და იმავე წლის 29 დეკემბრის ეპიზოდები) წარდგენილ ბრალდებებში; იგი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 284-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2018 წლის 8 იანვრის ეპიზოდი), 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2017 წლის 28 დეკემბრის, იმავე წლის 29 დეკემბრისა და 2018 წლის 8 იანვრის ეპიზოდები) და თითოეული ეპიზოდისათვის განესაზღვრა ჯარიმა – 2000 ლარი. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2017 წლის 28 დეკემბრის ეპიზოდი) დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა დანარჩენი სასჯელები და ზ. ო-ეს დანაშაულთა ერთობლიობით, საბოლოოდ განესაზღვრა ჯარიმა – 2000 ლარი.
3. აღნიშნული განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 31 ოქტომბრის განაჩენით დარჩა უცვლელად.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა ბრალდების მხარემ. პროკურორი ლაშა ამირანაშვილი საჩივრით ითხოვს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 31 ოქტომბრის განაჩენის გაუქმებასა და მსჯავრდებულ ზ. ო-ისათვის უფრო მკაცრი სასჯელის განსაზღვრას, თავისუფლების აღკვეთის სახით.
5. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ ის არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
6. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.
7. საკასაციო პალატის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლომ საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებები და წარმოდგენილი მტკიცებულებები სრულყოფილად, ობიექტურად და სამართლებრივად სწორად შეაფასა და მსჯავრდებულ ზ. ო-ეს, მისი პიროვნული მახასიათებლების, ასევე – პასუხისმგებლობის დამამძიმებელი და შემამსუბუქებელი გარემოებების (დანაშაულის აღიარება და მონანიება, მტკიცებულებათა უდავოდ ცნობა და ამით სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულების განხორციელებისათვის ხელის შეწყობა, ნასამართლობის არქონა, ზიანის ნაწილობრივი ანაზღაურება, პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებების არარსებობა), მსჯავრდების ყველა ეპიზოდში განუსაზღვრა კანონით გათვალისწინებული სასჯელი, რომელიც შეესაბამება საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილითა და 39-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დადგენილ სასჯელის დანიშვნის ზოგადსავალდებულო მოთხოვნებსა და სასჯელის მიზნებს, რის გამოც მისი დამძიმების საფუძველი პალატას არ გააჩნია.
8. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული არცერთი გარემოება, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ პროკურორის საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
9. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორ ლაშა ამირანაშვილის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად;
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. გაბინაშვილი
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
ლ. თევზაძე