Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

№346აპ-21 ქ. თბილისი

პ-ი გ-ი, 346აპ-21 4 ოქტომბერი, 2021 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მერაბ გაბინაშვილი (თავმჯდომარე),

შალვა თადუმაძე, ლევან თევზაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 10 მარტის განაჩენზე გურჯაანის რაიონული პროკურატურის პროკურორ ნატო ტორიაშვილის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, გ. პ-მა ჩაიდინა: ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრების სისტემატური შეურაცხყოფა, რამაც გამოიწვია ტანჯვა, ჩადენილი არასრულწლოვნის მიმართ, არასრულწლოვნის თანდასწრებით, მისივე ოჯახის წევრის მიმართ, ორი პირის მიმართ; ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით, მისივე ოჯახის წევრის მიმართ (2 ეპიზოდი); ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის მიმართ (2 ეპიზოდი).

2. აღნიშნული ქმედებები გამოიხატა შემდეგში:

· 2019 წლის ნოემბრიდან 2020 წლის 9 იანვრამდე პერიოდში ყ-ის რაიონის სოფელ ა-ში მთვრალი გ. პ-ი სისტემატურ სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა დედას – ც. პ-სა და არასრულწლოვან შვილს – ს. პ-ს, აგინებდა მათ და მიმართავდა დამამცირებელი სიტყვებით, რის შედეგადაც დაზარალებულებმა განიცადეს ტანჯვა.

· 2020 წლის 4 იანვარს ყ-ის რაიონის სოფელ ა-ში გ. პ-მა, საყოფაცხოვრებო საკითხებზე წარმოშობილი კონფლიქტისას, არასრულწლოვანი შვილიშვილის – ს. პ-ის თანდასწრებით, დედას – ც. პ-ს მუხლების არეში დაარტყა ფეხი, რის შედეგადაც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

· 2020 წლის 8 იანვარს ყ-ის რაიონის სოფელ ა-ში მთვრალმა გ. პ-მა შელაპარაკებისას არასრულწლოვანი შვილიშვილის – ს. პ-ის თანდასწრებით, სახის არეში ხელი დაარტყა დედას – ც. პ-ს, რის გამოც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

· 2019 წლის აგვისტოში ყ-ის რაიონის სოფელ ა-ში გ. პ-მა ფეხზე ძლიერად დაარტყა ხელი არასრულწლოვან შვილს – ს. პ-ს, რის შედეგადაც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

· 2019 წლის აგვისტოში ყ-ის რაიონის სოფელ ა-ში გ. პ-მა ფეხზე ძლიერად დაარტყა ხელი არასრულწლოვან შვილს – ს. პ-ს, რის შედეგადაც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

3. გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 16 სექტემბრის განაჩენით გ. პ-ი, – დაბადებული 19-- წელს, ნასამართლობის არმქონე, – ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“, „გ“ ქვეპუნქტებით (2019 წლის ნოემბრიდან 2020 წლის 9 იანვრამდე ეპიზოდი), 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2020 წლის 4 იანვრისა და იმავე წლის 8 იანვრის ეპიზოდები), 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (2019 წლის აგვისტოს პირველი და მეორე ეპიზოდები) წარდგენილ ბრალდებებში. გამართლებულს განემარტა საქართველოს სსსკ-ის 92-ე მუხლით გათვალისწინებული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება.

4. აღნიშნული განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 10 მარტის განაჩენით დარჩა უცვლელად.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა ბრალდების მხარემ. წარმოდგენილი საკასაციო საჩივრით პროკურორი ნატო ტორიაშვილი ითხოვს გ. პ-ის საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“, „გ“ ქვეპუნქტებით (2019 წლის ნოემბრიდან 2020 წლის 9 იანვრამდე ეპიზოდი), 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2020 წლის 4 იანვრისა და იმავე წლის 8 იანვრის ეპიზოდები), 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (2019 წლის აგვისტოს პირველი და მეორე ეპიზოდები) წარდგენილ ბრალდებებში დამნაშავედ ცნობასა და შესაბამისი სასჯელის განსაზღვრას.

6. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

7. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი. ამასთან, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას (მაგალითისათვის იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებები: №643აპ-18, №969აპ-20).

8. საკასაციო პალატა ვერ დაეთანხმება პროკურორის მითითებას, რომ სააპელაციო სასამართლომ დაადგინა უკანონო განაჩენი. საკასაციო პალატის აზრით, სააპელაციო პალატის გადაწყვეტილებაში მითითებულია იმ მოტივებზე, რომელთა საფუძველზეც სასამართლომ მიიჩნია, რომ გ. პ-ის მსჯავრდებისათვის არ არსებობს გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი. დაზარალებულებმა – ც. პ-მა (ბრალდებულის დედამ) და ს. პ-მა (ბრალდებულის შვილმა), ასევე – მოწმე ლ. პ-მა (ბრალდებულის შვილმა) ისარგებლეს საქართველოს სსსკ-ის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული უფლებით და ახლო ნათესავის წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე განაცხადეს უარი. ბრალდებულის შესაძლო ძალადობა და სისტემატური შეურაცხყოფა დაზარალებულებზე სასამართლოში გამოკვლეული რაიმე უტყუარი მტკიცებულებით არ დადასტურებულა. რაც შეეხება ბრალდების მხარის მითითებულ სხვა მტკიცებულებებს (მოწმეთა ჩვენებებს, შეტყობინებას შესაძლო დანაშაულის შესახებ, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმს), ისინი უტყუარად არ ადასტურებს ბრალდებულის მიერ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“, „გ“ ქვეპუნქტებით (2019 წლის ნოემბრიდან 2020 წლის 9 იანვრამდე ეპიზოდი), 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2020 წლის 4 იანვრისა და იმავე წლის 8 იანვრის ეპიზოდები), 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (2019 წლის აგვისტოს პირველი და მეორე ეპიზოდები) გათვალისწინებულ დანაშაულთა ჩადენას.

9. სასამართლო ითვალისწინებს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 ნაწილის იმპერატიული დანაწესის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს და ყოველგვარი ეჭვი, რომელიც კანონის შესაბამისად ვერ დადასტურდება, ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ უნდა გადაწყდეს. საქართველოს სსსკ-ის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი, ხოლო სსსკ-ის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილისა და 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას, რაც, სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის საფუძველზე, გულისხმობს მტკიცებულებათა ისეთ ერთობლიობას, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებს პირის ბრალეულობაში.

10. გამომდინარე ზემოაღნიშნულიდან, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო პალატამ საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებები და მტკიცებულებები სწორად შეაფასა, ხოლო კასატორის პრეტენზიებს დასაბუთებულად და სრულყოფილად უპასუხა. განსახილველ შემთხვევაში ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა ეჭვი სწორად გადაწყვიტეს ბრალდებულის სასარგებლოდ და ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული გარემოებები, პროკურორის საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

11. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. გურჯაანის რაიონული პროკურატურის პროკურორ ნატო ტორიაშვილის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად;

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. გაბინაშვილი

მოსამართლეები: შ. თადუმაძე

ლ. თევზაძე