Facebook Twitter

ას-67-373-04 21 მაისი, 2004 წ., ქ.თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე,),

რ. ნადირიანი,

თ. კობახიძე

სარჩელის საგანი: გამოსახლება.

შეგებებული სარჩელის საგანი: ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა.

აღწერილობითი ნიწილი:

ნ. ბ.-მ სარჩელი აღძრა ხელვაჩაურის რაიონულ სასამართლოში ჯ. ბ.-ისა და ფ. ქ.-ის მიმართ და მოითხოვა მათი გამოსახლება ხელვაჩაურის რაიონის სოფ. ...-ში მდებარე საცხოვრებელი სახლიდან და მოპასუხეების მფლობელობაში არსებული მოძრავი ნივთების დაბრუნება.

მოთხოვნის საფუძვლად მოსარჩელემ აღნიშნა, რომ 2002წ. 12 თებერვალს მოპასუხე ფ. ქ.-ის მინდობილი პირისაგან ჯ. კ.-ისაგან შეისყიდა ფ. ქ.-ის სახელზე რიცხული საცხოვრებელი სახლი. ნასყიდობის ხელშეკრულება დამოწმდა სანოტარო წესით და საჯარო რეესტრში აღირიცხა მის სახელზე. მოსარჩელემ სკ-ის 170-ე მუხლის საფუძველზე მოითხოვა მოპასუხეების გამოსახლება სადავო ბინიდან, ასევე ამ ბინაში არსებული მოძრავი ნივთების მისთვის მიკუთვნება.

მოპასუხეებმა სარჩელი არ ცნეს, მოპასუხე ფატმან ქ.-მ შეგებებული სარჩელი აღძრა და მოითხოვა ჯ. კ.-სა და ნ. ბ.-ს შორის 2002წ. 12 თებერვალს გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულების გაუქმება იმ საფუძვლით, რომ სადავო ბინა არის მეუღლეთა თანასაკუთრება და სკ-ის 1158-ე და 1160-ე მუხლების თანახმად სახლის გასხვისებაზე საჭირო იყო მისი მეუღლის თანხმობა.

ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2003წ. 27 ივლისის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა, ხოლო შეგებებული სარჩელის მოთხოვნა დაკმაყოფილდა.

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ნ. ბ.-ემ. სააპელაციო პალატამ დადგენილად ცნო შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

ფ. ქ.-ე და ჯ. ბ.-ე რეგისტრირებულ ქორწინებაში არიან 1985 წლიდან. 1998 წლიდან ფ. ქ.-ის სახელზე საკუთრების უფლებით ირციხება ხელვაჩაურის რაიონის ც\მეურნეობაში მდებარე სახლი ¹5, ბინა ¹5.

2000წ. 15 ივლისს ფ. ქ.-მ ჯ. კ.-ს მისცა მინდობილობა მისი კუთვნილი სახლის გასხვისების უფლებით. 2002წ. 12 თებერვალს ჯ. კ.-მ სანოტარო წესით დამოწმებული ხელშეკრულების საფუძველზე სადავო ბინა მიჰყიდა ნ. ბ.-ს, რომელმაც ბინის ღირებულება გადაუხადა ჯ. კ.-ს. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე სააპელაციო პალატამ ჩათვალა, რომ ნ. ბ.-ის მოთხოვნა საფუძვლიანია, ვინაიდან იგი არის სადავო ბინის მესაკუთრე და სკ-ის 170-ე და 172-ე მუხლების საფუძველზე მას უფლება აქვს უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა.

სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ სკ-ის 173-ე მუხლით თანასაკუთრება უძრავ ქონებაზე წარმოიშობა თანასაკუთრების რეგისტრაციით საჯარო რეესტრში. ვინაიდან ბინის მესაკუთრედ რეგისტრირებული იყო ფ. ქ.-ე, არ არსებობს მისი მეუღლის _ ჯ. ბ.-ის თანამესაკუთრედ ჩათვლის საფუძველი, რადგან ფ. ქ.-ე არ აყენებდა მინდობილობის ბათილად ცნობის საკითხს და მისი წარმომადგენლის განმარტებით, მინდობილობა გაიცა მისი ნების საფუძველზე, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ ნამდვილი გარიგების, მინდობილობის საფუძველზე შესრულებული ნასყიდობის ხელშეკრულების, ბათილად ცნობის საფუძველი არ არსებობს.

სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა მოპასუხეების მოსაზრება იმის შესახებ, რომ ნასყიდობის ხელშეკრულება სკ-ის 56-ე მუხლის თანახმად, მოჩვენებითი და თვალთმაქცური გარიგებაა, რადგან ნასყიდობის ხელშეკრულებას მოჰყვა სადავო ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამართლებრივი შედეგები და ამ ხელშეკრულებით არ დაფარულა რაიმე სხვა გარიგება.

სააპელაციო პალატამ ასევე არ გაიზიარა მოპასუხეების მოსაზრება იმის შესახებ, რომ ნასყიდობის ხელშეკრულება მოტყუებით დადებული გარიგებაა, რადგან მხარემ ვერ დაადასტურა თუ რაში გამოიხატა მოტყუება. რაც შეეხება იმ მოტივს, რომ ჯ. ქ.-ს არ მიუღია თანხა, სააპელაციო პალატამ აღნიშნულიც არ მიიჩნია ხელშეკრულების ბათილობის საფუძვლად, რადგან ფ. ქ.-ს თანხის მიღების შესახებ პრეტენზია შეეძლო განეცხადებინა მხოლოდ მისი მინდობილი პირის _ ჯ. კ.-ის მიმართ.

აღნიშნული საფუძვლით, სააპელაციო პალატის 2003წ. 4 ნოემბრის გადაწყვეტილებით გაუქმდა ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება და ნ. ბ.-ის სარჩელი ჯ. ბ.-ისა და ფ. ქ.-ის ოჯახის წევრებთან ერთად გამოსახლების შესახებ დაკმაყოფილდა. მოძრავი ნივთების მოთხოვნის ნაწილში შეწყდა საქმის წარმოება.

მოპასუხეებს უარი ეთქვა შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილებაზე. მოპასუხეებს დაეკისრათ აპელანტი მხარის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი და ადვოკატის მომსახურების ხარჯი.

სააპელაციო პალატის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრეს ჯ. ბ.-მ და ფ. ქ.-მ, რომლებიც მოითხოვენ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებას, ახალი გადაწყვეტილებით შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილებას და ნ. ბ.-ის სარჩელზე უარის თქმას.

კასატორების მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლომ არასწორად განმარტა სკ-ის 1158-ე, 1160-ე, 56-ე მუხლები, არ გამოიყენა 1171-ე მუხლი, ასევე არასწორად შეაფასა საქმის ფაქტობრივი გარემოებები.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები და თვლის, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სკ-ის 1158-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მეუღლეთა მიერ ქორწინების განმავლობაში შეძენილი ქონება წარმოადგენს მათ საერთო ქონებას (თანასაკუთრებას), თუ მათ შორის საქორწინო ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის დადგენილი. ამავე კოდექსის 1159-ე მუხლის თანახმად კი თანასაკუთრებაში არსებულ ქონებაზე მეუღლეებს აქვთ თანაბარი უფლებები. ამ ქონების ფლობა, სარგებლობა და განკარგვა ხორციელდება მეუღლეთა ურთიერთშეთანხმებით.

მხარეები სადავოდ არ ხდიან და დადასტურებულია, რომ სადავო ბინა წარმოადგენს მეუღლეთა თანასაკუთრებას და გასხვისებამდე აღრიცხული იყო ფ. ქ.-ის სახელზე. ჯ. ბ.-ს, როგორც სადავო ბინის თანამესაკუთრეს სრული უფლება ჰქონდა, განეხორციელებინა საკუთრების უფლების აღრიცხვა საჯარო რეესტრში რეგისტრაციის გზით, რაც არ გაუკეთებია. ჯ. ბ.-ემ მისი უფლება, აღრიცხულიყო საჯარო რეესტრში და ესარგებლა მისგან გამომდინარე სამართლებრივი შედეგებით, კერძოდ, განეკარგა ქონება, დაუთმო მეუღლეს _ ფ. ქ.-ს.

სკ-ის ნორმები იმპერატიულად მოითხოვს სანივთო სამართლებრივი უფლების საჯარო რეესტრში რეგისტრაციას. სკ-ის 185-ე მუხლის მიხედვით, შემძენის ინტერესიდან გამომდინარე, გამსხვისებელი ითვლება მესაკუთრედ, თუ იგი ასეთად არის რეგისტრირებული საჯარო რეესტრში, გარდა იმ შემთხვევისა,M როცა შემძენმა იცოდა, რომ გამსხვისებელი არ იყო მესაკუთრე. ამავე კოდექსის 312-ე მუხლის შესაბამისად, რეესტრის ჩანაწერების მიმართ მოქმედებს უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია, ე.ი. რეესტრის ჩანაწერი ითვლება სწორად, ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა.

საკასაციო პალატა თვლის, რომ შემძენის ინტერესებიდან გამომდინარე, მეუღლეთა ქორწინების განმავლობაში ერთად შეძენილ, სკ-ის 1158-ე მუხლით გათვალისწინებულ უძრავ ქონებაზე (თანასაკუთრებაზე) მეუღლეთა საკუთრების უფლება წარმოიშობა მხოლოდ საჯარო რეესტრში ორივე მათგანის რეგისტრაციის შემდეგ, წინააღმდეგ შემთხვევაში მესამე პირების მიმართ რეესტრის ჩანაწერები ითვლება სწორად.

აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების მიღებისას არ დაურღვევია კანონი, შესაბამისად, არ არსებობს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 410-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

ფ. ქ.-ის და ჯ. ბ.-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

უცვლელად დარჩეს ამ საქმეზე აჭარის ა\რ უმაღლესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2003წ. 4 დეკემბრის გადაწყვეტილება.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.