Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №427აპ-21 ქ. თბილისი

ს-ი ა-რ, 427აპ-21 22 ოქტომბერი, 2021 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მერაბ გაბინაშვილი (თავმჯდომარე),

შალვა თადუმაძე, მამუკა ვასაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 18 მარტის განაჩენზე მსჯავრდებულ ა. ს-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ნ. პ-ას საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 21 ოქტომბრის განაჩენით ა. ს-ი, – დაბადებული 19-- წელს, – ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილითა (3 ეპიზოდი) და 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით – 1-1 წლითა და 6-6 თვით, ხოლო 111,3811-ე მუხლის 1-ლი ნაწილით – 1 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა თანაბარი და ნაკლებად მკაცრი სასჯელები და ა. ს-ს დანაშაულთა ერთობლიობით განესაზღვრა 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყო 2020 წლის 11 ივნისიდან.

2. აღნიშნული განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 18 მარტის განაჩენით დარჩა უცვლელად.

3. სასამართლომ დაადგინა, რომ ა. ს-მა ჩაიდინა: ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის სისტემატური შეურაცხყოფა, რამაც გამოიწვია ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი; ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი (2019 წლის 1 იანვრისა და 2020 წლის 9 ივნისის ეპიზოდები); ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში; ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობა. აღნიშნული ქმედებები გამოიხატა შემდეგში:

· დაახლოებით სამი წლის განმავლობაში ო. ს-ი დაქორწინებული იყო ა. ს-ზე. მეუღლეები ცხოვრობდნენ ქ. თ-ში, წ-ის ქ. №-სა და თ-ის ქ. №-, ბინა №--ში. 2019 წლის აგვისტოდან 2020 წლის 10 ივნისამდე პერიოდში, გენდერული დისკრიმინაციის მოტივით, ა. ს-ი ფსიქოლოგიურად ძალადობდა მეუღლეზე – ო. ს-ზე, კერძოდ, სისტემატურად აყენებდა მას სიტყვიერ შეურაცხყოფას, აგინებდა, ამცირებდა, მიმართავდა უშვერი სიტყვებით, რის შედეგადაც დაზარალებული განიცდიდა ტანჯვას და თავს გრძნობდა დამცირებულად.

· 2019 წლის 1 იანვარს თ-ში, წ-ის ქ. №--ში მდებარე თავიანთ დროებით საცხოვრებელ ბინა №--ში, უმნიშვნელო მიზეზით, ა. ს-მა მეუღლეს – ო. ს-ს მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ, მუშტები ურტყა სხეულის სხვადასხვა არეში. ა. ს-ის ქმედების შედეგად ო. ს-მა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

· 2020 წლის 9 ივნისს ქ. თ-ში, თ-ის ქ. №--ში მდებარე თავიანთ დროებით საცხოვრებელ ბინა №--ში, ეკონომიკურ ნიადაგზე წარმოშობილი კონფლიქტისას, ა. ს-მა მეუღლეს – ო. ს-ს მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ, მუშტები ურტყა სახის არეში. ა. ს-ის ქმედების შედეგად დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

· 2020 წლის 9 ივნისს ქ. თ-ში, თ-ის ქ. №--ში მდებარე თავიანთ დროებით საცხოვრებელ ბინა №--ში, ა. ს-ი მეუღლეს – ო. ს-ს დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით, რის შედეგადაც დაზარალებულს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

· 2020 წლის 9 ივნისს ა. ს-ის მიერ მეუღლეზე – ო. ს-ზე განხორციელებული ფსიქოლოგიური ძალადობის ფაქტზე გამოიცა №- შემაკავებელი ორდერი, რომლითაც ა. ს-ს (მოძალადეს) აეკრძალა იმ სახლთან მიახლოება, სადაც ო. ს-ი (მსხვერპლი) ცხოვრობს, აგრეთვე მსხვერპლთან, მის სამსახურსა და იმ ადგილებთან მიახლოება, სადაც მსხვერპლი იმყოფება, აგრეთვე, მსხვერპლთან ნებისმიერი სახის კომუნიკაცია ტელეფონის, სოციალური ქსელისა და სხვა ტექნიკური საშუალების გამოყენებით. ა. ს-მა არ შეასრულა შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნები და ვალდებულებები, კერძოდ, 2020 წლის 10 ივნისს მობილური ტელეფონით დაამყარა კომუნიკაცია ო. ს-თან.

4. მსჯავრდებულ ა. ს-ის ინტერესების დამცველი, ადვოკატი ნ. პ-ა საკასაციო საჩივრით ითხოვს გასაჩივრებული განაჩენის გაუქმებას, ა. ს-ის გამართლებას საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილითა (3 ეპიზოდი) და 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში, ხოლო 111,3811-ე მუხლის 1-ლი ნაწილით – უფრო მსუბუქი სასჯელის განსაზღვრას.

5. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

6. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.

7. სასამართლო არ ეთანხმება დაცვის მხარის საკასაციო საჩივრის მოსაზრებას, რომ, გარდა დაზარალებულის ჩვენებისა, ბრალდების მხარეს არ წარმოუდგენია მტკიცებულებათა ერთობლიობა ა. ს-ის ძალადობისა და მუქარის ნაწილში ბრალეულობის დასადასტურებლად. საქმეში არსებული ურთიერთშეჯერებული და საკმარისი მტკიცებულებები (დაზარალებულისა და მოწმეების ჩვენებები, სსიპ 112-ში შესული შეტყობინება, შემაკავებელი ორდერი, ოქმები მობილური ტელეფონების დათვალიერების შესახებ თანდართული ფოტოსურათებით და სხვ.) ქმნის საკმარის ერთობლიობას ა. ს-ის საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (3 ეპიზოდი), 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტითა და 111,3811-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მსჯავრდებისათვის. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას. კასატორის მიერ საჩივარში მითითებული გარემოებები ვერ გახდება მსჯავრდებულის ინტერესების დამცველის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველი.

8. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის პოზიციას საქართველოს სსკ-ის 111,3811-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დანიშნული სასჯელის შემსუბუქებასთან დაკავშირებით და სასჯელის სამართლიანობის შესახებ აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაში ამომწურავად არის მითითებული იმ ფაქტობრივ გარემოებებსა და მოტივებზე, რომელთა საფუძველზეც სასამართლომ ა. ს-ს როგორც ზემოთ მითითებული მუხლით, ისე – დანაშაულთა ერთობლიობით, მსჯავრდებულის პიროვნული მახასიათებლების, მისი პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებების, ასევე – საქართველოს სსკ-ის 39-ე და 53-ე მუხლების მოთხოვნათა გათვალისწინებით, განუსაზღვრა კანონიერი და სამართლიანი სასჯელი, რასაც საკასაციო სასამართლოც იზიარებს და რომლის შემსუბუქება მიზანშეუწონლად მიაჩნია.

9. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული არცერთი გარემოება, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

10. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მსჯავრდებულ ა. ს-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ნ. პ-ას საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად;

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. გაბინაშვილი

მოსამართლეები: შ. თადუმაძე

მ. ვასაძე