Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

№364აპ-21 ქ. თბილისი

ს-ე გ-ა, 364აპ-21 19 ოქტომბერი, 2021 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მერაბ გაბინაშვილი (თავმჯდომარე),

შალვა თადუმაძე, ლევან თევზაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 22 მარტის განაჩენზე მსჯავრდებულ გ. ს-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ დ. ჩ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2020 წლის 18 სექტემბრის განაჩენით გ. ს-ე, – დაბადებული 19-- წელს, ნასამართლევი, – ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 19,108-ე მუხლით და მიესაჯა 8 წლით თავისუფლების აღკვეთა, რამაც, საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, შთანთქა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 9 ნოემბრის განაჩენითა და 2017 წლის 17 ნოემბრის განჩინებით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი – ჯარიმა 4300 ლარი და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით განესაზღვრა 8 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყო 2020 წლის 13 იანვრიდან.

2. აღნიშნული განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 22 მარტის განაჩენით დარჩა უცვლელად.

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ გ. ს-ემ ჩაიდინა განზრახ მკვლელობის მცდელობა.

4. გ. ს-ის მიერ ჩადენილი ქმედება გამოიხატა შემდეგში:

· 2020 წლის 9 იანვარს, საღამოს საათებში, ქ. თ-ში, სოფელ ფ-ში, კ. გ-ას ქ. №--ის მიმდებარე ტერიტორიაზე, თანმხლებ პირებთან მყოფმა გ. ს-ემ „ტოიოტა ლენდ კრუიზერის“ („Toyota Land Crueser“) მარკის ავტომანქანით, სახელმწიფო ნომრით – --, გზა გადაუკეტა „ნისან ტიდას“ („Nissan Tida“) მარკის ავტომანქანას, სახელმწიფო ნომრით – --, რომელშიც იმყოფებოდნენ ვ. პ-ი, ჩ. ქ-ი და ს. ქ-ი. მანამდე არსებული უთანხმოების ნიადაგზე, გ. ს-ემ ვ. პ-ს მოკვლის განზრახვით, დანის გამოყენებით პლევრის ღრუში, მე-7 და მე-8 ნეკნების საპროექციო მიდამოში, მიაყენა სიცოცხლისათვის სახიფათო შემავალი ჭრილობა, ზედა კიდურების მიდამოში კი – ორი ზედაპირული დაზიანება. დაჭრილმა ვ. პ-მა შეძლო ავტომანქანის დაძვრა და შემთხვევის ადგილის დატოვება, რის გამოც გ. ს-ემ დანაშაულებრივი განზრახვა სისრულეში ვერ მოიყვანა.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულის ადვოკატმა დ. ჩ-ემ. წარმოდგენილ საკასაციო საჩივარში კასატორი აღნიშნავს, რომ გ. ს-ეს არ ჰქონია ვ. პ-ის მოკვლის განზრახვა და მან ჩაიდინა საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული – სხეულის განზრახ მძიმე დაზიანება.

6. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

7. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი. ამასთან, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას (მაგალითისათვის იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებები: №938აპ-19, №680აპ-17, №776აპ-08).

8. საკასაციო საჩივრისა და საქმის შესწავლის შედეგად საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებებით (დაზარალებულისა და მოწმეების გამოკითხვის ოქმებით, ექსპერტიზების დასკვნებით, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმით, შემთხვევის ადგილის, საცხოვრებელი სახლისა და ავტომანქანების დათვალიერების ოქმებით, ნიმუშის აღების ოქმებითა და სხვ.) გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით სრულად დადასტურდა გ. ს-ის ბრალეულობა საქართველოს სსკ-ის 19,108-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში. შემთხვევის ადგილზე განვითარებული მოვლენები, გ. ს-ის განსაკუთრებული აგრესია დაზარალებულის მიმართ და მისთვის არაერთი ჭრილობის მიყენება, მათ შორის – სიცოცხლისათვის სახიფათო ადგილზე (გულმკერდის ღრუში), შემდეგ მსჯავრდებულისა და მისი თანხმლები პირების დადევნება დაზარალებულის ავტომანქანაზე და მისი მიმართულებით რამდენიმე გასროლა ცეცხლსასროლი იარაღიდან მიუთითებს იმაზე, რომ გ. ს-ეს ჰქონდა ვ. პ-ისათვის სიცოცხლის მოსპობის განზრახვა, რომლის სისრულეში მოყვანა ვერ შეძლო მხოლოდ იმიტომ, რომ დაზარალებულმა მოახერხა ავტომანქანის დაძვრა და შემთხვევის ადგილის დატოვება.

9. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს საკასაციო საჩივრის მოთხოვნას გ. ს-ის ქმედების საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დაკვალიფიცირების თაობაზე.

10. ამდენად, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული არცერთი გარემოება, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

11. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მსჯავრდებულ გ. ს-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ დ. ჩ-ის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად;

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. გაბინაშვილი

მოსამართლეები: შ. თადუმაძე

ლ. თევზაძე