საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
№403აპ-21 ქ. თბილისი
ს-ე ო-რ, 403აპ-21 28 ოქტომბერი, 2021 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მერაბ გაბინაშვილი (თავმჯდომარე),
შალვა თადუმაძე, მამუკა ვასაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 10 მარტის განაჩენზე გორის რაიონული პროკურატურის პროკურორ გიორგი კრავეიშვილის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, ო. ს-ეს ბრალად დაედო: ოჯახში ძალადობა, ე.ი. ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის მეორე წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ, არაერთგზის; მუქარა, ე.ი. ჯანმრთელობის დაზიანების მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, ჩადენილი არაერთგზის, ოჯახის წევრის მიმართ; ოჯახის წევრის მიმართ შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობა, არაერთგზის; ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის მეორე წევრის მიმართ ადევნება, ე.ი. ოჯახის წევრის მიმართ პირადად უკანონო თვალთვალი, არასასურველი კომუნიკაცია, მფლობელობის ხელშეუხებლობის დარღვევა და მუქარა, რომელიც სისტემატურად ხორციელდება და რომელმაც გამოიწვია პირის ფსიქიკური ტანჯვა და ძალადობის გამოყენების საფუძვლიანი შიში, რაც პირის ცხოვრების წესის მნიშვნელოვნად შეცვლის საჭიროებას ქმნიდა.
2. აღნიშნული ქმედებები გამოიხატა შემდეგში:
· 2019 წლის 19 დეკემბერს, დაახლოებით 21:00 საათზე, ქ. კ-ში, ხ-ის ქ. №--ში მდებარე თავის საცხოვრებელ სახლსა და სახლის წინ მდებარე ქუჩაზე, გორის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 5 ივნისის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, 111,151-ე მუხლის 1-ლი ნაწილითა და 111,3811-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გასამართლებულმა, მთვრალმა ო. ს-ემ, ეჭვიანობის მოტივით, არასრულწლოვანი შვილის – გ. ს-ის თანდასწრებით ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ყოფილ მეუღლეს – ა. ბ-ს, ხელი რამდენჯერმე დაარტყა სახის არეში და ბეტონის საფარზე წააქცია, რის შედეგადაც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი. ამ დროს ო. ს-ე დანის დემონსტრირებით ყოფილ მეუღლეს – ა. ბ-ს დაემუქრა ჯანმრთელობის დაზიანებით, რა დროსაც დაზარალებულს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
· 2019 წლის 26 ნოემბერს №- შემაკავებელი ორდერით მოძალადეს – გორის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 5 ივნისის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, 111,151-ე მუხლის 1-ლი ნაწილითა და 111,3811-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გასამართლებულ ო. ს-ეს აეკრძალა მსხვერპლსა და იმ სახლთან მიახლოება, სადაც მსხვერპლი – ყოფილი მეუღლე ა. ბ-ი ცხოვრობს ან/და იმყოფება; ასევე, მასთან ნებისმიერი სახის კომუნიკაცია. ო. ს-ემ არ შეასრულა №- შემაკავებელი ორდერის მე-8 მუხლის „ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული მოთხოვნები და ვალდებულებები, კერძოდ, 2019 წლის 19 დეკემბერს, დაახლოებით 21:00 საათზე, მთვრალი ო. ს-ე მივიდა ა. ბ-ის საცხოვრებელ სახლში (მდებარე ქ. კ-ში, ხ-ის ქ. №-ში), რა დროსაც დაზარალებულს მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა და დაემუქრა ჯანმრთელობის დაზიანებით.
· 2018 წლის ნოემბერ-დეკემბრის თვეებში, ქ. კ-ში ო. ს-ე ყოფილ მეუღლეზე – ა. ბ-ზე სისტემატურად ახდენდა უკანონო თვალთვალს, ხვდებოდა და მასთან ამყარებდა არასასურველ კომუნიკაციას, ნებართვის გარეშე შედიოდა მასთან სახლში, მდებარე კ-ში, ხ-ის ქ. №--ში და ემუქრებოდა ჯანმრთელობის დაზიანებით, რის შედეგადაც ა. ბ-ი განიცდიდა ფსიქიკურ ტანჯვას და გაუჩნდა ძალადობის გამოყენების საფუძვლიანი შიში, რის გამოც დაზარალებულს შეექმნა საცხოვრებელი ადგილისა და სამსახურის შეცვლის რეალური საჭიროება.
2. გორის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 8 სექტემბრის განაჩენით ო. ს-ე, – დაბადებული 19-- წელს, ნასამართლევი, – ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“, „დ“ ქვეპუნქტებითა და 111,1511-ე მუხლის 1-ლი ნაწილით წარდგენილ ბრალდებებში; იგი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და „ე“ ქვეპუნქტებით – 1 წლითა და 6 თვით, 111,3811-ე მუხლის 1-ლი ნაწილით კი – 1 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი და ო. ს-ეს დანაშაულთა ერთობლიობით, საბოლოოდ განესაზღვრა 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყო 2019 წლის 20 დეკემბრიდან.
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 10 მარტის განაჩენით გორის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 8 სექტემბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.
4. აღნიშნული განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა გორის რაიონული პროკურატურის პროკურორმა გიორგი კუპრეიშვილმა. კასატორი ითხოვს გასაჩივრებული განაჩენის გაუქმებას, ო. ს-ის დამნაშავედ ცნობას ბრალდების ყველა ეპიზოდში და უმკაცრესი სასჯელის განსაზღვრას.
5. მსჯავრდებულ ო. ს-ის ინტერესების დამცველი, ადვოკატი ე. მ-ი შესაგებლით ითხოვს პროკურორის საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობასა და გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვებას.
6. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
7. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი. ამასთან, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას (იხ. სუსგ №725აპ-19, №714აპ-20).
8. საკასაციო სასამართლო ვერ დაეთანხმება ბრალდების მხარის საკასაციო საჩივრის მოსაზრებას იმასთან დაკავშირებით, რომ სააპელაციო სასამართლომ დაადგინა „ნაწილობრივ დაუსაბუთებელი“ განაჩენი. საკასაციო პალატის აზრით, სააპელაციო პალატის გადაწყვეტილებაში მითითებულია იმ მოტივებზე, რომელთა საფუძველზეც სასამართლომ მიიჩნია, რომ ო. ს-ის საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“, „დ“ ქვეპუნქტებითა და 111,1511-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მსჯავრდებისათვის არ არსებობს გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი. გარდა დაზარალებულის ჩვენებისა, ბრალდების მხარემ ვერ წარმოადგინა მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლითაც დადასტურდებოდა ო. ს-ის ბრალეულობა ზემოთ მითითებული დანაშაულების ჩადენაში. შესაბამისად, საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა ბრალდების ამ ნაწილში ეჭვი სწორად გადაწყვიტეს ბრალდებულის სასარგებლოდ.
9. რაც შეეხება სასჯელს, სასამართლო სასჯელის სამართლიანობას აფასებს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით, შესაბამისად, განსაზღვრული სასჯელი უნდა იყოს მკაცრად პერსონალური, თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან. საკასაციო პალატის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლომ მსჯავრდებულ ო. ს-ეს, მისი პიროვნული მახასიათებლების, ასევე – პასუხისმგებლობის დამამძიმებელი და შემამსუბუქებელი გარემოებების მხედველობაში მიღებით, როგორც საქართველოს სსკ-ის 111,3811-ე მუხლის მე-3 ნაწილითა და 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“, „ე“ ქვეპუნქტებით, ისე – დანაშაულთა ერთობლიობით განუსაზღვრა სასჯელის ყველაზე მკაცრი სახე, რომელიც შეესაბამება საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილითა და 39-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დადგენილ სასჯელის დანიშვნის ზოგადსავალდებულო მოთხოვნებსა და სასჯელის მიზნებს და რომლის დამძიმების საფუძველი საკასაციო პალატას არ გააჩნია.
10. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არ მოიპოვება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული რომელიმე საფუძველი, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ პროკურორის საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
11. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო სასამართლომ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. გორის რაიონული პროკურატურის პროკურორ გიორგი კრავეიშვილის საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნეს ცნობილი;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე მ. გაბინაშვილი
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
მ. ვასაძე