საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრების დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
№256აპ-20 ქ. თბილისი
ს-ე დ-ა, 256აპ-20 15 ოქტომბერი, 2021 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
მერაბ გაბინაშვილი (თავმჯდომარე),
შალვა თადუმაძე, ლევან თევზაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 21 ნოემბრის განაჩენზე ქუთაისის რაიონული პროკურატურის პროკურორ გვანცა ტაბატაძის, ასევე – მსჯავრდებულ დ. ს-ისა და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატების – ფ. ც-ისა და რ. ა-ის საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 21 თებერვლის განაჩენით დ. ს-ეს, – დაბადებულს 19-- წელს, ნასამართლობის არმქონეს, – წარდგენილი ბრალდებიდან ამოერიცხა საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი, როგორც ზედმეტად შერაცხული; იგი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და განესაზღვრა 7 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყო 2019 წლის 21 თებერვლიდან.
2. განაჩენით დადგენილადაა მიჩნეული, რომ დ. ს-ემ ჩაიდინა თაღლითობა, ე.ი. მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ქონების დაუფლება მოტყუებით, დიდი ოდენობით. აღნიშნული ქმედება გამოიხატა შემდეგში:
· 2015 წლის ნოემბრიდან 2016 წლის თებერვლის მონაკვეთში, დ. ს-ე მოტყუებით, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, საზღვარგარეთ, კერძოდ, ამერიკის შეერთებულ შტატებსა და დუბაიში დასაქმების დაპირებით, დაეუფლა სხვადასხვა პირთა ფულად თანხებს. დანაშაულებრივი ქმედებით დ. ბ-ეს, ლ. ზ-ს, გ. ს-ეს, გ. ჯ-ეს, თ. ა-ეს, გ. გ-ეს, დ. გ-ეს, ვ. კ-ას, ა. ჭ-ს, ზ. ბ-ეს, გ. გ-ეს, ხ. ბ-ეს, დ. მ-ს, ზ. ც-ს, მ. კ-ეს, თ. კ-ს, ი. ბ-ეს, ხ. ვ-ეს, კ. ვ-ეს, თ. თ-ეს, ჯ. მ-ეს, ს. ხ-ეს, ვ. ქ-ეს, გ. ვ-ეს, ს. მ-ვს, ს. გ-ეს, გ. პ-ს, მ. თ-ეს, ლ. ვ-ეს, გ. ჯ-ეს, ნ. გ-ეს, ლ. თ-ეს, ა. ვ-ეს, გ. ვ-ეს, ი. ს-ეს, ვ. ვ-ესა და ტ. ვ-ეს მიადგათ მნიშვნელოვანი ზიანი, ხოლო მ. ჯ-ს, ი. ლ-სა და მ. ბ-ეს – დიდი ოდენობით ქონებრივი ზიანი.
3. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 21 თებერვლის განაჩენი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 21 ნოემბრის განაჩენით შეიცვალა: დ. ს-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და მიესაჯა ჯარიმა – 20000 ლარი, რაც, სსკ-ის 62-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, 2019 წლის 21 თებერვლიდან იმავე წლის 21 ნოემბრის ჩათვლით პატიმრობის ვადის გათვალისწინებით, შეუმსუბუქდა და საბოლოოდ განესაზღვრა ჯარიმა – 10000 ლარი სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ. დ. ს-ე დაუყოვნებლივ გათავისუფლდა სასამართლო სხდომის დარბაზიდან. განაჩენი დანარჩენ ნაწილში დარჩა უცვლელად.
4. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრეს მხარეებმა. პროკურორი გვანცა ტაბატაძე საჩივრით ითხოვს გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანასა და მსჯავრდებულ დ. ს-ისათვის უფრო მკაცრი სასჯელის განსაზღვრას, ხოლო მსჯავრდებული დ. ს-ე და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატები – ფ. ც-ე და რ. ა-ე – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 21 ნოემბრის გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმებასა და დ. ს-ის მიმართ გამამართლებელი განაჩენის დადგენას.
5. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივრები და დაასკვნა, რომ ისინი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
6. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი. ამასთან, სააპელაციო სასამართლოს განაჩენი შეესაბამება საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას და არ არის მოსალოდნელი მოცემულ საქმეზე პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება №625აპ-17, №1276აპ-06).
7. საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის პოზიციას დ. ს-ის უდანაშაულობის შესახებ მისთვის წარდგენილ ბრალდებაში, რადგან მისი ქმედება სამოქალაქოსამართლებრივ ჩარჩოებში განსახილველი საკითხია და არა – დანაშაული, ვინაიდან საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებით უტყუარად დასტურდება საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის შემადგენლობის როგორც ობიექტური, ისე – სუბიექტური ნიშნების არსებობა. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ მტკიცებულებებით, რომლებიც ბრალდებას დაედო საფუძვლად (მათ შორის: დაზარალებულთა და მოწმეთა გამოკითხვის ოქმებით მიღებული ინფორმაციითა და ჩვენებებით, შპს „თ. თ. ჯ-ის“ გენერალურ მენეჯერსა და გამომძიებელს შორის არსებული მიმოწერებით, საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის წერილით, ქალაქ ქ-ის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსის წერილით, „ს-ს ბ-დან“ ამოღებული სალაროს შემოსავლის ორდერებით, თანხის გადახდის ქვითრებითა და სხვა მტკიცებულებებით), გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება მსჯავრდებულ დ. ს-ის მიერ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო ქმედების – თაღლითობის ჩადენა.
8. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე არ გამოკვეთილა რაიმე ისეთი სახის დარღვევა, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ დ. ს-ის ქმედება სამართლებრივად სწორად შეფასდა და მისი მსჯავრდება ბრალად წარდგენილი ქმედების ჩადენაში არის კანონიერი.
9. საკასაციო პალატის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლომ საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებები და წარმოდგენილი მტკიცებულებები სრულყოფილად, ობიექტურად და სამართლებრივად სწორად შეაფასა, რის შედეგადაც მსჯავრდებულ დ. ს-ეს, მისი პიროვნული მახასიათებლების, ასევე – პასუხისმგებლობის დამამძიმებელი (არ გააჩნია) და შემამსუბუქებელი გარემოებების (აღიარებს მატერიალურ დავალიანებას, დაზარალებულთათვის მიყენებული ზიანი ნაწილობრივ აანაზღაურა, არ არის ნასამართლევი, არის ქალი და მცირეწლოვანი შვილის მარტოხელა დედა, ჰყავს მოხუცი და ავადმყოფი მშობლები, ბებიის ხანდაზმულობის გამო, დედის პატიმრობის შემთხვევაში, სოციალური სამსახური მცირეწლოვან ბავშვს მინდობით აღსაზრდელად სხვა ოჯახს გადასცემს) მხედველობაში მიღებით, განუსაზღვრა სასჯელის ისეთი სახე და ზომა, რომელიც საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული სანქციის ფარგლებშია, შეესაბამება საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილითა და 39-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დადგენილ სასჯელის დანიშვნის ზოგადსავალდებულო მოთხოვნებსა და სასჯელის მიზნებს და მისი დამძიმების საფუძველი პალატას არ გააჩნია.
10. სასამართლო ითვალისწინებს, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების ვალდებულება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას. აღნიშნული ზედა ინსტანციის სასამართლოებს უფლებას აძლევს, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ., ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე: „ჰირვისაარი ფინეთის წინააღმდეგ“ (Hirvisaari v. Finland, ECtHR, N49684/99, §30, 25/12/2001)). მოკლე მსჯელობა საჩივრის დაუშვებლად ცნობის შესახებ – ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (იხ.,ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე: „გოროუ საბერძნეთის წინააღმდეგ“ (Gorou v. Greece (No. 2) ECtHR, N 12686/03, §37, §41, 20/03/2009), „ქადაგიშვილი საქართველოს წინააღმდეგ“ (Kadagishvili v Georgia, no. 12391/06, §175, ECtHR, 14/05/2020)).
11. საკასაციო სასამართლო დამატებით აღნიშნავს, რომ „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის მე-6 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, დანიშნული სასჯელი უნახევრდება ნასამართლობის არმქონე პირს, რომელმაც ჩაიდინა საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაული, თუ მან აანაზღაურა დანაშაულის შედეგად მიყენებული ზიანი და თითოეული დაზარალებული ამ კანონის აღსრულებისას გამოძიების ორგანოს ან სასამართლოს წინაშე თანხმობას განაცხადებს, რომ აღნიშნულ პირზე გავრცელდეს ამ პუნქტით გათვალისწინებული ამნისტია, თუმცა ამავე კანონის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ამ კანონით გათვალისწინებული სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან გათავისუფლება, ასევე სასჯელის შემცირება ვრცელდება თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნულ რეალურ სასჯელზე, პირობით მსჯავრსა და გამოსაცდელ ვადაზე, აგრეთვე სხვა სასჯელზე, გარდა ჯარიმისა და ქონების ჩამორთმევისა და, ამდენად, „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონი არ ვრცელდება დ. ს-ის მიმართ შეფარდებულ ჯარიმაზე.
12. ამდენად, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული მოთხოვნები, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციისა და საპროცესო მოთხოვნათა დაცვით, რის გამოც საკასაციო საჩივრები დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
13. საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ქუთაისის რაიონული პროკურატურის პროკურორ გვანცა ტაბატაძის, ასევე – მსჯავრდებულ დ. ს-ისა და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატების – ფ. ც-ისა და რ. ა-ის საკასაციო საჩივრები არ იქნეს დაშვებული განსახილველად;
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. გაბინაშვილი
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
ლ. თევზაძე