ას-681-1322-03 31 მარტი, 2004 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე),
მ. წიქვაძე,
ლ. გოჩელაშვილი
დავის საგანი: სესხის დაბრუნება და იპოთეკით დატვირთული ქონების რეალიზაცია.
აღწერილობითი ნაწილი:
2002წ. 4 ივნისს ი. ნ-ემ ჯ. შ-ის წინააღმდეგ სარჩელით მიმართა ქ. თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონულ სასამართლოს.
მოსარჩელემ მოითხოვა აუქციონის მეშვეობით იპოთეკით დატვირთული ბინის რეალიზაცია, 2200 აშშ დოლარის დაბრუნება და იპოთეკით დატვირთული ბინიდან მოპასუხის გამოსახლება მასთან ერთად მცხოვრებ პირებთან ერთად შემდეგი საფუძვლით:
2001წ. 29 მაისს მოპასუხემ მისგან უსასყიდლოდ ისესხა 4000 აშშ დოლარი ერთი წლის ვადით. სესხის უზრუნველყოფის მიზნით, მოპასუხემ იპოთეკით დატვირთა თავისი ბინა. მოპასუხემ გადაუხადა მხოლოდ 1800 აშშ დოლარი, გადასახდელი დარჩა 2200 აშშ დოლარი, რაც არ დაუბრუნებია.
მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და მ. შ-ესთან ერთად შეგებებული სარჩელით მიმართა სასამართლოს.
შეგებებული სარჩელის ავტორებმა მოითხოვეს 2001წ. 28 ივლისს იძულებითა და მოტყუებით დადებული გარიგების ბათილად ცნობა მოსარჩელეზე გადაცემული 1800 აშშ დოლარის დაბრუნება შემდეგი საფუძვლით:
2000 წელს გაიცნეს ა. ა-ე, მან მოიპოვა მათი ნდობა, რის გამოც ა. ა-ის ხელთ აღმოჩნდა მათ მიერ მიცემული 3800 აშშ დოლარი, რომელიც ა. ა-ეს არ დაუბრუნებია. ამასთან, მათ შორის წარმოშობილი ურთიერთობის შედეგად გააჩნიათ ა. ა-ის ვალი 1800 აშშ დოლარის ოდენობით.
მოგვიანებთი მათთვის ცენობილი გახდა, რომ ა. ა-ეს ჰქონია ი. ნ-ის ვალი 4000 აშშ დოლარის ოდენობით. ა. ა-ე ნ-ეს ეუბნებოდა, რომ ისინი იყვნენ მისი მოვალეები და მათ მიერ გაცემული მინდობილობის საფუძველზე ჰპირდებოდა მათი კუთვნილი ბინის იპოთეკით დატვირთვას. როცა მათ ა. ა-ის განზრახვა შეიტყვეს, მინდობილობა გააუქმეს, მაგრამ ი. ნ-ემ და მისმა ახლობლებმა აიძულეს მასთან გაეფორმებინათ იპოთეკისა და სესხის ხელშეკრულება 4000 აშშ დოლარზე. ი. ნ-ემ და მისმა ახლობლებმა ასევე იძულებით დააწერინეს ხელწერილი იმის შესახებ, რომ მან დაუბრუნა ნასესხები თანხიდან 1800 აშშ დოლარი, მაშინ, როცა სინამდვილეში ი. ნ-ისაგან მათ არაფერი უსესხებიათ.
ქ. თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული სასამართლოს 2002წ. 13 აგვისტოს გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა: მოპასუხეს დაეკისრა 2200 აშშ დოლარის დაბრუნება და იპოთეკით დატვირთული ქონების აუქციონის წესით რეალიზაცია. სარჩელი, მოპასუხისა და მისი ოჯახის წევრების გამოსახლების შესახებ, არ დაკმაყოფილდა. ასევე არ დაკმაყოფილდა მოპასუხეთა შეგებებული სარჩელი.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოქრების საქმეთა პალატის 2003წ. 1 ივლისის გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა ჯ. შ-ის სააპელაციო საჩივარი და უცვლელად დარჩა მოცემულ საქმეზე რაიონული სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლომ დადგენილად ცნო ფაქტობრივი გარემოება იმის შესახებ, რომ მხარეთა შორის 2001წ. 29 მაისს 4000 აშშ დოლარზე ერთი წლის ვადით გაფორმდა უპროცენტო სესხის ხელშეკრულება. ამავე ხელშეკრულებით სესხის უზრუნველსაყოფად იპოთეკით დაიტვირთა მოპასუხის ბინა. სესხად აღებული თანხიდან მოპასუხემ დააბრუნა 1800 აშშ დოლარი და გადასახდელი დარჩა 2200 აშშ დოლარი.
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ, ვინაიდან დარჩენილი 2200 აშშ დოლარი მოპასუხეს არ გადაუხდია, სკ-ის მე-300 მუხლის პირველი ნაწილისა და ამავე კოდექსის 623-ე მუხლის თანახმად, მოსარჩელის მოთხოვნა სესხის დაბრუნებისა და იპოთეკით დატვირთული ქონების რეალიზაციის შესახებ საფუძვლიანი იყო.
სააპელაციო სასამართლომ ასევე მიუთითა, მოპასუხემ ვერ დასაბუთა, რომ სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება დადებული იყო იძულებით.
2003წ. 6 ოქტომბერს ჯ. შ-ემ საკასაციო საჩივრით მიმართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს.
კასატორმა მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის ხელახალი განხილვისათვის დაბრუნება შემდეგ გარემოებათა გამო:
კასატორს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული განჩინება უკანონოა. სააპელაციო სასამართლომ, კანონის დარღვევით, არ ჩათვალა იძულებით დადებულად სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება.
სასამართლო პროცესზე კასატორის წარმომადგენელმა უარი განაცხადა საკასაციო საჩივარზე, რაზეც მოწინააღმდეგე მხარემ თანხმობა განაცხადა.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლო გაეცნო კასატორის შუამდგომლობას, მოისმინა მოწინააღმდეგე მხარის განმარტება და მიაჩნია, რომ საკასაციო წარმოება უნდა შეწყდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სსკ-ის 378-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სააპელაციო საჩივარზე უარის თქმა დასაშვებია სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გამოტანამდე. საქმის ზეპირი განხილვისას სააპელაციო საჩივარზე უარის თქმა დასაშვებია მოწინააღმხედე მხარის თანხმობით.
ამავე კოდექსის 399-ე მუხლის პირველი წინადადების შესაბამისად, საქმის განხილვა საკასაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რომლებიც დადგენილია სააპელაციო სასამართლოში საქმეთა განხილვისათვის.
მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან საქმის ზეპირი განხილვის დროს კასატორის სათანადო უფლების მქონე წარმომადგენელმა უარი განაცხადა საკასაციო საჩივარზე და მოწინააღმდეგე მხარე თანახმაა საკასაციო წარმოება შეწყდეს, სასამართლო, ზემოთ მითითებული ნორმების შესაბამისად, ვალდებულია, მოცემულ საქმეზე შეწყვიტოს საქმის წარმოება და სსკ-ის მე-7 და 49-ე მუხლების თანახმად, კასატორის მიერ საძკასაციო საჩივრისათვის სახელმწიფო ბიუჯეტში შეტანილი სახელმწიფო ბაჟის ნახევარი ანუ 91,5 ლარი დაუბრუნდეს კასატორს.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსკ-ის 378-ე, 399-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
დაკმაყოფილდეს ჯ. შ-ის შუამდგომლობა.
მოცემულ საქმეზე შეწყდეს საკასაციო წარმოება.
ჯ. შ-ეს დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე მის მიერ სახელმწიფო ბიუჯეტში სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი თანხის ნახევარი, 91,5 ლარი.
განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.