საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
№380აპ-21 ქ. თბილისი
ქ-ე ლ-ა, 380აპ-21 20 ოქტომბერი, 2021 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მერაბ გაბინაშვილი (თავმჯდომარე),
შალვა თადუმაძე, ლევან თევზაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 18 მარტის განაჩენზე ხელვაჩაურის რაიონული პროკურატურის პროკურორ რამაზ შანიძის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, ლ. ქ-ეს, – დაბადებულს 19-- წელს, – ბრალი დაედო: ოჯახის ერთი წევრის მიერ სხვა წევრის მიმართ სისტემატურ ძალადობაში, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ან ფსიქიკური ტანჯვა გამოიწვია და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე ან 118-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი; ოჯახის ერთი წევრის მიერ სხვა წევრის მიმართ ძალადობაში, რამაც ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი ორი ან მეტი პირის მიმართ.
2. აღნიშნული ქმედებები გამოიხატა შემდეგში:
• 2015 წლიდან თ. გ-ე და ლ. ქ-ე იმყოფებოდნენ არარეგისტრირებულ ქორწინებაში და ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას. თანაცხოვრების ბოლო პერიოდში დაეძაბათ ურთიერთობა, რა დროსაც ხშირად კამათობდნენ საყოფაცხოვრებო საკითხებთან დაკავშირებით. 2020 წლის თებერვლის დასაწყისში, დაახლოებით 9 თებერვლის 20:00 საათზე, ხ-ის მუნიციპალიტეტის სოფელ ს-ში მდებარე საცხოვრებელ სახლში ლ. ქ-ემ წააქცია არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი ოჯახის წევრი თ. გ-ე და უკბინა მარჯვენა ფეხზე, წვივის არეში, რა დროსაც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა.
• 2020 წლის 29 თებერვალს, დაახლოებით 04:00 საათზე, ხ-ის მუნიციპალიტეტის სოფელ ს-ში მდებარე საცხოვრებელ სახლში ლ. ქ-ემ არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ ოჯახის წევრს – თ. გ-ეს უსაყვედურა ბავშვის გამო, რის შემდეგაც მძლავრად მოუჭირა ხელი ყელში და ნიკაპზე, რა დროსაც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა.
• 2020 წლის 29 თებერვალს, დაახლოებით 18:00 საათზე, ხ-ის მუნიციპალიტეტის სოფელ ს-ში მდებარე საცხოვრებელ სახლში ლ. ქ-ემ არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ ოჯახის წევრს – თ. გ-ეს მაშინ, როცა ის გამოესარჩლა თავის დას, რათა მისთვის ფიზიკური შეურაცხყოფა არ მიეყენებინა ლ. ქ-ეს, მას ორივე ხელი ჩასჭიდა მარჯვენა ხელის მტევანზე და გადაუტრიალა, რა დროსაც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა.
• 2015 წლიდან თ. გ-ე და ლ. ქ-ე იმყოფებოდნენ არარეგისტრირებულ ქორწინებაში და ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას. 2020 წლის 29 თებერვალს თ. გ-ე მობილური ტელეფონით დაუკავშირდა თავის დას და სთხოვა მასთან, ოჯახში სტუმრობა. სტუმრად ყოფნისას ლ. ქ-ეს თ. გ-ესთან საყოფაცხოვრებო საკითხებთან დაკავშირებით მოუვიდა კამათი. სიტუაციის განმუხტვის მიზნით, კამათში ჩაერია ნ. გ., რა დროსაც ლ. ქ-ემ ხ-ის მუნიციპალიტეტის სოფელ ს-ში, საცხოვრებელ სახლში, რამდენჯერმე დაარტყა ხელი და ფეხი არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ თ. გ-ესა და მისი ოჯახის წევრს – დას, ნ. გ-ეს. აღნიშნული ქმედებით დაზარალებულებმა განიცადეს ფიზიკური ტკივილი.
3. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 11 სექტემბრის განაჩენით ლ. ქ-ისათვის წარდგენილი ბრალდება საქართველოს სსკ-ის 111,126-ე მუხლის 12-ლი ნაწილიდან გადაკვალიფიცირდა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლ ნაწილზე; ლ. ქ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით – საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 150 საათით, 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით – საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 400 საათით; საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი და ლ. ქ-ეს დანაშაულთა ერთობლიობით განესაზღვრა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 400 საათით, რაც სსკ-ის 44-ე მუხლის საფუძველზე, 2020 წლის 7 მარტიდან იმავე წლის 11 მარტის ჩათვლით დაკავებასა და პატიმრობაში ყოფნის ვადის გათვალისწინებით, შეუმცირდა და საბოლოოდ განესაზღვრა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 375 საათით.
4. სასამართლომ დაადგინა, რომ ლ. ქ-ემ ჩაიდინა: ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი; ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი, ორი პირის მიმართ. აღნიშნული ქმედებები გამოიხატა შემდეგში:
• 2020 წლის 9 თებერვალს ხ-ის მუნიციპალიტეტის სოფელ ს-ში ლ. ქ-ემ, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, იძალადა ოჯახის წევრზე – არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ მეუღლეზე – თ. გ-ეზე, კერძოდ, უკბინა ფეხზე, რის გამოც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი. ასევე, 2020 წლის 29 თებერვალს, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ლ. ქ-ემ თ. გ-ეს მძლავრად მოუჭირა ხელი ყელსა და ნიკაპზე, რა დროსაც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
• 2020 წლის 29 თებერვალს ხ-ის მუნიციპალიტეტის სოფელ ს-ში ლ. ქ-ემ, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, იძალადა ოჯახის წევრზე, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ მეუღლეზე – თ. გ-ესა და მის დაზე – ნ. გ-ზე, კერძოდ, რამდენჯერმე დაარტყა ხელი და ფეხი, რა დროსაც დაზარალებულებმა განიცადეს ფიზიკური ტკივილი.
5. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 18 მარტის განაჩენით ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 11 სექტემბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.
6. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 18 მარტის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა ხელვაჩაურის რაიონული პროკურატურის პროკურორმა რამაზ შანიძემ. კასატორი საკასაციო საჩივრით ითხოვს გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანას, კერძოდ: საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტთან ერთად, ლ. ქ-ის დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 111,126-ე მუხლის 12-ლი ნაწილითაც და ამ მუხლებით ვადიანი თავისუფლების აღკვეთის განსაზღვრას, რასაც მოიხდის პენიტენციურ დაწესებულებაში.
7. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
8. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.
9. საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს გასაჩივრებული განაჩენის მოტივაციას და მიაჩნია, რომ იმ მტკიცებულებათა ერთობლიობით, რომელიც წარმოდგენილია სისხლის სამართლის საქმეში, გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება ლ. ქ-ის მიერ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტითა და 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულთა ჩადენა. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაში მითითებულია იმ ფაქტობრივ გარემოებებსა და მტკიცებულებებზე, რამაც განაპირობა ლ. ქ-ის ქმედების საქართველოს სსკ-ის 111,126-ე მუხლის 12-ლი ნაწილიდან საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლ ნაწილზე გადაკვალიფიცირება. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ სრულად შეაფასა საქმეში არსებული მტკიცებულებები და პროკურორის სააპელაციო საჩივარს გასცა ამომწურავი და დასაბუთებული პასუხი, რასაც საკასაციო პალატაც სრულად ეთანხმება და იზიარებს.
10. რაც შეეხება სასჯელს, სასამართლო სასჯელის სამართლიანობას აფასებს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით, შესაბამისად, განსაზღვრული სასჯელი უნდა იყოს მკაცრად პერსონალური, ჩადენილი დანაშაულის სიმძიმისა და მსჯავრდებულის პიროვნების თანაზომიერი და პროპორციული. საკასაციო პალატის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლომ საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებები და წარმოდგენილი მტკიცებულებები სრულყოფილად, ობიექტურად და სამართლებრივად სწორად შეაფასა, რის შედეგადაც მსჯავრდებულ ლ. ქ-ეს, მისი პიროვნული მახასიათებლების, ასევე – პასუხისმგებლობის დამამძიმებელი და შემამსუბუქებელი (ჩაიდინა ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულები, რომლებიც გულწრფელად მოინანია, მტკიცებულებები არ გახადა სადავოდ, ბრალდებულის ქცევა სასამართლოში) გარემოებების მხედველობაში მიღებით, დანაშაულთა ერთობლიობით განუსაზღვრა კანონით გათვალისწინებული სასჯელი, რომელიც შეესაბამება საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილითა და 39-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დადგენილ სასჯელის დანიშვნის ზოგადსავალდებულო მოთხოვნებსა და სასჯელის მიზნებს, რის გამოც მისი დამძიმების საფუძველი პალატას არ გააჩნია.
11. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არ მოიპოვება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული რომელიმე საფუძველი, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
12. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო სასამართლომ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ხელვაჩაურის რაიონული პროკურატურის პროკურორ რამაზ შანიძის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე მ. გაბინაშვილი
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
ლ. თევზაძე