Facebook Twitter

ას-682-1323-03 19 თებერვალი, 2004 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: მ. ახალაძე (თავმჯდომარე),

ქ. გაბელაია,

მ. ცისკაძე

დავის საგანი: ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და საქმის წარმოების განახლება.

აღწერილობითი ნაწილი:

გორის რაიონული სასამართლოს 2002წ. 19 იანვრის განჩინებით მოსარჩელე ი. ი-სა და მოპასუხე თ. და ა. მ-ებს შორის დამტკიცდა მორიგების აქტი შემდეგი პირობებით: მხარეებმა იკისრეს ურთიერთვალდებულებები კერძოდ, მოპასუხე თ. და ა. მ-ებს მოსარჩელე ი. ი-ისათვის უნდა გადაეხადათ სესხი 7800 აშშ დოლარი 2002წ. 31 ოქტომბრამდე. თავის მხრივ კი ი. ი-ი თანახმა იყო გაეთავისუფლებინა თ. მ-ის ბინა მდებარე, ქ. გორში, ..... ყადაღისაგან 2002წ. 20 იანვრიდან. მოპასუხეს აეკრძალა ზემოაღნიშნული ბინის გაყიდვა ი. ი-ის თანხმობის გარეშე. აღნიშნული განჩინება თანხის გადახდის ნაწილში არ აღსრულებულა.

2002წ. 30 აგვისტოს თ. მ-ის მეუღლემ – გ. მ-მა სარჩელით მიმართა გორის რაიონული სასამართლოს მოპასუხეების, გორისა და გორის რაიონის გამგეობის ტექნიკური ინვენტარიზაციის ბიუროს, ნოტარიუს ლ. გ-ის და თ. მ-ის მიმართ, სარეგისტრაციო მოწმობის ცნობა-დახასიათების, ნოტარიუსის მიერ თ. მ-ის სახელზე გაცემული სამემკვიდრეო მოწმობის ბათილად ცნობისა და ბინის ½1/2 ნაწილის საკუთრების უფლებით მოსარჩელის სახელზე აღრიცხვის შესახებ.

გორის რაიონული სასამართლოს 2002წ. 10 სექტემბრის გადაწყვეტილებით გ. მ-ის ყველა მოთხოვნა დაკმაყოფილდა.

სადავო ბინა ჩაითვალა კანონიერ ნაგებობად და ბინის 1/2½ საჯარო რეესტრში საკუთრებით უფლებით აღირიცხა მოსარჩელის გ. მ-ის სახელზე, ხოლო მეორე ნახევარი, მოპასუხე თ. მ-ის სახელზე.

ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება მხარეებს არ გაუსაჩივრებიათ და შევიდა კანონიერ ძალაში.

ი. ი-მა 2002წ. 2 დეკემბერს განცხადებით მიმართა გორის რაიონულ სასამართლოს და მოითხოვა ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო გორის რაიონული სასამართლოს 2002წ. 10 სექტემბრის გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და საქმის წარმოების განახლება სსკ-ის 422-ე მუხლის პირველი ნაწილის “ბ” ქვეპუნქტის თანახმად, იმ საფუძვლით, რომ იგი როგორც დაინტერესებული მხარე არ ყოფილა მოწვეული საქმის განხილვაში.

გორის რაიონულმა სასამართლომ 2003წ. 5 მაისის განჩინებით ი. ი-ის განცხადება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ არ დააკმაყოფილა.

ი. ი-მა სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა რაიონული სასამართლოს განჩინება.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 19 სექტემბრის განჩინებით ი. ი-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

სააპელაციო პალატამ განჩინების სამოტივაციო ნაწილის დასაბუთებისას მიუთითა, რომ კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება შეიძლება ბათილად იქნეს ცნობილი თუ ერთ-ერთი მხარე ან კანონიერი წარმომადგენელი არ იყო მოწვეული საქმის განხილვაში. იმ შემთხვევაშიც კი, ი. ი-ისათვის ცნობილი რომ ყოფილიყო მხარეთა შორის წარმოშობილი დავის შესახებ, იგი საქმეში ვერ იქნებოდა ჩაბმული ვერც მხარედ და ვერც მესამე პირად, რადგან ამ საქმეზე გამოტანილი გადაწყვეტილება შემდგომში გავლენას ვერ მოახდენდა მის უფლებებსა და მოვალეობებზე თ. მ-ის მიმართ, რადგან იმ პერიოდში და ამჟამადაც სადავო სახლი მის უფლებებში არ ყოფილა დატვირთული სანივთო უფლებით და ასევე არ იყო დაყადაღებული.

ი. ი-მა საკასაციო საჩივრით მიმართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა სააპელაციო პალატის განჩინების გაუქმება და საქმის ხელახლა განხილვისათვის დაბრუნება საოლქო სასამართლოში, რადგან სააპელაციო პალატამ დაარღვია სსკ-ის 105-ე მუხლის მოთხოვნა მტკიცებულებათა შეფასების თაობაზე. ასევე, სასამართლოს მიერ დარღვეულ იქნა ამავე კოდექსის 102-ე მუხლის მოთხოვნები.

სამოტივაციო ნაწილი:

პალატამ განიხილა საქმის მასალები, საკასაციო საჩივარი და მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქმის მასალებით დადგენილია, რომ გორის რაიონის სასამართლოს 2002წ. 19 იანვრის განჩინებით დამტკიცდა მხარეთა შორის მორიგება, რომლის თანახმად მხარეებმა მამა-შვილმა თ. და ა. მ-ებმა და ი. ი-მა იკისრეს ურთიერთვალდებულებები. კერძოდ, თ. და ა. მ-ებს ი. ი-ისათვის უნდა გადაეხადად 7800 აშშ დოლარი 2002წ. 31 ოქტომბრამდე. ი. ი-მა იკისრა ყადაღისაგან გაეთავისუფლებინა თ. მ-ის ბინა მდებარე ქ. გორში, ..... 2002წ. 20 იანვრიდან. თ. მ-ს კი აეკრძალა სადავო ბინის გაყიდვა ი. ი-ის თანხმობის გარეშე. აღნიშნული განჩინება თანხის გადახდის ნაწილში არ აღსრულებულა.

გორის რაიონული სასამართლოს 2002წ. 10 სექტემბრის გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა გ. ხ-ი-მ-ის სარჩელი მოპასუხეების გორისა და გორის რაიონის გამგეობის ტექნიკური ინვენტარიზაციის ბიუროს, ნოტარიუს ლ. გ-ის და თ. მ-ის მიმართ, სარეგისტრაციო მოწმობის ცნობა-დახასიათების, ნოტარიუსის მიერ თ. Bმ-ის სახელზე გაცემული სამემკვიდრეო მოწმობის ბათილად ცნობისა და ბინის 1/2 ნაწილის საკუთრების უფლებით მოსარჩელის სახელზე აღრიცხვის შესახებ. ბათილად იქნა ცნობილი 1999წ. 7 ოქტომბერს გორის ტექინვენტარიზაციის ბიუროს მიერ გაცემული სარეგისტრაციო მოწმობა ¹10 და ცნობა-დახასიათება, გაუქმდა გორის ნოტარიუსის გ-ის მიერ 1999წ. 7 ოქტომბერს თ. მ-ის სახელზე სადავო სახლზე გაცემული სამემკვიდრეო მოწმობა. აღნიშნული ბინა ჩაითვალა კანონიერ ნაგებობად და ბინის ერთი მეორედი საჯარო რეესტრში აღირიცხა მოსარჩელის – გ. ხ-ის სახელზე, ხოლო მეორე ნახევარი, მოპასუხე თ. მ-ის სახელზე. ეს გადაწყვეტილება მხარეებს არ გაუსაჩივრებიათ და შევიდა კანონიერ ძალაში.

ი. ი-მა 2002წ. 2 დეკემბერს განცხადებით მიმართა გორის რაიონულ სასამართლოს და სსკ-ის 422-ე მუხლის პირველი ნაწილის “ბ” ქვეპუნქტის საფუძველზე მოითხოვა გორის რაიონული სასამართლოს 2002წ. 10 სექტემბრის გადაწყვეტილების ბათილად ცნობა, იმ საფუძვლით, რომ იგი როგორც დაინტერესებული მხარე არ ყოფილა მოწვეული საქმის განხილვაში.

სსკ-ის 422-ე მუხლის პირველი ნაწილის “ბ” ქვეპუნქტის თანახმად კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება დაინტერესებული მხარის განცხადებით შეიძლება ბათილად იქნეს ცნობილი თუ ერთ-ერთი მხარე არ იყო მოწვეული საქმის განხილვაში.

განცხადება გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და საქმის წარმოების განახლების შესახებ შეუძლია შეიტანონ მხარეებმა და მესამე პირებმა, აგრეთვე იმ პირებმა, რომლებიც მართალია არ იყვნენ ჩაბმული საქმეში არც მხარედ და არც მესამე პირად, მაგრამ კანონიერ ძალაში შესულმა გადაწყვეტილებამ განსაზღვრა მისი უფლება-მოვალეობები ერთ-ერთი მხარის მიმართ და მაშასადამე სასამართლო გადაწყვეტილებამ აქცია იგი ერთ-ერთ მხარედ, რომლის შესახებ მხოლოდ ამ გადაწყვეტილების ძალაში შესვლის შემდეგ გაიგო.

განსახილველ შემთხვევაში გორის რაიონული სასამართლოს 2002წ. 15 იანვრის განჩინებით დამტკიცებული მორიგების მხარეები არ არიან ის მხარეები, რომელთა შორის სასამართლო დავა 2002წ. 10 სექტემბრის გადაწყვეტილებით გადაწყდა.

საქმის მასალების მიხედვით გ. მ-ის მიერ სარჩელის აღძვრისა და შემდეგ პერიოდში სადავო სახლი რაიმე სანივთო უფლებით არ ყოფილა დატვირთული ან დაყადაღებული, რაც მიუთითებს, რომ ნივთი უფლებრივად უნაკლო იყო. შესაბამისად საქმის განმხილველ სასამართლოს არ გააჩნდა არც ფაქტობრივი და არც სამართლებრივი (პროცესუალური) საფუძველი გადაეწყვიტა საქმეში მოსარჩელის ან მოპასუხის მხარეზე კასატორის მხარედ ან მესამე პირად ჩართვის საკითხი. გ. მ-ის სარჩელის განხილვისას ი. ი-ი, მოპასუხე მხარე ვერ იქნებოდა ვინაიდან დავა ეხებოდა მეუღლეთა თანასაკუთრებიდან წილის გამოყოფას და შესაბამისად ტექაღრიცხვის ბიუროსა და სანოტარო მოქმედების დოკუმენტებში ცვლილებების შეტანას.

სსკ-ის 88-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად ყოველ დაინტერესებულ პირს, რომელიც აცხადებს დამოუკიდებელ მოთხოვნას დავის საგანზე ან მის ნაწილზე შეუძლია აღძრას სარჩელი ორივე ან ერთ-ერთი მხარის მიმართ სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების გამოტანამდე. ამავე კოდექსის 89-90-ე მუხლების შესაბამისად დამოუკიდებელი მოთხოვნის გარეშე მესამე პირად საქმეში დაშვების შესახებ სასამართლოს განცხადებით თვით დაინტერესებული პირები მიმართავენ ან მათი ჩართვა

წარმოებს ერთ-ერთი მხარის ინიციატივით მოტივირებული განცხადების

საფუძველზე.

გ. მ-ის სარჩელის განხილვის შედეგად მიღებული გადაწყვეტილება გავლენას ვერ მოახდენდა ი. ი-ის უფლებებსა და მოვალეობებზე თ. მ-ის მიმართ, ვინაიდან დავის საგანს სადავო სახლის ½1/2 ნაწილის მოსარჩელის სახელზე აღრიცხვა შეადგენდა. გადაწყვეტილებით სახლის ½1/2 ნაწილი თ. მ-ის სახელზე აღირიცხა.

პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად არ მიიჩნია კასატორი იმ დაინტერესებულ პირად, რომლის საქმის განხილვაში მონაწილეობის მიუღებლობა შეიძლება გადაწყვეტილების ბათილად ცნობის კანონიერი საფუძველი გახდეს.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე პალატას მიაჩნია, რომ გასაჩივრებული განჩინება კანონიერია და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ იხემძღვანელა სსკ-ის 410-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

ი. ი-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 19 სექტემბრის განჩინება დარჩეს უცვლელად.

განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.