ას-685-1331-03 19 თებერვალი, 2004 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: მ. ახალაძე (თავმჯდომარე),
მ. ცისკაძე,
ქ. გაბელაია
დავის საგანი: მამობის დადგენა.
აღწერილობითი ნაწილი:
თ. გ-ეს 1987წ. 20 ივლისს შეეძინა შვილი – მ. გ-ე. მან 1999 წელს სარჩელი აღძრა სასამართლოში მოპასუხე ტ. თ-ის მიმართ და მოითხოვა შვილის მ. გ-ის მამად ცნობა. მოსარჩელემ თავისი მოთხოვნა დაასაბუთა იმით, რომ იგი 1985 წლიდან ფაქტიურ ცოლ-ქმრულ ურთიერთობაში იმყოფებოდა მოპასუხესთან, ტ. თ-ი ზრუნავდა ვაჟიშვილის აღზრდაზე და პირდებოდა გვარის მიცემას 18 წლის ასაკის შესრულებისას, მაგრამ მან შემდგომში კავშირი გაწყვიტა შვილთან.
ოზურგეთის რაიონულმა სასამართლომ 2002წ. 31 ივლისის გადაწყვეტილებით დააკმაყოფილა თ. გ-ის სარჩელი. ტ. თ-ი აღიარებული იქნა 1987წ. 20 ივლისს დაბადებული მ. გ-ის მამად. მას მიეცა გვარი თ-ი. მამად ჩაითვალა ტ. თ-ი, დაბადებული 19......წ. ...... აგვისტოს, ეროვნებით ქართველი, საქართველოს მოქალაქე, დროებით მცხოვრები ქ. თბილისი, ......
ტ. თ-მა სააპელაციო საჩივარი შეიტანა რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებაზე.
ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატამ 2003წ. 12 თებერვლის გადაწყვეტილებით დააკმაყოფილა ტ. თ-ის სააპელაციო საჩივარი. გააუქმა მოცემულ საქმეზე ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2002წ. 31 ივლისის გადაწყვეტილება. თ. გ-ეს უარი ეთქვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე უსაფუძვლობის გამო.
სააპელაციო პალატის გადაწყვეტილება ეფუძნება შემდეგ მოტივებს: სააპელაციო სასამართლომ დადგენილად ჩათვალა, რომ თ. გ-ე არარეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდა ა. კ-ესთან. არასრულწლოვანი ბავშვის – მ. გ-ის მამის სახელი, დაბადების მოწმობაში მითითებულია არა ტ. ი, არამედ ა. სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა თ. გ-ის განმარტება იმის შესახებ, რომ იგი 1985 წლიდან ფაქტიურ ცოლ-ქმრულ ურთიერთობაში იმყოფებოდა მოპასუხესთან, ტ. თ-ი ზრუნავდა ბავშვზე და მას არჩენდა, რადგან საქმის მასალებით არ დასტურდება ყოველივე ზემოაღნიშნული. თ. გ-ის წარმომადგენელმა ჯ. კ-მა არ უარყო, რომ მხარეებს ერთიანი საოჯახო მეურნეობა არ ჰქონიათ. სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ საქართველოს რესპუბლიკის საქორწინო და საოჯახო კოდექსის 54-ე მუხლის საფუძველზე თ. გ-ეს შეეძლო თავის შეხედულებისამებრ მიეთითებინა შვილის დაბადების ჩაწერის წიგნში მამის სახელი – ტ. ი. სასამართლომ ბიოლოგიური ექსპერტიზის 2001წ. 3 ივლისის დასკვნა ვერ მიიჩნია მ. გ-ის ტ. თ-ის მამობის დამადასტურებელ მტკიცებულებად, ვინაიდან იგი კატეგორიულად ვერ ადგენს მამობას და სავარაუდოა. სასამართლომ ჩათვალა, რომ თ. გ-ემ ვერ დაადასტურა საქართველოს რესპუბლიკის საქორწინო და საოჯახო კოდექსის 51-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძველი ტ. თ-ის მამობის დასადგენად.
თ. გ-ემ საკასაციო საჩივარი შეიტანა სააპელაციო პალატის გადაწყვეტილებაზე, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება. მისი საკასაციო საჩივარი ეფუძნება შემდეგ მოტივებს: საქმეზე დაკითხული მოწმეების და თვით ბავშვის მ. გ-ის განმარტებებით დადასტურებულია, რომ ტ. თ-ი და კასატორი ერთად ცხოვრობდნენ და ერთობლივად ზრდიდნენ შვილს. სასამართლომ არ შეაფასა ბიოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა იმის შესახებ, რომ არ არის გამორიცხული, რომ მ. გ-ის მამაა ტ. თ-ი.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატა საქმის მასალების განხილვის, მხარეთა განმარტებების მოსმენის, საკასაციო საჩივრის მოტივების შემოწმების შედეგად თვლის, რომ თ. გ-ის საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი გარემოებების გამო:
როგორც საქმის მასალებით ირკვევა, დაუქორწინებელ თ. გ-ეს 19......წ. ..... ივლისს შეეძინა შვილი – მ. გ-ე. ბავშვის დაბადების მოწმობაში მამის სახელი მითითებულია “ა”. საკასაციო პალატა თვლის, რომ მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლომ სწორად გამოიყენა საქართველოს რესპუბლიკის საქორწინო და საოჯახო კოდექსის 54-ე მუხლი, რომლის თანახმად, როცა ბავშვი შეეძინება დედას, რომელიც დაუქორწინებელია, თუ არ არსებობს მშობელთა ერთობლივი განცხადება ან სასამართლოს გადაწყვეტილება მამობის დადგენის შესახებ, დაბადების ჩაწერის წიგნში ბავშვის მამის გვარად ჩაიწერება დედის გვარი, ხოლო სახელი და მამის სახელი ბავშვის მამისა ჩაიწერება დედის მითითებით. სააპელაციო სასამართლომ სწორად მიუთითა, რომ ეს ნორმა თ. გ-ეს საშუალებას აძლევდა ბავშვის – მ. გ-ის მამის სახელად მიეთითებინა მოპასუხის სახელი – ტ. და არა ა.
საქმეში წარმოდგენილია ბიოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა, რომლის თანახმად ჩატარებული გამოკვლევების და მიღებული მონაცემების საფუძველზე ტ. თ-ი შესაძლებელია იყოს მ. გ-ის მამა. მაგრამ, ვინაიდან სადავო მამობის ექსპერტიზა ატარებს ჯგუფურ ხასიათს და არა ინდივიდუალურს, რომელსაც შეუძლია მხოლოდ გამორიცხოს მამობა და არა დაადგინოს იგი გარკვეული პირის მიმართ, რაც შესაძლებელია მხოლოდ გენეტიკური ექსპერტიზის ჩატარების შედეგად, ამიტომ ექსპერტიზა მამობას კატეგორიულად ვერ ადგენს.
საკასაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა ბიოლოგიური ექსპერტიზის დასკვნას, რადგან იგი არ წარმოადგენს კატეგორიულ დასკვნას და მხოლოდ მის საფუძველზე არ შეიძლება ტ. თ-ი ცნობილი იქნეს არასრულწლოვანი მ. გ-ის მამად. არასრულწლოვანი მ. გ-ის დაბადების დროისათვის მოქმედი საქართველოს რესპუბლიკის საქორწინო და საოჯახო კოდექსის 51-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, მშობელთა ერთობლივი განცხადების უქონლობის შემთხვევაში მამობა შეიძლება დადგენილ იქნეს სასამართლო წესით ერთ-ერთი მშობლის, ბავშვის მეურვის (მზრუნველის) ან იმ პირის განცხადებით რომლის კმაყოფაზეც იმყოფება ბავშვი, აგრეთვე თვით ბავშვის განცხადებით მის მიერ სრულწლოვანების მიღწევის შემდეგ. იმავე მუხლის მესამე ნაწილში კი მითითებულია, რომ მამობის დადგენისას სასამართლო მხედველობაში იღებს ბავშვის დედისა და მოპასუხის ერთად ცხოვრებას და საერთო მეურნეობის წარმოებას ბავშვის დაბადებამდე, ან ბავშვის ერთად აღზრდას ან რჩენას, ან დამამტკიცებელ საბუთს, რომელიც სავსებით ადასტურებს მოპასუხის მიერ მამობის აღიარებას. სააპელაციო პალატამ საქმის მასალების გათვალისწინებით ჩათვალა, რომ მოსარჩელემ ვერ დაადასტურა ზემოაღნიშნული ნორმით გათვალისწინებული ერთ-ერთი ურთიერთობის არსებობა ტ. თ-თან. სსკ-ის 407-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად კი საოლქო სასამართლოს კოლეგიის ან პალატის მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დამატებითი და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია.
საკასაციო პალატა თვლის, რომ თ. გ-ეს ასეთი დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია არ წარმოუდგენია.
ამდენად, სააპელაციო სასამართლოს მოცემული დავის გადაწყვეტისას კანონი არ დაურღვევია და საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ის 410-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
თ. გ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
უცვლელი დარჩეს მოცემულ საქმეზე ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 12 თებერვლის გადაწყვეტილება.
პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.