Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

№361აპ-20 ქ. თბილისი

ჭ-ე ს-ო, 361აპ-20 6 ოქტომბერი, 2021 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მერაბ გაბინაშვილი (თავმჯდომარე),

შალვა თადუმაძე, ლევან თევზაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 29 ნოემბრის განაჩენზე თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორ ლევან ვეფხვაძის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, ს. ჭ-ეს ბრალად დაედო: ოჯახში ძალადობა, ე.ი. ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი; ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ იძულება, ადამიანისათვის ქმედების თავისუფლების უკანონო შეზღუდვა, ე.ი. მისი ფიზიკური და ფსიქიკური იძულება, არ შეასრულოს მოქმედება, რომლის შესრულება მისი უფლებაა.

2. აღნიშნული ქმედებები გამოიხატა შემდეგში:

· თ. ნ-ა და ს. ჭ-ე 6 თვის განმავლობაში იყვნენ დაქორწინებულები. თანაცხოვრების პერიოდში ს. ჭ-ე ეჭვიანობდა და თ. ნ-ას სისტემატურად აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას, რის გამოც მეუღლე მას დაშორდა. აღნიშნულით გაღიზიანებული ს. ჭ-ე აგრძელებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას, რის გამოც გაიცა შემაკავებელი ორდერი, რომლის ვადის გასვლის შემდეგ, 2019 წლის 14-15 მაისს, ს. ჭ-ე მობილურ ტელეფონზე დაუკავშირდა თ. ნ-ას და სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენებითა და მუქარით აიძულებდა მასთან შერიგებას, დაუმორჩილებლობის შემთხვევაში კი ემუქრებოდა სიცოცხლის მოსპობით. აღნიშნული ქმედებით დაზარალებული განიცდიდა ნება-სურვილის საწინააღმდეგო ზემოქმედებას.

· 2019 წლის 15 მაისს, დაახლოებით 22:00 საათზე, ქ. თ-ში, ვ-ი--, -- მ/რ, №- კორპუსის პირველ სართულზე, თ. ნ-ა შედიოდა ლიფტში. ამ დროს მასთან ჩუმად მივიდა ს. ჭ-ე, ხელი ძლიერად მოჰკიდა მკლავში და არ მისცა ლიფტში შესვლის საშუალება. თ. ნ-ამ მოახერხა თავის დაღწევა და ლიფტში შესვლა, რა დროსაც ს. ჭ-ემ ძლიერად ესროლა კუთვნილი „ZTE“ მარკის მობილური ტელეფონი, რაც თ. ნ-ას მოხვდა მარჯვენა მკლავში. ს. ჭ-ის ქმედებებით დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი. ასევე, ს. ჭ-ე დაემუქრა თ. ნ-ას სიცოცხლის მოსპობით, რაც დაზარალებულმა აღიქვა რეალურად.

3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 24 სექტემბრის განაჩენით ს. ჭ-ე, – დაბადებული 19-- წელს, ნასამართლობის არმქონე, – ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილითა და 111,150-ე მუხლის 1-ლი ნაწილით წარდგენილ ბრალდებებში. გამართლებულს განემარტა, რომ აქვს უფლება, საქართველოს სსსკ-ის 92-ე მუხლით დადგენილი წესით მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება.

4. აღნიშნული განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 29 ნოემბრის განაჩენით დარჩა უცვლელად.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა ბრალდების მხარემ. წარმოდგენილი საკასაციო საჩივრით პროკურორი ლევან ვეფხვაძე ითხოვს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 29 ნოემბრის გამამართლებელი განაჩენის გაუქმებასა და ს. ჭ-ის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის დადგენას ბრალდების ორივე ეპიზოდში.

6. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

7. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი. ამასთან, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას (მაგალითისათვის იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებები: №643აპ-18, №969აპ-20).

8. საკასაციო პალატა ვერ დაეთანხმება პროკურორის მითითებას, რომ საქმეში წარმოდგენილია მტკიცებულებათა ერთობლიობა ს. ჭ-ის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად. პალატის შეფასებით, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაში მითითებულია იმ მოტივებზე, რომელთა საფუძველზეც სასამართლომ მიიჩნია, რომ ს. ჭ-ის მსჯავრდებისათვის არ არსებობს გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი. დაზარალებულმა თ. ნ-ამ (ბრალდებულის ყოფილმა მეუღლემ) ისარგებლა საქართველოს სსსკ-ის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული უფლებით და ჩვენების მიცემაზე განაცხადა უარი. სასამართლო-ფსიქოლოგიური ექსპერტიზის 2019 წლის 12 სექტემბრის №- დასკვნით, „ს. ჭ-ის მოქმედებების შედეგად თ. ნ-ამ არ განიცადა ფსიქოლოგიური ტანჯვა“. რაც შეეხება ბრალდების მხარის მიერ მითითებულ მტკიცებულებებს, კერძოდ, მოწმეთა ჩვენებებს (რომლებიც არ არიან ფაქტის თვითმხილველები), ისინი ირიბი ხასიათისაა და არ არის გამყარებული არცერთი პირდაპირი მტკიცებულებით. შესაბამისად, ეს მტკიცებულებები უტყუარად არ ადასტურებს ბრალდებულის მიერ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილითა და 111,150-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენას და გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად ვერ დაედება (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის გადაწყვეტილება საქმეზე – „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“).

9. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სააპელაციო პალატამ საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებები და მტკიცებულებები სწორად შეაფასა, ხოლო კასატორის პრეტენზიებს დასაბუთებულად და სრულყოფილად უპასუხა.

10. ამდენად, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა ეჭვი სწორად გადაწყვიტეს ბრალდებულის სასარგებლოდ და ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული გარემოებები, პროკურორის საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

11. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორ ლევან ვეფხვაძის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად;

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. გაბინაშვილი

მოსამართლეები: შ. თადუმაძე

ლ. თევზაძე