Facebook Twitter

¹ას-687-1333-03 14 აპრილი, 2004 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე),

მ. წიქვაძე,

ლ. გოჩელაშვილი

დავის საგანი: იპოთეკით დატვირთული ქონების აუქციონის წესით რეალიზაცია.

აღწერილობითი ნაწილი:

2002წ. 23 სექტემბერს `ს-მა დ. გ-ის წინააღმდეგ სარჩელით მიმართა აჭარის ა/რ უმაღლეს სასამართლოს.

მოსარჩელემ მოითხოვა იპოთეკით დატვირთული ქონების აუქციონის წესით რეალიზაცია შემდეგი საფუძვლით:

1996წ. 26 დეკემბერს მან 6 თვის ვადით მოპასუხეს სესხად მისცა 26500 აშშ დოლარი თვეში 5%-ის დარიცხვით. სესხის უზრუნველყოფის მიზნით იპოთეკით დაიტვირთა მოპასუხის ბინა.

მოპასუხემ არ შეასრულა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება, რის გამოც, დავალიანებამ საბოლოო ჯამში 38021 აშშ დოლარი შეადგინა.

აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს სამოქალაქო და სამეწარმეო საქმეთა კოლეგიის 2002წ. 11 ნოემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით, მოპასუხის გამოუცხადებლობის გამო, სარჩელი დაკმაყოფილდა.

მითითებული გადაწყვეტილება გაასაჩივრა მოპასუხემ.

მან მიუთითა, რომ მას უწყება სასამართლო პროცესზე მოწვევის შესახებ არ ჩაბარებია და ასევე არ მიუღია სარჩელის ასლი, ამასთან აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს სამოქალაქო და სამეწარმეო საქმეთა კოლეგიამ განიხილა არაგანსჯადი საქმე.

აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს სამოქალაქო და სამეწარმეო საქმეთა კოლეგიის 2003წ. 29 აპრილის მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილებით, მოპასუხის გამოუცხადებლობის გამო, არ დაკმაყოფილდა მოპასუხის საჩივარი და უცვლელად დარჩა მოცემულ საქმეზე მიღებული დაუსწრებელი გადაწყვეტილება.

მითითებულ გადაწყვეტილებაზე მოპასუხემ საკასაციო საჩივრით მიმართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს.

კასატორმა მოითხოვა მოცემულ საქმეზე მიღებული გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის ხელახალი განხილვისათვის დაბრუნება შემდეგ გარემოებათა გამო:

კასატორს მიაჩნია, რომ აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს სამოქალაქო და სამეწარმეო საქმეთა კოლეგიამ განიხილა არაგანსჯადი საქმე. ამასთან, მიიღო უკანონო გადაწყვეტილება. სასამართლოს მიერ კანონის დარღვევა გამოიხატება შემდეგში:

მას არ მიუღია შეტყობინება სასამართლო პროცესზე მოწვევის შესახებ. ასევე არ მიუღია სარჩელის ასლი თავისი დანართებით და მისთვის უცნობი იყო თუ რას ედავებოდა მოსარჩელე და როდის განიხილებოდა სარჩელი.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლო საკასაციო საჩივრის ფარგლებში გაეცნო საქმის მასალებს, მოისმინა მხარეთა განმარტებანი და მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს და საქმე ხელახალი განხილვის მიზნით დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს შემდეგ გარემოებათა გამო:

აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს სამოქალაქო და სამეწარმეო საქმეთა კოლეგიის 2002წ. 27 სექტემბრის განჩინებით სარჩელი მიღებულ იქნა წარმოებაში და დაინიშნა მოსამზადებელი სხდომა.

2002წ. 9 ოქტომბერს და 4 ნოემბერს მოპასუხეს გაეგზავნა სარჩელის ასლი და თანდართული მასალები, მაგრამ იგი მას ვერ ჩაბარდა იმიტომ, რომ ადრესატი არ იმყოფებოდა ადგილზე. მეზობლების განმარტებით, იგი წასული იყო ქ. თბილისში სამკურნალოდ.

ამავე სასამართლოს 2002წ. 4 ნოემბრის განჩინებით მთავარი სხდომა დაინიშნა 2002წ. 11 ნოემბრისათვის. სასამართლოს მიერ მოპასუხეს გაეგზავნა უწყება სასამართლო სხდომაზე მოწვევის შესახებ, მაგრამ უწყება ადრესატს არ ჩაბარებია, ადგილზე არყოფნის გამო. მეზობლების განმარტებით, იგი კვლავ ქ. თბილისში იმყოფებოდა სამკურნალოდ.

2002წ. 11 ნოემბერს მოპასუხის წინააღმდეგ, სასამართლო პროცესზე გამოუცხადებლობის გამო, მიღებულ იქნა დაუსწრებელი გადაწყვეტილება – სარჩელი დაკმაყოფილდა.

მოცემულ შემთხვევაში უმაღლესმა სასამართლომ დაარღვია სსკ-ის 207-ე მუხლის მოთხოვნა. ამ ნორმის შესაბამისად, მოსამართლეს, მას შემდეგ, რა ცნობს საქმეს საკმაოდ მომზადებულად, გამოაქვს განჩინება სასამართლოს მთავარ სხდომაზე მისი არსებითად განხილვის დანიშვნის შესახებ.

მოცემულ შემთხვევაში უმაღლეს სასამართლოს უფლება არ ჰქონდა, მოცემული საქმე ეცნო მთავარ სხდომაზე განსახილველად საკმაოდ მომზადებულად, ვინაიდან ვერ უზრუნველყო მოპასუხისათვის სარჩელისა და მასზე თანდართული ასლების ჩაბარება. მოპასუხეს ასევე არ ჩაბარებია უწყება მთავარ სასამართლო სხდომაზე მოწვევის შესახებ.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანას საფუძვლად შეიძლება დაედოს ვარაუდი იმის შესახებ, რომ გამოუცხადებელი მოპასუხე აღიარებს, ცნობს მის წინააღმდეგ წამოყენებულ მოთხოვნებს. ასეთი ვარაუდი არ წარმოიშობა, თუ მხარეს არ ჩაბარებია სარჩელის ასლი თანდართული მასალებით და იგი კანონით გათვალისწინებული წესით არ იყო მოწვეული სასამართლო სხდომაზე.

მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან სასამართლოს მხრივ არ იყო დაცული ზემოთ მითითებული არც ერთი პირობა, მას არ შეეძლო, წარმოშობოდა იმის ვარაუდის საფუძველი, რომ მოპასუხემ ცნო სარჩელი და მის წინააღმდეგ არ უნდა გამოეტანა დაუსწრებელი გადაწყვეტილება.

გარდა ამისა, მოპასუხემ პირველ დაუსწრებელ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით შეიტანა რა საჩივარი, სხვა საკითხებთან ერთად მიუთითა, რომ ქ. ბათუმში მის საცხოვრებელ სახლში არყოფნის მიზეზი იყო მისი ავადმყოფობა, იგი სამკურნალოდ იმყოფებოდა ქ. თბილისში და მიუთითა ქ. თბილისის მისამართი. ამასთან, საჩივარს დაერთო ამონაწერი ავადმყოფობის ისტორიიდან, რომლითაც ირკვეოდა, რომ 2002წ. 8 ოქტომბერს მას გაუკეთდა ოპერაცია და 2003წ. 17 იანვარს მოეხსნა ნაკერები.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ გამოუცხადებელი მოპასუხის მიერ სარჩელის ცნობის ვარაუდი არ წარმოიშობა არა მარტო მაშინ, როცა მას არ ჩაბარებია სარჩელი, თანდართული მასალები და არ იყო მოწვეული სასამართლო სხდომაზე დადგენილი წესით, არამედ მაშინაც, თუკი მას დადგენილი წესით ჩაბარდა სარჩელი თანდართული მასალებით და სასამართლო პროცესზე მოწვეული იყო დადგენილი წესით, მაგრამ სასამართლოსთვის ცნობილი გახდა, რომ მოპასუხე ავადმყოფობის გამო ვერ გამოცხადდა პროცესზე, რის შესახებ დროულად არ აცნობა მხარემ სასამართლოს.

ზემოთ მითითებული გარემოებების გათვალისწინებით, ცხადია, 2002წ. 11 ნოემბერს სასამართლო პროცესზე მოპასუხე ვერ გამოცხადდებოდა, ვინაიდან იგი არ იყო მოწვეული სათანადო წესის დაცვით, არ იცოდა სხდომის დღე, ამასთან იყო ავად, ამიტომ მის წინააღმდეგ დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღება დაუშვებელი იყო და მიღებული პირველი დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაუქმებულიყო. ნაცვლად ამისა, უმაღლესმა სასამართლომ 2003წ. 29 აპრილს მოპასუხის წინააღმდეგ მიიღო მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება და მიუთითა, რომ მოპასუხეს სსკ-ის 70-78-ე მუხლების დაცვით გაეგზავნა სასამართლო პროცესზე მოწვევის თაობაზე უწყება, მაგრამ იგი არ აღმოჩნდა საცხოვრებელ ბინაში და მისი ადგილსამყოფელი უცნობი იყო.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ უმაღლესმა სასამართლომ მოცემულ შემთხვევაშიც დაარღვია კანონის მოთხოვნა.

სსკ-ის 76-ე მუხლის შესაბამისად, მხარეები და მათი წარმომადგენლები მოვალენი არიან. აცნობონ სასამართლოს საქმის წარმოების განმავლობაში თავიანთი მისამართის შეცვლის შესახებ, ასეთი ცნობის უქონლობისას უწყება გაიგზავნება სასამართლოსთვის ცნობილ უკანასკნელ მისამართზე და ჩაბარებულად ითვლება, თუნდაც ადრესატი ამ მისამართზე აღარ ცხოვრობდეს.

მოცემულ შემთხვევაში მოპასუხემ, როცა საჩივრით მიმართა სასამართლოს, მან თავის საცხოვრებელ ადგილად მიუთითა ქ. ბათუმი, ....., ¹22 და ქ. თბილისი, ...... ¹52. უმაღლესმა სასამართლომ სასამართლო პროცესზე მოწვევის უწყება ქ. ბათუმში გაგზავნა, მაგრამ (იმ დროისთვის ადრესატი მითითებულ მისამართზე არ იმყოფებოდა) არ გაუგზავნია ქ. თბილისში, რის გამოც მოპასუხისათვის ცნობილი არ იყო სხდომის დღე.

სკ-ის 71-ე მუხლის პირველი წინადადების შესაბამისად, სასამართლო უწყება დასაბარებელ პირს უნდა ჩაბარდეს მხარის მიერ მითითებული მისამართის მიხედვით.

მოცემულ შემთხვევაში მოპასუხეს უწყება მის მიერ მითითებული მისამართის მიხედვით არა თუ ჩაბარდა, არამედ არც კი გაგზავნია.

სსკ-ის 233-ე მუხლის პირველი ნაწილის “ა” პუნქტის შესაბამისად, სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა დაუშვებელია, თუ გამოუცხადებელი მხარე მოწვეული არ იყო 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით.

ამავე კოდექსის 241-ე მუხლის შესაბამისად, დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმის განხილვა უნდა განახლდეს, თუ არსებობს 233-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში სახეზეა სსკ-ის 233-ე მუხლის პირველი ნაწილის “ა” პუნქტით გათვალისწინებული პირობა, რაც მოპასუხის წინააღმდეგ მიღებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველია.

გარდა ამისა, საოლქო სასამართლოს დარღვეული აქვს სსკ-ის მე-14 მუხლის “ა” პუნქტის მოთხოვნა.

ამ ნორმის შესაბამისად, აფხაზეთისა და აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოები და საოლქო სასამართლოები განიხილავენ დავებს, თუ სარჩელის ფასი აღემატება 500000 ლარს.

მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან სარჩელის ფასი გაცილებით დაბალი იყო, მოცემული საქმე არ უნდა განეხილა აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს სამოქალაქო და სამეწარმეო საქმეთა კოლეგიას.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსკ-ის 412-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

დ. გ-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს.

გაუქმდეს მოცემულ საქმეზე აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს სამოქალაქო და სამეწარმეო საქმეთა კოლეგიის 2003წ. 29 აპრილისა და 2002წ. 11 ნოემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილებები და საქმე, არსებითად განხილვის მიზნით, დაუბრუნდეს ქ. ბათუმის საქალაქო სასამართლოს.

განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.