Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

№377აპ-21 ქ. თბილისი

ხ-ა ი-რ, 377აპ-21 19 ოქტომბერი, 2021 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მერაბ გაბინაშვილი (თავმჯდომარე),

შალვა თადუმაძე, ლევან თევზაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 26 თებერვლის განაჩენზე მსჯავრდებულ ი. ხ-ას ინტერესების დამცველის, ადვოკატ დ. გ-ას საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. სენაკის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 27 აპრილის განაჩენით ი. ხ-ა, – დაბადებული 19-- წელს, ნასამართლევი, – ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1511-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და მიესაჯა 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, რასაც სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე დაემატა წინა – სენაკის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 11 ოქტომბრის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან 2 წლით პირობითი მსჯავრი, ასევე ჯარიმა – 6000 ლარი და ი. ხ-ას განაჩენთა ერთობლიობით, საბოლოოდ განესაზღვრა 3 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყო 2019 წლის 29 სექტემბრიდან; მასვე დამატებითი სასჯელის სახით დაეკისრა ჯარიმა – 6000 ლარი.

2. აღნიშნული განაჩენი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 26 თებერვლის განაჩენით დარჩა უცვლელად.

3. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ ი. ხ-ამ ჩაიდინა ადევნება, პირადად პირის უკანონო თვალთვალი, არასასურველი კომუნიკაციის დამყარება ტელეფონის ან სხვა საშუალებით, რომელიც სიტემატურად ხორციელდება და იწვევს პირის ფსიქიკურ ტანჯვას, რაც პირს ცხოვრების წესის მნიშვნელოვნად შეცვლის რეალურ საჭიროებას უქმნის. აღნიშნული ქმედება გამოიხატა შემდეგში:

· 2016 წლის სექტემბერში ქ. ს-ში, მ-ის ქუჩაზე არსებულ რესტორან „დ-ში“ მუშაობის დროს, ს. გ-ას მიმართ ინტერესი გამოავლინა ი. ხ-ამ. თუმცა მას შემდეგ, რაც ს. გ-ამ შეიტყო, რომ ი. ხ-ა გარკვეულ დაინტერესებას იჩენდა მის მიმართ, კატეგორიულად მოსთხოვა, რომ თავი დაენებებინა. აღნიშნული გადაწყვეტილება ი. ხ-ასათვის არ აღმოჩნდა მისაღები, რის შემდეგაც იგი განუწყვეტლივ ახდენდა ს. გ-ას ადევნებას. კერძოდ, 2016 წლის სექტემბრიდან 2018 წლის ოქტომბრამდე ი. ხ-ა პირადად სისტემატურად მიდიოდა ს. გ-ას სამუშაო ადგილას – რესტორან „დ-ში“, სადაც უკანონოდ უთვალთვალებდა რესტორნის შენობის გარე პერიმეტრიდან. 2018 წლის დასაწყისში ი. ხ-ამ ასევე მიაკითხა ს. გ-ას საცხოვრებელ სახლში; ასევე, სამსახურიდან სახლში გადაადგილებისას, გარკვეული დისტანციის დაცვით, ფეხითა და ავტომანქანით მიჰყვებოდა სახლამდე, რის გამოც ს. გ-ას ეზღუდებოდა თავისუფლად გადაადგილების საშუალება. ი. ხ-ა ს. გ-ას აიძულებდა მასთან ურთიერთობას. როდესაც იგი იმყოფებოდა პენიტენციურ დაწესებულებაში, 2018 წლის ოქტომბრიდან 2019 წლის აგვისტომდე, ი. ხ-ა მობილური ტელეფონის საშუალებით ს. გ-აზე ზემოქმედებდა ფსიქოლოგიურად, ამყოფებდა მუდმივ სტრესსა და შიშში, უქმნიდა იმის განცდას, რომ მუდმივად მის მიმართ სჩადიოდა უკანონო თვალთვალსა და ადევნებას. მიუხედავად ს. გ-ას არაერთხელ განმარტებისა, რომ ი. ხ-ას მისთვის თავი დაენებებინა, იგი კვლავაც აგრძელებდა ს. გ-ას სისტემატურ უკანონო თვალთვალსა და არასასურველი კომუნიკაციის დამყარებას პირადად და ტელეფონის საშუალებით. 2019 წლის აგვისტოდან იმავე წლის 25 სექტემბრამდე ი. ხ-ა სისტემატურად, მობილური ტელეფონით ს. გ-ას მეუღლეზე – ვ. ს-აზე ფსიქოლოგიურად ზემოქმედებდა, ამყოფებდა მუდმივ სტრესსა და შიშში, უქმნიდა იმის განცდას, რომ მის მიმართ სჩადიოდა უკანონო თვალთვალსა და ადევნებას. ი. ხ-ა პირადად მიდიოდა ვ. ს-ას სამუშაო ადგილას და საცხოვრებელ სახლში, სადაც მას გარკვეული მანძილიდან უკანონოდ უთვალთვალებდა. 2019 წლის აგვისტოს შუა რიცხვებში ი. ხ-ა პირადად დაემუქრა ვ. ს-ას სიცოცხლის მოსპობით, ასევე მეუღლის – ს. გ-ას ჯანმრთელობის დაზიანებით. იგი ასევე 2019 წლის 14 და 21 სექტემბერს ტელეფონის საშუალებით ვ. ს-ას დაემუქრა საცხოვრებელი სახლის განადგურებით, მისი და მისი მეუღლის – ს. გ-ას სიცოცხლის მოსპობით. აღნიშნულმა გარემოებამ ს. გ-ასა და მის მეუღლეს – ვ. ს-ას მნიშვნელოვანი შეფერხება შეუქმნა საზოგადოებრივ ცხოვრებაში სრულყოფილად მონაწილეობაში, რაც, თავის მხრივ, მათ ცხოვრების წესის მნიშვნელოვნად შეცვლის რეალურ საჭიროებას უქმნიდა. ს. გ-ა და მისი მეუღლე ვ. ს-ა ასევე ფიქრობდნენ, რომ სამსახურისათვის თავი დაენებებინათ და საცხოვრებელი ადგილი შეეცვალათ. ყოველივე ზემოხსენებულმა გარემოებებმა, განცდილმა სისტემატურმა შეურაცხყოფამ და დამცირებამ გამოიწვია ს. გ-ასა და ვ. ს-ას ფსიქიკური ტანჯვა.

4. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა დაცვის მხარემ. წარმოდგენილი საკასაციო საჩივრით ადვოკატი დ. გ-ა ითხოვს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 26 თებერვლის განაჩენში ცვლილების შეტანასა და მსჯავრდებულ ი. ხ-ასათვის სასჯელის შემსუბუქებას იმის გათვალისწინებით, რომ მან აღიარა ჩადენილი დანაშაული, ჰყავს ღრმად მოხუცი და ავადმყოფი დედა, დაზარალებულებს მის მიმართ პრეტენზია არ გააჩნიათ.

5. სენაკის რაიონული პროკურატურის პროკურორი გიორგი კოდუა შესაგებლით ითხოვს გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვებას.

6. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

7. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.

8. კასატორის მოთხოვნასთან დაკავშირებით – მსჯავრდებულ ი. ხ-ასათვის შეფარდებული სასჯელის შემსუბუქების შესახებ – პალატა აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ განსაზღვრული სასჯელის ზომა შეესაბამება სისხლის სამართლის კოდექსით დადგენილ მოთხოვნებს. სააპელაციო სასამართლომ შეაფასა სასჯელის დანიშვნის როგორც ზოგადსავალდებულო გარემოებები და პირის ინდივიდუალური მახასიათებლები, ისე – საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების მიღწევის შესაძლებლობანი და მსჯავრდებულ ი. ხ-ას როგორც საქართველოს სსკ-ის 1511-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, ისე – განაჩენთა ერთობლიობით, დაუნიშნა კანონიერი და სამართლიანი სასჯელი, რომლის შემსუბუქება პალატას მიზანშეუწონლად მიაჩნია. ამასთან, სააპელაციო სასამართლომ იმსჯელა მსჯავრდებულისათვის განსაზღვრული სასჯელის მიზანშეწონილობაზე.

9. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ ადვოკატ დ. გ-ას საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

10. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მსჯავრდებულ ი. ხ-ას ინტერესების დამცველის, ადვოკატ დ. გ-ას საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად;

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. გაბინაშვილი

მოსამართლეები: შ. თადუმაძე

ლ. თევზაძე