საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
№430აპ-21 ქ. თბილისი
ხ-ი ბ-რ, 430აპ-21 28 ოქტომბერი, 2021 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მერაბ გაბინაშვილი (თავმჯდომარე),
შალვა თადუმაძე, მამუკა ვასაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 13 აპრილის განაჩენზე სიღნაღის რაიონული პროკურატურის პროკურორ იოსებ გულოშვილის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, ბ. ხ-ს ბრალად დაედო: ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის თვითმკვლელობის ცდამდე მიყვანა მსხვერპლის ღირსების სისტემატური დამცირებით; ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სისტემატური ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური და ფსიქიკური ტანჯვა გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე ან 118-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით, მისივე ოჯახის წევრის მიმართ.
2. ბ. ხ-ის მიმართ ბრალად შერაცხული ქმედებები გამოიხატა შემდეგში:
· 2018 წლის ოქტომბრიდან, მას შემდეგ, რაც ბ. ხ-ს კონფლიქტი მოუვიდა მეუღლის – ნ. ჯ-ას მამასთან – ჰ. ჯ-სა და ძმასთან – ი. ჯ-თან, უკრძალავდა მას ოჯახთან ურთიერთობას, ოჯახის წევრებთან ყველა სახის კომუნიკაციას, არ აძლევდა საშუალებას, მოენახულებინა ისინი, დაერეკა ან მიეყვანა სახლში სტუმრად. წინააღმდეგობის გაწევის ან მათი სახელის ხსენების შემთხვევაში, არასრულწლოვანი შვილების – ჰ. ხ-ის, თ. ხ-ასა და ა. ხ-ას თანდასწრებით, სისტემატურად აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას, მამის გარდაცვალების შემდეგ კი აგინებდა მის გარდაცვლილ სულს და არ აძლევდა უფლებას, მისულიყო სამძიმარზე. გარდა ამისა, 2018 წლის ოქტომბრიდან 2019 წლის 13 ივლისამდე დროის პერიოდში, ს-ოს რაიონის სოფელ ი-ში, ხ-ის საცხოვრებელ სახლში, სხვადასხვა მიზეზით, არასრულწლოვანი შვილების თანდასწრებით, ბ. ხ-ი ფიზიკურად სისტემატურად ძალადობდა მეუღლეზე – ნ. ჯ-აზე, კერძოდ, სცემდა მას, რამაც დაზარალებულის ფიზიკური და ფსიქიკური ტანჯვა გამოიწვია.
· 2019 წლის 13 ივლისს, შუადღის საათებში, ს-ოს რაიონის სოფელ ი-ში, ხ-ის საცხოვრებელ სახლში, ბ. ხ-ის მიერ ნ. ჯ-ასათვის სისტემატური სიტყვიერი შეურაცხყოფისა და ოჯახის წევრებთან კომუნიკაციის აკრძალვის, ასევე მისი ღირსების სისტემატურად დამცირების გამო, ნ. ჯ-ამ სცადა თვითმკვლელობა – დალია დიდი რაოდენობით წნევის მარეგულირებელი მედიკამენტი „რაუნატინი“ და ქათმისათვის განკუთვნილი, ჭიის საწინააღმდეგო აბები. ნ. ჯ-ა გადაიყვანეს შპს „ჯ. ჰ-ის“ კლინიკაში, სადაც დროული სამედიცინო დახმარების გაწევის შედეგად მოხერხდა მისი გადარჩენა.
3. სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 25 ივნისის განაჩენით ბ. ხ-ი, – დაბადებული 19-- წელს, ნასამართლევი, – ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 111,115-ე მუხლის 1-ლი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში; ბ. ხ-ისათვის წარდგენილი ბრალდება საქართველოს სსკ-ის 111,126-ე მუხლის მე-2 ნაწილის „კ“ ქვეპუნქტიდან გადაკვალიფიცირდა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლ ნაწილზე და განესაზღვრა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 150 საათით, რასაც, საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, მთლიანად დაემატა წინა – სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 8 მაისის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი – 6 თვით თავისუფლების აღკვეთა და ბ. ხ-ს განაჩენთა ერთობლიობით, საბოლოოდ მიესაჯა 6 თვით თავისუფლების აღკვეთა და საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 150 საათით. მსჯავრდებულს სასჯელის მოხდაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო – 2019 წლის 29 სექტემბრიდან 2020 წლის 25 ივნისამდე და დაუყოვნებლივ გათავისუფლდა პატიმრობიდან. პატიმრობაში ყოფნის ვადის გათვალისწინებით, მსჯავრდებული ბ. ხ-ი გათავისუფლდა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის სახით დაკისრებული სასჯელის შემდგომი მოხდისაგან.
4. აღნიშნული განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 13 აპრილის განაჩენით შეიცვალა: ბ. ხ-ი ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 111,115-ე მუხლის 1-ლი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში; ბ. ხ-ის ქმედება საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილიდან გადაკვალიფიცირდა სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე (სისტემატური სიტყვიერი შეურაცხყოფის ეპიზოდი) და განესაზღვრა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 400 საათით; საქართველოს სსკ-ის 62-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, 2019 წლის 29 სექტემბრიდან 2020 წლის 25 ივნისამდე პატიმრობაში ყოფნის ვადის გათვალისწინებით, მსჯავრდებულ ბ. ხ-ს სასჯელი ჩაეთვალა მოხდილად. „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, ბ. ხ-ი გათავისუფლდა სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 8 მაისის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 13 აპრილის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა სიღნაღის რაიონული პროკურატურის პროკურორმა იოსებ გულოშვილმა. კასატორი საკასაციო საჩივრით ითხოვს გასაჩივრებული განაჩენის გაუქმებას, ბ. ხ-ის დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 111,115-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, 111,126-ე მუხლის მე-2 ნაწილის „კ“ ქვეპუნქტით და სამართლიანი სასჯელის განსაზღვრას.
6. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
7. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.
8. საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს გასაჩივრებული განაჩენის მოტივაციას და მიაჩნია, რომ იმ მტკიცებულებათა ერთობლიობით, რომელიც წარმოდგენილია სისხლის სამართლის საქმეში, გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება ბ. ხ-ის მიერ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (სისტემატური სიტყვიერი შეურაცხყოფის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაში მითითებულია იმ ფაქტობრივ გარემოებებსა და მტკიცებულებებზე, რამაც განაპირობა ბ. ხ-ის ქმედების საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (სისტემატური სიტყვიერი შეურაცხყოფის ეპიზოდი) დაკვალიფიცირება, ასევე – სსკ-ის 111,115-ე მუხლის 1-ლი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში გამართლება. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ სრულად შეაფასა საქმეში არსებული მტკიცებულებები და პროკურორის სააპელაციო საჩივარს გასცა ამომწურავი და დასაბუთებული პასუხი, რასაც საკასაციო პალატაც სრულად ეთანხმება და იზიარებს. განსახილველ შემთხვევაში ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა საქართველოს სსკ-ის 111,115-ე მუხლის 1-ლი ნაწილით ბრალდების ნაწილში ეჭვი სწორად გადაწყვიტეს ბრალდებულის სასარგებლოდ.
9. რაც შეეხება სასჯელს, სასამართლო სასჯელის სამართლიანობას აფასებს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით, შესაბამისად, განსაზღვრული სასჯელი უნდა იყოს მკაცრად პერსონალური, თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან. საკასაციო პალატის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლომ მსჯავრდებულ ბ. ხ-ს, მისი პიროვნული მახასიათებლების, ასევე – პასუხისმგებლობის დამამძიმებელი და შემამსუბუქებელი გარემოებების მხედველობაში მიღებით, განუსაზღვრა კანონით გათვალისწინებული სასჯელი, რომელიც შეესაბამება საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილითა და 39-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დადგენილ სასჯელის დანიშვნის ზოგადსავალდებულო მოთხოვნებსა და სასჯელის მიზნებს, რის გამოც მისი დამძიმების საფუძველი პალატას არ გააჩნია.
10. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების ვალდებულება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხების გაცემას; აღნიშნული ზედა ინსტანციის სასამართლოებს უფლებას აძლევს, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ., ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე: „ჰირვისაარი ფინეთის წინააღმდეგ“ (Hirvisaari v. Finland, ECtHR, N49684/99, §30, 25/12/2001)). მოკლე მსჯელობა საჩივრის დაუშვებლად ცნობის შესახებ – ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება, არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (იხ.,ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე: „გოროუ საბერძნეთის წინააღმდეგ“ (Gorou v. Greece (No. 2) ECtHR, N 12686/03, §37, §41, 20/03/2009), „ქადაგიშვილი საქართველოს წინააღმდეგ“ (Kadagishvili v Georgia, no. 12391/06, §175, ECtHR, 14/05/2020)).
11. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არ მოიპოვება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული რომელიმე საფუძველი, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
12. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო სასამართლომ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. სიღნაღის რაიონული პროკურატურის პროკურორ იოსებ გულოშვილის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე მ. გაბინაშვილი
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
მ. ვასაძე